top of page

ძალადობა და პასიურობა უსახელოდ ქცეულ მასაში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

272248127_5319429851418059_4373191655101263200_n.jpeg

მაკა ვასაძე

ძალადობა და პასიურობა უსახელოდ ქცეულ მასაში

(„ინციდენტი მეტროში“)

ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, თანამედროვე ყოფაში ძალადობა სამწუხაროდ ნორმად იქცა. ძალადობის სხვადასხვა ასპექტი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ძალადობა ოჯახში, ქუჩაში, სოციალურ ქსელებში, მედიაში... სოციალურ ქსელებზე, ტელეარხების საინფორმაციო გადაცემებზე ერთი თვალის გადავლებითაც კი აშკარაა, რომ ადამიანებში დიდი აგრესიაა დაგროვილი, რომლის გადმონთხევა მორალური თუ ფიზიკური ძალადობით ხორციელდება. ადამიანებისთვის აღარ არსებობს ფასეულობები, ეთიკური თუ მორალური ნორმები. ამის მიზეზი მრავალია, მათ შორის უმთავრესი, ალბათ, მოსახლეობის გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობა, არასტაბილურობის განცდა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციაა.

ლევან წულაძის და თემო კუპრავას მარჯანიშვილის თეატრში დადგმული „ინციდენტი მეტროში“, ლარი პირსის ფილმის „ინციდენტი“ (1967 წ.), გასცენიურებული ვერსიაა (ინსცენირების ავტორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა). თავად ფილმი ნიკოლას ბაერის ტელესპექტაკლის „მგზავრობა ტერორით“ მიხედვით შეიქმნა. სპექტაკლი ჩვენს ცხოვრებაში არსებულ მტკივნეულ და საჭირბოროტო საკითხებს ასახავს. ის რაც სცენაზე ხდება ემოციურად მოქმედებს და ამავდროულად მასში განვითარებული მოვლენები, ჩაგაფიქრებს, განსჯისა და ანალიზის სურვილს აღგიძრავს არსებული სიტუაციიდან გამოსავლის გზების ძიების დასაწყებად.

სპექტაკლში (განსხვავებით ფილმისგან) მთელი მოქმედება მეტროს მატარებლის ვაგონში მიმდინარეობს. ლევან წულაძე ავანსცენაზე შექმნილი სცენოგრაფიით ქმნის ჩაკეტილ სივრცეს. დეკორაცია რამდენიმე ვაგონის სკამისგან, რკინის კონსტრუქციისგან შედგება. ვაგონის ფანჯრებს მიღმა ვიდეოინსტალაციით მეტროს სადგურების იმიტაცია იქმნება. თანდათანობით, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, მიწისქვეშა მეტროს ვაგონი „ჯოჯოხეთის“ ასოციაციას ბადებს. ვაგონში მყოფი ადამიანები საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები არიან. გალოთებული „ბომჟი“ (ნოდარ დოღონაძე), ტრანსგენდერი (ჯაბა კილაძე, ეს პერსონაჟი რეჟისორების მიერაა ჩამატებული), სამხედრო  მოსამსახურეები (ნოდარ ძოწენიძე, გიორგი კიკნაძე), საშუალო ფენის წარმომადგენელი მამა-შვილი (ნინო დუმბაძე, ზაზა სალია), უბრალო მოსამსახურე კაცი, ცოლთან და შვილიშვილთან ერთად (ზაზა გოგუაძე, ლიკა ქობულაძე), სამსახურდაკარგული ყოფილი ალკოჰოლიკი (ბესო ბარათაშვილი), მაღალი ფენის წარმომადგენელი ცოლ-ქმარი (ნინო გაჩეჩილაძე,ნიკა კუჭავა), შუახნის და-ძმა, ჰომოფობი ძმა და ექსცენტრიკული და (თემურ კილაძე, ქეთევან ცხაკაია), შეყვარებული წყვილი (ნინო წულაძე, ირაკლი ჩხიკვაძე), ორი ახალგაზრდა მოძალადე (პაატა პაპუაშვილი, გიორგი ხურცილავა).

ერთ დახურულ სივრცეში მოქცეული განსხვავებული სოციალური ფენის, გემოვნების, მსოფლმხედველობის ადამიანები ძალადობის მიმართ უსუსურნი აღმოჩნდნენ. მათ არ შესწევთ არც ძალა და არც უნარი წინააღმდეგობა გაუწიონ უსამართლო ძალმომრეობას. ალბათ, სწორედ ამიტომაც რეჟისორებმა, არც მოძალადეებს და არც მათ მსხვერპლთ კუთვნილების გამომხატველი სახელები არ მიანიჭეს. ისინი უსახელო არსებები არიან, მოძალადეებიც და მსხვერპლნიც, თითქოს ერთ უსახურ მასას წარმოადგენდნენ. ეს, შესაძლოა იმის მიმანიშნებელიცაა, რომ სცენაზე მიმდინარე მოვლენებში მოქმედ ტიპაჟებში, შეიძლება ჩვენი თავი ამოვიცნოთ.

პაატა პაპუაშვილის და გიორგი ხურცილავას პერსონაჟები გამოჩენისთანავე გამომწვევად იქცევიან, ხმამაღალი ლაპარაკით, ხორხოცით შემოცვივდებიან ვაგონში და იწყებენ მგზავრების „დაბულინგებას“. ისინი არავის ინდობენ, არც ახალგაზრდას და არც მოხუცს. მათი ძალმომრეობა თანდათანობით ვაგონის თითოეულ წევრზე ხორციელდება. პაატა პაპუაშვილი და გიორგი ხურცილავა მეტყველების მანერით, პლასტიკით, ჟესტიკულაციით ქმნიან პერსონაჟთა სახეებს. ვერბალური თუ არავერბალური ხერხებით მსახიობები გამაღიზიანებელ, თავზეხელაღებულ, თავხედ, ცინიკოს, მოძალადე ტიპაჟებს ასახიერებენ, რომლებისთვისაც სხვაზე ძალადობა, სხვისი დამცირება გართობის საშუალებაა. რა თქმა უნდა, მათი საქციელი, ქმედება აღმაშფოთებელია, მაგრამ კიდევ უფრო დიდ აღშფოთებას იწვევს, ძალადობის მიმართ დანარჩენ მგზავრთა ინდიფერენტობა, უსუსურობა, წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა.

ლევან წულაძე და თემო კუპრავა მსახიობებთან ერთად სხვადასხვა შტრიხით, ლაკონიურად ქმნიან მგზავრთა ტიპჟებს. თინათინ წულაძის ქორეოგრაფიული ნახაზი მსახიობებს პერსონაჟთა პლასტიკურ გამოძერწვაში ეხმარება. ზურა გაგლოშვილის მუსიკალურ გაფორმება (ბოუვი, ჯიმი ჰენდრიქსი, ილინ ვუდსი, ბახი) სპექტაკლის რიტმის, დინამიზმის, რაც მთავარია ემოციური მუხტის შექმნას უწყობს ხელს.

შემოქმედებითი ჯგუფი, მეტროს ვაგონში არსებულ მგზავრთა ტიპაჟებით, ჩვენი საზოგადოების მინიმოდელს ქმნის. ლამაზი, კეკლუცი,  ოჯახზე მზრუნველი, მოსიყვარულე ლიკა ქობულაძის და მშრომელი, შეიძლება ითქვას „სამუშაოში შეყვარებული“, შრომით ნაშოვნ თითოეულ კაპიკზე „მოკანკალე“ (გვიან ღამით შინ დასაბრუნებლად, მან ტაქსის ასაყვანად ფული ვერ გაიმეტა) ზაზა გოგუაძის შუახნის წყვილი. ნინო დუმბაძისა და ზაზა სალიას მამა-შვილურ ურთიერთობებში იკვეთება, რომ გაუთხოვარი ქალიშვილი, რომელიც მოხუც მამაზე ზრუნავს, თავის თავს მამის „მსხვერპლად“ აღიქვამს. სხვათა შორის მოხუცი მამა, ახალგაზრდებისგან განსხვავებით ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს მოძალადეებს. ჯაბა კილაძე ყოველგვარი გადამეტების, მანერულობის გარეშე ქმნის ტრანსგენდერის ტიპაჟს. განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირის მიმართ აგრესია ვაგონის მგზავრთა გარკვეული ნაწილისგანაც აშკარაა. მაგრამ, სწორედ მას აქვს სურვილი და მოქმედების უნარიც, რომ რაღაცნაირად შეაჩეროს მოძალადეები. ექსტრემალური სიტუაცია, მაღალი ფენის წარმომადგენლების ნიკა კუჭავასა და ნინო გაჩეჩილაძის პერსონაჟების დალაგებულ, უდარდელ ცხოვრებას ნათელს მოჰფენს. ქმარი, რომელსაც ცოლის დაცვა არ ძალუძს (მის თვალწინ გააუპატიურებენ ცოლს), იმპოტენტი აღმოჩნდება. ირაკლი ჩხიკვაძის ახალგაზრდა შეყვარებულიც, რეჟისორებმა და მსახიობმა პრინციპში სულიერ იმპოტენტად წარმოაჩინეს. მასაც არ შესწევს ძალა და უნარი, თავისი შეყვარებულის (ნინო წულაძის) დასაცავად. საქმე-საქმეზე, რომ მიდგება „ბრგე ჭაბუკი“ ლაჩარი აღმოჩნდება. ექსცენტრიკული, მემარცხენე ფემინისტი ქალის ტიპაჟს ქმნის ქეთი ცხაკაია, რომლის სრული ანტიპოდია თემურ კილაძის ლიბერალიზმის მოწინააღმდეგე, ჰომოფობი ძმის პერსონაჟი, რომელიც სანამ მას არ შეეხებიან, მოძალადეებისადმი სიმპათიითაც კი არის გამსჭვალული. ბესო ბარათაშვილი უუნარო, იოლად დამორჩილებად ტიპაჟს განასახიერებს. ნოდარ დოღონაძის პერსონაჟი უსახლკარო გალოთებული ადამიანია, რომელსაც მეტყველების უნარიც კი აღარ შესწევს. სამხედრო მოსამსახურეებიდან ნოდარ ძოწენიძე გენერლობაზე მეოცნებე ჯარისკაცია, რომელსაც სურს მოძალადეების დაშოშმინება, მაგრამ მას გიორგი კიკნაძის ლაჩარი ჯარისკაცი აკავებს. ბოლო წერტილი, რომელმაც მოთმინების ფიალა აუვსო ნოდარ ძოწენიძეს პერსონაჟს, მოძალადის მიერ ჩვილი ბავშვის შეხებაა. იგი ერთადერთია ვინც რეალურად აღუდგება მოძალადეებს. იღუპებიან გენერლობაზე მეოცნებე ჯარისკაციც და მოძალადეც. ფინალი ტრაგიკულია, ვინაიდან ინციდენტს მეტროში, ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაიღუპა მოძალადეც და ძალადობის შესაჩერებლად აღმდგარი პიროვნებაც. 

 

თეატრი თანამედროვეობაში არსებულ პრობლემებზე უნდა საუბრობდეს. „ინციდენტი მეტროში“ არა მარტო ლოკალურ, ჩვენი ქვეყნის სოციუმში, არამედ ზოგადად მსოფლიოში არსებულ მწვავე თემებს ეხება - ძალადობა, ჩაგვრა, პასიურობა, ნიჰილიზმი, წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა. საზოგადოება, რომელსაც აღარ შესწევს სიყვარულის, თანაგრძნობის, თანალმობის უნარი შობს მოძალადეებს და პასიურ, ძალადობის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარმოკლებულ ადამიანებს.

bottom of page