
ბიჭი ზოლიან პიჟამაში

21.10.2026
ანი ცხვედაძე
ბიჭი ზოლიან პიჟამაში
ირლანდიელი წარმოშობის მწერლის, ჯონ ბოინის 2006 წელს გამოცემული საყოველთაოდ ცნობილი რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ ინსცენირება და რეჟისურა ეკუთვნის ლაშა შეროზიას, რომლის პრემიერა ახმეტელის თეატრში 2026 წლის სეზონის მიწურულს, ზაფხულში გაიმართა.
ისტორია ჰოლოკოსტის შესახებ რამდენადაც ბრუტალური და შემზარავია, ამბივალენტურად უკიდურესად სენსიტიურ პლასტებს ეხება და ააშკარავებს, ადამიანური ბუნების ირაციონალურ ასპექტში გვამოგზაურებს;
ანალოგიური სახელწოდების ფილმი 2008 წელს მარკ ჰერმანის რეჟისურით გამოვიდა და დღემდე აქტუალობას არ კარგავს სენსიტიური თუ ეთიკურ-მორალური კატეგორიის თვალსაზრისით;
ხოლო ქართულ თეატრში, დრამატული თეატრის სცენაზე რეჟისორ ლაშა შეროზიას რაკურსით დანახული ინტერპრეტაცია ამ ამბისა, თვალში საცემად ფაქიზად არანაკლებ სენსიტიურ პლასტებს დაანახებს სპექტაკლზე მისულ მაყურებელს.
სპექტაკლში იშლება ყოველგვარი სახის ბუკვალური თუ ირიბი სადემარკაციო, სეგრეგაციული ხაზები, იმ დროს, როცა საქმე გვაქვს ბავშვების სუფთა ფსიქიკასთან, ემოციურ ასპექტთან და ემპათიის უნარის მაღალ ხარისხთან.
ახმეტელის თეატრის ვერსიით დადგმულ ინსცენირებაში, სტრუქტურული ფაბულის საპირწონედ ინტერიერის ტექტონიკა, ატმოსფერო ისეთივე აქრომატულ ფერთა პალიტრას დემონსტრირებს (ლამის ლუკას კრანახისეული ფერწერის ალუზიაა), როგორ შინაგან დისფუნქციურ აბერაციაშიც არიან ზრდასრული გმირები ამ ამბისა. ფაშიზმის რიგითი ხელქვეითები, თუ ოჯახის გარემოცვა, ასევე თავის მხრივ, გაცნობიერებული და ერთდროულად გაუცნობიერებელი იდეოლოგიური ტყვეებიც არიან.
ბავშვის ცნობიერებაში კი საერთოდ არ არსებობს ორმაგობა და დიფერენცირება, სპარტანული იერარქიულობა და სუბორდინაცია, არ არსებობს სტიგმები თუ დისკრიმინაციული მანიპულაციები, ყველა ის ხერხი, რაც ადამიანების გენოციდისთვის, და ოდნავ ‘უკეთეს შემთხვევაში’ კი ფსიქოლოგიური დასახიჩრებისთვის გამოიყენება(!). ბავშვებისთვის არ არსებობს არანაირი „იდეოლოგია“.
ჩემი დაკვირვებით, სპექტაკლი გამოკვეთილად ჰოლოკოსტის თემატიკაზე დამყარებული ისტორიისა - მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ-გლობალურ ჭრილში თავისუფლად შეიძლება (ჰიპერბოლიზდეს) განზოგადდეს, როგორც ნებისმიერი ერის, პოლიეთნიკურობის ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართულ მტკიცე პოზიციად!..
ამავდროულად, ეს პოზიციონირება დეკლარირებულია ბავშვების მაგალითით კრიზისულ, არასტაბილურ სიტუაციებში, როგორც ყველაზე დაუცველ და თან ყველაზე მაღალი ემპათიის უნარის მქონე ფაქიზი კატეგორიის ნიმუშით.
სწორედ ბავშვების ენერგეტიკულ მუხტს უჭირავს საათნახევარზე მეტი ქრონომეტრაჟის დრამატურგიული სტრუქტურა სპექტაკლში.
მთავარი გმირი, ბრუნო, რომელიც მცირე პაუზების გარდა მუდმივად სცენაზეა და დინამიკას, ამბის აქტუალობას, ტემპსა და რეზისტენტულ ქმედითუნარიანობას გვაჩვენებს.
ლაშა შეროზიას კონცეპტით დადგმულ ინტერპრეტაციაში, არანაკლებად ნიშანდობლივ პარტნიორობას უწევს შმუელი ბრუნოს გმირს. შედეგად კი ვიღებთ თვალში საცემად გულწრფელ, ძალდაუტანებელი პარტნიორული კომუნიკაციის ნიმუშს დუეტის სახით, პატარა მსახიობების მონაწილეობით: ერთგვარად, ცალკე მყოფ ე.წ. დუოდრამას პერსონაჟებით საკმაოდ დატვირთულ სტრუქტურულ კონფიგურაციაში.
თითოეულ გმირს თავისი ფუნქცია აქვს და დამაკმაყოფილებელი კონტრაპუნქტულებით შეიძლება რომ ითქვას, მთლიან სტრუქტურულ კონცეფციაში განკუთვნილ ამოცანებს ახორციელებენ.
შესანიშნავია ლეიტენანტ კოტლერის (ჯორჯი დვალიშვილი) ყოველი გამოჩენა სცენაზე, უზუსტესი ავთენტურობით ნაძერწი პერსონაჟით, მხრებგაშლილი მტკიცე ნაბიჯებით, აროგანტული მანერებითა და კულმინაციურ მომენტებში სასტიკი აფეთქებების მთელი კასკადით.
მხატვრები: მარიკა კვაჭაძე, ლანა გოგოლაძე.
შმუელი - მაქსიმე მამალაძე; ბრუნო - ნიკოლოზ ბახტაძე; გრეტელი - თათული გოგია; რალფი - გიორგი გასვიანი; ელზა - გვანცა კანდელაკი; ბებია - თამარ ბეჟუაშვილი; მარია - ანანო გულედანი; პაველი - მამუკა მაზავრიშვილი; ლეიტენანტი კოტლერი - ჯორჯი დვალიშვილი.
<დუოდრამა> სასხვათაშორისოდ არ მიხსენებია, და ზოგადადაც, ვფიქრობ, რომ თეატრის კრიტიკოსები და თეატროლოგები „სასხვათაშორისოდ“ არც არაფერს წერენ: დუოდრამის გენერირება ანსამბლურ კონფიგურაციულ სტილისტიკაში არ არის იოლად მისაღწევი და ამის შთაბეჭდილება იშვიათად შეიძლება წარმოიშვას, ზუსტად იმავე მასშტაბით ძალისხმევასა და ორგანულობას მოითხოვს აბსოლუტურად ძალდაუტანებლად, როგორც <მონო დრამის> რთული სტრუქტურა.
და ეს კიდევ მეტად ხაზგასასმელია, რომ საკმაოდ გამოცდილი მსახიობების გვერდით - დუოდრამის პროვოცირება ჩემს წარმოდგენაში არაზრდასრულმა მსახიობებმა შეძლეს.
გასაგებია, რომ ყველა თეატრს საბოლოოდ მაინც თავისი ტრადიციული მაყურებელი ჰყავს და ამას შეამჩნევს თუნდაც ძალიან დამწყები თეატრის მოყვარული, მხოლოდ ორჯერ მისვლით რომელიმე თეატრში. ჩვეული/ნაცნობი მაყურებელი ეჩვევა (გვინდა არ გვინდა) შემოთავაზებული რეპერტუარით წარმოდგენილ სახეებს, მათ არტიკულაციას, დიქციას, სხეულის დინამიკას და სხვა ნიუანსებს. თანდათანობით ტრადიციულობად და მშვენიერ ნორმად აღიქვამს და გაუცნობიერებელი კაპიტულაციით სიხარულით შესცქერის ყოველ სპექტაკლს, ან პერფორმანსს, ან კიდევ, რაც გინდათ ის სახელდება იგულისხმეთ. ამის ერთ-ერთი ნიმუშია ლაშა შეროზიას აღნიშნული სპექტაკლიც, რეჟისორის მიერ განგებ ნიველირებული და განგებ დომინანტურად წამოწეული დეტალებით, რისი უფლება და პრეროგატივაც რასაკვირველია დემოკრატიულად ეკუთვნის ყოველ (დამდგმელ) ავტორს.
ხოლო, თუკი ამ სპექტაკლის შესანიშნავი და ამომწურავი ანოტაციიდან ამონარიდს ციტატის სახით გავიხსენებ:
„სპექტაკლი ფოკუსირდება ორ ბიჭს შორის ჩასახულ გულწრფელ მეგობრობაზე, რომელიც ყველაზე არაადამიანურ პირობებშიც კი ცოცხლობს. მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, თვალი გაუსწოროს მკაფიო კონტრასტს ბავშვურ უმანკოებასა და ომის საზარელ რეალობას შორის, რითაც შეგვახსენებს, რომ სამყარო უფროსების მიერ დადგენილი საზღვრებისა და ეთნიკური შუღლის გარეშე გაცილებით ადამიანური იქნებოდა.“
სუბიექტური შეხედულებებისა და გემოვნების მიუხედავად, რასაც ყოველი ინდივიდის ხედვის პერსპექტივა განსაზღვრავს - ხელოვნებაში და მით უფრო ცოცხალ საშემსრულებლო შემოქმედებაში - პრეფერენციულია სათქმელი, მოტივაციური რაკურსი და გამოხატული პოზიციონირების სიმტკიცე და არა ლაბილურობა, რაც ახმეტელის თეატრის ვერსიით დადგმულ სპექტაკლში ძალიან ცალსახა და ერთმნიშვნელოვნად აღქმადია:
„ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ არის ღიად პაციფისტური და ანტიშოვინისტური სპექტაკლი, რომელიც 2026 წელს მიმდინარე ომებისა და დესტაბილიზაციების საფრთხის ქვეშ ხმამაღლა სკანდირებს - ეთნიკური ჩაგვრის საწინააღმდეგოდ მიმართულ საყოველთაო ჰუმანიზმს, უპირობო თანადგომას, თანაგანცდასა და ყველა ეთნოსისა და კონფესიის ხალხისადმი ტოლერანტულობას!.. და რაც, არაერთხელ ხაზგასასმელია, ჩამოთვლილი ალტრუისტული აქტების მაპროვოცირებლები, სწორედ ყველაზე უმანკო და სუფთა ინდივიდები - ბავშვები არიან(!).