top of page

ხინკლის საუკეთესო რეცეპტი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

image_6483441 (1).JPG

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

ხინკლის საუკეთესო რეცეპტი


„დედაჩემმა მითხრა, სახლში წადი და ქმარს მიხედე,

კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო, შვილები გაუჩინე,

ბავშვი ყველაფერს დაალაგებსო“.
ერეკლე დეისაძე „გემრიელად მიირთვით“

 


2024 წლის 12 მარტს ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ერეკლე დეისაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „გემრიელად მიირთვით“ პრემიერა შედგა, რომლის რეჟისორიც გახლავთ ლექსო ჩემია.


დრამატურგმა/მწერალმა ერეკლე დეისაძემ ტექსტი 2014 წელს დაწერა ბათუმის მონოპიესების ფესტივალისათვის, რომელიც პირველად რეჟისორმა მიხეილ ჩარკვიანმა დადგა (მსახიობი-თეონა ლეჟავა). ტექსტი მომდევნო ათი წელი ფაქტობრივად მივიწყებული იყო, თანაც მოგეხსენებათ ერეკლე დეისაძეს როგორც მწერალს დიდად არ სწყალობენ და არ ცნობენ, ამ ფაქტს ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი კი ზუსტად ის არის, რომ  დეისაძე თავისი შემოქმედებით მუდმივად ყოველთვის მწარე სიმართლეს საუბრობს. არც უკვე ნახსენები ტექსტი არ არის გამონაკლისი, თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული პიესა რეალურ ამბავზეა დაფუძნებული.

ჩემთვის შემოქმედი ლექსო ჩემია ამ დრომდე ნაცნობი იყო, როგორც მსახიობი, თუმცა გეზი სარეჟისოროსკენ აუღია (მაგისტრატურის სტუდენტია) და მიმოხილვის დასაწყისშივე შემიძლია გავყიდო ჩემი მოსაზრებები, რომ საკმაოდ კარგი, საინტერესო და განმჭვრეტი შემოქმედებით დასაწყისად აღვიქვი მისი მეორე სარეჟისორო ნამუშევარი.

რატომ აირჩია რეჟისორმა თანამედროვე ქართული დრამატურგიიდან კონკრეტულად ეს პიესა, მიზეზი ალბათ ტექსტშივე უნდა ვეძებოთ, რადგან ისეთი მწვავე თემა, როგორიცაა - ქალზე ძალადობა, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღების საშიშროებები და ალკოჰოლს დამოკიდებული პათოლოგი ქმრის მორჩილება დღეს, თანამედროვე სამყაროშიც სამწუხაროდ, და საუბედუროდ კვლავ აქტუალურია. ჩემთვის, უპირველესად, ყურადსაღებია ის მოვლენა, რომ რეჟისორი ასეთ პრობლემებზე რეგიონის თეატრის სცენიდან საუბრობს, რადგან იმ გარემოში, სადაც აქტუალურია ძალადობა და ოჯახისგან მიუღებლობა ან ძალდატანებით გათხოვება, მნიშვნელოვანია ხმამაღლა ვისაუბროთ ყველანაირი ხერხით, თუნდაც ეს იყოს მორალის კითხვა.

ტექსტი ერთი მსახიობის მონოლოგია, თუმცა სპექტაკლში დამხმარე ძალებიც დამატებულები არიან (ცირა ტაბატაძე, მაია თორდუა, ლია გელაშვილი, მიხეილ ბერიძე), რომლებიც ახმოვანებენ მოთხრობაში ნახსენებ სხვა პერსონაჟებს.


მთავარი როლის შემსრულებელი კი ანი ხუბუტია გახლავთ. სპექტაკლი თითქმის თავიდან ბოლომდე ინტერაქციულია. ამ მხრივ კი მსახიობს რთული ამოცანა აქვს დაკისრებული, რადგან, ცხადია, ყოველ ჯერზე განსხვავებულ აუდიტორიასთან ექნება „სამუშაო“.
ეს ტერმინი შემთხვევით არ გამომიყენებია, რადგან მსახიობი სპექტაკლის განმავლობაში არაერთხელ ამყარებს აუდიტორიასთან კავშირს და თვალებით კონტაქტსაც ცდილობს. შეიძლება ითქვას, რომ მსახიობმა პირველივე აკორდიდანვე მოახერხა მაყურებლის მოქცევა და მთელი დარბაზი პერსონაჟის ისტორიაში „ჩაითრია“. მეტიც, მსახიობს სცენიდან კითხვა დასმული არ ჰქონდა დარბაზიდან პასუხების ხმა ისმოდა. მოქმედების კულმინაციურ მომენტში კი, როცა მსახიობმა მაყურებელს თავისი ქმედების შესახებ უთხრა, საკმაოდ ხმამაღალი შეძახილებით აივსო დარბაზი. ცხადია, მაყურებელთან ამ დონის ინტერაქცია სპექტაკლის ერთ-ერთი დიდი პლუსია და დადებითად აისახა საერთო სურათზე.
თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მსახიობის თხრობა საკმაოდ მონოტონურია და სხვადასხვა ხასიათის ამბავს თითქოს ერთმანეთის მსგავსად გვიამბობს. მგონია, რომ ბედნიერი ქალისა და ძალადობის მსხვერპლი ქალის გაზიარებული სათქმელი თვალშისაცემად კონტრასტულიც კი უნდა იყოს.

ვინც პიესას იცნობს, მარტივად მიხვდება, რომ სპექტაკლში ტექსტი საგრძნობლად შეკვეცილია, ბევრი რამ ამოღებულია, თუმცა ამბის სტრუქტურა არ ირღვევა.
ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ჰარმონიის შევლა უბედურებისაკენ ძალიან სწრაფად ხდება, მთავარი ამბის, მოქმედების პიკის განვითარების დასაწყებად და გამოსაკვეთად ქმედება არ არის საკმარისად მოტივირებული. ამრიგად, გარდამავალი ქმედების მეტი ორგანულობა სპექტაკლს მხოლოდ და მხოლოდ უკეთესობისაკენ თუ უბიძგებს.

სპექტაკლის მხატვარი ლელა ფერაძეა, რომლის ნამუშევარიც ნამდვილად იქცევს ყურადღებას, თუმცა ეს მოწონება უმეტესწილად განაპირობა მეტაფორულმა გადაწყვეტებმა და დეკორაციის ქმედითობამ. ორმხრივი კედლების ფრაგმენტების შემოტრიალებისას ბანქო ჩნდება კედლებზე, როდესაც ახსენებს, რომ სტუმრად მისი თანამშრომელი გოგოები მოვიდნენ პარალელურად ატრიალებს დამა ქალებს, შემდეგ ვალეტის პერსონაჟად თავის ქმარს წარმოგვიდგენს და გვიყვება მორიგ უსამართლო ცხოვრებისეულ ფაქტზე. ეს აღვიქვი ერთგვარ „კარტების გადაშლად“ პირდაპირი და ირიბი გაგებით, რადგან ნელ-ნელა ხდება ყველაფერი ცხადი და თვალსაჩინო.


გარდა ამისა, ყურადსაღებია კაცის როლის შემსრულებლის სცენაზე გამოჩენა. ანი ხუბუტიას პარტნიორად ჯოხებზე აგებული კაცის ტანისამოსი გვევლინება, რომელსაც ზემოხსენებული „დამხმარე ძალები“ ამოძრავებენ. ეს გადაწყვეტაც, რა თქმა უნდა, სრულად მეტაფორაა და ასახულია კაცის არარაობა.

საერთო ჯამში კი მინდა ვთქვა, რომ სპექტაკლს ბევრი პლუსი და მინუსი აქვს, მაგრამ ფაქტია, მაყურებელი, მათ შორის მეც, გულგრილი არ დაუტოვებია, სპექტაკლმა „ჩაითრია“ და მეტიც, წარმოდგენის მერეც დაგვაფიქრა. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მონოპიესაზე მუშაობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რასაც ახალბედა რეჟისორმა, ყოველგვარი შელამაზების გარეშე რომ ვთქვათ, თავი ნამდვილად გაართვა. დანარჩენი კი, როგორც სპექტაკლში გაჟღერდა: „პრაქტიკა მაინც თავისას შვება“.

ვილაპარაკოთ, ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ ყველა გზითა და ყველა ხერხით, იმ  ლამის ტაბუირებულ თემებზე, რომელსაც ნელ-ნელა ეხდება ფარდა, მაგრამ უყურადღებობამ უკან არ დაგვხიოს, თორემ ტექსტი შეიძლება ერთ რეალურ ისტორიაზეა დამყარებული, მაგრამ მსახიობმა ერთი ქალის ისტორიით ჩემი მეზობლის ისტორიაც გააცოცხლა, შენი გარე ბიძაშვილის ამბავიც მოყვა და საერთოდ, ყველა ადამიანის ახლობლის ამბავი შეგვახსენა, რომელშიც შიშით ცხვირს ვერ ვყოფთ.

 

bottom of page