top of page

ხელოვნება თავისუფალ საქართველოში (1917-1921)

Ministers_of_Georgian_Democratic_republi

გუბაზ მეგრელიძე             
ხელოვნება თავისუფალ საქართველოში (1917-1921)

ქართული თეატრის მძიმე მდგომარეობა 1914 წელს შენობის დაწვის შემდგომ, უფრო დამძიმდა პირველის მსოფლიო ომის პერიოდში. ჟურნალი ,,თეატრი და ცხოვრება”1  ქვეყნის ურთულეს სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარების აღწერასთან ერთად, თეატრის მდგომარეობის შესახებაც წერდა, რომ ტფილისის თეატრი მუდმივი სცენის უქონლობის გამო ძველ პიესებს უჩვენებდა და დრამატული დასის დაქსაქსვის გამო, სხვადასხვა კლუბების სცენებზე პერიოდულად გამოსვლით თანდათან პროფესიონალურ დონეს კარგავდა. ქართული დრამატურგიაც ვერ ასახავდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. Dამიტომაც ოცამდე დაწერილი პიესა არ დადგმულა. იგივე ჟურნალი იუწყებოდა, რომ სახალხო სახლთან არსებული წრე უკეთეს პირობებში იყო, სადაც რეჟისორ კ. შათირიშვილის ხელმძღვანელობით იდგმებოდა თანამედროვე, ნათარგმნი და ორიგინალური პიესები. ამოტომ ხალხიც მრავლად ესწრებოდა და წრეს თავისი მუდმივი მაყურებელი ჰყავდა. ამათან ერთად ჟურნალი აღნიშნავდა ქართული მუსიკის მიღწევებსა და განვითარებას: ,,...ქართულ ეროვნულ მუსიკას გამოცოცხლება დაეტყო. დ. არაყიშვილი, კ. ფოცხვერაშვილი, ნ. სულხანიშვილი და სხვები სასულიერო და საერო ჰანგებს ჰკრეფდნენ და ამუშავებდნენ. კომპოზიტორმა კ. ფოცხვერაშვილმა რამდენიმე საერო-სასულიერო კონცერტი გამართა, ლექციითურთ. ზ. ფალიაშვილმა სრულ ჰქმნა თავისი ოპერა. აღსანიშნავია მ. კავსაძის მიერ გამართული ხალხური კონცერტებიც და წლის მიწურულს ქართულად დადგმული (ორჯერ) ოპერა ,,რიგოლეტო”, კ. დოდაშვილისმიერ თარგმნილი. ნამდვილი ქართული ეროვნული ოპერა ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ, მაგრამ იმედია, მალე ვნახავთ: ქართულ ეროვნულ ჰანგების შეკრება-დამუშავება და ქართველ ახალგაზრდა მომღერლთა _ქ-ნ შავერზაშვილის, ბბ. ინაშვილის, ლორთქიფანიძის, ლეჟავას და სხვ. გამოჩენა ამისი თავდებია”. 
1916 წლის დეკემბერში თავისი მოღვაწეობა შეაჯამა ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ. გამოირკვა, რომ საზოგადოების ისედაც მცირე თანხები საზოგადოების ხაზიდანარმა გაფლანგა. ამ შეკრებას წინ უსწრებდა ფართე საზოგადოებრივი დისკუსია ქართული თეატრის განვითარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავდნენ თეატრის შემოქმედებით დაქვეითებასა და მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს ეძებდნენ. თებერვლის რევოლუციას თეატრის მოღვაწენი სიხარულით შეხვდნენ, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ თეატრის მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ვინაიდან ქვეყნის რესპუბლიკური მოწყობა, თეატრს გულისხმიერ მფარველს შესძენდა. იმ დროინდელ პრესაში ბევრს წერდნენ ქართული თეატრის განვითარების ახალ გზებზე. ჟურნალი ,,თეატრი და ცხოვრება” მოწინავე სტატიაში წერდა, რომ თეატრი არასდროს ყოფილა ისე საჭირო, როგორც ახლა ,,...მაგრამ თეატრს აღარ ეკადრება ძველებური ენით ლაპარაკი, ძველი მეთოდებით მუშაობა...” წერდნენ, რომ ახლა თეატრს ახალი სიტყვა, ახალი აზრი, ახალი მხატვრული მეთოდები, რათა მაყურებელში ახალი ემოციები, შექმნილი რევოლუციური პროცესებისა და ახალი ცხოვრების აღქმა გაეძლიერებინა. პრესა წერდა, რომ ახლა საჭირო იყო დაკვირვებული დრამატურგი, რომელსაც თანამედროვე მრავალფეროვანი ცხოვრებიდან ეჩვენებინა ნამდვილი მარგალიტები, რითაც სამუდამოდ განშორდებოდნენ წარსულს და ხალხში ახალი მისწრაფებები გაეღვივებინა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თეატრის მოღვაწეებს ქართული თეატრის შემოქმედებითი აღმავლობის იმედი ჰქონდათ. 
პირველ რიგში, თეატრის მოღვაწეების წინაშე პროფესიული კავშირის შექმნა დადგა. 1917 წლის აპრილში თბილისში ჩატარებულ ყრილობას სულ 60 მსახიობი და რეჟისორი ესწრებოდა. ასე მცირერიცხოვანი იყო იმ დროს პროფესიონალ შემოქმედთა რაოდენობა. აირჩიეს გამგეობა კ. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით. ეს იყო ქართული თეატრის ისტორიაში პირველი ორგანიზაცია, რომელიც იცავდა თეატრის მოღვაწეთა პროფესიულ ინტერესებს, მაგრამ პირველივე ნაბიჯების გადადგმისას მოუწია თავისი მოღვაწეობის ჩარჩოს გაფართოვება. საქმე იმაშია, რომ პრესის მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული ნაბიჯები არ ჩანდა თეატრის განახლების საქმეში. 1917 წლის შემოდგომაზე ახალი სეზონის გასახსნელად არაფერი კეთდებოდა. პრესა ითხოვდა, რომ დრამატულ საზოგადოებას ტრადიციულად აეღო პასუხისმგებლობა სეზონის გასახსნელად, მაგრამ გამგეობამ ზომები არ მიიღო და უარი თქვა დასის ხელმძღვანელობაზე. სეზონს ჩავარდნა ემუქრებოდა. ქართველ მსახიობთა კავშირმა სეზონის ჩავარდნა არ დაუშვა და დასის ხელმძღვანელად ვ. შალიკაშვილი მოიწვია. 


1917-18 წლის სეზონი 23 სექტემბერს ვ. შალიკაშვილის დრამით ,,გადაჭრილი მუხა” გაიხსნა. დასი ქართულ კლუბში დაფუძნდა. შენობა ქართულ დრამატულ საზოგადოებას ეკუთვნოდა. 8 თვის მანძილზე მხოლოდ 50 სპექტაკლი გაიმართა. პიესები ძირითადად ძველ რეპერტუარს ეფუძნებოდა. დაიდგა ორი ახალი პიესა _ ნ. შიუკაშვილის დრამა ,,სულელი” (ცარიზმთან ხალხის რევოლუციური ბრძოლის შესახებ) და შ. დადიანის კომედია ,,გუშინდელნი” (ქართველი თავად-აზნაურობის დეგრადაციის შესახებ), რომელთაც ტფილისის თეატრის პირველ დადგმებში წარმატება არ ჰქონიათ, ვინაიდან იგრძნობოდა ომით გამოწვეული კრიტიკული მდგომარეობა. მართალია, დასი შედგებოდა საუკეთესო მსახიობებისგან, მაგრამ შემოქმედებითად შეკრული არ იყო. გაზეთში ,,სახალხო საქმე” აკ. ფაღავა წერდა: ,,გასული წლის ანგარიში ვერ არის ამინც დამაინც სანუგეშო, რომელიც თვით ცხოვრებაში მოახდინა რევოლუციამ...ჩვენი თეატრი, როგორც ასეთი, უცვლელი დარჩა. ახალი, სულ ახალი ძიება ვერ შვა მასში თვით რევოლუციის ქარტეხილმა. პირიქით, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ძველი, უნაყოფო ტრადიციის გამაგრებისთვის იბრძვის ჩვენი თეატრი.”2 ავტორის აზრით, თეატრი ახალი ძალებითა და ახალ საწყისებზე უნდა შექმნილიყო.


1918 წლის მარტში ქართველ მსახიობთა კავშირის ყრილობაზე აირჩიეს ახალი გამგეობა შ. დადიანის თავმჯდომარეობით. ყრილობაზე საფუძვლიანი მსჯელობა გაიმართა თეატრის მდომარეობასთან დაკავშირებით. გამომსვლელებმა გამოთქვეს აზრი, რომ ხელუფლება ვალდებული იყო თეატრისთვის დახმარება გაეწია და ითხოვდნენ თეატრის შემოქმედებით განახლებას. ამის პირველი ნაბიჯი გახლდათ გიორგი ჯაბადარის სტუდიის გახსნა. მან განათლება ბელგიაში მიიღო, შემდეგ პარიზში დრამატული სტუდიის დამთავრების შემდეგ რეჟისორად მუშაობდა ანტუანის თეატრში. დასასვენებლად ჩამოსული გ. ჯაბადარი დაიყოლიეს ქართული თეატრისთვის ახალი, ახალგაზრდა მსახიობთა აღზრდის საქმეს შესდგომოდა. შერჩევამ ნიჭიერ ახალგაზრდების ჯგუფი გამოავლინა, რომელმაც 1918 წლის ზაფხულში საგარეჯოში დაიწყო სტუდიის სასწავლო პროცესი. სტუდიელები იყვნენ: ვ. ანჯაფარიძე, მ. გელოვანი, დ. ანთაძე, აკ. ვასაძე, შ. ღამბაშიძე, მ. ჭიაურელი, მ. ლორთქიფანიძე, ან. ქიქოძე, ვ. ჯიქია, მ. მჟავია, გ. სარჩიმელიძე, ბ. გამრეკელი და სხვ. 18 ნოემბერს სტუდიელებმა დადგეს ნ. ბრიეს ,,სარწმუნოება”, რომელსაც პრესა დადებითად გამოეხმაურა და ,,იშვიათი სანახაობა” უწოდა, რადგან ,,ამ ნგრევისა და რღვევის პროცესში საზოგადოებას არცთუ დიდი იმედი ჰქონდა. აღნიშნავდნენ ანსამბლურ თამაშს, რაც წინსვლა-განახლების ნიშანი იყო.3 ჟურნ. ,,თეატრი და ცხოვრება” წერდა, რომ `ბრიეს `სარწმუნოებამ” დიდძალი საზოგადოება მიიზიდა...ბევრს იმედი აღეძრა; აჰა, ძლივს ვეღირსებით სცენის განახლებასო...საერთო შთაბეჭდილება არაჩვეულებრივი იყო; ასეთი შეხამებითი შერჩეული ფერებით, ერთსულოვნებით დადგმული პიესა იშვიათად გვინახავს: ხმა, მუსიკა, ფერები, ცეკვა, მორთულობა, სახის მოხატულობა _ გრიმი და სხვ. დიდი ხელოვნებით იყო შესხმული.”4 აქვე აღინიშნული იყო მ. გელოვანის, ვ. ანჯაფარიძის, ვ. ჯიქიას, ც. ამირეჯიბის, ა. ქიქოძის წარმატება. ამდენად, გ. ჯაბადარის სტუდიამ საფუძველი ჩაუყარა პროფესიონალი მსახიობთა აღზრდას, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ქართული თეატრის წინსვლაში.


1918-19 წლის სეზონის ორგანიზაცია ალ. წუწუნავას დაევალა, რომელიც ოპერის თეატრის კომისარი იყო. დაისახა რეპერტუარი და დასის შემადგენლობაც, მაგრამ სათანადო სახსრები ვერ მოიძებნა. ამიტომ დრამატულმა საზოგადოებამ სეზონი ზემოთაღნიშნული სტუდიის სპექტაკლით გახსნა, თუმცა სისტემატური სპექტაკლების გამართვა არ შეეძლო. პროტესტი გამოთქვა ქართველ მსახიობთა კავშირმაც, რომ პროფესიონალი მსახიობები უმუშევრად არ დარჩენილიყვნენ. შექმნილი ვითარების გამო, დრამატულმა საზოგადოებამ სეზონის ხელმძღვანელობასა და დრამატული სტუდიის დაფინანსებაზე უარი განაცხადა. საბედნიეროდ, სტუდიის დაფინანსება იკისრა ,,ცეკავშირმა” და სტუდიამაც 1920 წლამდე განაგრძო მუშაობა, თუმცა სხვადასხვა თეატრალურ მიმდინარეობათა პრიორიტეტის გამო, სტუდიელებსა და ძველი თაობის მსახიობებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს შემდგომში სტუდიის დახურვა მოჰყვა. 


1918-19 წლის სეზონი მსახიობთა კავშირის მიერ ორგანიზებული ამხანაგობის მიერ ალ. სუმბათაშვილ-იუჟინის ,,ღალატის” დადგმით გაიხსნა. სეზონი დასრულდა მარტში და ნაჩვენები იყო მხოლოდ 26 სპექტაკლი. რეპერტუარში ძველი დადგმული სპექტაკლების გარდა, სიახლეს წარმოადგენდა ვ. ყუშიტაშვილის დადგმული სოფოკლეს ,,ანტიგონე”. მთლიანი სეზონი წარუმატებლად დამთავრდა. თეატრალური საზოგადოება და პრესა მთავრობისგან თეატრისა და მსახიობთა ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვდა, მაგრამ კრიზისული ვითარება გრძელდებოდა. მდგომარეობა არც 1919-20 წლის სეზონისთვის შეცვლილა. 1919 წ. ივნისში გაზ. ,,სახალხო საქმე” წერდა: ,,...ჩვენს სულიერს კულტურას, ხელოვნებას, მწერლობას არ ეტყობა სათანადო გამოფხიზლება და აღორძინება...ამ მხრივ ყველაზე უფრო საყურადღებოა ქართული თეატრის აწინდელი მდგომარეობა. მას არათუ წარმატება ემჩნევა, არამედ თითქოს ჩამოქვეითდა კიდეც და ერის პოლიტიკურმა განთავისუფლებამ ჯერ-ჯერობით არაფერი მოუტანა...თეატრი უნდა შეიქმნეს ჩვენი სახელმწიფოსა და თვითმმართველობათა უმთავრეს საზრუნავ საგნად...”5  ბოლოს და ბოლოს შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელმაც ორი ვერსია განიხილა. პირველი ვარიანტით, თეატრის მეპატრონე ხელისუფლება უნდა ყოფილიყო, მეორე ვერსიით თეატრისთვის უნდა ეხელმძღვანელა საზოგადოებრივ ორგანიზაციას მთავრობის მეთვალყურეობით. გადაწყდა უახლოეს დროში დრამატული საზოგადოების განახლება და თეატრის ხელმძღვანელობის დაკისრება. მან შეადგინა დასი და დაამტკიცა რეპერტუარი. სპექტაკლები ოპერის თეატრში უნდა გამართულიყო, საოპერო სპექტაკლებთან მონაცვლეობით, მაგრამ ოპერის თეატრის კომისარმა ალ. წუწუნავამ ამაზე უარი განაცხადა. რეპეტიციის დასაწყებად მისული მსახიობები მან თეატრში არ შეუშვა და იგნორირება გაუკეთა ხელისუფლებისადმი დრამატული საზოგადოების მიმართვასაც. დრამატულმა საზოგადოებამ  სხვა შენობა ვერ მოძებნა და სეზონი ჩაიშალა. აკ.Kფაღავა აჯამებდა რა სეზონს აღნიშნავდა: ,,...თეატრი ვერას დაიკვეხნებს 1919 წლის განმავლობაში...ქართული თეატრი ხომ სრულიად მოისპო გათავისუფლებულ საქართველოს დედაქალაქში. ამ საისტორიო სკანდალს უეჭველად აღინიშნავს მემატიანე.”6 ამიტომ, ავტორი  აღნიშნავდა, რომ  დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიის ინიციატივით ჩატარდა მსახიობთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა კრება, სადაც მოხსენებებით გამოვიდნენ ივ. გომართელი და აკ. ფაღავა. კრებამ დაადგინა, რომ შექმნილიყო სახელმწიფო თეატრი, სადაც თეატრი ტექნიკურად აღიჭურვებოდა და მსახიობები მატერიალურად უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ქართული თეატრის აღდგენა.    


ამასთანავე დადებითი მოვლენებიც ხდებოდა. ფართოდ აღინიშნა ნუცა ჩხეიძის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილე, რომლის მოღვაწეობა ასე შეფასდა: `ნინო ჩხეიძე, მით უფრო სათაყვანებელია ჩვენთვის, რომ მან წმინდა ესთეტიკური სახეების გარდა შეგვინახა და გააღვიძა მიძინებული ეროვნული გრძნობა დამონებული ერი შვილებისა”.7 აგრეთვე გაიმართა  ვასო აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის 45 წლისთავის აღსანიშნავი ბენეფისი, სადაც მთავრობის სახელით მსახიობს ალ. წუწუნავამ მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი დაჯიდლოვებულია სახელმწიფო ღერბით და ქნარით, აგრეთვე 5000 მანეთით.8
რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, დრამატულმა საზოგადოებამ 1919-1920 წლის თეატრალური სეზონის ჩატარება ვერ შესძლო. 


ქართველ მსახიობთა ამხანაგობა თეატრის არსებობისთვის ბრძოლას განაგრძობდა. ამ მიზნით, 1920 წლის 2 იანვარს ფართოდ აღინიშნა ქართული თეატრის დღე. გამოიცა ერთდროული გაზეთი ,,მსახიობის დღე” შ. დადიანის რედაქტორობით. პრესა აღნიშნავდა, რომ ეს იყო ქართველ მსახიობთა პირველი საზეიმო გამოსვლა. ქუჩებში გაიმართა სადღესასწაულო მსვლელობა. ავტომობილში ისხდნენ: ვ. აბაშიძე, მ.  საფაროვა-აბაშიძე და ელ. ჩერქეზიშვილი. ქუჩებში იყიდებოდა გაზეთი `მსახიობის დღე”. საღამოს სახელმწიფო თეატრში გაიმართა ა. სუმბათაშვილის `ღალატი”. სპექტაკლის მესამე მოქმედების შემდეგ, სახელმწიფო თეატრის კომისარმა ალ. წუწუნავამ ქართველ მსახიობებს ეს დღესასწაული მიულოცა9. მთავრობამ ნაგვიანები ყურადღება გამოიჩინა და პენსიები დაუნიშნა ვასო აბაშიძეს, კოტე ყიფიანს, მაკო საფაროვა-აბაშიძეს და ელ. ჩერქეზიშვილს, ხოლო დავით კლდიაშვილს სამწერლო მოღვაწეობის 30 წლისთავი აღნიშნეს. სამწუხარო ფაქტად იქცა ეკონომიკური პირობების გამო, დიდი მსახიობის ვლ. ალექსი-მესხიშვილის გარდაცვალება. ამავე პერიოდში გარდაიცვალნენ ქართული სცენის თვალსაჩინო მოღვაწენი ვალერიან შალიკაშვილი და გიორგი არადელ-იშხნელი.
საერთოდ, მსახიობთა მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. პრესასა და საზოგადოებაში მომწიფდა აზრი ტფილისში თეატრის აღდგენასა და მისი სახელმწიფოს მიერ დაფინანსების შესახებ. ეს ვითარება გამოიკვეთა 1920 წლის მაისში გამართულ ქართველ მსახიობთა კავშირის მეოთხე ყრილობაზე, სადაც მიიღეს დადგენილება, რომ დედაქალაქში ქართული თეატრისთვის კარი დაკეტილი იყო, ხოლო მსახიობები ხელოვნურად შექმნილი დაღუპვის პირას იყვნენ მისულნი, მაშინ როდესაც მათ შესწევდათ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა. ამიტომ ყრილობამ გადაწყვიტა ხელისუფლებისთვის ეცნობებინა მსახიობთა მდგომარეობის შესახებ, პროფკავშირების ცენტრალური საბჭოს სამდივნოს სთხოვდა ხმა აღემაღლებინა მსახიობთა უფლებების დასაცავად, მათთვის შეექმნათ საარსებო პირობები. თუ ეს მოთხოვნები ივლისის ბოლომდე არ შესრულდებოდა, მსახიობთა კავშირს უნდა მოეწვია განსაკუთრებული კრება სამომავლო გეგმების შესამუშავებლად. ამ გადაწყვეტილების გასაცნობად ყრილობამ მთავრობას დელეგაცია გაუგზავნა, ხელისუფლებაც დახმარებას დაპირდა და თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტზე აიყვანეს. 


1920-21 წლის სეზონისთვის დრამატულმა საზოგადიებამ დასი შეადგინა, სადაც ცნობილ და გამოცდილ მსახიობებთან ერთად გ. ჯაბადარის სტუდიის ახალგაზრდა მსახიობებიც შევიდნენ. მთავარ რეჟისორად დაინიშნა აკ. ფაღავა, რეჟისორებად: მ. ქორელი, ალ. ახმეტელი, ალ. წუწუნავა, კ. ანდრონიკაშვილი. სეზონის მოსამზადებლად დასი სურამში გაემგზავრა. დასს შესთავაზეს კვირაში ორი დღე არტისტული საზოგადოების სცენაზე ეთამაშა, სადაც მუშაობდნენ რუსული და სომხური დასები. თეატარს აფინანსებდნენ დრამატული საზოგადოება და ხელისუფლება. თეატრს სახელმწიფო სტატუსი მიანიჭეს. სეზონის გახსნისას აკ. ფაღავა აცხადებდა, რომ თეატრს ჯერჯერობით არ ექნებოდა ერთიანი მხატვრულ-შემოქმედებითი მიმართულება. მხატვრული რეალიზმიდან გამომდინარე თეატრი თანადათან მოსინჯავდა ძალებს სხვა მიმართულებებითაც. სეზონი გაიხსნა 15 ოქტომბერს შ. დადიანის ,,გუშინდელნით” და გაგრძელდა 15 თებერვლამდე. ამ ხნის მანძილზე გაიმართა 70 წარმოდგენა და სხვა სეზონებთან შედარების უფრო ორგანიზებულად ჩატარდა. რეპერტუარში იყო ადრე განსახიერებული პიესები, ხოლო სიახლეს წარმოადგენდა ს. შანშიაშვილის ,,ბერდო ზმანიას” დადგმა ს. ახმეტელის რეჟისორობით. შ. აფხაიძის შეფასებით: ,,ეს იყო სრულიად ახალი სიტყვა ჩვენს სათეატრო ხელოვნებაში. სცენა პირველად ამღერდა მუსიკით, არტისტმა პირველად იგრძნო თავისი სხეული, როგორც შემოქმედებითი მასალა. ამ სპექტაკლში ახმეტელმა პირველად შეამზადა ნიადაგი ჩვენში სინთეზური თეატრის შექმნისათვის.”10  ს. ახმეტელისAამ საინტერესო მცდელობამ მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა, ვინაიდან დასში მოღვაწეობდნენ სხვადასხვა მხატვრული მიმართულების რეჟისორები და რეფორმისთვის ნიადაგი არ იყო მომზადებული.


1921 წლის 15 თებერვალს, რუსეთის აგრესიით შექმნილი საომარი ვითარების გამო თეატრმა მუშაობა შეაჩერა. ბრძოლებში მონაწილეობდა აკ. ხორავა. მოგვიანებით, ამის შესახებ პოლიტსამმართველოს მიერ შედგენილ პირად საქმეში აღნიშნულია: `მენშევიკური პარტიის წევრი. სენაკის მაზრის გვარდიის ყოფილი შტაბის უფროსი.Aაქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკთა წინააღმდეგ სამეგრელოს აჯანყების დროს.”  ხოლო ს. ამეტელის შესახებ აღნიშნულია, რომ მენშევიკების პერიოდში ეწეოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას.   


1920-21 წლის სეზონის განხილვისას გაზ. `საქართველო” სპექტაკლ `გუშინდელნის” შესახებ წერდა: `კულტურა აღორძინდა! აყვავდა ხელოვნება…დღეს ვეღარ იცნობთ ქართველ მსახიობს...ქართველმა მსახიობმა ცხადზე უცხადესად დაგვიმტკიცა, რომ მას სკოლაც გაუვლია, ტეხნიკაც დაუძლევია და კულტურასაც ჰზიარებია! ასეთია ჩვენი შთაბეჭდილება ქართული დრამის წარმოდგენებიდან.”11  ასევე დადებითად აფასებდა ამ სეზონს გაზეთი `ლომისი”: `როცა საქართველო დამოუკიდებელ საქართველოდ გამოცხადდა, როცა ერის კულტურული ძალები ამოძრავდა, დაიწყო ინტენსიური მოქმედება ქართული კულტურის გასჯანსაღებისა და აღორძინების ირგვლივ, თეატრსაც დაეტყო გამოცოცხლების ნიშნები. იგი გადაიქცა სახელმწიფო ზრუნვის საგნად. ერთი წლის განმავლობაში სათეატრო მუშაობა მართლაც თვალსაჩინო წარმატებით მიმდინარეობდა. შემუშავდა განახლებული რეპერტუარი, შეიკრიბა საკმაოდ ძლიერი დასი, ყველას ახსოვს ამ მცირე პერიოდის მუშაობა თეატრისა...”12 


ხელისუფლებამ მეტი ყურადღება გამოიჩინა ოპერის თეატრისადმი, სადაც რუსული დასი მუშაობდა და სახელმწიფო დოტაციაზე აიყვანა. თეატრს ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომისარი ალ. წუწუნავა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ეს იყო ერთადერთი სანახაობითი დაწესებულება, რომელიც ევროპელ სტუმრებსა და უცხოელი სამხედრო ოფიცრებს აინტერესებდათ. ამასთანავე, ამ თეატრის ბაზაზე მოხდა ქართული საოპერო ხელოვნების ჩამოყალიბება. ამ მხრივ აღსანიშნავია ქართველ და რუს მომღერალთა და რუსული ქოროს მონაწილეობით ხორციელდებოდა პირველი ქართული ოპერები. პირველი გახლდათ, 1916 წელს დაიდგა რევაზ გოგნიაშვილის ოპერა ,,ქრისტინე” (ეგნ. ნინოშვილის ამავე  ნაწარმოების მიხედვით), რომელიც რეჟისორმა კ. ანდრონიკაშვილმა განახორციერლა. 1919 წლის 5 თებერვალს რეჟისორმა ალ. წუწუნავამ დადგა დ. არაყიშვილის ოპერა ,,თქმულება შოთა რუსთაველზე”, სადაც რუსთაველის პარტიას ვ. სარაჯიშვილი მღეროდა. 1919 წლის 21 თებერვალს ალ. წუწუნავამ განახორციელა ზ. ფალიაშვილის ,,აბესალომ და ეთერი”. აბესალომის პარტიას ბ. ზალიპსკი ასრულებდა. შემდგომში ამ პარტიას ვ. სარაჯიშვილი, ეთერის პარტიას ო. ბახუტაშვილი, მურმანის პარტიას ს. ინაშვილი მღეროდა. 1919 წლის 11 დეკემბერს ალ. წუწუნავამ დადგა პირველი ქართული კომიკური ოპერა ,,ქეთო და კოტე” (ავქ. ცაგარელის ,,ხანუმას” მიხედვით). დრამატული თეატრისგან განსხვავებით, საოპერო თეატრმა დიდ წარმატებას მიაღწია და დიდი როლი შეასრულა ამ ჟანრის შემდგომ განვითარებაში. 
1918-19 წლებში ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ დ. შევარდნაძის თავმჯდომარეობით. იგი დაარსდა 1916 წლის 31 მარტს, რომლის მიზანიც იყო ქართული ხელოვნების განვითარება. იგი ცდილობდა შეექმნა სამხატვრო სკოლა, სამხატვრო აკადემია, სამხატვრო გალერეა, გაემართა გამოფენები და მოეწყო სამხატვრო-სამეცნიერო  ექსპედიციები. აღსანიშნავია, 1916 წელს მხატვრების დ. შევარდნაძის,Aმოსე და ირაკლი თოიძეების, მ. ჭიაურელის, ალ. ციმაკურიძის, ლ. გუდიაშვილის მიერ ნაბახტევისა და დავით გარეჯის ფრესკათა ასლების გადაღება, 1917 წელს ,,ქართველ ხელოვანთა” და ,,საისტორიო-საეთნოგრაფო” საზოგადოებების მიერ ე. თაყაიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში ქართულ ტაძრებში ფრესკების ასლების გადასაღებად და შესასწავლად. ექსპედიციის წევრები იყვნენ: ლ. გუდიაშვილი, დ. შევარდნაძე, მ. ჭიაურელი, ი. ზდანევიჩი, ხუროთმოძღვარი კალგინი. ეს მასალა გამოიფინა ,,დიდების ტაძარში”.


1918 წლის 8 თებერვალს, დიდ კულტურულ მოვლენად იქცა სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეროვნული ცნობიერების განვითარებაში, ახალი კადრების აღზრდაში და ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში, რაც ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზეც ახდენდა ზეგავლენას.  


1918 წლის 30 სექტემბერს, საზოგადოების თავმჯდომარემ დ. შევარდნაძემ განცხადებით მიმართა საქ. ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიას ,,დიდების ტაძრის” მხატვართა საზოგადოებისთვის გადასაცემად. ამ საკითხის შესწავლა კომისიის მდივანს ალ. ახმეტელს დაევალა: ,,მიენდოს ალ. ახმეტელს ინახულოს პირადათ ბატონი სამხედრო მინისტრი და ემცნოს მას, რომ ,,დიდების ტაძარი” გადავიდეს ქართველ მხატვართა საზოგადოების ხელში. ამასთანავე, რომ გამოიტანოს შესაფერისი განკარგულება”13. 1919 წელს, ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” შუამდგომლობით ხელისუფლებამ სახაზინო ხარჯით პარიზში გააგზავნა ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრები: ლ. გუდიაშვილი, ს. ქიქოძე, დ. კაკაბაძე, ქ. მაღალაშვილი,  ე. ახვლედიანი.
A ამრიგად, რთული სოციალ-პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ქართული ხელოვნებამ ეროვნული სულისკვეთების გამოვლენა მაინც შეძლო. მას აღარ უხდებოდა საკითარი თვითმყოფადობის გადასარჩენად ბრძოლა, რაც XIX ს. მეორე ნახევრის თეატრისთვის იყო დამახასიათებელი ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის შედეგად. ხელოვნებამ დაიწყო ეროვნულ იდეოლოგიაზე განვითარება, შეიქმნა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მაგრამ  საბჭოთა რუსეთის ოკუპაციამ ეს პროცესი შეაჩერა. 

                      შენიშვნები:
1.    ი-თელი. `გასული წელი” (მოკლე მიმოხილვა). ჟურნალი ,,თეატრი და ცხოვრება”. 1916 წ. 1 იანვარი. #1. გვ. 12-13-14.
2.    აკ. ფაღავა. `ქართული თეატრი”. გაზ. ,,სახალხო საქმე”. 1918 წ. #136. გვ. 3.
3.    ბორჩელი. ,,თეატრი და ხელოვნება _ ახალი სეზონი”. გაზ. ,,სახალხო საქმე”. 1918 წ. 21 ნოემბერი. #389.
4.    წინამძღვარ_ი, `სახიობა, მუსიკა, მხატვრობა”. ჟურნ. ,,თეატრი და ცხოვრება”. 1918 წ. ქრისტეშობისთვის 22. #16. გვ. 
5.    1919 წელს”. გაზ. ,,სახალხო საქმე”. 1920 წ. 3 იანვარი. #720. გვ. 2.
6.    საიუბილეო კომისია და დრამატული საზოგადოება. `თავისუფალნო 14.
7.    სამსონ ფირცხალავა. `ქართული თეატრი”. გაზ. ,,სახალხო საქმე”. 1919 წ. 19 ივნისი. #553. გვ. 1.
8.    აკ. ფაღავა. `თეატრი მოქალაქენო!” ჟურნ. ,,თეატრი და ცხოვრება”. 1919 წ. 26 მაისი. #6. გვ. 14. 
9.    ვ. გარრიკი. `ვასო აბაშიძის ბენეფისი”. გაზ. ,,საქართველო”. 1919 წ. 6 მარტი. #51. გვ. 3.
10.    `მსახიობის დღე”. გაზ. ,,საქართველო”. 1920 წ. 4 იანვარი. #3. გვ. 3.
11.    კრ. სანდრო ახმეტელი. შემდგენელი ნ. შვანგირაძე. თბ. 1958 წ. გვ. 12.
12.    ინ. `თეატრი და ხელოვნება” (ქართული დრამა. მცირე შენიშვნა). გაზ. `საქართველო”. 1920 წ. გიორგობისთვის 20. #153. გვ. 4.
   13. გ. მეგრელიძე. ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოება (1918-1919 წლები).” ჟურნ. ,,ხელოვნება”. 1991 წ. #1. გვ. 24.
   14. გ. მეგრელიძე. ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოება (1918-1919 წლები).” ჟურნ. ,,ხელოვნება”. 1991 წ. #1. გვ. 24.

G         გამოყენებული ლიტერატურის სია:

1.    Г.  Бухникашвили. `Грузинский театр за сто лет.” Тб. Изд. `Заря Востока.” 1950 г. 
2.    გ. ბუხნიკაშვილი. `ქართული თეატრი ახალი ეპოქის მიჯნაზე” თბ. გამ. `ხელოვნება”. 1976 წ.
3.    ვ. კიკნაძე. `საუბარი ქართულ თეატრზე”. თბ. გამ. `ნაკადული”. 1985 წ.
4.    ვ. კიკნაძე. `თავისუფალ საქართველოს თეატრი”. თბ. გამ. `ქართული თეატრი”. 1993 წ. 
5.    ვ. კიკნაძე. `ქართული დრამატული თეატრის ისტორია”. ტ. I. თბ. გამ. `საარი”. 2003 წ. 
6.    აკ. ვასაძე. `მოგონებები, ფიქრები,” ტ. I. თბ. გამ. `კენტავრი”. 2010 წ.

bottom of page