top of page

ზღვის თეატრი - მარადიული ძიება

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.AfiLExAZnzA-XPQ2RVqkL3mefy39X3JW7b8yUxuBBcA.jpg

თამთა ქაჯაია

ზღვის თეატრი - მარადიული ძიება

 

სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, „თეთრი ტალღა“ 1991 წელს, ქალაქ სოხუმში ადგილობრივი საზოგადოების ინიციატივით დააარსდა. აფხაზეთში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმა თეატრის ფუნქციონირებაზე ცხადია უარყოფითად იმოქმედა, რის შედეგადაც თეატრი დევნილობაში აღმოჩნდა. 2003 წლის 7 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების საფუძველზე, თეატრს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა.  მათ დღემდე სამწუხაროდ, არ გააჩნიათ საკუთარი შენობა და ძირითად რეპერტუარს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ბაზაზე თამაშობენ.

ამჯერად, თეატრის მორიგ პრემიერას, კოტე მარჯანიშვილის თეატრის სხვენმა უმასპინძლა, სპექტაკლით „ზღვის თეატრი“, რომლის როგორც რეჟისორი, ასევე ტექსტის ავტორი სანდრო ელოშვილი გახლავთ. აქვე აღვნიშნავ, რომ თეატრს ახალი გუნდი მართავს, სამხატვრო ხელმძღვანელი ეკატერინე შარიქაძე გახლავთ, დირექტორი კი - ანა სანაია. როგორც ცნობილია, მათ წინ მრავალი პრემიერა და გასტროლი აქვთ დაგეგმილი - რაც უკვე კარგ დასაწყისს ნიშნავს...

სპექტაკლის სახელწოდება, ასევე სიუჟეტიც, სიმბოლურად ეხმიანება სოხუმის თეატრის არსებულ მდგომარეობას. წარმოდგენის სიუჟეტი მოკლედ ასეთია: ქალაქში ახალი თეატრი იხსნება - მაგრამ არა გრანდიოზულ შენობაში ბრწყინვალე ჭაღებითა და ფართო სცენით, არამედ  - სარდაფში. მიწისქვეშეთი -  ადგილი, რომელიც სხვა პირობებში შესაძლოა მხოლოდ ბნელი, ცივი და უსიცოცხლო ყოფილიყო, დასმა ახლა თეატრალურ სივრცედ უნდა გადააქციოს.  ჩვენ ვხედავთ, რომ პერსონაჟებისთვის ეს თეატრი არა მხოლოდ სამსახიობო სივრცეა, არამედ თავშესაფარიც, სადაც შეუძლიათ თავიანთი ისტორიის, განცდებისა და იმედების გადმოცემა.

სპექტაკლი იხსნება პროექციით, სადაც ეკრანზე ჩანს გემი - მსახიობები, გაშეშებულები უყურებენ. ვხვდებით, რომ ისინი დევნილები არიან  - მუდმივად სახლში დაბრუნების იმედით შეპყრობილები. აღნიშნული ეპიზოდი სპექტაკლს ლაიტ მოტივად გასდევს და ამით რეჟისორი მათ მდგომარეობას მუდმივად გვახსენებს.

წარმოდგენის ნარატივი, რომელიც თეატრის შექმნის იდეით იწყება, გვახსენებს ლუიჯი პირანდელოს ხერხს, „თეატრი თეატრში“. ამ მეთოდში როგორც ელოშვილის სპექტაკლში წარმოდგენა თავადვე ცვლის თავის საზღვრებს - პერსონაჟები, მსახიობები და მაყურებელი ერთ მთლიანობად იქცევიან. სცენაზე არა მხოლოდ ნარატივი ვითარდება, არამედ ფინალში თავად თეატრის არსიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რეალობა და თეატრი ხომ მუდმივად ცვალებადია -  ცხოვრება თავადაც ერთგვარი თეატრია, სადაც ყველა ადამიანი გარკვეულ როლს ასრულებს. რეჟისორი - კახა ჯოხაძე, მონდომებული მსახიობი - ჯაბა ჯანაშია, მსუქანი მსახიობი - ნინო მუმლაძე, დამსახურებული არტისტი - ეკატერინე შარიქაძე, ნიჭიერი გოგო - ადელინა გოგუაძე, წამყვანი არტისტი - თორნიკე ბელთაძე, ტექნიკური რეჟისორი - ანა სანაია, მოჩვენება - ვასკა ამურველაშვილი, ჟურნალისტი, ქალი მოჩვენება - მარიამ კობახიძე, ოპერატორი, ბანკირი და ნიჭიერი გოგოს შეყვარებული - ხვიჩა გულუა, სულით ქართველი მსახიობი - შალვა ანთელავა.  თითოეული პერსონაჟის სახელი ერთგვარად მათ შესახებ ინფორმაციას გვაწვდის, განწყობას გვიქმნის.

კახა ჯოხაძე - რეჟისორი - სრულიად ბუნებრივად გადმოსცემს გმირის ხასიათს, რაც მის მიმიკებში, შეფასებებში, მოძრაობებში, გადამწყვეტ/კულმინაციურ მომენტებში ჩანს. კახას პერსონაჟი მუდმივად გვერდში უდგას დასს როგორც სცენაზე, ასევე თეატრს მიღმა - ცხოვრებაში.  კახა ჯოხაძე ქმნის საიმედო რეჟისორის სახეს, რომელიც იდეალური ხასიათით არ გამოირჩევა თუმცა, დასისთვის მუდმივად დიდი იმედი და ძალაა.

სახასიათო როლი აქვს, ნინო მუმლაძეს, რომელიც მსუქან მსახიობს განასახიერებს. ნინო მუმლაძე ცალსახად ქმნის კეთილ, უბოროტო, მზრუნველ, მეოცნებე გოგოს როლს, რომელიც საკუთარ თირკმელს მსხვერპლად გაიღებს  კოლეგის გადასარჩენად. (ეს ეპიზოდი ზედმეტად პრიმიტიულად მიმაჩნია რაადგან ასოციაციურად  სერიალის ტიპური კლიშეებისკენ იხრება.  ვფიქრობ, ამ ეპიზოდის გარეშე სპექტაკლის რიტმი გაცილებით უკეთესად აიგებოდა, ხოლო დრამატული ხაზები უფრო ბუნებრივად განვითრდებოდა).  თუმცა, მანამდე ბედი გაუღიმებს - სულით ქართველი მსახიობი (შალვა ანთელავა) წარმოსადეგი მამაკაცი შეამჩნევს მის მრგვალ ფორმებს და მისთვის სასურველი ქალი გახდება. ნინო მუმლაძის გმირი ერთ-ერთი გამორჩეულია და იგი ძალიან ბუნებრივად ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას.

ანა სანაია ტექნიკური რეჟისორი გახლავთ, რომელიც თეატრზე შეყვარებული ქალია, რატომღაც მხოლოდ მას ხვდა წილად თეატრის აჩრდილის, მოჩვენების (ვასკა ამურველაშვილი) დანახვა. ანა სანაიას გმირი, მთელი სპექტაკლის განმავლობაში აყალიბებს პერსონაჟს, რომელიც ხან დაბნეულია, ხან მოწოდების სიმაღლეზეა, მაგრამ ყველაფრის და მიუხედავად მუდამ თეატრის და რეჟისორის გვერდითაა. ეკატერინე შარიქაძისა (დამსახურებული არტისტი) და თორნიკე ბელთაძის (წამყვანი არტისტი) სასიყვარულო ურთიერთობა დრამატულად ვითარდება, რომელიც საბოლოოდ ბედნიერი ფინალით სრულდება. ეკატერინე დამოუკიდბელი, წარმატებული, შემდგარი მსახიობის სახეს ქმნის, სპექტაკლის დასასრულს კი სუსტ და მარტოსულ ქალს ვხედავთ. თორნიკე ბელთაძის პერსონაჟი მუდმივად ამბობს, რომ მას გადაღებაზე ეჩქარება, თუმცა, ამის მიუხედავად მაინც არსად არ მიდის. ადელინა გოგუაძე ნიჭიერი გოგოს პერსონაჟს განასახიერებს, რომელიც მეორე ნახევრისგან მოტყუებული უსახლკაროდ დარჩა. თითოეულ პერსონაჟს თავისი ხვედრი, ტრაგედია, ტკივილი და მარტოსულობა ტანჯვათ, მაგრამ ამავე დროს ვხედავთ, მათ ერთიანობას და ყველაზე მთავარს - თეატრის სიყვარულს.

საბოლო ჯამში, სპექტაკლში მსახიობები ქნიან ემოციურ მუხტს - იუმორითა და დრამატული ელემენტებით, ეს ყველაფერი კი ხიბლს მატებს სპექტაკლს. მსუბუქი დრამატული ისტორიები ქმნიან ბალანსს - იუმორი ამსუბუქებს მძიმე მომენტებს.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსახიობები სცენაზე ერთმანეთის პარტნიორები არიან, ისინი ქმნიან სცენურ ქიმიას ერთმანეთთან კომუნიკაციით, რეაქციების სიზუსტით და ენერგიის გაზიარებით. დადებითი მუხტი სცენაზე ხშირად იბადება იმ მომენტში, როდესაც მსახიობებს გათავისებული აქვთ საკუთარი პერსონაჟის შინაგანი ემოციური მდგომარეობა.

და ბოლოს, სარდაფის თეატრის შექმნის იდეა თითქოს სიმბოლურადაც ეხმიანება სოხუმის მოზარდ მაყურბელთა თეატრის ბედს. როგორც სპექტაკლში - ისინი კვლავ აცოცხლებენ სცენაზე მოგონებებს დაკარგულ ქალაქზე, ომზე, სიყვარულსა თუ გადარჩენაზე. მათთვის თეატრი მხოლოდ კულტურული მოვლენა არ არის, ეს მათთვის ბრძოლაა დავიწყების წინააღმდეგ, გამძლეობის აქტი და ახალი ცხოვრების დაწყების მცდელობა.

 

პ.ს. წარმატებას ვუსურვებ შემოქმედებით გუნდს.

bottom of page