
ძვირფას ი ჭურჭლის გამთელება
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანასტასია ჩერნეცოვა
ძვირფასი ჭურჭლის გამთელება
იცით რა არის კინცუგი? ეს არის დამსხვრეული ჭურჭლის აღდგენის იაპონური ხელოვნება — ბზარებს ოქროსფერი წებოთი ამთელებენ. ამგვარად, ბზარები კი არ იმალებიან, არამედ მკაფიოდ ჩანს, რაც სიმბოლურად გამოხატავს იმას, რომ სილამაზე არასრულყოფილებაშია. სწორედ ამ იდეას ასხივებს თავისუფალი თეატრის ლურჯ დარბაზში წარმოდგენილი ნინა კალატოზის სპექტაკლი „ტკბილი ნოემბერი“, რომელიც დაფუძნებულია ჰერმან რაუშერის პიესაზე.
მრავალი ჩვენგანისთვის აღნიშნული სათაური ასოცირდება პეტ ო’ კონორის 2001 წელს გადაღებულ „ტკბილ ნოემბერთან“, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ კიანუ რივზი და შარლიზ ტერონი. თუმცა, შეიძლება არ იცოდეთ, რომ ეს კინოსურათი 1968 წლის რობერტ ელის მილერის ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქია.
სანამ უშუალოდ სპექტაკლის ანალიზზე გადავალ, მსურს აღვნიშნო, რომ ეს ნინა კალატოზის რიგით მესამე სარეჟისორო ნამუშევარია. პირველი პროფესიით იგი დრამისა და კინოს მსახიობია, მაგრამ 3 წლის წინ საკუთარი თავი რეჟისორის ამპლუაში მოსინჯა და გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე დადგა „ბედის საჩუქარი“ (იტალიური ხალხური ზღაპრის „ბოროტი ბედის“ მიხედვით), ხოლო 2024 წელს ამავე თეატრის მცირე სცენაზე ყველასათვის ცნობილი შარლ პეროს „მძინარე მზეთუნახავი“. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ახალბედა რეჟისორს მცირე, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი სარეჟისორო გამოცდილება აქვს, რადგან საბავშვო სპექტაკლების დადგმა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს — ამ შემთხვევაში ხელოვანი თავის შემოქმედებით გუნდთან ერთად ყველაზე გულწრფელ აუდიტორიასთან მუშაობს, შესაბამისად, თავად ანსამბლიც ამ გულწრფელობის გამომხატველად უნდა იქცეს.
მართალია, „ტკბილი ნოემბერი“ შედარებით უფროსი თაობის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ რეჟისორისთვის დამახასიათებელი ისეთი წამყვანი თემებია, როგორიცაა სიყვარული, პატივისცემა, საკუთარი თავის შეცნობა, ჰუმანიზმი, ამ ნამუშევარშიც საგრძნობლად იკვეთება. რეჟისორის მხრიდან „ტკბილ ნოემბერზე“ არჩევანის შეჩერება საკმაოდ მახვილგონივრული გადაწყვეტილებაა, რადგან მასში იკვეთება ისიც, რომ დამდგმელს სათანადოდ აქვს შესწავლილი თავისუფალი თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკა და, შესაბამისად, იცის, თუ რით შეძლებს მაყურებლის დაინტერესებას. ეს გამოიხატა იმაში, რომ ორივე საპრემიერო ჩვენება ანშლაგით მიმდინარეობდა.
„თავისუფლის“ ერთგვარი ნიშაა საკულტო ფილმების სცენარების მიხედვით სპექტაკლების დადგმა და ქართულ რეალობაზე მორგებული ადაპტაციის შექმნა. მართალია, დამწყებმა რეჟისორმა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სწორედ ამ ხაზს გაყვა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მის ნამუშევარში იგრძნობა ინდივიდუალური ხელწერა და არა გარკვეული „შაბლონის“ ბრმად მორგება. თანაც, აღნიშნული ნაწარმოების დადგმა და საერთოდ რეჟისორის სადადგმო გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ იგი ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება და ეუფლება სარეჟისორო ხელოვნებას — პირველივე ნაბიჯებიდან არ ეჭიდება კლასიკურ დრამატურგიას ან პროზას.
ახლა კი გადავინაცვლოთ თავისუფალი თეატრის ლურჯ დარბაზში — შენობის სახურავზე განთავსებულ სივრცეში. ნინა კალატოზმა ეს სივრცე ორგანულად შეუსაბამა სიუჟეტს, რადგან სწორედ მისი ინსცენირების მიხედვით, მოქმედება ვითარდება მრავალსართულიანი სახლის სახურავზე, რომელზეც ცხოვრობს ერთი შეხედვით უცნაური ახალგაზრდა გოგონა — მია, რომელსაც თეკლა სულაქველიძე ასრულებს. თუ ორივე ფილმში მაყურებელი ფინალისკენ იგებს სარას (ორიგინალში ესაა მთავარი პერსონაჟის სახელი) ავადმყოფობის შესახებ, სპექტაკლის მაყურებელი უკვე შესავალ ნაწილში ხვდება, რომ მიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს; ნატიფ ქორეოგრაფიულ მონახაზში (ქორეოგრაფი — მარი კიტია) მსახიობი სიამოვნებასთან ერთად ფიზიკურ ტკივილს გამოხატავს. აღნიშნული სცენა მიმდინარეობს ლუდოვიკო ეინაუდის „Mama La Rondinella“-ს თანხლებით, რომელიც სპექტაკლს ჰარმონიულად ერწყმის არა მხოლოდ კომპოზიციურად, არამედ შინაარსობრივადაც. სიმღერა ეხება ისეთ თემას, როგორიცაა სიყვარული, რომელიც ძლიერი „ქარის“ შედეგად შეიძლება ნამსხვრევებად გადაიქცეს. სწორედ მიას და ლექსოს სასიყვარულო ამბავი მრავალ ქარტეხილს მოიცავს და ძვირფასი ჭურჭელივით სათუთია.
რეჟისორ-მხატვარმა სცენაზე ძალზე მყუდრო ატმოსფერო შექმნა: განათებით გარშემორტყმული პატარა მაგიდა, რომელზეც სურნელოვანი ჩხირი, სანათი და მსგავსი წვრილმანებია, მარცხენა კედელზე სხვადასხვა ნივთებია — მაგალითად, გიტარა, ქოლგა, პარაშუტი, შლაპა და ა.შ; აქა-იქ მცენარეებსაც წააწყდებით. მარჯვნივ პატარა სამზარეულოა, თოკებზე სარეცხია დაფენილი, კარადა-ფურგონზე საწოლია, ორცხობილების მეტალის ყუთში კი პირველადი დახმარების ნივთებია. ამ ატმოსფეროდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახურავზე ჰიპი ცხოვრობს — და მართლაც, მიაში არის რაღაც ჰიპური, რაც არა მხოლოდ სახურავის მოწყობაში, აღმოსავლური კულტურის მოტივებში, გრძელ ფერად ნაწვაბებსა და ფართო ტანსაცმელში იკითხება, არამედ მის ცხოვრების სტილშიც, რადგან იგი უპირისპირდება ისეთ რუტინულ ცხოვრებას, რომელიც კაპიტალისტური სამყაროსთვისაა დამახასიათებელი. უარს ამბობს მატერიალიზმზე, ცხოვრობს აქ და ახლა.
სწორედ ამ ჰიპურ ატმოსფეროში ერთგვარი „დისჰარმონია“ შემოიტანა — კაპიტალისტური სამყაროს ერთ-ერთმა „ატომმა“ — ლექსომ, რომლის შემსრულებელი გიგა კაკუბავაა. ბედის ირონიით, მისი პერსონაჟი სახურავზე ხვდება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო.
თუ „ტკბილი ნოემბრის“ პირველ კინემატოგრაფიულ ვერსიაში მთავარი პერსონაჟი — ჩარლი ყუთების ბიზნესშია ჩართული, ხოლო 2001 წლის რიმეიქში ნელსონი ჰოთდოგების სარეკლამო პროექტს წარადგენს, ლექსოს შემთხვევაში კი საქმე „საშიშ ხაჭაპურებს“ ეხება. თანაც, ფილმისგან განსხვავებით, აქ მსახიობს სატელეფონო ზარის მეშვეობით, ყოველგვარი ვიზუალური ფორმატის გარეშე უწევს მუშაობა. შესაბამისად, აქცენტი პირდაპირ მსახიობის ვერბალურ და პლასტიკურ შესრულებაზე გადადის, რასაც შემსრულებელი ორგანულად ართმევს თავს — იგი მათემატიკური სიზუსტით ქმნის სარეკლამო სააგენტოში მომუშავე ამბიციური, აროგანტული და ამავდროულად მშფოთვარე მამაკაცის პორტრეტს.
ორიგინალურ კინოვერსიაშიც და სპექტაკლშიც ლექსოს აკროფობია აქვს — შიში სიმაღლის მიმართ. ეს ხაზი არაერთ მიზანსცენაში ვლინდება: მაგალითად, იგი შიშით იყურება ქვევით, თუ მია ოდნავ ზევით ადის, ნერვიულად გაჰყავს. აკროფობია შესაძლოა მეტაფორულად გამოხატავს პერსონაჟის თავისუფლების შიშს, რადგან სიმაღლე, ცასთან სიახლოვე, ხშირად ასოცირდება სულიერ და ფიზიკურ თავისუფლებასთან. მისთვის კი ეს შიში და დისკომფორტია.
ჰიპური და კაპიტალისტური სამყაროების შეჯახება, ცხადია, ბადებს გაუცხოებას, შიშსა და აგრესიას. შეიძლება ითქვას, რომ ლექსო მიას გაბზარულ ჭურჭლად ევლინება, ხოლო მია — მისი კინცუგის ოქროს წებოდ. სწორედ ის ხდება ლექსოს შინაგანი გარდატეხის კატალიზატორი.
თეკლა სულაქველიძე მიას სახით ქმნის მშვიდ, საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში მყოფ პერსონაჟს, რომელიც ფლირტისა და „შებმის“ ხელოვნებითაა დაჯილდოებული; ეს განსაკუთრებით ჩანს სცენაში, სადაც იგი ლექსოს მჭიდროდ უკრავს თასმებს — თითქოს ამ ქმედებით არა მარტო ზონრებს, არამედ ლექსოსაც ამოკრავს საკუთარ ორბიტაში, როგორც სექსუალურ, ისე სულიერ დონეზე. მია მოსიარულე კინცუგია, რომელსაც შეუძლია ადამიანთა სულების გარდა, კასეტების გაბედნიერებაც კი.
მიასა და ლექსოს შემსრულებლებს შორის პარტნიორობის გაწევის შესაშური უნარი ვლინდება — თითოეული სცენა მათი საერთო შესრულებით სულისშემძვრელია, თავიდან ფეხებამდე გრძნობ მათ პერსონაჟებს შორის არსებულ „ქიმიას“. თუ დასაწყისში ლექსო გამოირჩევა შფოთით, აგრესიით, ხოლო მია — სიმშვიდით, სინაზით, სიმტკიცით და გაუტეხლობით, კულმინაციურ სცენაში ყველაფერი 180 გრადუსით იცვლება. ლექსო მიას ავადმყოფობის შესახებ იგებს, რაც ცხადია, მიას არ უნდოდა, რადგან იგი მიჩვეულია, რომ მას ძლიერ ქალად აღიქვამენ. მით უმეტეს, საყვარელი მამაკაცის წინაშე არ სურდა შინაგანი ბალანსის დაკარგვა. ლექსო ხეპრე მამაკაცისგან რომანტიკულ, ნაზ, სენტიმენტალურ, ფილოსოფიური ხედვის მქონე, უშიშარ ადამიანად იქცა. თუ ლექსო, როგორც ჭურჭელი, გამთელდა, მია პირიქით, დაიმსხვრა, რამაც გააღვივა მასში შიში და აგრესია. ორივე მსახიობის შემთხვევაში, პარტნიორობის უნართან ერთად, გამოვლინდა გარდასახვის შესანიშნავი უნარი — რად ღირს თითოეული მათგანის გამოხედვა: მიას კეთილშობილურ თვალებში როგორ დაიბადა მრისხანება, ხოლო ლექსოში პირიქით, ამაყმა მზერამ თითქოს ფერი იცვალა და მასში უზარმაზარი სიყვარული, სენტიმენტალიზმი და ამავდროულად სევდა ჩასახა.
ფილმთან შედარებით, პერსონაჟთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა ეს არ იწვევს დანაკლისის განცდას — სცენაზე სულ სამი გმირია: მია, ლექსო და მიას მეზობელი ნელიკო. უკანასკნელს ნინო გაჩეჩილაძე განასახიერებს. საინტერესოა, რომ ფილმებში მეზობლებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები განასახიერებენ, მაშინ როდესაც სპექტაკლში — ქალი პერსონაჟია.
ნინო გაჩეჩილაძის ნელიკო ნამდვილად გაგახსენებთ თქვენს ექსცენტრიკულ მეზობელს, რომელიც თითქმის ყოველდღე ყავის დასალევად ამოდის თქვენთან. მსახიობმა ფილიგრანულად გამოძერწა ერთი შეხედვით მხიარული, იუმორით აღსავსე, ოდნავ ეშმაკური და ჭორიკანა ქალის სახე, მაგრამ სპექტაკლის მიმდინარეობისას მაყურებელი თანდათან ხედავს, თუ რამდენად ღრმა პერსონაჟია, რომელშიც დიდი სევდა და ტკივილია ჩამალული. განსაკუთრებით კი დაბადების დღის სცენაში, სადაც ლექსომ და მიამ მის გარდაცვლილი მეუღლის შეხვედრის დღის ერთგვარი რეტროსპექტივა შეუქმნეს „ფოთოლცვენის“ შესრულებით. სწორედ ამ სცენაში ხდება მისი შინაგანი სამყაროს გახსნა — ოსტატურად, ზედმეტი პათეტიკის გარეშე.
მსახიობი თავისი შესრულებით განსაკუთრებით დასამახსოვრებელია იმ სცენაში, სადაც იგი ამბობს: „ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ხალხს სიყვარულის უფრო ეშინია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაავადების...“ მართლაც, ადამიანებს ყველაზე მეტად გვეშინია ისეთი წრფელი და ნათელი გრძნობის გამოხატვის, როგორიცაა სიყვარული.
მსახიობთა ტრიადა ერთმანეთთან ქმნის ერთიან მხატვრულ ორგანიზმს — ისინი იმდენად შეთამაშებულნი არიან, რომ სცენაზე თითოეული მათგანის მოძრაობა, მზერა თუ პაუზა სიზუსტით ეხმიანება დანარჩენ ორს.
ვინაიდან რეჟისორმა ტექსტი გადმოაქართულა, შესაბამისად, ქართული სახელებისა და ხაჭაპურების გარდა, თბილისური ატმოსფერო შეიქმნა, რაც მაგალითად გამოიხატება იმაში, რომ ლექსოს აღვიძებს ჯართის ჩამბარებლებისა და ჟოლოს გამყიდველის ძახილები.
სპექტაკლი თავისი ლაკონურობისა და კომპაქტურობის მიუხედავად, საკმაოდ დახუნძლულია სიმბოლო-მეტაფორებით. მაგალითად, პეპლის ფორმის ჭაღი, რომელიც შესაძლოა წუთისოფლის წარმავლობის სიმბოლოა. თანაც, პეპელა ცხოვრების სისწრაფისა და გარდასახვის განსახიერებაა — მიაც ხომ ის პეპელაა, რომელიც სილამაზეს ძალზე ხანმოკლედ ასხივებს.
ამასთანავე, დადგმაში გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ბონსაის ხეს, რომლის მნიშვნელობას თავად ლექსო განმარტავს. ეს ხე ორმხრივი ურთიერთობის/სიყვარულის და ხანგრძლივი სიცოცხლის განსახიერებაა.
„ტკბილი ნოემბრის“ ფინალი არაერთგვაროვანია, ტოვებს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. მაგალითად, მაყურებელთა ძირითად ნაწილს ეგონა, რომ სპექტაკლი დასრულდა მას შემდეგ, რაც მიას და ლექსოს მანქანა დაეჯახა, მაგრამ ამ სცენის შემდეგ კიდევ ერთი სცენაა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტა მეტყველებს იმაზე, რომ მათ სასიყვარულო ამბავში ფატალური დასასრული გარდაუვალია. ფინალში კი, ლექსო სახლიდან სამუდამოდ წასულ მიას სახურავიდან ხედავს, რის შემდეგაც პარაშუტით ხტება სცენიდან, ხოლო განათების საშუალებით „სტოპ კადრის“ ეფექტი იქმნება. ამ თავისებურად აბსურდულ გადაწყვეტაში იკითხება ის, რომ ლექსო მიასთან ურთიერთობაში დაძლია აკროფობია და ყველა ის შიში და ტკივილი, რომელმაც იგი დაბზარა.
მართალია, „ტკბილი ნოემბერი“ მელოდრამას მიეკუთვნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნამუშევარი კლიშეებითაა მოცული. პირიქით, სპექტაკლის თითოეულ კომპონენტში იგრძნობა მაქსიმალური გულწრფელობა, ინდივიდუალური ხედვა და ანსამბლურობა.