top of page

„ხანუმა“ „სამი დის“ სამშობლოში

изображение (2).png

17.10.2026

ანასტასია ჩერნეცოვა

„ხანუმა“ „სამი დის“ სამშობლოში

​

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრმა თავისი 181-ე სეზონი არა მშობლიურ კედლებში, არამედ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში გახსნა - ანდრო ენუქიძის სპექტაკლით „ხანუმა“.

​

ერთი შეხედვით, რა შუაშია ჩეხოვის მოსკოვზე მეოცნებე, დრამატული „სამი და“ ცაგარლის კოლორიტულ თბილისურ ვოდევილთან? თითქოს არაფერში. თუმცა, თეატრალური გეოგრაფია ხანდახან პარადოქსულ ირონიას გვთავაზობს: ძველი თბილისის პერსონაჟებმა იმ ქალაქში გადაინაცვლეს, რომელიც ანტონ ჩეხოვისთვის მისი ერთ-ერთი გამორჩეული პიესის შთაგონების წყაროდ იქცა.

​

ჩეხოვის შემოქმედების მოტრფიალე ანდრო ენუქიძეს თავისი კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუდგამს „ახალი დრამის“ ღირსშესანიშნავი წარმომადგენლის ნამუშევარი, მათ შორის - ბათუმის თეატრშიც. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ იგი უბრუნდება ამავე თეატრის სცენას მისთვის არა ნაკლებ ცნობილი დრამატურგიული ნაწარმოების ინტერპრეტაციით.

​

სწორედ „ხანუმა“ გახლავთ  სპექტაკლი, რომელიც რეჟისორმა თავის დროზე ბათუმის თეატრის სცენაზეც დადგა. შესაბამისად, როგორც თავად დამდგმელისთვის, ისე ბათუმელი მსახიობებისთვის, „გრიბოედოვის“ „ხანუმას“ ხილვა ძალზე ამაღელვებელი აღმოჩნდა.

რაც შეეხება უშუალოდ სპექტაკლის შეფასებას, მასზე უკვე დაწერილი მაქვს რეცენზია, რომელიც შეგიძლიათ წაიკითხოთ ამავე პლატფორმაზე.

​

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი განხილული მაქვს თბილისური პრემიერის საფუძველზე, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბათუმის აუდიტორიამ გრიბოედოვის თეატრის ნამუშევარი აღტაცებით მიიღო - რაზეც მეტყველებს მაყურებლის ვერბალური თუ ემოციური რეაქციები სპექტაკლის მსვლელობისას და მის შემდეგაც. ამასთან, ბათუმელების  ინტერესი ჯერ კიდევ სპექტაკლამდე თვალნათელი იყო, რადგან ბილეთების გაყიდვაში ჩაშვებიდან 2-3 დღეში Biletebi.ge-ზე ყველა   ორგანიზატორისთვის თუ შემოქმედებითი ჯგუფისთვის საყვარელი წარწერა - „Sold out” გამოჩნდა.

​

საბოლოო ჯამში, „სამი დის“ სამშობლოში გაცოცხლებული თბილისური „ხანუმა“ ძალზე წარმატებული გამოდგა. ეს როგორც „გრიბოედოვის“ გუნდის, ისე მასპინძლების  დიდი დამსახურებაა, რომლებმაც მეგობარი თეატრი გულითადად მიიღეს.

​

აღსანიშნავია, რომ გრიბოედოვის თეატრი 181-ე სეზონში თავის მაყურებელს ახალ ქართულენოვან სპექტაკლებსაც პირდება. ეს ძალზე სასიხარულო სიახლეა, რადგან თეატრს კიდევ უფრო მრავალფეროვანი აუდიტორია გაუჩნდება, მათ შორის - რეგიონის მაყურებლის სახით.

​

ფოტოსურათები : სეირან ბაროიან

bottom of page