top of page

XXI საუკუნის ბედნიერი დღეები

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

277611419_2874941976129129_820324942604035188_n.jpg

თამარ ცაგარელი

XXI საუკუნის ბედნიერი დღეები

„ლამაზი ჟამი გვათრობს ნელ-ნელა...

ხვევნა ალერსი და დაპირება...

აუწერელი ერთობის წამი

ვნების მორევში მითრევს მე ნელა

ყველაფერი ვთქვი,  დავრჩები თქვენთან“[1]

 

ერთ-ერთი პირველი, ვინც ადამიანის ცხოვრება მუდმივ ტანჯვად წარმოიდგინა, გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერია. მისი აზრით, ბედნიერება არა არის რა, თუ არა „ნაკლებად უბედური“, ასე თუ ისე „ასატანი“ ცხოვრება. იგი წერს, რომ თუ გვინდა ნაკლებ უბედურნი ვიყოთ,  ბედნიერებას არ უნდა მოვითხოვდეთ. შოპენჰაუერის თხზულებებში  ცხოვრება როგორც აბსურდი, ისეა წარმოდგენილი, სადაც ადამიანს არ შეუძლია შეიგრძნოს ბედნიერება. მისი ფილოსოფიური განსჯით, ყოველგვარი ტკბობა ილუზორულია. სწორედ, ამგვარი ილუზორული, აბსურდული სამყარო შექმნა რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ კამერული თეატრის სცენაზე სემუელ ბეკეტის ტრაგიკომედიის - „ოჰ, ბედნიერი დღეები“ („O! Happy Days“) - მიხედვით. ეს პიესა დრამატურგის მონოლოგების სერიის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, სადაც, ორი მოქმედი გმირია: ვინნი, ქალი, რომელიც წელამდეა ქვიშაში ჩაფლული, და ვილლი, მისი ქმარი, რომელსაც იქვე მახლობლად სძინავს. მიუხედავად იმისა, რომ პიესაში ორი მოქმედი გმირია, ეს ნაწარმოები, სტრუქტურულად, კლასიკური მონოლოგის (დიალოგი საკუთარ თავთან და მკითხველთან) საუკეთესო ნიმუშია. მთელი პიესის მანძილზე ქალი, რომელიც, წელს ქვევით  ქვიშაშია ჩაფლული, ცდილობს თავი გადაირჩინოს, მაგრამ ამაოდ, იგი განწირულია და ქვიშა აუცილებლად შთანთქავს მას. მისი მიზანია საკუთარი  სულიერების გადარჩენა, ფიზიკურმა სხეულმა თითქოს პიესის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დაკარგა თავისი ფუნქცია, და მიუხედავად ამ განწირულობისა და დაღუპვის გარდაუვალობისა, ის მაინც იბრძვის, იბრძვის საკუთარი თავისთვის და იქვე მყოფი ქმრისთვის. ბეკეტმა სრულიად განსხვავებულ ვითარებაში მყოფი ორი ადამიანის რადიკალურად განსხვავებული გზა გვიჩვენა. ვინნი, რომელიც პიესის ფინალში ბოლომდე ჩაეფლობა მიწაში, საკუთარ სულს გადაარჩენს, ხოლო ვილლი, მისი ქმარი, რომელიც კომფორტულადაა მოწყობილი იქვე მახლობლად, მიუხედავად ფიზიკური გადარჩენისა, თავის, როგორც ადამიანის არსებობას, შეწყვეტს. ეს პიესაში. რა ხდება კამერული თეატრის სცენაზე და როგორი ინტერპრეტაციით ქმნის რეჟისორი გიორგი აფხაზავა შემოქმედებით ჯგუფთან ერთად „ბედნიერ დღეებს“?!  სათეატრო ხელოვნების ისტორიაში, ცნობილია რომ, არა ერთი რეჟისორი ბეკეტის დრამატურგიის ახლებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს მაყურებელს, რომელთა აზრს, სხვათა შორის, თავად მწერალი არასდროს ხსნიდა. „როგორც გნებავთ, ისე გაიგეთო,“ – ამბობდა „ბედნიერი დღეების“, „თამაშის“, „გოდოს მოლოდინის“ ავტორი... დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად მოკლდებოდა მისი პიესები და სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა შეშლილის მონოლოგს. ამ გზას დაადგა რეჟისორი გიორგი აფხაზავაც მის მიერ „გაცოცხლებული“ ბეკეტისეულ ამბებთან[2], იგი ცდილობს „შეაჩვიოს“ მაყურებელი  ინტელექტუალური თამაშის ფანტასმაგორიულ წესებს, მისთვის გროტესკი, მხატვრული ექსპრესიის უძლიერესი საშუალებაა, უსაზღვრო ფანტაზიის, ინტელექტუალური თუ სიტყვიერი თავისუფალი თამაშის სურვილი და მისი გამოხატვაა, რაც განსაკუთრებით კარგად გარდასახა სპექტაკლში - „ბედნიერი დღეები“. ჰუმანიტარულ მეცნიერებაში დამკვიდრებულია ტერმინი „ინტელექტუალური გროტესკი“, რადგან, ხშირად სპექტაკლის გამომსახველობითი ფორმა თუ მისი სტრუქტურული აგებულება ემყარება სათეატრო ხელოვნების რემინისცენციას, რომლებიც მაყურებელში იწვევენ  ასოციაციებს და ხელს უწყობენ სცენაზე განვითარებული მოვლენების, ამბის აღქმას, ალუზიას, სადაც, პერსონაჟები ფანტასმაგორიული სამყაროს წარმომადგენლები არიან. სწორედ, ამგვარ სამყაროში „იბადებიან“ ისეთი გროტესკული პერსონაჟები, რომელიც, საინტერესო გარდასახვა/ტრანსფორმაციით რეჟისორთან ერთად შექმნეს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის მეორე  კურსელმა, სარეჟისორო სპეციალობის სტუდენტებმა გიორგი თენაძემ და ტატა მეცხოვრიშვილმა. ვინნის ჰალუცინაციების „ანარეკლი“ „ქონდრის კაცები“ - ლილიპუტეპი, ხელიხელჩაკიდებულნი, ჩანთით, თითქოსდა მოგზაურები, გროტესკული კოსტიუმებით, ფიზიონომიით, სარკასტული გრიმით, ცინიკური მზერითა  თუ გაშარჟებული მეტყველებით ემოციურად ზემოქმედებენ მაყურებელზე.

 „ბედნიერი დღეების“ გარემო, უდაბნოა, რომელსაც დასასრული არ გააჩნია და,  პროექციის საშუალებით, სცენის სიღრმეში ჰორიზონტზეა გადაჭიმული, რაც უფრო ამძაფრებს მიუსაფრობის შეგრძნებას (სცენოგრაფი სოფიკო კიკაბიძე), და, რასაც თან ახლავს მოვლენის შესაბამისი, მაყურებლის ყურსა და გრძნობათა ბუნებაზე ემოციურად მოქმედი მუსიკალური გაფორმება, რომელიც რეჟისორმა კომპოზიტორ გია ყანჩელის მელოდიებით გააფორმა. სიტყვა „აბსურდი“ მუსიკალურ კონტექსტში ნიშნავს ჰარმონიის სრულ არარსებობას. ამიტომაც, ის ლექსიკონის მიხედვით, განიმარტება როგორც რაღაც ჰარმონიის მიღმა, რომელსაც  აქვს  გარკვეული, თავისი განმაპირობებელი მიზეზები. ყანჩელის  მუსიკის ეტაპობრივი და მოკლე, რითმული ტაეპებით გიორგი აფხაზავამ უფრო მკვეთრად გამოხატა აბსურდის  გარემოში მისტიკური სივრცე.

ამ ქვიშის ოკეანეში „ჩაძირული“ ვინნი (მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე) თითოეულ გათენებულ დილას მოუთმენლად ელის, რადგანაც, ელის ბედნიერებას, ვილლისთან საუბრის ბედნიერებას. მისი ემოცია, თუნდაც რუტინული ემოცია, წარსული მოგონებებისა და ამჟამინდელობის ნაზავია, რომელსაც მომავალი არ გააჩნია. როდესაც ბეკეტს კითხეს, თუ რატომ აირჩია ქალი პიესის მთავარ გმირად, მან უპასუხა: „ვფიქრობ, ყველაზე დიდი საშინელება, რომელიც ადამიანმა შეიძლება გამოცადოს, არის მდგომარეობა, როდესაც ძილის საშუალება არ გეძლევა. წარმოიდგინეთ, უნებურად ჩაგთვლემთ და მყისვე გაისმის: „დინგ!“, რომელიც გაფხიზლებთ. ცოცხლად იძირებით მიწაში, რომელიც ჭიანჭველებითაა სავსე; მზე დღედაღამ უმოწყალოდ დაგნათით, ახლო-მახლო კი ერთი ხეც არ მოჩანს.... ჩემთვის გავიფიქრე, ვინ შეძლებდა, ასეთი რამისათვის გაეძლო: იძირებოდეს და სიმღერა არ შეწყვიტოს. მხოლოდ ქალი.“ ასეთია ნინო გაჩეჩილაძის ვინნიც. სცენიდან მისი მონოლოგის დროს, არა, უფრო სწორად მაყურებელთან დიალოგის დროს, გრძნობ მის მუხტს, მსახიობმა გამოძერწა ქალის ისეთი ნიღაბი, რომელსაც აქვს როგორც პირქუში მიწიერი, ასევე მითური განზომილებები. ვინნის ზე-ემოციური ვნებები განძარცვავს მას ფიზიკური სხეულისაგან და ლივლივებს ჰაერში, ისევე როგორც მისი აქსესუარები: ქოლგა თუ შლაპა. უდაბნოს შუაგულში მისი წარმატებული მცდელობა გაუმკლავდეს ერთი ჩვეულებრივი დღის ყოფით სიმძიმეს საკუთარი არსებობის საზრისის ძიებაში ანიჭებს მას, პერსონაჟს, საყოველთაო და მითურ ხასიათს. მსახიობმა შეძლო გაერთიანებინა მითი და ფიქცია, თითქოსდა ებრძვის ბედისწერას, რომელთაც იგი აქ მოავლინეს. მიუხედავად მისი გარეგნობისა და ჟესტიკულაციისა, ნინო გაჩეჩილაძის ვინნი ხომ საოცრად ნაზი და  სათუთი ქალბატონია, რომელიც მარტოობით იტანჯება, მაინც იბრძვის, იბრძვის ბედისწერასთან, რისთვისაც, იყენებს ყველაფერს, რაც აქვს, იმისათვის, რომ ცხოვრება განაგრძოს. მის თითოეულ ნივთს იგი ახალ მნიშვნელობას სძენს. მაღვიძარა საათი, რომელსაც მის სამყაროში ფუნქცია უკვე დაკარგული აქვს, მუდამ მის გვერდითაა, რადგანაც იცის, რომ მისი ზარის დარეკვის შემდეგ, აუცილებლად რაღაც შეიცვლება!  საკვოიაჟი (ე.წ. სამგზავრო ჩანთა) რომელიც რეჟისორმა ვინნისთვის გაათამაშა, სარკასტული მეტაფორით დატვირთა. ქალი ვერსად ვერ წავა, ვერსად ვერ გაემგზავრება, ქვიშაში ჩაფლული, სპექტაკლის დასასრულს, მასთან ერთად, მისი ეს განუყრელი ნივთიც ქვიშად იქცევა, რომელიც „ბედნიერი“ დღეების სიმბოლოცაა და იმედიც...საკვოიაჟი, რაშიც, პირადი ნივთების გარდა, ინახავს მოგონებებს, შიშებს, წარმოსახვებსა და ბედნიერ დღეებს საყვარელ ადამიანთან ერთად, რომელიც მალე აღარ ეყოლება. მსახიობ ცოტნე მაისურაძის ვილლი დეპრესიული  სახეა, აბსურდის „სამყაროს“ გმირია ზუსტად მოძებნილი გამომსახველობითი ფორმებით - დასნეულებული, ბედს მინდობილი ადამიანის შტრიხებით, ფიზიონომიითა და ხასიათით, თავისებური „დუმილის აქციით“, რომლითაც იგი  კამერული თეატრის მაყურებელს ეცნობა. გამხდარი, წელში ოდნავ მოხრილი, წვერმოშვებული და დაუვარცხნელი თმით, ჭუჭყ შეპარული კოსტიუმით, რომელიც, ტანზე, როგორც ტანსაცმლის საკიდზე, ისე აქვს მორგებული. მოვლენის დასაწყისში, ტილოს ჰამაკში წამოწოლილი, მაისურაძის პერსონაჟი, წამიერად, მაგრამ მაინც, როგორც უდარდელი ტიპი წარმოგვიდგება, მაგრამ, ეს მხოლოდ წამიერად და, ისიც შეუიარაღებელი თვალისთვის. მსახიობი ვილლის პერსონაჟის „ძერწვით“ ცდილობს, არ დაარღვიოს წონასწორობა.

 

წონასწორობაზეა აგებული მისი გმირის სტრუქტურა, თითოეული მისი ქმედება, მოძრაობა, ერთ თუ ორ სიტყვიანი პასუხი ვინნის კითხვაზე გაცემული, კი არ მთავრდება, თითქოს წყდება, ბალანსი იგრძნობა მასა და მის პარტნიორ პერსონაჟს შორის. თუ ნინო გაჩეჩილაძის ვინნი, ყველაფრის მიუხედავად, ცდილობს ბედნიერი დღეების იმედი შეინარჩუნოს, კაცისთვის ცხოვრება დიდი ხანია დასრულებულია, ისევე როგორც, სცენის სიღრმეში, მარჯვენა მხარეს დაკიდებულ ტელევიზორზე აციმციმებული ეკრანი. ვილლი ჰამაკსა და უდაბნოს პატარა გორას შორის მოძრაობს, სიგარეტის წევასა და მის კვამლში ატარებს დარჩენილ „ბედნიერ“ დღეებს. იგი უფუნქციო და გულგრილია ცხოვრების მიმართ; დროს კლავს არაფრის კეთებაში და არაფრით ჰგავს ვინნის, რომელიც მუდამ დაკავებულია იმით, რაც აქვს, რასაც ხედავს, რაზეც ფიქრობს თუ ოცნებობს. მსახიობის ვილლი ნაღვლიანი გამომეტყველებით ჰორიზონტს აშტერდება და მის მზერაში იკითხება გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, რომელსაც არც ვინნის უმხელს და არც მაყურებელს. მას ეცოდება  მისი პრანჭია და კეკლუცი ქალი, რომელსაც, იშვიათად, მაგრამ მაინც, მოსიყვარულე და საცოდავი თვალებით უმზერს. მსახიობი ოსტატურად ახერხებს გარდაისახოს ვნებისგან დაცლილ პერსონაჟად, რომელმაც საბოლოოდ უნდა გაარკვიოს ცოცხალია თუ მკვდარი.  

სპექტაკლის „ბედნიერი დღეების“ „ბედნიერ“ დასასრულს ის იარაღი წარმოადგენს, რომელიც, სიცოცხლის მოყვარულმა ვინნიმ მისი განუყრელ საკვოიაჟში აღმოაჩინა და დაუფიქრებლად მოისროლა, თავიდან მოიცილა. ვილლის კი, „ოცნება აუსრულა“. გადაწყვეტილება განხორციელდა. კაცმა აბსურდის სიტუაციაში ყველაზე მარტივი გზა აირჩია. ალბერ კამიუს მიხედვით ხომ, აბსურდული მდგომარეობიდან გამოსავალი და ყველაზე მარტივი თვითმკვლელობაა. სპექტაკლშიც თვითმკვლელობის აქტი შედგა. ნაზმა და კეკლუცმა ვინნიმ კი, სამუდამო სავანედ უდაბნოს ყვითელი ქვიშა არჩია და, მთელი სხეულით მასში ჩაიძირა.

.....ეკრანი აციმციმდა....

 

 

[1] სემუელ ბეკეტი. „ოჰ, ბედნიერი დღეები“

[2] ქართველი თეატრალებისთვის ცნობილია, რომ რეჟისორი გიორგი აფხაზავასთვის უცხო არაა ბეკეტის თემა. იგი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში „შეეჭიდა“ ირლანდიელი დრამატურგის აბსურდის სამყაროს და, წარმატებითაც. ქართველ თეატრალებს გვახსოვს 2011 წელს, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში მის მიერ წარმატებულად განხორციელებული „გოდოს მოლოდინი“ და, ამავე თემაზე რეჟისორის სამეცნიერო ნაშრომი სადოქტორო თემის სახით.

bottom of page