top of page

პრემიერა ზესტაფონის თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

449cd793-4971-409d-858b-66545e5cf705.jpeg

16.07.2026

მანანა თევზაძე

პრემიერა ზესტაფონის თეატრში

 

30  ივნისს, ზესტაფონის თეატრში, „სტუმარ-მასპინძლის“ პირველი პრემიერაა. სპექტაკლის რეჟისორია - ვატო ჯუღელი, მხატვარი - ხატია დავითაშვილი, ქორეოგრაფი - თიკო ქოიავა, მუსიკალური გაფორმება - გიგი გეგელაშვილს და ვატო ჯუღელს ეკუთვნით, გამოყენებულია ტუნისელი მუსიკოსის დაფერ იუსეფის მუსიკალური კომპოზიციები.

სპექტაკლში მონაწილეობენ: გიორგი გლოველი, ამირან ქაჩიბაია, ნინიკო აბესაძე, ფილიპე მესხი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული, ქორეოგრაფიული ანსამბლ „ზესტაფონის“  მოცეკვავეები.

ვოკალურ და ტექსტუალურ ჩანაწერებზე იმუშავეს: გიგი გეგელაშვილმა, გიორგი ცერცვაძემ, გიორგი მარსაგიშვილმა, ნანუკი მაკრახიძემ და კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა.

პოემის ტექსტს კითხულობს გიგი გეგელაშვილი.

სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

***

დარბაზი სავსეა მაყურებლით, სჭარბობს ახალგაზრდობა.

რა თქმა უნდა, დარბაზი ძველებურად გამოიყურება, თეატრი კვლავინდებურად სარემონტოა და თავს აქა-იქ ქაღალდჩამოშლილი ჭერი დაგვყურებს.

ზესტაფონის თეატრი საერთოდაც განთქმულია თავისი სპექტაკლებით, ტრადიციულად საკმაოდ ძლიერი დასი ჰყავს, გამორჩეული წამყვანი მსახიობებით. პირადად მე მიყვარს ეს თეატრი, თუმცა ამ ბოლო წლებში სწორედ ვატო ჯუღელმა დამაახლოვა მას და ალბათ თითქმის ყველა სპექტაკლი ნანახი მაქვს.

სპექტაკლის მოლოდინში ვარ...

სცენის მთელ სივრცეზე დამრეცი დაზგაა აღმართული, თანდათან შემაღლებული, თეთრი საფარველით. მოლურჯოდ განათებული...

დაზგაზე, აქა-იქ გორაკებია ამომართული, რომლებზეც თეთრსამოსიანი მსახიობები სხედან, ექვსი ვაჟია, ორიც - ქალი. ყველანი თავპირახვეულები. გაჟღერებულ მუსიკაზე კი თითქოს წამოფრინდნენ თავისი ადგილებიდან... ასეთ დაქანებას, დამრეცს მიჩვევა სჭირდება, ხშირი შეხტომებიც ისეა გათვლილი, როგორც ქიმიდან - ქიმზე ნახტომი.

სცენაზე, სიმაღლიდან რამდენიმე მიკროფონი ეშვება, ხმა ძლიერდება, ექოდ ისმის, თითქოს კლდიდან კლდეს გადასძახებენო.

მოლურჯო ჩოხასავით მოსაცმელიან კაცს პატარა ვაჟი მოჰყავს,  თეთრკაბიან ქალს მიეცეკვება...

და უცებ ახმეტელის  „ლამარა“ წარმოვიდგინე...

ალბათ ისინიც ასე ფრენდნენ იმ კუნძულებზე რუსთაველის თეატრში.

კვამლი ავსებს მთელ სცენას და იდუმალ განწყობილებას ქმნის. მუსიკაც ასევეა...  განწყობილებებს აძლიერებს...

ჯერჯერობით მხოლოდ მოძრაობაა და ტექსტის ჩანაწერი ისმის, - „მგზავრი არ იყოს ტიალი...“

ავანსცენაზე სიღრმიდან შავოსანი კაცი ამოდის... სივრცეს თვალს ავლებს. ზვიადაურია...

იქვეა ჯოყოლაც...

გამომცდელი თვალით შესცქერიან ერთმანეთს...

„სტუმარ-მასპინძლის“ ჯოყოლა ალხასტაიძე ქისტია, ზვიადაური - ხევსური.  სისხლისმტრები არიან, მაგრამ როგორც კი ერთი - მეორის სტუმარი ხდება, ყველაფერი იცვლება. სტუმარ-მასპინძლობის წესი წმინდაა  და უზენაესი, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ჯოყოლასათვის.

მცირე სიუჟეტური ეპიზოდები იხლართება საერთო დრამატულ ქსოვილში - ჯოყოლას სახლში თეთრ ბეწვზე გაშლილი სუფრა, მუსასგან ქისტების მოხმობა და ამ პატარა გორაკებიდან წამომართულთა ცეკვა...

სცენიდან - სცენაზე გადასვლას ინტერმედიებივით გასდევს ქალ-ვაჟთა სხარტი ქორეოგრაფიული მოძრაობები.

დოლის რიტმზე შემოპარული ქისტები ოთხივ მხრივ თოკს ჩააბამენ ზვიადაურს და აქეთ-იქეთ სწეწენ და გლეჯენ პირაკრულს.

ზვიადაური არ ითხოვს შენდობას, ღირსეულად ხვდება სიკვდილს. „ზვიადაურსა გლოვობდა შფოთვა და ბორგვა მთისაო...“

და აირევა სცენაზე თავმოყრილ არტისტთა გუნდი, ისე ფრიალებენ მათი სამოსის თეთრი კალთები, როგორც  მთის უეცარი ჯანღი და ნისლი.

ვფიქრობ, ჩემ თვალწინ, პოემის სტრიქონების სიმბოლური, ქორეოგრაფიული წარმოდგენაა.

მთავარი გმირების შინაგანი დრამა სპექტაკლში ზედმეტი ემოციური განცდების გარეშე, ძუნწი, მაგრამ მძაფრი შტრიხებითაა გადმოცემული. თუნდაც ზვიადაურის შეპყრობის და მოკვდინების სცენები, რომელსაც ასე ძლიერი არტისტიზმით გაითამაშებენ ზვიადაური - მსახიობი გიორგი გლოველი და სცენის მონაწილე მოცეკვავეები. სულიერად უტეხად დგას ზვიადაური, არ გალაჩრდა, დარლას არ შეეწირა, სიკვდილის არ შეეშინდა.

საკმაოდ მძიმე, თუმცა მოდერნისტული გადაწყვეტაა ზვიადაურის წამება და მოკვდინება. თითქოს წარმართული რიტუალია, დროდადრო შეკივლების მუსიკალურ ფონზე.

სამი ქალის მიერ დატირებული ზვიადაური...

უზარმაზარი, თეთრი, სისხლიანი  ზეწარი ფრიალებს და ეფარება სცენაზე გაწოლ ზვიადაურის სხეულს.

სცენის ძალიან ლამაზი, ფერწერული გადაწყვეტა რეჟისორისა და მხატვრისმიერი... სიმბოლური, თან მრავლისმეტყველი, პოემის ტექსტის თანამოზიარე.

და ქორეოგრაფის მართლაც შესანიშნავი ნამუშევარი, გამომსახველი, შინაარსიანი.

და იქვე, ფონად ისმის კარგად წაკითხული ტექსტი - მთელი წარმოდგენისათვის რიტმის, ტემპის მიმცემი.

სპექტაკლში ორგანულადაა შერწყმული პლასტიკური და ვერბალური სახე - ჩანაწერისა და ცოცხალი სიტყვის პაექრობა.

ავანსცენაზე გამოტანილი ჯოყოლასა (მსახიობი ამირან ქაჩიბაია) და აღაზას (მსახიობი ნინიკო აბესაძე) სცენა და ფონად ზვიადაურის გაჯოხვა.

დამრეციდან ჩამოგორებული ქისტები თეთრ ჯოხებს აღმართავენ და ჯოყოლას გულს მიაბჯენენ, ასე აკავებენ, აჩერებენ საჩხუბრად შემართულს.

სინათლის გაელვებები ერწყმის მუსიკალური გაფორმების რიტმულ სვლას.

შთამბეჭდავია ჯოყოლას სიკვდილის სურათი: თემისგან განწირული კაცი, რომელიც დაბნეულია თანამემამულეთა მოულოდნელი სისასტიკეებისგან და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, გაუტეხელი ებრძვის მათ.

ასეთია ამ სპექტაკლის მთავარი გმირი, მას შემოჰყავს დასაწყისშივე პატარა ბიჭი, რომელიც ბოლოს იმედისა და სიკეთის განსხეულებად, პიროვნულ ღირსებად რჩება.

ჯოყოლასა და აღაზას ზნეობრივი მარტოობა იმდენად რთული განსაცდელია, რომ ჩემი აზრით, შეუძლებელიცაა მათი სამსახიობო ხელოვნების საშუალებით გადმოცემა. მით უფრო აღაზასი, რომლის საქციელიც ძალიან ძნელი ასახსნელია, არათუ სცენაზე გასახსნელი.

აღაზა პოემის ყველაზე საინტერესო და რთული პერსონაჟია, ის არის ქალი, რომელიც ბოლომდე არღვევს თემის მკაცრ წესებს და მტრის ცხედარს დასტირის, იმიტომ რომ უპატრონოდ დაგდებული ვაჟკაცის ტრაგედია დაინახა, იმიტომ რომ თანაგრძნობას საზღვრები არა აქვს. თემი კი ბრმა შურისძიების წესით ცხოვრობს და არც ჯოყოლას სიმაღლე ესმის და არც აღაზას თანაგრძნობა...

ჯოყოლას და აღაზას სიმართლე მხოლოდ იმქვეყნიურ სამყაროში იმარჯვებს და სცენაზე წარმოდგენილი გაბუნდოვანებული სინამდვილე, სიზმრისეულს ჰგავს.

„სტუმარ-მასპინძელში“ დრო და სივრცე შეკუმშულია, ფიზიკურ სივრცეში მომხდარი ამბები პერსონაჟთა შინაგან სამყაროში მომხდარ აღმოჩენებს განაპირობებენ.

აბა როგორ იცხოვრებდა აღაზა ჯოყოლას შემდეგ მისთვის გაუცხოებულ გარემოსთან ერთად?

ისინი, სამივენი, სხვა დროსა და სივრცეში ინაცვლებენ, იქ, სადაც ბრბოს ფსიქოლოგია არ მოქმედებს.

აღაზას თეთრი, გასისხლიანებული მანდილის ფრიალი... აღაზას თეთრი სხეული, ტანი, დაჭრილი ჩიტივით სისხლმდინარე...

ტექსტის ჩანაწერიც ისეა დამონტაჟებული და ხმებდადებული - საერთო მოძრაობის ფონზე სიცილი, შეკივლება, გაფანტული ხმა - შთამბეჭდავია...

ჩანაწერში ტექსტის წაკითხვა - ესეც მიგნებაა, თუმცა არახალი, მაგრამ მომქმედი, მით უფრო კარგად წაკითხული! ტექსტის კომპოზიცია იმგვარადაა შეკრული, რომ ერთიორად აძლიერებს სცენის ქორეოგრაფიულ გადაწყვეტას.

 ემოციები ხელშესახებად საგრძნობია, მუსიკა ისე ორგანულად მიჰყვება აღაზას ტექტს, რომ ოდნავი უხერხულობის განცდა არ გიჩნდება ჯოყოლას  სიტყვაზე, - იტირე, კარგიც გიქნია...

იმავ გორაკებიდან აღმართული წითელი დროშები ძირს ეშვებიან და უზარმაზარი გამჭვირვალე ფარდის მიღმა ქალის გოდება ისმის...

შავსამოსიანი, თავფაფახიანი ხევსურები ჯოხებს თოფებივით გვიმიზნებენ და მექმნება შთაბეჭდილება თითქოს განგებ დაემთხვა, რომ დღეს ახმეტელის დახვრეტის დღეა.

ჯოყოლა არ ემორჩილება თემს, შედეგიც იცის რა იქნება, მარტოდმარტო იშვიათი გამბედაობით გადაეშვება ხევსურთ ლაშქარში საბრძოლველად. მისი ხასიათის პოეტურობა მისი ზნეობრივი ამაღლების პირობაა.

თოკზე ჩამოკიდებული ჯოყოლას შებრძოლება ხევსურებთან, დროდადრო გაელვებული განათების ფონზე გორაკებიდან გადმომხტრების, გადმოვლებულების ტრიალი და ხევსურთა ბრძოლა ჯოხებით... 

ჯოყოლასაც და ზვიადაურსაც შეკრავენ, შებოჭავენ და დააგდებენ, ფაქტობრივად, ორივეს სამსხვერპლოზე დასაკლავად, რადგან „თემს, რაც  სწადიან, მას იზამს...“

და იქვე როგორი სიმკაცრითაა ნათქვამი, - უცხო კაცისა მოზარევ, აღაზა, წადი, იტირე ქმარია...

იმ დამრეც ფერდობზე გდია ჯოყოლა და მთელ გარემოს სისხლი ფენია.

ზურგი აქციეს აღაზას ქალებმაც.

მარტოკა დარჩენილის გაბმით მოთქმა-ტირილი ჯოყოლას სხეულთან.

ნეტავ როგორ დაასრულებს რეჟისორი მის სიკვდილს?

თოკები შეაბეს მეგობრებმა წელზე და გაუყვა თოკის გზას აღაზა, ერთი შეირწა მისი ტანი და გაფრინდა მორევში... ჰაერში გაიფანტა კვამლად და სინათლედ.

თოკის სიმბოლო მნიშვნელოვანია და სპექტაკლში რამდენჯერმე მეორდება. იგია კავშირი ბედსა და განსაცდელს, ცასა და მიწას, ცხოვრებისეულ ძალასა და სიკვდილს შორის. სწორი გზის ძებნისას თოკი ამთლიანებს ადამიანსა და ღმერთს, სულსა და სხეულს.

თეთრი, გამჭვირვალე ფარდა ჩამოეშვა სივრცეში, მის მიღმა დადიან აჩრდილად ქცეული პერსონაჟები და კვლავ ცოცხლდება ჩემში სურათებად ქცეული „ლამარას“ კომპოზიციები.

ამ სამი გმირის სიკვდილის შემდეგ ხეობაში, ღამით სამი აჩრდილი ხვდება ერთმანეთს, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ რომ ჰპოვეს ჰარმონია.

ღამეული სურათი: აღაზა, ჯოყოლა და ზვიადაური ერთმანეთს მზის ჩასვლის შემდეგ ხვდებიან, ერთმანეთის სტუმარ-მასპინძელნი და მოყვასნი, თანასწორნი არიან.

აჩრდილები კი უმიზეზოდ არ ჩნდებიან ადამიანურ წარმოსახვაში,

პოემის მუდმივი კონტრასტი - ღამე და დღე - სპექტაკლის მუდმივ კონტრასტულ ფონადაა ქცეული - შავისა და თეთრის ჭიდილი, ქისტებისა და ხევსურების კოსტიუმების შეფერილობაა. მართალია ქისტების კოსტიუმთა არატრადიციული გადაწყვეტა უფრო არაბულ  შესამოსელს ჰგავს, მაგრამ ისიც იმდენადაა სტილიზებული, რომ დამოუკიდებელ სახეს ჰქმნის და სპექტაკლის საერთო სტილისტურ ჩანაფიქრს კარგად ეხამება ფრიალითა და ქროლვით.

და საერთოდ, ვაჟა ფშაველას პოეტური სამყარო მისი სიტყვითაა სრულყოფილად შექმნილი და ასახული და ასე მგონია, რეჟისორმა ვატო ჯუღელმა იმ სადადგმო ხერხს მიაგნო, რომელმაც ამ სამყაროს სცენიური სახე მიაგნებინა: ქორეოდრამა - მხატვრულად სრულყოფილი, ფსიქოლოგიურად გამართლებული და ცოცხალი, ალბათ ყველაზე შესატყვისია „სტუმარ-მასპინძლის“ დრამატული წარმოდგენისათვის.

ძალიან კარგი მკითხველი, ზუსტი, აზრიანი, ემოციური... მუსიკალური გაფორმება...

ფარდის წინ პატარა ბიჭი ნელა მიდის, პირველსავე სცენაზე რომ გამოჩნდა ჯოყოლასთან ერთად...

და კიდევ ერთი, რაც სულ მაფიქრებს. უმრავლეს სპექტაკლში, რაც კი იდგმება ქართულ სცენაზე და არა მხოლოდ და რაც მინახავს, ეს მოძალებული კვამლია სცენაზე, ძალიან ეფექტური და სიმბოლური ნიშანი რაიმე განწყობილების თუ მოვლენის ხაზგასასმელად. აქაც „სტუმარ-მასპინძელში“ ამ კვამლს, ნისლივით რომ ეფინება მთელ სცენას და დარბაზის მთელ სივრცეს ეუფლება, თავისი სიმბოლიკა გააჩნია და ნიშნავს  „რაიმე ცვლილებას, გადაქცევას ან ზებუნებრივ ჩარევას“. „სიმბოლურ ნისლს“ მიღმა, როგორც წესი, რაღაც სიახლე იგულისხმება. „ადამიანის ფიქრისა ერთი საქებური თვისება - მოვლენათა მიზეზის ძიებაა“, - წერს ვაჟა-ფშაველა და მართლაც, „სტუმარ-მასპინძლის“ სამი ადამიანი მოვლენათა მიზეზებს სიზმრისეული თუ ხილვისეული ჩვენებებით გვაწვდიან: რაც მოხდა, ყველაფერი ნამდვილია, სწორია, ჭეშმარიტია...

ამიტომაც კვლავ ვიტყვი, რომ ამ სპექტაკლისათვის მოძებნილი ხერხები, ამ დროსა და სივრცეში, ალბათ ყველაზე სწორი და ნამდვილია. ესაა მხოლოდ, რომ ბოლოს მაინც დამაკლდა „პირიმზე მოღერებულის ყელითა...“

 

***

ასეთია ზესტაფონის თეატრში ჩემი თვალით დანახული სპექტაკლ „სტუმარ-მასპინძლის“  ზოგადი მხატვრული სახე და ცალკეული პასაჟები.

და რა ფიქრები აღძრა მან ჩემში?

ერთი, რომ დროის შეცვლასთან ერთად  შეიცვალა გამოხატვის ფორმები და მეტაფორული ფორმა.

„კაი ყმის“ იდეაც არ ვიცი შემორჩა თუ არა ახალთაობას? ვაჟას სიტყვებით რომ ვთქვა, „კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვრცხვენოდეს?“

ვაჟას პოემების გმირებსაც კაი ყმებს ვეძახით. ზოგადად სიკეთის კეთება მათი ვალია ღვთის წინაშე, „ვეფხისტყაოსანში“ ხომ სამი კაი ყმა მოქმედებს სიკეთის გასამარჯვებლად...

bottom of page