top of page

ზღაპარი ჩვენს დროში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

257606311_2458785734254154_838275728588270249_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

ზღაპარი ჩვენს დროში

 

თოჯინების სახელმწიფო თეატრმა მორიგი დღესასწაული მოუწყო ბავშვებს და არა მარტო მათ. თეატრმა მაყურებელს ნიკოლოზ საბაშვილის პიესის მიხედვით შექმნილი ახალი დადგმა „ცირკი“ შესთავაზა, რომელზედაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ნიკოლოზ საბაშვილთან ერთად, ბახვა წერედიანმა იმუშავა. თოჯინების თეატრის ახალი სპექტაკლი „ცირკი“ წინამორბედებისგან ბევრი რამით განსხვავდება, მათ შორის, გამომსახველობითი საშუალებებით. ამჯერად, თოჯინების თეატრის მსახიობები მარიონეტების მატარებლებად მოგვევლინენ. მარიონეტები ბახვა წერედიანმა შექმნა, ხოლო სცენოგრაფია ნიკა საბაშვილს ეკუთვნის.

 

წარმოდგენა, ერთი ქალაქის ცირკზე მოგვითხრობს. უფრო სწორად, ამ ქალაქის მაცხოვრებლებზე, ჭრელ საზოგადოებაზე, თუმცა მოვლენათა ეპიცენტრში მთავარი გმირი - ცირკის ჯამბაზი დგას. მის მაგალითზე, რეჟისორები გვიჩვენებს ვარსკვლავად ქცეულ ადამიანს, რომელიც პოპულარობამ და დიდებამ გააყეყეჩა. ცხოვრება კი მოულოდნელობებით არის აღსავსე, განსაკუთრებით კი ხელოვანის ცხოვრება, აღმართს დაღმართი მოსდევს, ვარსკვლავობა კი დროებითია და წარმავალიც. მოვლენები წარმოდგენაში სწორედ ჯამბაზის გარშემო ვითარდება და პარალელურად ვეცნობით პატარა ქალაქის საზოგადოებას, ადამიანებს, განსხვავებული მისწრაფებებით და შეხედულებებით და რა თქმა უნდა, მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება ცირკი, როგორც სანახაობა, თავისი მრავალფეროვანი ნომრებით.

 

მთხრობელი რატი ნავაძე ხავერდოვანი ხმით გვამცნობს სიუჟეტის განვითარებას, რომელიც წარმოდგენის ბოლომდე მაყურებელთან რჩება. სწორედ მისგან ვიგებთ, რომ ეს ზღაპარი, რომელსაც მაყურებელი ნახავს, ჩვენს დროში, ახლა და აქ ვითარება. თუმცა სპექტაკლი მარადიულ პრობლემებს და თემებს ეხმიანება, როგორიცაა სიყვარული, ერთგულება, ხელოვანის აღზევება და დაცემა, მარცხი და წარმატება...

 

რეჟისორები ნამდვილ ზღაპრულ სამყაროს თხზავენ, რომელიც არ წყდება რეალობას, თანამედროვეობას (ცაში შემხვედრი თვითმფრინავები ერთმანეთს გადაკოცნიან და ესალმებიან). ზღაპრული სამყარო, რომელსაც რეჟისორები თხზავენ დეკორაციისა და ორიგინალური მხატვრული განათების საშუალებითაა მიღწეული. წარმოდგენა თვითმფრინავების გადაფრენით და ქალაქის გამოღვიძებით იწყება, მაყურებლის თვალწინ კორპუსებით გადატვირთული ქალაქის ხედი იშლება, ხოლო შემდეგ მოვლენები ცირკში გადაინაცვლებს და მაყურებელი საცირკო შოუს შემსწრე ხდება. სივრცეები და სიტუაციები თოჯინების თეატრის კამერულ სცენაზე ინტენსიურად იცვლება, მოქმედების ადგილი ხშირად ერთმანეთს ენაცვლება ქუჩიდან ცირკში, რესტორნიდან ლომების ბინაში, ცირკის დირექტორის კაბინეტიდან ჯამბაზის აბაზანაში... წარმოდგენა ორ სიბრტყეზე მიმდინარეობს - კონკრეტულ დეკორაციაში და აბსტრაქტულ სივრცეში. აღსანიშნავია, რომ საშიში და მტაცებელი ცხოველები წარმოდგენაში აღქმულები არიან როგორც გაადამიანურებული პერსონაჟები, რომლებიც ადამიანებივით ცხოვრობენ, მათაც უყვართ და შრომობენ ანაზღაურებისთვის, რომელიც მათ ფიზიკურად გადაარჩენს. ლომები (თათია ბერიძე და დავით ბერიძე) ტანგოსაც კი ცეკვავენ, საზეიმო ვახშამსაც აწყობენ...

 

რეჟისორები ამბავთან ერთად აქცენტს სპექტაკლის ვიზუალიზაციაზე აკეთებენ. ამიტომაც ინტენსიურად იცვლება სამოქმედო სივრცე. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სცენა რესტორანში, როცა მაყურებელი მოვლენებს თვალს ვიტრინიდან ადევნებს. სწორედ აქ ხვდებიან პირველ პაემანზე ჯამბაზი და მისი შეყვარებული, სწორედ აქ აღმოაჩენს ჯამბაზი საყვარელ ქალში უნიკალურ თვისებას, რომელსაც ფეხის თითებით შეუძლია პიანინოზე დაკვრა. რეჟისორები ქმნიან რომანტიკული დღის ეფექტს, რომელსაც წვიმაც ამშვენებს და მაყურებელი ხედავს რესტორნის ვიტრინაზე ჩამოღვენთილ წვიმის წვეთებს.

 

წარმოდგენის მთავარი გმირი სახელგანთქმული ჯამბაზია, რომელიც თავისი კარიერის და დიდების ზენიტშია. ჯამბაზის როლს დავით ბეკოშვილი ასრულებს, თავად მარიონეტს ორი სახე აქვს, ნიღაბი და მისი ნამდვილი სახე, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომაც მაყურებელი მას ხედავს სცენაზეც (არენაზეც) და მის მიღმაც, სადაც ის ნიღბის გარეშეა. დავით ბეკოშვილი გვიჩვენებს არტისტის ტიპურ მხატვრულ სახეს, რომელიც პოპულარობამ და დიდებამ ისე აღაზევა, რომ ამ მდგომარეობას იფერებს, მობეზრებული აქვს მაყურებლის სიყვარული და ყურადღება, მირთმეულ საჩუქრებს ტუალეტის უნიტაზის წყალს ატანს, მაგრამ მის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ეს პერიოდი სრულდება და ის სცენის მიღმა აღარავინაა, არავის ახსოვს. ხანშიშესული ჯამბაზი ახალგაზრდა, ფერიის მსგავს სატრფოსაც (თამთა ბაქრაძე) კარგავს. ყველაფრის მიუხედავად, არტისტში მაინც მოქალაქეობრივი პოზიცია და პასუხისმგებლობა იმარჯვებს, რომელიც აიძულებს ჯამბაზს იხსნას ქალაქი და მისი მოსახლეობა განსაცდელისგან, რომელსაც განგებამ მონსტრები მოუვლინა იმის გამო, რომ ქალაქის საზოგადოებამ დაივიწყა მათთვის საყვარელი ჯამბაზი.

 

არანაკლებ საინტერესო, სახასიათო პერსონაჟია ცირკის დირექტორი, რომელსაც გიორგი ღონღაძე ასრულებს. თოჯინა ტიპაჟურად და მსახიობი სწორი ინტონაციური გახმოვანებით ზუსტად გამოხატავს ცირკის დირექტორის ხასიათს, მის მსოფლმხედველობას, ბუნებას, შინაგან ხასიათს. ცირკის დირექტორი თანამედროვე კერძო ბიზნესის იმ ხელმძღვანელთა პროტოტიპია, რომელიც ადამიანური რესურსის ექსპლუატაციას ეწევა. ცირკის დირექტორის თოჯინას თავი ხის აქვს, რომელიც უტრირებულად ავთენტურ ხმას გამოსცემს. არანაკლებ სახასიათო და კოლორიტული გმირია ლომების მომთვინიერებელი ქალი, რომელსაც მსახიობი ნათია ხმიადაშვილი ასრულებს.

 

მსახიობები დავით ბეკოშვილი, გიორგი ღონღაძე, რატი ნავაძე, თამთა ბაქრაძე, ნათია ხმიადაშვილი, თათია ბაქრაძე, დავით ბერიძე, ნათია შეშაბერიძე, მარიკა ძაგნიძე, ნინო ნატროშვილი, ნინო პაპიაშვილი, რამონა მიქელაძე ქმნიან კოლორიტულ, იუმორითა და სევდით სავსე სამყაროს, ჯადოსნურ სივრცეს და გვიყვებიან ამბავს, რომელიც თითოეულ ჩვენგან შესაძლოა გადახდეს თავს, გვიღვიძებენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, მოგვიწოდებენ ერთმანეთის პატივისცემისა და სიყვარულისკენ, მიტევებისკენ.

 

სპექტაკლის ერთ ეპიზოდში ტელეეკრანიდან ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანი, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე გვესალმება, რომელიც განსაკუთრებით უყვარს პატარებს და მოგვიწოდებს თეატრში რეგულარული სიარულისკენ. ამასთანავე ის შენიშვნასაც აძლევს პირდაპირ ტელეეკრანიდან ცირკის დირექტორს და ეუბნება: „დირექტორი კაცი ასე არ უნდა იქცეოდეს!“ მისი ეს მოწოდება შემოლაწუნებას ჰგავს არა მხოლოდ კონკრეტული პერსონაჟისადმი, არამედ მაყურებლისადმი.

 

ნიკოლოზ საბაშვილისა და ბახვა წერედიანის ერთობლივი სპექტაკლი „ცირკი“ მუსიკალურად გააფორმა არჩილ იმნაძემ, რომელმაც ცირკთან ასოცირებული ცნობილი მუსიკალური თემები გამოიყენა გარკვეული ეპიზოდების გასაფორმებლად. როგორც ყველა ზღაპარში, მათ შორის, თანამედროვეში, ყველაფერი კარგად და პოზიტიურად სრულდება. სიტუაცია იდეალურ სამყაროს ემსგავსება, ისეთი როგორც დამდგმელ ჯგუფს სურს და სამყაროს განვითარებას სჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, სამყარო სხვაგვარადაა მოწყობილი...

bottom of page