ყველაზე მაგარი გოგოების ბრძოლა დინამო არენაზე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
ყველაზე მაგარი გოგოების ბრძოლა დინამო არენაზე
პანდემიის პერიოდში, შენობებიდან ღია ცის ქვეშ იძულებით გამობარგებული ქართული თეატრი მეშემდეგე ტალღის მიქცევისას, გრიგოლ ნოსელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ისევ ძველ ბუდეს შეეყუდრა. მეინსტრიმული ქართული თეატრის ჩვეული დინების პარალელურად კი, დამოუკიდებელმა არტისტმა გურამ მაცხონაშვილმა მშენებარე შენობის, სპორტული დარბაზისა და ღამის კლუბის შემდეგ, არც მეტი არც ნაკლები, სტადიონს მიაშურა, სადაც თავის თანამოაზრეებთან ერთად, ერთი მხრივ, ანტიკური თეატრის მასშტაბს შეეპოტინა, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა თაობის გამორჩეული ქალი-მსახიობების საშუალებით თანამედროვე ქალის აქტუალური პრობლემები წარმოგვიდგინა. დინამო არენა მოცულობით მართლაც უახლოვდება ანტიკურ თეატრონს, იმ განსხვავებით, რომ აქ ამფითეატრიდან მაყურებელი მხოლოდ ერთი კუთხიდან ადევნებს თვალს ორქესტრაზე (სცენაზე) განვითარებულ მოვლენებს და მსახიობები ხმას მიკროფონის დახმარებით გვაწვდენენ. თუმცა იყო რამდენიმე მომენტი, როცა მიკროფონი ითიშებოდა და მსახიობი იძულებული ხდებოდა ცოცხლად მიეწვდინა ხმა მაყურებლისთვის. იმ სივრცის ანალოგის შექმნა, სადაც „ყველაზე მაგარი გოგოების“ მოქმედება მიმდინარეობს, ნებისმიერ დრამატულ თეატრშიც არის შესაძლებელი. სტადიონი გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლში მხოლოდ ფონია და არა კონცეფციის ნაწილი. უფრო მეტიც, წარმოდგენა კარგავს კამერულობას, ინტიმურობას, რომელიც პერსონაჟთა შორის ყალიბდება სიუჟეტის მსვლელობის დროს. მაშ, რატომ სტადიონზე და არა სხვა სივრცეში? თუ გურამ მაცხონაშვილის ადრეული ხანის ერთ-ერთ ინტერვიუს გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ ის მიზანმიმართულად და პრინციპულად უარს ამბობს აკადემიურ (და არა მხოლოდ) სათეატრო სივრცეზე. ვფიქრობ, „ყველაზე მაგარი გოგოების“ პერსონაჟთა შინაგანი ვნებები და ინტიმური ურთიერთობები პერსონაჟებს შორის კონტრასტულია დინამო არენის მასშტაბურ სივრცესთან.
ქალის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში, მათი ბრძოლა დამკვიდრებისა და ღირსეული ადგილის მოპოვებისთვის, ბრძოლა საკუთარ თავთან და გამოწვევებთან რეჟისორმა წარსული ეპოქების ანარეკლებიდან გვიჩვენა. ამ პრობლემებზე სასაუბროდ რეჟისორი თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის კერილ ჩერჩილის პიესას „ყველაზე მაგარი გოგოები“ (Top Girls, 1983) დაეყრდნო. კერილ ჩერჩილის დრამატურგიას პირველად არ ხვდება ქართველი მაყურებელი. პუბლიკამ დრამატურგი საქართველოში, 2019 წელს, სამეფო უბნის თეატრში, დათა თავაძის დადგმით „ცრუ განგაში. ცხრა მთას იქეთ“ (მარტინ კრიმპისა და კერილ ჩერჩილის ორი ერთმოქმედებიანი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით) გაიცნო. გახმაურებული ფემინისტი ავტორის მულტიჟანრული პიესა „ყველაზე მაგარი გოგოები“ კერილ ჩერჩილის მეორე ქმნილებაა, რომელიც საქართველოში დაიდგა. პიესა ქართულად ნინა სურამელაშვილმა თარგმნა და უნდა ითქვას, რომ მთარგმნელმა პიესის გმირთა ენა, ორგანულად მოარგო ქართულ ლექსიკას და ტექსტიც შესაბამისად გაჟღერდა დინამო არენიდან.
მაყურებელი ერთი შეხედვით, ფანტასმაგორიული, ირეალური, ალოგიკური ამბის მონაწილე და თვითმხილველი ხდება. ორმოქმედებიან პიესის (რომელიც რეჟისორმა შესვენების გარეშე შემოგვთავაზა და თითქმის სამ საათს გრძელდება შემოდგომის სუსხიან ღამეში) მთავარი გმირი, გასული საუკუნის 80-იანი წლების ეპოქის ქალი მარლინი ვახშამზე სხვადასხვა ეპოქის, ისტორიულ თუ მხატვრულ გმირ-პერსონაჟ ქალებს ეპატიჟება. სუფრასთან იკრიბებიან რომის პაპი იოანა, პიტერ ბრეიგელის (უფროსის) ნახატიდან წინსაფრითა და ჯავშნით ასხმული გიჟი გრეტა, ვიქტორიანელი მოგზაური იზაბელა ბერდი, იაპონელი კურტიზანი იმპერატორის კარზე და მოგვიანებით ბუდისტი მონაზონი ლედი ნაძიო და მთმენი გრიზელდა (ჯეფრი ჩოსერი „კენტერბერის მოთხრობებიდან“). ამ თითქოს პირობით მოცემულობას, არარეალისტურ ფაქტს მაყურებელი მოთმენით, ინტერესით იღებს, ვინაიდან ინტრიგა, რომელსაც დრამატურგი გვთავაზობს, მაყურებელს მოვლენების განვითარებაში გამძაფრებული ცნობისმოყვარეობით ითრევს. ინტერესს რეჟისორის მიერ შეთხზული ვითარება და მსახიობთა მიერ სიტუაციისთვის შესაფერისი თამაშის სტილი და მანერა (რომელიც მეორე ნაწილში რადიკალურად იცვლება) ამძაფრებს. ისტორიული თუ გამოგონილი მხატვრული პერსონაჟები თავიანთი ეპოქისა და მოღვაწეობის სფეროს შესაბამისად არიან გამოწყობილნი. კოსტიუმები დახვეწილია და პერსონაჟთა შესაბამისი, რომელიც მათ ხასიათებს ვიზუალურადაც გამოკვეთს (კოსტიუმები: მოდის სახლი - DALOOD). მაგიდის გარშემო შეკრებილი გამორჩეული ქალები, რომლებსაც ასევე გამორჩეული მსახიობი ქალები: ნატო მურვანიძე, ნინო კასრაძე, ნატუკა კახიძე, ქეთა შათირიშვილი, თეა კიწმარიშვილი და ქეთი ხიტირი ასრულებენ, გატაცებით ჰყვებიან თავიანთ ამბებს, განვლილ გზას და ამ გზაზე შეხვედრილ წინაღობებს, მათი გადალახვის დრამატულ თუ კომიკურ ამბებს. ერთი სიტყვით, განსხვავებულ ისტორიებს, რომლებიც სხვადასხვა ეპოქის და მსოფლმხედველობის ქალების ცხოვრებას და ბრძოლას ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება სტადიონის მოედანზე სხვადასხვა დროში და ეპოქაში ვითარდება, მაყურებელი მაინც ახლა და აქ, ამ ეპოქაშია, ისე როგორც წარმოდგენის პერსონაჟები. მრავალი განსხვავებულობის მიუხედავად, მათ ბევრი საერთოც აქვთ - ისინი ძლიერი და მებრძოლი ქალები არიან, რომლებმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრეს მათი ეპოქების საზოგადოებაში. პიესის მეორე ნაწილშიც, კერილ ჩერჩილი, XX საუკუნის 80-იანი წლების ბრიტანელი ახალგაზრდა ქალზე და იმ გარემოზე მოგვითხრობს, რომელშიც მთავარი გმირი ცხოვრობს. ის არაპრივილეგირებული კლასის წარმომადგენელია და მას ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი არჩევანის გაკეთება უწევს. ორივე არჩევანის შემთხვევაში მისი მომავალი შემაშფოთებელი და ტრაგიკულია.
გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი, ისევე როგორც კერილ ჩერჩილის პიესა, ქალებზე, მათ როლზე და მნიშვნელობაზეა, სხვადასხვა ეპოქაში დასმული კითხვებზე პასუხები კი დღესაც თანამედროვედ ჟღერს და სამწუხაროდ, საუკუნეების განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ქალები უწინ და ახლაც მუდმივად არჩევანის წინაშე დგანან კარიერა თუ ოჯახი, პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება, მათ არაერთი მსხვერპლის გაღება უწევთ, რადგან თითქოს შეუთავსებელია ქალი და კარიერა, რომელსაც სრულყოფილ ოჯახთან ერთად სურს საკუთარი თავის რეალიზება და საზოგადოების განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა. ამიტომაც, ადრეც და ახლაც, სამყარო ქალს უამრავ გამოწვევას სთავაზობს. ქალებს კი მონსტრადქცეულ სამყაროსთან თვითგადარჩენისთვის მუდმივი ბრძოლა და წარმოშობილ პრობლემებთან რეგულარული გამკლავება უწევთ. სწორედ ამ ბრძოლაზეა გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი. იქნებ, ამიტომაც აირჩია მან ქალთა გამოწვევებთან საასპარეზოდ დინამო არენა, რომელიც ორმაგ საასპარეზოდ იქცა. ერთი მხრივ, პერსონაჟთა, რომლებიც მუდმივად რაღაცის მტკიცებაში არიან, ხოლო მეორე მხრივ, მსახიობთა საბრძოლველ სივრცედ. დინამო არენა წარმოდგენას გარკვეულ მასშტაბს სძენს და კამერულობას სცდება, თუმცა მსახიობები, თავიანთი შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის წყალობით, ახერხებენ კამერული და ინტიმური ატმოსფეროს შექმნას, ამ ვეებერთელა სივრცეს ისინი პროფესიონალიზმითა და ოსტატობით „ავსებენ“. „დინამო არენას“ ერთი ნაწილი, პერიოდულად, გლადიატორთა დაუნდობელ ბრძოლასაც ემსგავსება, როცა ერთდროულად რამდენიმე გამორჩეული მსახიობი (მეგობრობისა და კოლეგიალობის მიუხედავად), ნებსით თუ უნებლიეთ, ერთმანეთის კონკურენტები ხდებიან და შესაბამისად, დაუნდობლებიც. მათი პარტნიორული ქიშპით კი ისინიც იგებენ და მაყურებელიც. პუბლიკა თვალს ადევნებს არა მხოლოდ ამბავს, არამედ გამორჩეულ ქართველ ქალ მსახიობთა შემოქმედებით პაექრობას, სცენური პარტნიორობის დახვეწილ და მაღალ კულტურას. განსაკუთრებით ეს ნინო კასრაძის (ჯოისი), ნატა მურვანიძისა (მარლინი) და კატო კალატოზიშვილის (ენჯი) ეპიზოდში იკვეთება. მსახიობები სამსახიობო ოსტატობის ერთგვარ მასტერკლასს ატარებენ. ისინი ქმნიან ინტრიგას, ამყარებენ უშუალო და გულწრფელ ურთიერთობებს ერთმანეთთან და მაყურებელთან. თავად გურამ მაცხონაშვილისთვისაც, როგორც რეჟისორისთვის „ყველაზე მაგარი გოგოები“ განსხვავებული სტილის სპექტაკლია, სადაც რეჟისორს ფორმა და გამომსახველობითი საშუალებების ძიება (ექსპერიმენტები) კი არ იტაცებს, არამედ მსახიობი და მასთან მუშაობა. ის უარს ამბობს თეატრალურობაზე და პოეტურობიდან მიწაზე ეშვება. პირობით სცენაზე თამაშდება დამაჯერებელი, რეალური და მართალი ამბები...
გურამ მაცხონაშვილი, რომელიც დადგმის სცენოგრაფიცაა, ოკეანის მასშტაბის სივრცეს მონუმენტური დეკორაციებით კი არა, არამედ ძლიერი არტისტების შემოქმედებით ავსებს. ის მხოლოდ მაგიდასა და სკამებს, ასევე რამდენიმე რეკვიზიტს იყენებს. მაქსიმალური მხატვრული პირობითობით ცვლის მოქმედების ადგილს და ფაქტობრივად ცარიელ სივრცეში ქმნის ატმოსფეროს, სადაც ძირითადი აქცენტი პერსონაჟების შინაგან სამყაროზე, მსახიობის მუშაობაზე და მათ გამომსახველობით საშუალებებზეა ფოკუსირებული. რეჟისორი ზედმეტად არ ერევა დრამატურგის ტექსტში და უფრო მეტიც, მის მიერ შემოთავაზებული თხრობის სტილის ერთგული დამცველი ხდება, როცა დიალოგები ერთმანეთს ჯვარედინად კვეთენ. პერსონაჟთა პარალელური დიალოგები ერთგვარ ქაოსს ქმნიან, რომელიც ლაბირინთს ჰგავს, რომელშიც რამდენიმე პარალელური ხაზი იკვეთება. მაყურებელიც თავად ირჩევს თუ რომელი პერსონაჟების დიალოგის ხაზს გაჰყვეს. ეს ეპიზოდები მსახიობთათვის საკმაოდ რთულად დასაძლევი ამოცანაა, განსაკუთრებულ მობილიზებას და ყურადღებას მოითხოვს, რომელსაც წარმატებით ართმევენ თავს სპექტაკლში მონაწილე მსახიობები. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს და მსახიობებს საკმაო მანძილი აშორებს და მათ შორის ბეტონის ჯებირიცაა აღმართული, კომუნიკაცია მაინც დგება. მსახიობები თავიანთი სცენური სიმართლით, ზუსტი ინტონაციებითა და ზომიერი მოძრაობით ახერხებენ მაყურებლის პროცესში ჩართვას. რეჟისორი მიმართავს უკიდურეს პირობითობას, სადაც ყველაფერი უნდა წარმოვიდგინოთ, ჩვენს წარმოსახვაში შევთხზათ. უარს ამბობს თეატრალიზებულობაზე, პირდაპირ, შემხებლობით ინტერაქტივზე, ხელოვნურ თუ ბუნებრივ პათეტიკურობაზე.
გურამ მაცხონაშვილის დადგმაში ძირითადი დრამატული თეატრია, თუმცა ვხვდებით საოპერო ელემენტებს (ლიზა კერესელიძის შესრულებით), სასცენო მოძრაობებს (მოძრაობის რეჟისორი ლანა ყავრელაშვილი), სპექტაკლში ჟღერს ცოცხალი (არფისტი ქეთანა სტურუა) და ელექტრონული (კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე) მუსიკა.
მსახიობები კონტრასტულ სამყაროებს გვიჩვენებენ. პირველ ნაწილში ვხედავთ არისტოკრატიას, ხოლო მეორე ნაწილში საშუალო, არაპრივილეგირებულ ფენას. მსახიობებიც, შესაბამისად, ქმნიან ტიპაჟებს. მათ შესრულებაში ეს კონტრასტი მკვეთრია და ხილული. მსახიობები არ მიმართავენ არცერთ ზედმეტ მოძრაობას და ჟესტიკულაციას (მიუხედავად იმისა რომ სამოქმედო სივრცე საგრძნობლად მასშტაბურია), არც ყალბი და პოეტური ინტონაციები ისმის, რომელსაც თითქოს ეპოქა (რომელშიც სპექტაკლის პირველი მოქმედება მიმდინარეობს) და სივრცე (დინამო არენა) მოითხოვს. მსახიობები ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, თეა კიწმარიშვილი, ქეთი ხიტირი, ლიზა კერესელიძე და ქეთა შათირიშვილი განსხვავებულ ამპლუაში ვიხილეთ, რაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. მაყურებელმა ნახა მათ მიერ შექმნილი სახე-ტიპაჟები, რომლებიც ცხოვრების გარკვეული მონაკვეთების ჩვენებით ხატავენ მათი გმირების ხასიათებს, ტიპაჟებს, მისწრაფებებსა და განვლილი ცხოვრების გზას. მსახიობების უმრავლესობას ფაქტობრივად, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული როლების შესრულება უწევთ, მაგრამ მათი უნარებისა და პროფესიონალიზმის პრეზენტირება, უფრო მეტად, სპექტაკლის მეორე ნაწილში მოხდა. ნატა მურვანიძე, თითქმის ბოლომდე კარგავს მისთვის დამახასიათებელ ინტონაციას, ის აღწევს სცენური გულწრფელობის ისეთ ხარისხს, რომ მაყურებელი მისი სახით მხოლოდ პერსონაჟს მარლინს ხედავს (ასეთ ეპიზოდებში მთლიანად ქრება მსახიობის მიერ აქამდე შესრულებულ როლთა აჩრდილები). ძნელი ამოსაცნობი იყო ნატუკა კახიძე ქითის როლში, რომელიც 12 წლის გოგონას განასახიერებდა. მისი ამოცნობა არა მხოლოდ გარეგნულად იყო ძნელი (სათვალეებსა, კიკინებსა და გეტრებში გამოწყობილი), არამედ საუბარშიც. მსახიობი გარდაისახება პატარა და თავისებური ხასიათის, ინდივიდუალიზმით გამორჩეულ გოგონად, რომელსაც საინტერესო შინაგანი სამყარო გააჩნია. ზუსტად შეარჩია ინტონაცია, ჟესტიკულაცია, მეტყველების მანერა თეა კიწმარიშვილმა ლუიზის როლისთვის, რომელსაც დასაქმების ოფისში გასაუბრებაზე ვეცნობით. წარმოდგენის ამ მცირე მონაკვეთში მსახიობმა დახატა კონკრეტული ქალის პორტრეტი. არანაკლებ საინტერესო და განსხვავებულ მხატვრულ სახე-ტიპაჟებს ქმნის ქეთი ხიტირი, რომელიც ხან ოფისის თანამშრომელია და ხანაც დასაქმების თანამშრომლის მეუღლე. ისე როგორც, ლიზა კერესელიძე, რომელიც ერთ-ერთ აპლიკანტს განასახიერებს, განსხვავებული ხასიათითა და უნარ-ჩვევებით. მკვეთრად გამორჩეულია ქეთა შათირიშვილის მიერ შექმნილი ტიპაჟები, ერთი მხრივ, რომის პაპი იოანა, ხოლო მეორე მხრივ, ოფისის თანამშრომელი (მსახიობი პიესის რემარკებსაც კითხულობს). მის მიერ განსახიერებული მხატვრული სახეები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან არა მხოლოდ ხასიათებით, არამედ გამომსახველობითი საშუალებებით, საუბრის ტონითა და მანერით. მოვლენათა ეპიცენტრში, განსაკუთრებით, სპექტაკლის მეორე ნაწილში მარლინი (ნატა მურვანიძე), მისი და ჯოისი (ნინო კასრაძე) და მისი შვილი ენჯი (კატო კალატოზიშვილი) დგანან. მსახიობებს საკმაოდ რთული ამოცანის გადაჭრა უწევთ. გარდა იმისა, რომ ისინი პირველ ნაწილში სულ სხვა პერსონაჟებს ასახიერებენ, მეორე ნაწილში სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სიუჟეტ თანმიმდევრულად კი არა, არამედ ბოლოდან დასაწყისის მიმართულებით ვითარდება. ამიტომ მათ უწევთ არა პროცესის ჩვენება, არამედ ჯერ შედეგის და შემდეგ იმ გზის, რაც მათ შედეგამდე გაიარეს. სამეულის (ორი დისა და მათი ქალიშვილის) დიალოგი ჯოისის სახლში მიმდინარეობს. სივრცე კი ცარიელია, მხოლოდ მაგიდა და სკამები დგას. მიუხედავად სივრცის ფიზიკურად სიცარიელისა, მსახიობები ისეთ ატმოსფეროს ქმნიან, რომ სავსებით წარმოსადგენია ამ სახლის ინტერიერი დეტალებშიც კი. მათი დიალოგი და ურთიერთობა ბევრ შრეს მოიცავს, რომელსაც აბსოლუტური ბუნებრიობით გვიჩვენებენ მსახიობები. კატო კალატოზიშვილი ხატავს თინეიჯერი, თავნება, ცნობისმოყარე ახალგაზრდა ქალის მხატვრულ სახეს, რომელიც არ ეგუება ბედს, შექმნილ სიტუაციას და ცდილობს საკუთარი თავის პოვნას და კარიერის აწყობას. მსახიობი ოსტატურად გვიჩვენებს გმირის გრადაციას გარკვეულ სიტუაციებსა და ვითარებებში (მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, უცხო საზოგადოებაში). უშუალობით, სცენური გულწრფელობით და უკიდურესი ბუნებრიობით გამოირჩევა ნინო კასრაძე, რომელიც სრულ ჰარმონიაშია როგორც პიესის ატმოსფეროსთან, ისე გმირის ბუნებასთან. მისი კოსტიუმი (უბრალო შავი ნაჭრის შარვალი და ჭრელი ჯემპრი) ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს პერსონაჟის ხასიათს და სულიერ მდგომარეობას, მის სოციალურ სტატუსს... მსახიობთა მიერ შემოთავაზებული თამაშის ხელოვნების ეს თამასა განაპირობებს იმას, რომ შემოდგომის სუსხიან ღამეს, ლამის სამი საათი, მაყურებელი სულგანაბული და ინტერესით ადევნებს თვალს სტადიონის ერთ მონაკვეთში გათამაშებულ ამბავს, რომელიც სწორედ ახლაა ახლო და ნაცნობი ჩვენი საზოგადოებისთვის.
პროექტზე იმუშავეს: პროდიუსერმა ანრი კილაძემ, ფოტოგრაფმა ნატა სოფრომაძემ, ვიდეოგრაფმა ანანო გაბიცაშვილმა, ტექნიკურმა მენეჯერმა ანი ჯაფარიძემ. პროექტი განხორციელდა: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის, ეიპიემ ტერმინალს ფოთის, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG), DALOOD-ის, Reckless-ის, FABRIKA TBILISI-ის, კავკასიის უნივერსიტეტის, „მედ დიაგნოსტიკის“, „ბორჯომისა“ და „შუშაბანდის“ და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.
P. S. არ იქნება ურიგო, თუ პროექტი „ყველაზე მაგარი გოგოები“ არ დასრულდება და მისი ნახვის შესაძლებლობა უფრო მეტ მაყურებელს მიეცემა, თუნდაც ალტერნატიულ, არატრადიციულ სივრცეში.