top of page

სპექტაკლის პრემიერა ზუგდიდში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

1.jpg

მანანა თევზაძე

სპექტაკლის პრემიერა ზუგდიდში

2024 წლის 30 ივნისს ქალაქ ზუგდიდს ვესტუმრეთ. მიწვეული ვიყავით შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ანდრია ვაჭრიძის პიესის „ანდერძის“ პრემიერაზე, რომლის რეჟისორიც  გიორგი კაშია გახლავთ.

ზუგდიდში ჩასვლის უმალ კულტურის სახლს მივაშურეთ. იმის გამო, რომ ამ საწყალობელ შენობას გაავდრებისას ხე დასცემია და სახურავი ჩაუნგრევია, თეატრი, სპექტაკლებს, შორიახლოს მდებარე ხელოვნებისა და კულტურის განვითრების ცენტრში წარმოადგენს, რეპეტიციები კი, კვლავ ძველ შენობაში ტარდება. 

მას შემდეგ, რაც ა. წ. აპრილის თვეში, ზუგდიდის თეატრში, ახალ სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი კაშია დაინიშნა, კულტურის სახლის მაყურებელთა დარბაზის გამოთავისუფლებული სივრცე სარეპეტიციო და საგამოფენო დარბაზად იქცა და ზუგდიდის თეატრის დაარსებიდან 156-ე წელს, პირველი გამოფენაც მიეძღვნა, პირობითი სახელწოდებით - „არქივის გაცოცხლება“. გამოიფინა სხვადასხვა დროს, ზუგდიდის თეატრში მოღვაწე მსახიობთა პორტრეტები, აქ დადგმული სპექტაკლების აფიშები, ფოტოსურათები, პიესების ხელნაწერები, სარეპეტიციო დღიურები, კოსტიუმები, თეატრის ცხოვრების ამსახველი სხვა ისტორიული დოკუმენტები.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ ზუგდიდის თეატრის მშენებარე ნაგებობისკენ გავწიეთ. ადგილზე დაგვიხვდა ასოციაცია „ატუ“-ს სამუშაოთა მწარმოებელი, ინჟინერი ზურაბ გვარამია, რომელმაც შეძლებისდაგვარად, თითქმის მთელი შენობა, სცენა, კულისები, სატერისტერო განყოფილება დაგვათვალიერებინა, თან თეატრის ძველი და ახალი შენობის მცირე ისტორიაც გვიამბო.

გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენებული თეატრის შენობაში ბევრი უნიკალური ექსპონატი ყოფილა, მაგალითად, სცენის განათების პულტი ჯერ კიდევ ბერიას პერიოდში, მისივე რეზოლუციით დამონტაჟებულა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თეატრის შენობისთვის მხოლოდ ერთხელ, უმნიშვნელოდ შეუვლიათ ხელი.

90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს დაზიანებული შენობის დემონტაჟისას გაირკვა, რომ შენობის საძირკველი არ ექვემდებარებოდა სტანდარტებს. ამასობაში ჭერიც ჩამოიშალა, დეკორაციების შეცვლისას, სცენის მუშას იატაკი ჩაენგრა, სიკვდილს ძლივს გადაურჩა და 2016 წელს  თეატრი დაიხურა,  2018 წელს კი, ძველი შენობა სრულად დაანგრიეს.

ახალი, რომლის სამშენებლო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, ჯერ არ დასრულებულა, იგი საავტომობილო გზიდან, დაახლოებით, 10 მეტრის მოშორებით, ოდნავ აღმოსავლეთით აშენდა. სცენა სიგრძეში 2 მეტრით გაიზარდა. თუ ძველი შენობა ორ სართულიანი იყო, ახალი - ოთხ სართულიანია, სადაც განთავსდება საგრიმიოროები, მუზეუმი, სამხატვრო გალერეა, კაფე-ბარები, სასტუმრო - გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისათვის და ყველა ის მოწყობილობა, რაც თანამედროვე თეატრს ესაჭიროება. ახალ თეატრში ორი დარბაზია: დიდი დარბაზი 570 მაყურებელზეა გათვლილი, მცირე კი - 140-ადგილიანია. გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მაყურებელთა ინტერესიც.

70 წლის შენობისაგან, მთელი, მხოლოდ ორი მოჩუქურთმებული ქვა გადარჩა, რომლებზეც საბჭოთა კავშირის სოციალისტური მოძრაობის სიმბოლო - ნამგალი და უროა ამოტვიფრული. ეს ქვები თეატრის ფასადს „ამშვენებდა“, მომავალში კი ახალ შენობაში, მუზეუმის განყოფილებაში დაიდებს ბინას.

ასე რომ ზუგდიდელები ახალ თეატრალურ ნაგებობას ელოდებიან.

საღამოს,  სპექტაკლის სანახავად უკვე  მზად ვიყავით.

პიესას „ანდერძი“ ერქვა...

ახალგაზრდა კაცი თავის ძველ, მამაპაპეულ სახლს მხოლოდ იმიტომ უბრუნდება, რომ გასაყიდად საჭირო დოკუმენტებს, ნოტარიუსთან ერთად, ხელი მოაწეროს. ძველ სკივრში შემონახულ, მამამისის შრომით იარაღებს რომ აღმოაჩენს და ნალს ხელით შეეხება, ის მჭედელი, ნალბანდი მამა გაახსენდება, ხარებს რომ ჭედდა და ისე ცხოვრობდა, თითქოს უღელქვეშ ტვირთს ატარებსო... სოფლისთვის საჭირო და აუცილებელი კაცი იყო მამამისი, თვითონ კი? თვითონ ხომ მსახიობია, მოხეტიალე მსახიობი, საკუთარი ისტორიის შემკოწიწებელი, სპექტაკლების სათამაშოდ ქალაქიდან ქალაქში მოსიარულე... და მოძალებულ ფიქრში ხვდება, რომ სოფელს ის აღარ სჭირდება, რომ მოღალატეა და ამ მარტივ იარაღებთან შედარებით, მისი გულუბრყვილო, სადღეგრძელოში ჩარჩენილი პატრიოტიზმი, გახუნებულა... საკუთარ თავზე გამწარებული შეჰყვირებს კაცი, რომლის  სახელი აღარც გვახსოვს, არც გვაინტერესებს, რადგან განზოგადებულია მისი სახე და სახელი, რადგან ათასი, ასი ათასი მისნაირია წახეტებული მშობლიური სანახებიდან, რადგან უპატრონოდ მიტოვებულ სახლსა და შრომით იარაღებს ჰყიდის უსულგულოდ და მათთან ერთად წინაპრების ხსოვნას ემშვიდობება. მხოლოდ სპექტაკლის ბოლოს იმძლავრებს მწუხარე ამბის გამოუვალი მდგომარეობა - გაყიდული მამული და მამის აჩრდილს განწირული ყვირილით გამოდევნებული ახალაგზრდა კაცი...                                                                                                                                                                       

მტკივნეული თემაა პიესისა, სათქმელიც მერამდენედ თქმული და კვლავაც აქტუალური, რადგან, სადაც არ გაიხედავ, ამ ჩვენს ლამაზ მამულ-დედულში, ფანჯრებჩაბნელებულ სახლებს გადააწყდები...

პიესის ავტორის, ასე მგონია, ძალიან პირადული და გულით განცდილი სათქმელი, დამდგმელ რეჟისორს - გიორგი კაშიასა და მთავარი როლის შემსრულებელ - გიგა აბულაძეს ისე გაუთავისებიათ, ისე მოუძებნიათ საჭირო ფორმა და ტონალობა, რომ სცენა არ გადაუტვირთავთ დეკორაციით, მოქმედებით, ემოციიებით; ეს ყველაფერი მოზომილი და თავშეკავებულია და მეტი რა უნდა ეთქვათ, ან გაეკეთებინათ მაყურებელთან ასე ძალიან ახლოს მყოფთ ერთ მინიატურაში, მონოსპექტაკლში...

სპექტაკლის ანა ბერიშვილისეული დეკორაცია, არაერთ ასოციაციას ჰქმნის, მუსიკალური გაფორმების, ქართული, ძალიან ნაცნობი, ყურსშეჩვეული მელოდიები, სწორედ პიესის ტკივლიან სათქმელს გამოჰკვეთენ.

მსახიობი გიგა აბულაძე სცენური გულწრფელობით, ემოციურობით,  თავისი გმირის ცხოვრების ლოგიკურ დასასრულში გაჯერებთ, რომ სიხარულსა და კმაყოფილებას ვერ მოუტანს მშობლიურ მიწასთან გამოთხოვება, რადგან იქ უპატრონოდ მიტოვებული საფლავები რჩება, რადგან ძნელია  გაორებული კაცის არსებობა.

დრამატურგის, რეჟისორისა და მსახიობის შემოქმედებითი ბიოგრაფიის თვალის გადავავლებისას, აღმოვაჩინე რომ რეჟისორისა და მსახიობის შეხვედრა, პირველი არ არის. ამ შემთხვევაშიც, რეჟისორს, თანამოაზრეები ჰყავს შემოკრებილი სპექტაკლში მონაწილე სალომე ბუღაძისა და კობა მატკავას სახით. სცენაზე მათი გაელვება შეუმჩნეველი არ რჩება მაყურებელს. საბოლოო ჯამში კი, მათი საკმაოდ მცირე სარეპეტიციო დრო თუ სპექტაკლის ხანგრძლივობა, ნათელი მაგალითია,  თუ როგორ ენდობიან ყველანი ერთმანეთს.

ამ ადამიანებს, დრამატურგიდან დაწყებული - რეჟისორითა და   არტისტებით დამთავრებული, ჩემდა სამწუხაროდ, ნაკლებად ვიცნობ და ახლა, როდესაც თვალი გადავავლე ინტერნეტში მათ შესახებ არსებულ  ინფორმაციას, ძალიან გავიოცე, რადგან ისინი მოძრავი, ფაქტობრივად, ანტრეპრიზის თეატრის ცხოვრებით ცხოვრობენ, არ უფრთხიან არტისტულ სირთულეებს, საცხოვრებელი ადგილებისა და სცენების ცვლას, თუმცა, ალბათ, შემოსავლის სიმცირესაც ძალიან განიცდიან. სამაგალითოდ, თუნდაც, პიესის ავტორი ანდრია ვაჭრიძე ავიღოთ. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ცენტრის კურსდამთავრებულია. უთამაშია: მესხეთის, გორის, რუსთავის, „ქალაქის თეატრის“, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო, ილიაუნის თეატრების სცენებზე. გარკვეულ პერიოდში ილიაუნის თეატრის სცენის მუშა ყოფილა, ასევე სპექტაკლების სცენოგრაფი,  ტელეკომპანია „მაესტროს“ ტელე-ხმა, მონაწილეობს რადიოთეატრის სპექტაკლებში, შესრულებული აქვს როლები კინოსა და სატელევიზიო დადგმებში.

სხვადასხვა წლებში მისთვის მიუნიჭებიათ თეატრის კრიტიკოსთა  საერთაშორისო ასოციაციციის ჯილდო –  საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი; საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია - წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო ეპიზოდური როლი; ყოფილა პრემია „დურუჯის“ ნომინანტი... წარმოდგენილი პიესაც ალბათ ერთადერთი არ არის...

რა შემიძლია ვთქვა ზუგდიდის  შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის,  რეჟისორ გიორგი კაშიას შესახებ? იგი თეატრს მიმდინარე წლის 22 აპრილიდან ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. 2023 წელს, მას თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის ჯილდო გადაეცა საუკეთესო რეჟისურისათვის; იმავე წელს იყო „წინანდლის პრემიის“ ნომინანტი.

საკმაოდ ვრცელია გიორგი კაშიას მიერ დადგმული სპექტაკლების ჩამონათვალი: „ბერნარდა ალბას სახლი”, „დარისპანის გასაჭირი”, „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი”, „ბოლო სამუშაო დღე”, „აღმოსავლეთისკენ”, „ომი-ომია”, „ჯადოსნური წრე”, „თქვენო უდიდებულესობავ”, „ანდერძი”, „სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, „სალომეა”... - სრულიად სხვადახვა დროისა და სტილისტიკის დრამატურგიული ნაწარმოებები. რამდენადაც ვგრძნობ, იგი ყველა ამ პიესაში საკუთარი თვალით დანახულ და შეფასებულ სამყაროს ქმნის და ეძებს კავშირებს დღევანდელობასთან.

წარმატებას ვუსურვებ გიორგი კაშიას ახალ შემოქმედებით სარბილეზე.

bottom of page