top of page
391719642_736732305149859_7030483128947537843_n.jpg

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

ზუკა ნემსაძე

ხუციშვილმა „უხერხემლო“ მაყურებელი, დაფიქრებულ ჭირისუფლად გვაქცია!

 

„ჭკუა არ ჰქონდა ჩემს შვილს, არა! გაზაფხულზე სიკვდილი გამიგია?

როცა გარშემო ყველაფერი ყვავის?“ - მართა

ალექსი ჩიღვინაძისის პიესიდან „უხერხემლო“

 

ოჯახური ტრაგედია, მიუღებლობა, დაგვიანებული სინანული, პატიება და ბოდიში - ლაიტმოტივად გასდევს მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვანო ხუციშვილის  მიერ დადგმულ, ალექსი ჩიღვინიძის პიესას „უხერხემლო“.

 

სანამ სპექტაკლსა და მის უდავოდ ნიჭიერ მონაწილეებზე მოვუყვები მკითხველს, ვიტყვი, რომ პიესა 2017 წელს, ალექსი ჩიღვინაძემ თემურ ჩხეიძის სახელოსნოში დაწერა. მაშინ რეჟისორი ვანო ხუციშვილი და მწერალი ალექსი ჩიღვინაძე ერთად სწავლობდნენ. რეჟისორმა მაშინვე დადო პირობა (საკუთარ თავთან), რომ ოდესმე მაყურებლის წინაშე „უხერხემლოთი“ წარდგებოდა. როგორც კი ხუციშვილმა, უკვე მრავალჯერ სცენაზე ინტერპრეტირებული „უხერხემლოს“ თუმანიშვილის თეატრის სცენაზე  დადგმა გადაწყვიტა, მწერალთან ერთად იმუშავა და მაყურებლის წინაშე ახალი რედაქციით წარსდგა.

 

პიესა, რომელიც თუმანიშვილის თეატრის სცენაზე გათამაშდა, საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა მაყურებლისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ

სპექტაკლი კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და დაფინანსებით დაიდგა.

 

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის პრემიერა გასული წლის ივლისში შედგა, მაყურებელში აქტუალობას მაინც არ კარგავს.  „მიუხედავად იმისა“, რომ ბევრი კრიტიკული მოსაზრება გაჟღერდა ვანო ხუციშვილის მისამართით, ფაქტი მაინც ჯიუტია, რომ თუმანიშვილის თეატრში, პრემიერიდან თითქმის ერთი წლის თავზე, სპექტაკლი კვლავ სრული ანშლაგით მიდის.

 

ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ნამდვილად რთულია გაუგო ან გაუგონ უმცირესობის წარმომადგენლებს, საკუთარმა ოჯახის წევრებმაც კი. სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს, ალექსი ჩიღვინაძე თავის პიესაში, რომელსაც „უხერხემლო“ უწოდა.

 

„როგორ გიხდება, ბიჭო, ეს კაბა! არ დაგცინი. მართლა გიხდება, დედა!“ - სწორედ ამ ფრაზის მოსმენამდე მაყურებელს უწევს ნახოს, მიუღებლობა, დამცირება, ტკივილი, სევდა, რომელიც უმცირესობის წარმომადგენლების მშობლების მისამართით და მათგან საკუთარი შვილების მისამართით ისმის ხშირად.

 

დასაწყისში სცენაზე ორი მეფუტკრე ჩნდება, დადიან სკებს შორის და ისტორიებს ჰყვებიან, ისტორიებს სოფელზე, ბავშვობაზე, სახლზე, რომლის ნაწილიც შემდეგ გათამაშებული სანახაობა უნდა გახდეს. 

 

ლევანის დედა მართა (ნინელი ჭანკვეტაძე) თეატრისა და კინოს, გადაუჭარბებლად ვიტყვი, ლეგენდა, იმდენად გააზრებულად, ხორცშესხმულად, ტკივილით, მონატრებით, სევდით - ამ ნაკრები ემოციით ასრულებს ტრანსგენდერის დედის როლს, რომ მაყურებელთა უმრავლესობას სპექტაკლის მსვლელობის დროს, ცრემლის ღვრის და ემოციის ტაშით გამოხატვის არ მორიდებია.

 

მართა (ნინელი ჭანკვეტაძე) და მამია (გოგა პიპინაშვილი) შუახნის მშობლები არიან, რომელთაც კავშირი ერთადერთ შვილთან გაწყვეტილი აქვთ. გოგა პიპინაშვილის მამია ხისტი, რადიკალი მამაა, რომელიც შვილის ცხედრის წინ დგას, მხოლოდ ერთი პრობლემა აწუხებს: (ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს პარტერიდან) - რომ მისი შვილი კაცია, კაცად გაჩნდა და კაცად უნდა დამარხოს. სიკვდილის შემდეგაც არ ცდილობს, რომ გაუგოს შვილს.

 

მამისა და შვილის ურთიერთობაში პრობლემები ლევანის პატარაობაშივე დაიწყო. ადათ-წესების მიმდევარი და მენტალურად ტრადიციების ერთგული მამისთვის შვილზე ძალადობა ჩვეული ქმედებაა, თუ მამაკაცი (თუნდაც ბავშვი) სისუსტეს გამოავლენს. „კაცი ცრემლების ვის გაუგია“ - ამბობს გოგა პიპინაშვილი, რომელსაც გრიმის წყალობით პროვინციული სახე და გარეგნობა აქვს. მამიას გარეგნობა ზუსტად გამოხატავს პერსონაჟის შინაგან სამყაროს. მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ დგება მომენტი, როცა მამიაც გატყდა და ტირილს იწყებს, როცა მის მიერვე გაკეთებული შვილის კუბოს დახედავს. ახლა კაცის ცრემლები გაგონილა?

ახლა უკვე იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას. გოგა პიპინაშვილი სამსახიობო ოსტატობის წყალობით მაყურებელს ავიწყებს, რომ ჩვენს წინ მსახიობი დგას და არა შვილმკვდარი, განადგურებული მამა. ჩვენ კი, მაყურებელი, რომელიც „ჭორიკანა“ ბრბოს განვასახიერებთ, სეირის მოლოდინში, დაძაბული, გამადიდებელი შუქით ვაკვირდებით ერთ ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას და ველით მოვლენების განვითარებას.

 

გარდაცვლილის ორი მეგობარი ქალაქიდან ნინო (ნინა ლორთქიფანიძე) და დანიელი (გივი ბალანჩივაძე) და სოფლის მღვდელი (გიორგი ჯიქია) მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებლები არიან, თუმცა მათ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვთ სპექტაკლში და რეჟისორის დაკისრებულ ამოცანას წარმატებით ართმევენ თავს. ისინი არ არიან სცენის ოსტატების - ნინელი ჭანკვეტაძისა და გოგა პიპინაშვილის სამსახიობო ოსტატობის ჩრდილში. მათ შეძლეს სამსახიობო ოსტატობის გამოვლენა და დაკისრებულ მოვალეობაზე თავის გართმევა.   

 

მაყურებელი ჯერ კიდევ  ვერ ხვდება, ეს ბიჭი - დანიელი (გივი ბალანჩივაძე) მხოლოდ მეგობარია თუ უფრო მეტი გარდაცვლილისთვის. რეჟისორმა საინტერესოდ ჩაიფიქრა ჩახუტების სცენა, როცა დანიელს ჰგონია, რომ ოთახში მარტოა, აქ პირველად „შეგვაპარა“ რეჟისორმა რომ გარდაცვლილსა და დანიელს შორის მეგობრობაზე მეტია. ეს ეპიზოდიც ოსტატურად შეასრულა მსახიობმა.

 

დაუვიწყარია მამის (გოგა პიპინაშვილი) და დანიელის (გივი ბალანჩივაძე) დიალოგი. მამა შვილზე ბევრ უცნობ ისტორიას იგებს და როცა დააპირებს შვილის მეგობარი გულში ჩაიკრას და ჩაიხუტოს, სწორედ ამ დროს ბიჭი აცხადებს, რომ მის შვილთან ერთად იყო, გოგა პიპინაშვილის გმირი, აცნობიერებს ყველაფერს და მისი რეაქციაც ლოგიკურია, როცა ნაჯახის დარტყმას დააპირებს დაუპატიჟებელი სტუმრისთვის, რომელიც ამავდროულად ჭირისუფალიცაა. ეს სცენა გარდა იმისა, რომ მსახიობები ოსტატურად ასრულებენ, იმიტაც არის მნიშვნელოვანი, რომ ყველაზე დაძაბულ ეპიზოდში რეჟისორი და მსახიობები მაყურებლის გაცინებას ახერხებენ. გოგა პიპინაშვილის რეაქციაზე დარბაზშიც რეაქციაა, როცა მამა აცნობიერებს რა მეგობრობაზეა საუბარი.  

 

მამიას სიძლიერე (ნაჯახის ჩარტყმას რომ დაუპირებს დანიელს) მოჩვენებითია, რადგან მან ვერ შეძლო გარდაცვლილი შვილის ღირსების დაცვა - ვერ ახერხებს სოფლის სასაფლაოზე მის დამარხვას, ვერც კუბოს შეძენას ახერხებს...

 

რეჟისორის დაგვიანებული სინანულის ბოლომდე გამოხატვა სურს, იმდენად, რომ მღვდელი (გიორგი ჯიქია) გარდაცვლილს, მიუხედავად თავიდან უარისა, წესს მაინც აუგებს და ოჯახს ამცნობს, რომ სასაფლაოზეც შეუძლიათ დაკრძალონ შვილი. ეს გადაწყვეტილება მღვდელმა მისი მეგობრის - მამიას გამო მიიღო, ეს არ არის მღვდლის ჰუმანური აქტი. მღვდლის გადაწყვეტილება იმდენად წარმოუდგენელი იყო მაყურებლისთვის, რომ აქ-იქ მაინც ისმიდა უკმაყოფილობის გამომხატველი ჩურჩული დარბაზში. შეგრძნება დამრჩა, რომ მაყურებელის ნაწილმა არ გაიზიარა რეჟისორის პათოსი. საზოგადოების ნაწილი არ აღმოჩნდა მიმტევებელი, ჰუმანური, ქრისტიანული.

 

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ემოციური და შემაძრწუნებელი ეპიზოდია სპექტაკლში და ალბათ, რეჟისორის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი, როცა დედა (ნინელი ჭანკვეტაძე) გარდაცვლილ შვილს, მეგობრების ჩამოტანილ კაბას  აცმევს და თან ამბობს: „როგორ გიხდება, ბიჭო, ეს კაბა! არ დაგცინი. მართლა გიხდება, დედა!“ . ამ დროს ნინელი ჭანკვეტაძე სრულად ივიწყებს, რომ მაყურებლის წინაშე დგას. როგორც მსახიობი თავს არ ზოგავს, სრულად ირგებს ტრანსგენდერის დედის როლს და ანგარიშს აღარ უწევს ქმარს, სოფელს და არც ტრადიციებს, სრულად ივიწყებს მათ და შვილის ბოლოს სურვილს ასრულებს. ვფიქრობ, ეს არის სასოწარკვეთილი და მორალურად განადგურებული დედის ერთგვარი ამბოხი, რომელიც დარბაზსაც სწვდება,  მაყურებელი მას თანაუგრძნობს (თქვენ წარმოიდგინეთ მამიაც (გოგა პიპინაშვილი) და გაღიზიანების მიუხედავად თანხმდება ცოლის კატეგორიულ თხოვნა-მოთხოვნას).  

 

მამა (გოგა პიპინაშვილი)  და დანიელი (გივი ბალანჩივაძე) ტრანსგენდერი ლევანის კუბოს, ჩვენ წინ, მაყურებელთა დარბაზში ჩამოატარებენ. ბრბოს წინ, რომელმაც 15 წლის ლევანს აიძულა რომ წასულიყო ოჯახიდან, რომელმაც ხელი კრა ოჯახს, გვერდით არ დაუდგა. შვილის დასაფლავებაზე მხოლოდ 4 კაცი იყო: დედა, მამა და ორი მეგობარი. ჩვენს წინ, რომლებმაც ცრემლები იმიტომ კი არ გადმოვყარეთ, რომ გავიაზრეთ რას ჩავდივართ, არამედ მშობლები შეგვეცოდა.  ჩვენს წინ, იმიტომ რომ ეთქვა რეჟისორს რომ თქვენ ბოლომდე მაინც ვერ საზოგადოება ბოლომდე მაინც არ აღმოჩნდა მიმღები, მიმტევებელი. რეჟისორიც მიგვანიშნებს, რომ დაგვიანებული პატიება და სინანული არაფერია!

 

მამია: ჩვეულებრივი ბიჭი ხარ შენ?

დანიელი: კი

მამია: აი, ჩემი შვილი არ იყო ჩვეულებრივი

დანიელი: დიახ, ის არაჩვეულებრივი იყო

 

რეჟისორმა ხაზგასმით, საინტერესო ხედვითა და გადაწყვეტილებით გვთხოვა ან მოგვიწოდა, რომ არ დავყოთ ჩვენ ირგვლივ მყოფები ჩვეულებრივებად და არაჩვეულებრივებად. მივცეთ შანსი ფრთების გასაშლელად.

 

ზუსტად 7 წუთი უკრავდა ტაშს მაყურებელი შემოქმედებით გუნდს (იყვნენ ისეთებიც ვინც დარბაზი დასრულებისთანავე დატოვეს): ალექსი ჩიღვინაძეს პიესის ავტორს,  რეჟისორს - იოანე (ვანო) ხუციშვილს, მხატვარს - გიორგი გორგიაშვილს,  მუსიკალურ გამფორმებელს - გიორგი ჯიქიას, ტექნიკური რეჟისორს - სოფო ორჯონიკიძეს და სპექტაკლი მთავარ გმირებს:

მართას - ნინელი ჭანკვეტაძეს, მამიას - გოგა პიპინაშვილს, ნინო - ნინა ლორთქიფანიძეს, დანიელს - გივი ბალანჩივაძეს, მღვდელს - გიორგი ჯიქიას.

მსახიობების გასვლის შემდეგ ტაში არ გაჩერდა და მათ არა ერთ გზის მოუწიათ უკან გამობრუნება.

 

და მაშინ როცა, ყველაფერი უკვე დასრულებული გვეგონა, მაშინ როცა რეჟისორის „მესიჯები“ მიღებული და აღქმული გვქონდა, თუმანიშვილის თეატრის ფოიეში გამოსულ მაყურებელს, მამიას (გოგა პიპინაშვილი) მიერ შეჭედილი სასახლე დაგვხვდა, მასში ქალის იასამნისფერი კაბით. სანამ პატიება და ბოდიში დაგვაგვიანდება, სანამ ბოლომდე არ გავიაზრებთ და არ აღვიქვამთ იმას, რაც ვნახეთ ასე დაუსაფლავებელი იქნება ჩვენი ემოციები და ტკივილი, იმის გამო, რომ  დავაგვიანეთ.

 

ვანო ხუციშვილმა, ემოციითა და ტკივილით ბევრი რამის თქმა შეძლო. მივიჩნევ, რომ სპექტაკლი თუმანიშვილის სცენაზე, ხუციშვილის ხედვით აუცილებლად უნდა დადგმულიყო. ერთგვარ გამბედაობად მიმაჩნია, უკვე შემდგარი რეჟისორისგან, თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმღვანელისგან, რომელსაც  თავის დამკვიდრების გზა  თეატრალურ სივრცეში უკვე კარგა ხანია გავლილი აქვს, „უხერხემლოზე“ მუშაობა და მისი განსხვავებული და საინტერესო ხერხებით მაყურებლის წინაშე მიტანა.

 

და, მაინც საინტერესოა ვინ არან? ან საიდან ჩნდებიან? იბადებიან? თუ მერე ხდებიან?  - „უხერხემლოები“?!  ვინ არის უფრო უხერხემლო, ჩვენ დაგვიანებულები თუ ისინი ვისაც თავისუფლად სუნთქვის სურვილი აქვთ ამ სიძულვილით სავსე სამყაროში?!

ფოტოები ბექა ცირეკიძის

bottom of page