
ყველაფერს პირდაპირ ვერ იკითხავ
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

თამთა ქაჯაია
ყველაფერს პირდაპირ ვერ იკითხავ
ზესტაფონისა და სენაკის თეატრმა „აჯანყებულთა ვაგონის“ პრემიერა შემოგვთავაზა. ორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვალერი ოთხოზორიას ტექსტზე იმუშავა და ერთი თემის ქვეშ - 1924 წლის აჯანყების გაცოცხლება გადაწყვიტეს. პირველი მოქმედების რეჟისორი ვატო ჯუღელი გახლავთ, მეორე ნაწილის კი ვახტანგ ნიკოლავა.
ვალერი ოთხოზორიასთვის ანტისაბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გახდა ინსპირაციის წყარო, რომელიც საერთო ეროვნული აჯანყების ფარგლებში მიმდინარეობდა. მისი ორგანიზატორები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გადარჩენილი სამხედრო და პოლიტიკური ფიგურები იყვნენ. 1921 წლიდან ქვეყანაში ძლიერი წინააღმდეგობა გაჩნდა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ იატაკქვეშა ორგანიზაციები, რომლებიც 1924 წლისთვის შეეცადნენ საერთო სახალხო აჯანყებას. აჯანყების მთავარი ორგანიზატორი იყო, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ კოტე აფხაზი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვალიკო ჯუღელი და სხვები.
სწორედ ეს მოვლენები და ფაქტები დაედო სპექტაკლს საფუძვლად, წარმოდგენას მთხრელი (ზურა აბესაძე) ხსნის, რომლის სახელი მის საქმიანობაზე პირდაპირ მიგვითითებს. მისი საქმე თხრაა, ვისთვის, რატომ და რისთვის ეს არ იცის, რადგან მორიდებულია და „ყველაფერს პირდაპირ ვერ იკითხავ“ - ასე მოგვმართავს მაყურებელს. ამავდროულად ხშირად გვესმის ჩაწერილი ხმა, რომელიც ვერ გადმოსცემს ემოციურ ენერგიას - როგორც ცოცხალი შესრულება. სერჟანტი (ზურა აბესაძე) - პიესაშიც და სპექტაკლშიც აშკარად უარყოფითი პერსონაჟია - მისი ქცევებით, რეპლიკებით, დრამატული კონტექსტით - სცენაზე ამ მახასიათებლის, თვალშისაცემი ხაზგასმა ხშირ შემთხვევაში ზედმეტია. მაყურებელი თავისთავად ხვდება მის უარყოფით როლს, ამიტომ როდესაც სპექტაკლი თითქოს სთხოვს მას, რომ „დარწმუნდეს“ - ბანალური ტიპაჟი ხდება. უფრო, საინტერესო იქნებოდა უარყოფითი პერსონაჟის სცენაზე ცოცხალი და მრავალშრიანი ყოფილიყო, როგორც მაგალითად ეს გენერლის (თემურ კიკნაველიძე) შემთხვევაშია. მისი პერსონაჟი - ერთდროულად ქმნის დისტანციას და სიმპათიით ეწყობა მის მიმართ მაყურებელი. თემურ კიკნაველიძემ გააზრებულად აირჩია „თავშეკავებული თამაში“ - არ ყვირის, არ აყალიბებს ფიგურას - „გენერალს“ კარიკატურად. პირიქით, მისი სიმშვიდე და ჩუმი ტონი, შიგნიდან ნაშენები დაძაბულობა, უფრო მეტს ამბობს ვიდრე სიტყვები. მისი გენერალი არ არის ერთმნიშვნელოვნად ბოროტმოქმედი - უფრო ადამიანია, რომელიც თავის რწმენებში ბოლომდე დარწმუნებულია და სწორედ ამით უფრო საშიში ხდება მისი გმირი. მსახიობი ზუსტად იჭერს ამ წონასწორობას, მის თამაშში იგრძნობა გონივრული შრეები და შინაგანი დრამა, რითაც პერსონაჟი უფრო ღრმაა და მაყურებელსაც აიძულებს დაფიქრდეს მის მოტივებზე.
სპექტაკლის კულმინაციური მომენტს ლევან წერეთლის (გიორგი ბოგვერაძის) და გენერლის შეხვედრა წარმოადგენს. ისინი ამ დროს ქმნიან, იმ დაძაბულობას, მუხტს, რაზეც პიესა და სპექტაკლი გვიყვება. სპექტაკლში, გიორგი ბოგვერაძე - ნინა და იულია წერეთლების ძმა არის, რომელმაც უნდა იხსნას დების სიცოცხლე - გენერალი მისთვის ბოლო იმედია. საბოლოო ჯამში სპექტაკლში დამაკლდა მიზანსცენები, რეჟისორული ხედვა და გადაწყვეტები. რაღაც კუთხით წარმოდგენა ერთი მხრივ, მხოლოდ ისტორიული ფაქტების მოყოლას ჰგავდა - სტატიკურად.
სცენოგრაფია ხატია დავითაშვილს ეკუთვნის. სივრცე ორ ნაწილადაა გაყოფილი, როგორც სპექტაკლი - ვაგონს გარეთ და შიგნით. დეკორაცია პიესის ნარატივს სრულიად ერგება და ქმნის განწყობას.
რაც შეეხება მეორე მოქმედებას რომლის რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა გახლავთ - პერფორმანსული ფორმაა. სცენური წყვეტები, პერიოდული სიმბოლიზმი, შეცვლილი რიტმიკა ლოგიკურად არ ებმის სპექტაკლის პირველ ნაწილს და ასევე შლის ქრონოლოგიური გაგების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია მსახიობთა პერფორმატიულობა, რომელიც ერთდროულად აერთიანებს რეალისტურ და გაუცხოების ელემენტებს - სწორედ ამიტომ, გარკვეულ მომენტებში წარმოდგენა ზედაპირულად აღიქმება.
ვალერი ოთხოზორიას შექმნილი პიესა მაყურებელს აცნობს ისტორიულ მოვლენას და ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, წარსული ფაქტები განიცადოს. ეროვნული გმირების, წარსულის მნიშვნელოვანი მომენტების გაცოცხლება ხშირად ამაღლებს ეროვნული იდენტობის განცდას. თუმცა, არსებობს ასევე მეორე მხარე, ისტორიულ კონტექსტში პიესის ავტორს ხშირად უწევს რეალური ფაქტების მიყოლა, რაც ხანდახან ზღუდავს მხატვრულ თავისუფლებას მაგრამ ამავე დროს უფრო მეტ შესაძლებლობასა და გასაქანს აძლევს რეჟისურას.
ჭიათურა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ქალაქი იყო, სადაც მაგნიუმის მოპოვება მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რის გამოც აჯანყებულებს სურდათ ქალაქის დაკავება და კომუნიკაციის გაწყვეტა. 1924 წლის აჯანყება - მიუხედავად მარცხისა, ის ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისა და მომდევნო თაობების წინააღმდეგობისთვის საფუძვლის ჩაყრას დაეხმარა..
ფოტო: მიშა შენგელია