
სეზონ ის მიწურულის კიდევ ერთი პრემიერა გორის თეატრში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

20.07.2026
მანანა თევზაძე
სეზონის მიწურულის კიდევ ერთი პრემიერა გორის თეატრში
გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, 5 ივლისს 181-ე თეატრალური სეზონი, სიმბოლურად, გიორგი ერისთავის პიესით „ძუნწი“ დაიხურა. სპექტაკლის რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი რევაზ შატაკიშვილი გახლავთ. მონაწილეობენ მსახიობები: თორნიკე ბასიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, ზვიად მაღალაშვილი, ქიშვარდ მანველიშვილი, დალი ნათელაშვილი, ზურა პავლიაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, მზიკო ტურაშვილი.
სპექტაკლში გამოყენებულია ფრაგმენტები მოლიერის კომედიიდან „ძუნწი“; ალოიზ მიზანდარის, ერეკლე ჯაბადარის, ჯონ კანდერის, არამ ხაჩატურიანის, შალვა მშველიძის, ილუშა ცინაძის და სხვათა მუსიკა. სპექტაკლში ასევე გამოყენებულია სიმღერები მედეა ძიძიგურისა და გიული ჩოხელის შესრულებით.
***
გიორგი ერისთავის პიესა „ძუნწი“ კლასიკურ სიუჟეტზეა აგებული. ორი საუკუნის მანძილზე, სხვადასხვა წარმატებით იდგმებოდა მთელ ქართულ თეატრში. მისმა პოპულარობამ 21-ე საუკუნეშიც გადმოინაცვლა და მაყურებელს კვლავაც ახალისებს გულუბრყვილო სიტუაციებითა თუ ძველთბილისური იუმორით. თუმცა ყველაფერი მსახიობების ნიჭიერებასა და შინაგან კომიზმს ემყარება. მოგეხსენებათ, კომედია ურთულესი ჟანრია, ძალიან ძნელად სათამაშო, გაცილებით უფრო ძნელი, ვიდრე დრამა. სცენაზე, კომედიური გმირის ხასიათის სრულყოფილი წარმოდგენა მსახიობისაგან მიმიკას, ხმის მოდულაციებს, ბგერის ხაზგასმას, განსაკუთრებულ მოძრაობას, თუნდაც უნებლიე ჟესტიკულაციას, სახასიათო სიმღერასა და ცეკვას და კიდევ სხვა უამრავ კომიკურ ნიშანს ითხოვს. მსახიობს, იუმორის მკვეთრ შეგრძნებასა და გამოხატვის უნარს გარდა, კიდევ რაღაც სხვა, თანდაყოლილი ნიჭი, თუნდაც ფიზიკური კომიზმი სჭირდება. ქართული თეატრის ისტორიას თუ გადავხედავთ, გავიხსენებთ ამგვარი ნიჭით დაჯილდოვებულ მსახიობებს და მათი გმირებიც უმალ გაცოცხლდებიან ჩვენს მეხსიერებაში.
ქართველი ავტორის მიერ ორი საუკუნის წინ დაწერილი და ჯერ კიდევ 1850 წელს დადგმული პიესა „ძუნწი", პრობლემით, დღესაც საკმაოდ აქტუალურია: ერისთავის მიხედვით, ვაჭრები ცხოვრების ასპარეზზე ცარიელი ჯიბით გამოდიან, სამაგიეროდ ცხოვრების ალღო და მოქმედების უნარი აქვთ. შიმშილსა და სიცივეს, დაცინვასა და წყრომას იტანენ, კაპიკს კაპიკზე ამატებენ, რადგან იციან, რომ მათი მხსნელი მხოლოდ ფულია, ფულის საშუალებით თამამად გამოჩნდებიან საზოგადოებაში და ვერავინ დაჩაგრავს.
გორის თეატრში დადგმულ სპექტაკლში „ძუნწი“ რეზო შატაკიშვილი ამუქებს პიესის აზრობრივ გადაწყვეტას და დედააზრად გამოაქვს თეზისი - რატომ უნდა გვეშინოდეს ძუნწი ადამიანების, რატომ არიან ისინი გაცილებით საშიშნი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს!
პიესის სასიყვარულო თავგადასავალი მხოლოდ ფონია მთავარი თემის გამოსაკვეთად. მე რომ მკითხოთ, სიტყვა - ვაჭარს, სადღეისოდ გავრცელებული სიტყვით - ბიზნესმენით შევცვლიდი. თუმცა სიტყვის შეცვლა - შინაარსის შეცვლას სულაც არ ნიშნავს, შინაარსი იგივეა, მხოლოდ უფრო გამძაფრებული, გაავებული და საზოგადოების ყველა წრესა თუ ფენას მოდებული.
2026 წლის 5 ივლისს გორის თეატრში ვარ სტუმრად. სამსახიობო შესასვლელში, შენობის სარდაფიდან ამომავალი ნესტის მძაფრი სურნელი მაბრუებს. ეტყობა, ურემონტოდ დარჩენილ თეატრს გრუნტის წყალი ყოჩაღად შეუდგა. თეატრის დირექტორის ნიკა ჰაინე-შველიძის მრავალი მცდელობისა და სამთავრობო დაპირებების მიუხედავად, ჯერჯერობით, ძირეული რემონტისა არაფერი ისმის.
დარბაზი მაყურებელითაა სავსე.
სცენის სიმაღლიდან ჩამოშვებულ დიდ აფიშაზე ვკითხულობთ, რომ დღეს თავად ერისთავის აივანზედ გორის დრამატული თეატრის დასის მიერ წარმოდგენილი იქნება „ძუნწი“ - კომედია გიორგი ერისთავისა...
ასეთ ხერხს გვთავაზობს დამდგმელი რეჟისორი: თეატრი - თეატრში!
კედლებზე მოოქრულ-მოვარაყებული გობელენები ჰკიდია ძველთბილისური პეიზაჟებით; სცენაზე ჩამომდგარ კვამლში მონაწილე მსახიობთა ჯგუფი გამოიკვეთა, რომლებიც ხელში ფულებსა თვლიან. სპექტაკლს, ძალიან ცნობილი სიმღერა იწყებს ამერიკული ფილმიდან „კაბარე“; ცოტა ხანში თბილისური აივნებიც შემოსრიალდა და პერსონაჟებმა ფერად-ფერად აივნებზე გადაინაცვლეს. გამოეფინენ ხამფერა და მონავარდისა, ივანიკა და არჩილი... თითქმის ყველა პერსონაჟი აქ არის, სტილიზებული ეპოქალური კოსტიუმები მოსავთ; იქვე პატეფონი ხმიანობს, მედეა ძიძიგურთან ერთად მონავარდისაც (მსახიობი მზიკო ტურაშვილი) მღერის - „...წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია“... და მიკროფონის ნაცვლად ხელში ძველი უთო უკავია... ცეკვავენ, ხელებს შლიან, თეძოებს არხევენ, მხიარულობენ... მაგრამ ფაცი-ფუცით, მოკლე-მოკლე ნაბიჯებით შემოვა თუ არა კარაპეტა (მსახიობი ზვიად მაღალაშვილი), ყველანი მომოიფანტებიან. აბა, რაში სჭირდება კარაპეტას ანთებული სანთელი, ისედაც ხომ სინათლეა? არც ნახშირი სჭირდება გასათბობად, სიცივეში ხომ უკეთ იძინებენ?.. კარაპეტა, რის კარაპეტაა, თუ სანთელი არ ჩააქრო და ნახშირს ცივი წყალი არ დაასხა ჩასაქრობად... იგი ძველთბილისური კილოთი ლაპარაკობს...
და საერთოდაც, გიორგი ერისთავის გმირები ისე მეტყველებენ, როგორც მათი პროტოტიპები!
მაყურებელთა დარბაზში სიცილის მოთხოვნილებაა გაზრდილი. სცენაზე გათამაშებული სამხიარულო სიტუაციები და რაც მთავარია, ტექსტი, თუნდაც ივანიკას ცალკეული რეპლიკები, მათ ძალიან ახალისებით. ასე რომ, სპექტაკლის მთავარი მიზანი, ვფიქრობ, მიღწეულია - მაყურებელი მხიარულობს!
სპექტაკლში უხვადაა ჩართული მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, თუნდაც „კინტოური“ მონავარდისას და ხამფერას (მსახიობი ქეთი ლუარსაბიშვილი) შესრულებით; თუნდაც კნიაზ არჩილის (მსახიობი თორნიკე ბასიშვილი) შემოსვლაზე გაჟღერებული მუსიკა სიმფონიური ორკესტრის შესრულებით; თუნდაც ხამფერასა და არჩილის აივანზე სატრფიალო შეხვედრისას წამღერებული, - „შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა“... და კვლავ „ჩავაქრე სანთელის“ ფონზე გათამაშებული ეტიუდი ხამფერას ჩაძინებისა სკივრზე, ბალიშთან ერთად... აქვე უნდა ვთქვა, რომ მსახიობებს, ყველას ეტყობა კარგად შეთვისებული და ალღო აღებული გარემოება და თამაშის წესი. მსუბუქად, თითქოს თვითონაც ხუმრობენო, ისე წარმოგვიდგენენ თავიათ გმირებს, განსაკუთრებით ეს ივანიკას (მსახიობი გიორგი ჩოჩნიძე) და მონავარდისას შერიგების სცენაზე ითქმის, რასაც მაყურებელი ტაშით ეხმიანება.
მაგრამ მთავარი პერსონაჟი, რა თქმა უნდა, კარაპეტაა და მისი სასიყვარულო განცდები ოქროს სამალავი ზანდუკისადმი. ექსტაზში შესული ეალერსება მას, იქ შენახულ ქისებს; აჩხარუნებს ოქროს ფარღულებს; სიხარულისაგან სახეგაბრწყინებული მათ ხმიანებას ყურს უგდებს; პირველ რიგში მჯდომ მანდილოსანს საიდუმლოდ ანდობს, ფულის ყადრი ქართველებმა არ იციან, პირველ რიგში იმათ გავწყვეტ და სომხებსაც ზედ მივაყოლებო... მაგრამ მისი ყველაზე მთავარი განზრახვა ოქროების გადადნობა და დალევაა, რადგან არავისთვის ემეტება, მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა ეს ბრწყინვალე სიმდიდრე. ასეთია ამ კაცის ცხოვრებისეული სიბრძნე და მოწოდება! აბა, თვალი გადაავლეთ დღევანდელ საზოგადოებას, არ გეცნობათ კარაპეტას ხასიათი და სტილი? მხოლოდ უფრო თანამედროვე და უფრო მძარცველი...
შევცქერი კარაპეტას (მსახიობი ზვიად მაღალაშვილი) და თავადის მსახურის (მსახიობი კობა კოპაძე) თამაშს გორის თეატრის სცენაზე და ვფიქრობ ვასო აბაშიძეზე, რომლის მიერ ქართული თეატრის სცენაზე ნათამაშებ როლებს შორის გამორჩეული სწორედ გიორგი ერისთავის პიესის გმირები იყვნენ და განსაკუთრებით კი კარაპეტა დაბაღოვი. მისი ფოტოც არსებობს ამ როლში, სახის მტაცებლური გამომეტყველებით, იქნებ სწორედ მისი მონოლოგის წარმოთქმისას გადაღებული. გორის თეატრის მსახიობი კი უფრო ეშმაკურად მოწკურული თვალებით შემოგვცქერის და ვინ იცის, რა განზრახვები უტრიალებს გულში.
უნდა ვთქვა რეჟისორის კიდევ ერთ ორიგინალურ გადაწყვეტაზე, როდესაც სპექტაკლში ორ დრამატურგს ახვედრებს. არც ეს ხერხია ახალი და დავიწყებული. „ძუნწში“ ერისთავი და მოლიერი ხვდებიან ერთმანეთს და მაყურებელს თემის მარადიულობასა და პოპულარობას შეახსენებენ. სპექტაკლში რამდენიმე გადახვევაა მოლიერის პიესისაკენ და უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ ცოცხალი და აქტიური მუსიკითაც და არტისტებითაც; ჰარპაგონის (მსახიობი ქიშვარდ მანველიშვილი) და ფროსინას (მსახიობი დალი ნათელაშვილი) სცენები მაყურებლის მოწონებასა და ტაშს იმსახურებენ. მათი კოსტიუმიც განსხვავებული და ფერადოვანია. ჰარპაგონი დიდი ჟაბოთი და ფროსინა - თავზე პატარა შავი ქუდითა და წითელი ხალათით; მაჭანკლის ურცხვი მოურიდებლობით ჭორაობს იგი პირველი რიგის მაყურებელ ახალგაზრდა ქალთან და მის სოციალურ მდგომარეობას იკვლევს, რაც დარბაზის საერთო მხიარულებას იწვევს.
და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, მხიარული და ეშმაკი ივანიკას მიერ მოწყობილი ოინი - სკივრების შეცვლა, ოქროების ვითომ გაქრობა, თავბედდაწყევლილი კარაპეტას გულშეღონება და ვითომ სიკვდილი, მისი დატირება ასე სასაცილოდ შესრულებული თმაგაშლილი ქეთი ლუარსაბიშვილის მიერ და მეკუბოვეს გამოჩენა; სხვათა შორის, დასამახსოვრებელი სახეა ზურაბ პავლიაშვილისგან შექმნილი მეკუბოვე.
და დაბრუნებული ოქროების სანაცვლოდ ხამფერასა და არჩილის ქორწინებაზე მოპოვებული თანხმობა...
სიუჟეტი გაიხსნა, ყველა ბედნიერია... მაყურებელი მიჰყვება პიესის სიუჟეტს, კმაყოფილი იღიმის, იცინის...
მარტივი ურთიერთობაა სცენაზეც და დარბაზშიც.
ეტყობა რეჟისორს კარგად უმუშავია მსახიობებთან.
მორალი: ხაჩატურიანის მუსიკაზე, სალვადორ დალივით შემოგელვებული კარაპეტა, სამართალს უპირებს სამართალში მიცემას და ფარდის აქეთ დარჩენილი ყველას აფრთხილებს, - ძუნწებს უფრთხილდითო!
განა რა ჩაიდინა კარაპეტამ ისეთი, რაც სხვას არ ჩაუდენია, რომ განსაკუთრებით უნდა გვეშინოდეს მისი? მისი კი არა, სხვების, დღევანდელი კარაპეტების უნდა გვეფიქრებოდეს, ასე რომ მომრავლებულან, ვინ იცის, რა ზრახვები უტრიალებთ გულში?
სპექტაკლი კვლავაც იმ სიმღერით სრულდება, რითაც დაიწყო: - „mony, mony, mony...“ , არაჩვეულებრივი ლაიზა მინელის შესრულებით. პერსონაჟები აივნებიდან გადმოსქცერიან დარბაზს, ცეკვავენ, ირხევიან... სცენა ტრიალებს, იქაურობა იკვამლება, ტაში მუსიკას მიჰყვება, ყველა კმაყოფილია, ალბათ რეჟისორიც...
ბოლოს რეზო შატაკიშვილზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა: მან ეს სპექტაკლი ორ თვეში დადგა გორის თეატრის დირექციის ინიციატივითა და თეატრისავე დაფინანსებით. დადგა სიხარულით, რადგან თავადაც ხიდისთაველი ყოფილა, გიორგი ერისთავის თანასოფლელი.
რაც შეეხება მოლიერის სპეტაკლში შემოყვანის იდეას, მან ეს მსახიობთა სურვილით ახსნა, თუნდაც ოდნავ მაინც შეთამაშებოდნენ მოლიერის „ძუნწს“, რაც ნამდვილად მისასალმებელია.
რეზო შატაკიშვილს დამთავრებული აქვს თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი, შემდეგ რობერტ სტურუას სამაგისტრო კურსი, დამაარსებელია კომპანია „მინის თეატრის“, რომელსაც რამდენიმე პროექტი აქვს გაკეთებული მერიის დაფინანსებით, საკუთარი ხარჯებითა და მაყურებელის შემოწირულობითაც. მიწვევით დგამს სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრებში; ფიქრობს ჩაუღრმავდეს იონესკოსა და აპოლინერის პიესებს. „ძუნწზე“ მუშაობა მისთვის სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა, რაც კიდეც იგრძნობა FB-ის ჩანაწერებში:
„14 მაისი - დღეს პირველი რეპეტიციაა ერისთავის თეატრში!
გიორგი ერისთავის „ძუნწი“... ვიწყებთ მე და ჩემი მეგობარი არტისტები. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის Nikoloz Heine-Shvelidze Tamar Tokhadze...
დღეს პრემიერაა. ამ დღეებში ვწერდი თუ როგორ მიმართლებს ტექნიკურ რეჟისორებსა და რეკვიზიტორებში. თუმცა, ეს გამართლება მხოლოდ მათ არ ეხება... თეატრის ყველა იმ რგოლში მიმართლებს, რომელსაც თქვენ ვერც კი ხედავთ და შესაძლოა არც კი იცით მათი როლი, აუცილებლობა თუ მნიშვნელობა.
საქმე ისაა, რომ თეატრში რომ ადამიანი მუშაობს - თეატრი უყვარს. სხვაგვარად თეატრში არავინ გაჩერდება - ამ ხელფასებზე ამ სირთულეებს არავინ შეეჭიდება...
ჩაიარა პრემიერამ. სპექტაკლმა ფეხი აიდგა... დრომ ეს წუთები უკვე მოგონებად აქცია. მოგონებად, რომელსაც გემოს ვეღარ დაუკარგავს ეგ ჩვენი მუდრეგი ბატონი დრო...
დღეს თუ სცენოგრაფიის რამე გამეგება, ეს რუსთაველის თეატრის სადადგმო ნაწილის, მხატვარ მერაბ მერაბიშვილის დამსახურებაა... მას მერე რატომღაც ყველგან კარგი სადადგმო ნაწილი მხვდება - ლევან მაქაცარია - ზუგდიდში, Firani Kupatadze -ჭიათურაში, თუ დათო ბაქრაძე - ზესტაფონში და აქ, გორის თეატრში - მიშა ცერცვაძე...
ეს სეზონი ნაყოფიერი აღმოჩდა ჩემთვის - 4 სპექტაკლი დავდგი...
გორის თეატრში ახლა მეოთხე სპექტაკლს ვდგამ. ჩემთვის გუშინდელი დღე გადარჩენილი დღეა, როცა ახერხებ დაუსხლტე ყოველდღიურობას და სიხარულში ამოჰყო თავი! არაერთი მეგობრის თანადგომით მივაღწიე გორის თეატრის 181-ე სეზონის დასკვნით სპექტაკლამდე.
ვნახოთ რას მომიტანს 2026-2027 წლების თეატრალური...
ერთიცაა - რა დაგებედება... პირველი თეატრი, სადაც მე ფეხი ავიდგი, ამ ქვეყნის ყველა დროის უპირველესი თეატრი - რუსთაველის თეატრი იყო, სადაც ყველა პოზიციაზე ისეთი პერსონები დამხვდნენ, ვერადროს რომ ვერ დაივიწყებ მათ ამაგს და პროფესიონალიზმს.“