top of page

X უფრო ძლიერია
თუ Y?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

359911490_963248148071531_2383738129604317736_n.jpg

ნუცა კობაიძე

X უფრო ძლიერია თუ Y?

 

 „უფრო ძლიერის“ ერთი მარტივი სცენის საშუალებით სტრინდბერგი ქმნის ცხოვრების ინტენსიურ და ძლიერ სურათს. ალეგორიული პიესა ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკლეა. ნაწერს აქვს იდუმალი მიმზიდველობა და მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„უფრო ძლიერი“ საინტერესოა რამდენიმე თვალსაზრისით. მხოლოდ ერთი პერსონაჟი ლაპარაკობს - მეორე უსმენს და რეაგირებს. მოსაუბრე ხსნის მოვლენების ნარატივს. პიესის სათაურიდანვე ჩანს, რომ ადგილი აქვს პერსონაჟების შეჯიბრს - თუ რომელი ქალია უფრო ძლიერი. სტრინდბერგი გვესაუბრება გენდერულ როლებზე, ქალთა თვითშეფასებაზე, კონკურენტუნარიანობაზე, ქალთა მეგობრობაზე, მათ ეგოსა და ფსიქოლოგიაზე.

თუმანიშვილის თეატრში განხორციელებული ქეთი დოლიძის სპექტაკლი ყველა სხვა დადგმებისგან გამოირჩევა განსხვავებული რეჟისორული ხედვით. მაყურებელი უსმენს ორი პერსონაჟის ერთ ხმას, კერძოდ, ქალბატონი X-ის ხმას, რომელსაც რიგრიგობით ორიგინალურად ირგებენ მსახიობები თამრი ბზიავა და ირინა გიუნაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ არტისტებს X-ის და Y-ის როლები აქვთ - ისინი ცვლიან პერსონაჟებს, ერთი - ქართულად, მეორე კი ინგლისურად საუბრობს. კოსტიუმებიც შესაბამისი აცვიათ, მხოლოდ პატარა, უმნიშვნელო დეტალებით განსხვავებული. მხატვარმა სოფო-მარიამ ქორიძემ ქეთი დოლიძესთან ერთად შექმნა ინტიმური ატმოსფერო თეატრის ფოიეში - მოაწყო შობის ღამე ერთ მყუდრო რესტორანში.

კონფლიქტი ქალბატონი X-ის გარშემო ვითარდება - მის ქმარს რომანი ჰქონდა Y-თან და ახლა შურისძიების შანსი ეძლევა. თამრი ბზიავა და ირინა გიუნაშვილი ერთი როლიდან მეორეში ძალიან ოსტატურად გადადიან. ქალბატონები თითქოს რინგზე დგანან და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.

თავდაჯერებული ქალბატონი X-ის ყოველი გამოსვლა ეფექტური და ტემპერამენტით სავსეა, ის დომინანტია საუბარში,  Y კი - დუმს. ეს სიჩუმე მრავლისმთქმელია. სტრინდბერგთან „უფრო ძლიერში“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწორედ დუმილია, როგორც ძლიერი იარაღის გამოყენება თავდაცვისთვის ან თავდასხმისთვის; რაც სიღრმესა და დაძაბულობას მატებს კონფლიქტს და დარბაზში მყოფ მაყურებელს დაფიქრებას აიძულებს. ამ დუმილს გამოჰყავს წყობიდან ირინა გიუნაშვილის გმირი და ისტერიკულად ყვირის - „რატომ ხარ ჩუმად?!“. ხოლო როცა თამრი ბზიავა გაითამაშებს ამ სცენას, ის  ღიმილით, მშვიდად მიმართავს Y-ს. რეჟისორმა მსახიობებს მხოლოდ როლები კი არ გაუცვალა, მათ დაუსახა ამოცანა, რომ სხვადასხვა ემოციით ერთნაირი შედეგი მიეღოთ. რამაც წარმოდგენა უფრო ღირსეული და მნიშვნელოვანი გახადა.

სპექტაკლში კიდევ ერთი მოვლენაა, რომელიც X-ის ძალაუფლებაზე მიგვანიშნებს - ის იღებს, შვილისთვის საშობაოდ ნაყიდ სათამაშო იარაღს და ესვრის Y-ს, რომელიც ძალიან შეშინდება, იმის მიუხედავად, რომ ნამდვილი არაა იარაღი.

სასიყვარულო სამკუთხედის მთავარი „გმირი“ - მამრობითი სქესი, პრინციპულად ამოღებული აქვს დრამატურგს. მან არ დატოვა კაცის ადგილი ქალების სამყოფელში, რითაც დაუთმო ქალბატონებს ინტიმური სივრცე სასაუბროდ. ამ დროს ქეთი დოლიძეს შემოჰყავს მიმტანი - ჯო (ცოტნე მეტონიძე), რომლის მთავარი და ერთადერთი ფუნქცია ქალების მომსახურებაა. რეჟისორმა ამ პასაჟით გაცილებით ფემინისტური გახადა სპექტაკლი, რითაც ხიბლი შემატა წარმოდგენას.

მათი შეხვედრა დასასრულს უახლოვდება, ეს უშედეგო მონოლოგი კულმინაციას აღწევს, როდესაც ქალბატონი X ამბობს: „მე შენ მძულხარ!“ მისი სიმშვიდე და თვითშეფასება ქრება. ქალბატონი X წარმოადგენდა კონტროლირებადი ქალის ჩვეულებრივ ტიპს, ხოლო Y თითქოს - სუსტ, დაუცველ ინდივიდს. სპექტაკლში ცხადი ხდება, რომ Y ფლობს ფარულ ძალას, რომელსაც X-ის მეშვეობით ნელ-ნელა ამჟღავნებს. ქალები სამოსს იხდიან და თავაშვებულ ცეკვას იწყებენ. ისინი კლასიკური კაბების ქვეშ ატარებენ ბრჭყვიალა მოკლე პენუარებს. ორივე გმირი შემოსილია საზოგადოებისთვის მისაღებად.

მაყურებელი ხედავს, თუ როგორ გადიან გმირები ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპს. უფრო ძლიერის როლს ხან ერთი ირგებს, ხან - მეორე. თითქოს მარტივ სპექტაკლს ვუყურებთ, რომელიც განტვირთვის საშუალებას გვაძლევს დამღლელი დღის ბოლოს.  ამ დროს ის მთლიანად აგებულია ადამიანური ურთიერთობების სირთულეებზე, გენდერული როლების გავლენაზე, რაც სპექტაკლში დამაფიქრებელი და მიმზიდველია.

რომელია უფრო ძლიერი? X თუ Y? X, რომელსაც სახლში ელოდება მოსიყვარულე ოჯახი თუ რესტორანში შობის ღამეს მარტო მჯდარი Y, რომელმაც ასწავლა X-ს როგორ უნდა ყვარებოდა და შეენარჩუნებინა ქმარი... რეალურად ორივე მოტყუებული, იმედგაცრუებული ქალია, ერთმანეთის  მოსმენით და საუბრით გული რომ იჯერეს.

 

დაბოლოს, მინდა ვთქვა - ეს არის თანამედროვე, კლასიკური სპექტაკლი, სადაც მსახიობები ზუსტად გადმოგვცემენ რეჟისორის ჩანაფიქრს. რამდენი ხანია არ მინახავს სპექტაკლი, რომელიც მიუხედავად აქტუალური პრობლემისა არ დამღლიდა, არ დამძაბავდა, დამაფიქრებდა, სიამოვნებას მომანიჭებდა...

bottom of page