top of page

„ძაღლი“ - გურული ემოციისა და თოჯინური თეატრის სინთეზი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2026-08-03 at 14.14.43.jpeg

Cormorant Garamond is a classic font with a modern twist. It's easy to read on screens of every shape and size, and perfect for long blocks of text.

ზუკა ნემსაძე

„ძაღლი“ - გურული ემოციისა და თოჯინური თეატრის სინთეზი

 

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 158-ე თეატრალური სეზონი ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - „ძაღლი“ - პრემიერით დახურა. წარმოდგენა, რომელიც თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა, რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა განახორციელა. ინსცენირება, რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება თავად რეჟისორს ეკუთვნის, თოჯინების მხატვარი ვახო ქორიძეა, რეჟისორის ასისტენტი - გიორგი დოლიძე, ხოლო ტექნიკური რეჟისორი - ირაკლი ვადაჭკორიაა.

 

ნოდარ დუმბაძე იმ ავტორთა შორისაა, რომელთა შემოქმედება ქართულ თეატრში განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა. მისი ტექსტები სხვადასხვა ეპოქაში არაერთხელ გამხდარა სასცენო ინტერპრეტაციის საფუძველი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ნოდარ დუმბაძის პერსონაჟები და მათ მიერ დასმული მორალური, სოციალური თუ ადამიანური კითხვები/დილემები დროის ცვლილებას ადვილად უძლებს, რის გამოც მისი პროზა დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ „ძაღლი“ საქართველოში პირველად სწორედ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა.

 

სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრთან არსებული სტუდიის ახალგაზრდებიც: ქრისტინე დოლიძე, ნინი მეგრელიძე, ნინი მუშტაშვილი და ცისია ყაზაიშვილი.  აღსანიშნავია, რომ მათი მონაწილეობა ფორმალურ ჩართულობას არ ჰგავს - ისინი სრულფასოვნად ერთვებიან სპექტაკლის მხატვრულ ქსოვილში და ქმნიან დამაჯერებელ სასცენო სახეებს, რომლებიც გამოცდილ მსახიობებთან ერთად ორგანულ ანსამბლს აყალიბებს.

 

ნიკოლოზ საბაშვილის მიერ დადგმული „ძაღლი“ იმ იშვიათ წარმოდგენათა რიგს მიეკუთვნება, სადაც რეჟისორული ჩანაფიქრი, ფორმა და შინაარსი ერთიან მხატვრულ სისტემად ყალიბდება. სპექტაკლის კონცეფცია თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრულია და იგი არც ერთ ეტაპზე არ კარგავს შინაგან ლოგიკას. რეჟისორი ნოდარ დუმბაძის ტექსტს არ აღიქვამს მხოლოდ ლიტერატურულ პირველწყაროდ; იგი მას სცენურ ენად გარდაქმნის და ქმნის წარმოდგენას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა გურული ხასიათი, ემოცია და იუმორია. სწორედ გურული ემოციური ტემპერამენტი იქცევა სპექტაკლის ლაიტმოტივად, რაც წარმოდგენას განსაკუთრებულ რიტმს, სითბოსა და შინაგან ენერგიას ანიჭებს.

 

ამ კონცეფციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი ვახო ქორიძის მიერ შექმნილი თოჯინებია. ისინი მხოლოდ ვიზუალური ელემენტები არ არიან; თითოეული თოჯინა ატარებს ხასიათს. მათი პლასტიკა, გამომსახველობა და სახასიათო დეტალები საოცარი სიზუსტით უახლოვდება გურულ ტიპაჟებს, რის შედეგადაც სცენაზე იქმნება სამყაროს ილუზია, რომელიც ერთდროულად რეალურიც არის და პირობითიც. ვახო ქორიძის ნამუშევარი სპექტაკლის მხატვრული ღირებულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ნათლად აჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თოჯინის, როგორც სრულფასოვანი სასცენო პერსონაჟის შექმნას.

 

ნიკოლოზ საბაშვილი, ზუსტად გრძნობს ლიტერატურული მასალის შინაგან ბუნებას და ახერხებს ტექსტი დამოუკიდებელ თეატრალურ მოვლენად აქციოს. „ძაღლში“ განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი უნარი, ემოციური სიზუსტე, იუმორი, ტრაგიზმი და ეროვნული ხასიათის ნიშნები ერთიან რეჟისორულ კონცეფციაში გააერთიანოს. რეჟისორი, ქმნის წარმოდგენას, რომელიც არ ცდილობს მაყურებელზე ხელოვნური ეფექტებით ზემოქმედებას; პირიქით, იგი ნდობას ამყარებს სცენურ ენასთან, მსახიობთან, თოჯინასთან და იმ კულტურულ მეხსიერებასთან, რომელსაც ნოდარ დუმბაძის სამყარო ატარებს. სწორედ ეს ინტელექტუალური და ემოციური სიზუსტე აქცევს მის დადგმას გამორჩეულ თეატრალურ გამოცდილებად.

 

სპექტაკლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხატვრულ ღირსებას სცენოგრაფია (თავად რეჟისორს ეკუთვნის) წარმოადგენს, რომელიც თემატიკის, მოქმედების გარემოსა და რეჟისორული კონცეფციის ორგანულ გაგრძელებად იქცევა. გურული ოდა, ბუხარი და სივრცის სხვა დეტალები მხოლოდ ეთნოგრაფიული დეკორაცია არ არის; ისინი ქმნიან ატმოსფეროს, რომელიც გურული ყოფის, მეხსიერებისა და ემოციური სამყაროს გამომხატველად გვევლინება. სცენური გარემო გამოირჩევა ესთეტიკური სიზუსტით, ვიზუალური დახვეწილობითა და ფერთა ჰარმონიით, რის შედეგადაც წარმოდგენა განსაკუთრებულ მხატვრულ მთლიანობას იძენს. ამ მთლიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნიკოლოზ საბაშვილის მუსიკალური გაფორმება, რომელიც სპექტაკლის რიტმს, განწყობასა და ემოციურ ტონალობას ზუსტად მიჰყვება და სცენურ მოქმედებას დამატებით სიღრმეს ანიჭებს. ასევე აღსანიშნავია განათების გადაწყვეტა, რომელიც განსაკუთრებული სიზუსტით არის ორგანიზებული და თითოეულ ეპიზოდს შესაბამის ემოციურ აქცენტს სძენს.

 

სპექტაკლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მისი სამსახიობო ანსამბლია. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები - დავით კვერღელიძე, გიორგი დოლიძე, თეა კეჭაყმაძე, გიორგი ჩავლეიშვილი, ლუკა მეგრელაძე, ჯაბა მორჩილაძე და ანა ზასლავსკა - ქმნიან ანსამბლს, რომელიც სცენაზე ერთიანი რიტმით, ურთიერთგაგებითა და შინაგანი სიზუსტით მოქმედებს. წარმოდგენის ჰიბრიდული ბუნება, სადაც თოჯინური და დრამატული თეატრის გამომსახველობითი საშუალებები ერთმანეთთან ორგანულად ერთიანდება, მსახიობებისგან განსაკუთრებულ პროფესიულ კონცენტრაციასა და ტექნიკურ მომზადებას მოითხოვს. სწორედ თოჯინებისა და ცოცხალი მსახიობების ერთობლივი არსებობა ქმნის იმ მრავალშრიან სცენურ ენას, რომელიც სპექტაკლის მხატვრულ ეფექტს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

 

თითოეული მსახიობი განსაკუთრებული სიზუსტით ქმნის გურული ხასიათის მხატვრულ სახეს. მათ მიერ შესრულებული პერსონაჟები არ ეფუძნება გარეგნულ ტიპაჟურობას; პირიქით, თითოეული მათგანი შინაგანად გააზრებული და ემოციურად დამაჯერებელია. ამ ანსამბლში არ ჩანს ხელოვნური აქცენტები ან ფორმალური შესრულება - მსახიობები ერთიანი მხატვრული სისტემის ნაწილებად არსებობენ და სწორედ ამიტომ ინარჩუნებს წარმოდგენა შინაგან სიმთლიანეს.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი დოლიძის სამსახიობო ნამუშევარი. იგი განსაკუთრებული სიზუსტით გადის პერსონაჟის გარდასახვის პროცესს და ქმნის მხატვრულ სახეს, რომლის განვითარება სცენურ მოქმედებასთან ერთად, თანმიმდევრულად იკვეთება. მისი შესრულება გამოირჩევა ემოციური კონტროლით, სახასიათო დეტალების ზუსტი გამოყენებითა და პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობის თანმიმდევრული გახსნით, რაც მის როლს სპექტაკლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამსახიობო მიღწევად აქცევს.

 

თეა კეჭაყმაძე განსაკუთრებული სიფაქიზითა და ბუნებრიობით ქმნის გურული ბავშვის მხატვრულ სახეს. გამოირჩევა უშუალობით, ემოციური სიზუსტითა და იმ შინაგანი სინატიფით, რომელიც  თოჯინურ პერსონაჟს განსაკუთრებულ სიცოცხლეს ანიჭებს.

 

ლუკა მეგრელაძის მიერ შექმნილი,  ანზორი გამორჩეული გურული ტიპაჟია. მსახიობი პერსონაჟის ხასიათს მხოლოდ იუმორზე არ აგებს; იგი ხმით მის შინაგან ადამიანურ ბუნებას, გულწრფელობასა და ცხოვრებისეულ უშუალობას წარმოაჩენს, რის გამოც ანზორი სცენაზე მრავალგანზომილებიან და დასამახსოვრებელ მხატვრულ სახედ ყალიბდება. ლუკა მეგრელაძე, გვაფქირებს, რომ მიუხედავად, ანზორის მოთხოვნებისა, მისი პერსონაჟსაც აქვს თავისი სიმართლე.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი ჩავლეიშვილის სამსახიობო ნამუშევარი, რომელიც სპექტაკლის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მხატვრულ მიღწევად შეიძლება შეფასდეს. მსახიობი განსაკუთრებული სიზუსტით ქმნის გურული ხასიათის მრავალფეროვან და შინაგანად გამართულ სახეს. მისი შესრულება გამოირჩევა ბუნებრიობით, ემოციური სიღრმითა და სახასიათო დეტალების ზუსტი ფლობით, რის შედეგადაც პერსონაჟი სცენაზე ცოცხალი, დამაჯერებელი და ადამიანურად ახლობელი ხდება. მსახიობი, ახერხებს, მის მიერ განსახიერებული ყველა პერსონაჟის (ეს იქნება თოჯინური თუ არა თოჯინური) იუმორი, გულწრფელობა, სითბო და შინაგანი ღირსება ერთმანეთთან ორგანულად დააკავშიროს, რაც მის მიერ შექმნილ მხატვრულ სახეებს განსაკუთრებულ სიცოცხლესა და სიმართლეს ანიჭებს.

 

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ დრამატული თეატრის მსახიობები თოჯინებს პროფესიული სიზუსტით ფლობენ. თითოეული მოძრაობა, პაუზა, ჟესტი და ემოციური აქცენტი თოჯინასთან სრულ სინქრონში არსებობს, რაც რთული თეატრალური ტექნიკის მაღალ დონეზე დაუფლებაზე მეტყველებს. სწორედ ამ კოორდინირებული მუშაობის შედეგად თოჯინა და მსახიობი ერთიან სასცენო ორგანიზმად აღიქმება, რაც, უდავოდ, ნიკოლოზ საბაშვილის ზუსტი რეჟისორული მუშაობისა და შემოქმედებითი პროცესის  შედეგია.

 

„ძაღლი“, პირველ ყოვლისა, ადამიანურ ღირსებაზე, სიყვარულზე, ერთგულებასა და მეხსიერებაზე გვესაუბრება. ეს არის ამბავი, რომელიც ემოციური სიმძაფრითა და შინაგანი ტკივილით მაყურებელს მუდმივად ახსენებს, რომ ერთგულება მხოლოდ ურთიერთობის ფორმა კი არა, ზნეობრივი არჩევანიც არის. ნოდარ დუმბაძის ტექსტში ძაღლი მხოლოდ მეგობრობის სიმბოლო არ არის; იგი ადამიანურობის, თანაგრძნობისა და პასუხისმგებლობის მეტაფორად იქცევა, რაც სპექტაკლის ემოციურ საფუძველს განსაზღვრავს.

 

სპექტაკლში საინტერესოდ იყო გადაწყვეტილი ეპიზოდი, როდესაც ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, ერთგული ძაღლი, რომელსაც გურული „ბაღანე” არ კლავს, კვლავ უკან ბრუნდება. სწორედ ამ სცენაში აღწევს წარმოდგენა თავის უმაღლეს ემოციურ წერტილს. მაყურებლის რეაქცია ამ ეპიზოდზე განსაკუთრებით მეტყველი იყო - პარტერში ისმოდა ცრემლის, ოხვრისა და ჩუმი ქვითინის ხმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სპექტაკლმა ყველაზე რთული ამოცანა შეასრულა: გულგრილი არავინ დატოვა. თუ რეჟისორმა - „ძნელად ასატირებელი” გურულების აცრემლება შეძლო,  ეს იმაზე მეტყველებს, რომ,  ნიკოლოზ საბაშვილმა -  „გურული გულის” ყველაზე ფაქიზ კარსაც მიაგნო.

 

ბოლო წლებში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და თანმიმდევრულ რეგიონულ თეატრად ჩამოყალიბდა, რაც,  ერთმნიშვნელოვნად თეატრის ხელმძღვანელის, ვასო ჩიგოგიძის მენეჯერულ ხედვასა და სარეპერტუარო სტრატეგიას უკავშირდება. თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ კლასიკური ტექსტების დადგმით; იგი მუდმივად ეძებს ახალ რეჟისორულ ხელწერებს, თანამედროვე თეატრალურ ფორმებსა და იმ მხატვრულ ექსპერიმენტებს, რაც რეგიონულ თეატრს სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას სძენს.  განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თეატრს სეზონის განმავლობაში არა ერთი მნიშვნელოვანი პრემიერა ჰქონდა, რაც მის შემოქმედებით ინტენსივობასა და პროფესიულ ამბიციაზე მეტყველებს. ვასო ჩიგოგიძე გამორჩეულია იმითაც, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა მსახიობებთან, სტუდენტებთან, რეჟისორებთან და თეატრთან არსებული სტუდიის სახით მომავალ თაობასთან თანამშრომლობას. ეს არ არის მხოლოდ ფორმალური მხარდაჭერა; ოზურგეთის თეატრში ახალგაზრდები რეალურად ერთვებიან შემოქმედებით პროცესში და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას იღებენ. ასეთი მიდგომა რეგიონული თეატრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი არა მხოლოდ მიმდინარე რეპერტუარს აძლიერებს, არამედ მომავალ თეატრალურ პროცესსაც ქმნის. დღეს ოზურგეთის თეატრი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონული თეატრია, რომელსაც ქართული თეატრის რუკაზე საკუთარი, მკაფიოდ გამოკვეთილი ადგილი უკავია. იგი გამოირჩევა როგორც ძლიერი სარეპერტუარო პოლიტიკით, ისე იმ მხატვრული იდენტობით, რომელიც თანაბრად ეფუძნება ტრადიციის პატივისცემას, თანამედროვე თეატრალური აზროვნების განვითარებასა და რეგიონული კულტურული სივრცის გაძლიერებას.

ფოტო ნათია მუქერია

bottom of page