
„ხანუმა“ გრიბოედოვის თეატრის სცენაზე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

15.07.2026
ანასტასია ჩერნეცოვა
„ხანუმა“ გრიბოედოვის თეატრის სცენაზე
ავქსენტი ცაგარლის 1882 წელს დაწერილი ვოდევილი „ხანუმა“ არაერთი შემოქმედისთვის შთაგონების წყაროდ ქცეულა. საკმარისია გავიხსენოთ ვიქტორ დოლიძე, რომელმაც პიესის საფუძველზე შექმნა ოპერა „ქეთო და კოტე“ - ნაწარმოები, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ აუდიტორიაში. სწორედ ამ ოპერის მიხედვით გადაიღო ვახტანგ ტაბლიაშვილმა 1948 წელს ამავე სახელწოდების კინოსურათი, რომელზეც არაერთი თაობა გაიზარდა.
თანამედროვე ქართულ სათეატრო სივრცეშიც „ხანუმა“ აქტუალობას არ კარგავს და დღემდე სხვადასხვა თეატრის რეპერტუარშია წარმოდგენილი. ამის მაგალითია ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის (რეჟ. რეზო შატაკიშვილი) და ახმეტელის თეატრის (რეჟ. ოთარ ქათამაძე) დადგმები. წინამდებარე რეცენზიის კვლევის საგანს კი გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში წარმოდგენილი „ხანუმა“ წარმოადგენს, რომლის რეჟისორია ანდრო ენუქიძე.
„ხანუმა“ გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე პირველად არ იდგმება. დაახლოებით ოცი წლის წინ ამავე თეატრში ავთანდილ ვარსიმაშვილმა ცაგარლის პიესის საკუთარი ინტერპრეტაცია შესთავაზა მაყურებელს. აღნიშნული დადგმა ნანახი არ მაქვს, შესაბამისად, სპექტაკლების შედარებით ანალიზს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა შესაძლებლობა მაქვს ვიმსჯელო ენუქიძისეულ ხედვასა და მის მხატვრულ გადაწყვეტებზე.
წარმოდგენა გადაწყვეტილია როგორც „სპექტაკლი სპექტაკლში“. დადგმა იწყება 1851 წლის მოვლენით - ქარვასლის თეატრში დონიცეტის ოპერის „ლუჩია დი ლამერმურის“ პრემიერით, რომელიც ცაგარლის პიესის შექმნას 31 წლით უსწრებს. შემდგომ კი მოქმედება ტყუილ-კოტრიანცებისა და ფანტიაშვილების ნაცნობ ამბავში გადადის.
ერთი შეხედვით, მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რა კავშირი აქვს ქარვასლის თეატრს „ხანუმასთან“? ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე საფუძველი აქვს. ერთი მხრივ, ოპერის პრემიერაც და პიესაც ერთი ეპოქის კულტურულ სივრცეს მიეკუთვნება, მეორე მხრივ კი გრიბოედოვის თეატრის ისტორია სწორედ ქარვასლის თეატრს უკავშირდება. მთლიანობაში, ასეთი შესავალი ქმნის ისტორიულ რეფრენს.
ამასთან, სპექტაკლში დრო ისტორიული ჩარჩოებით არ იზღუდება და განზოგადებულ ხასიათს იძენს. ამის დასტურია თანამედროვე სცენოგრაფიული ელემენტები და ალუზიები XX საუკუნის კულტურაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი, სადაც მიხეილ არჯევანიძის ვანო ფანტიაშვილი თბილისური დუქნების აღწერისას ოსიპ მანდელშტამის ლექსის - „სიზმრად ვხედავ მთაგორიან ტიფლისს“ - სტრიქონებს წარმოთქვამს და ირონიულად აღნიშნავს, რომ ეს ლექსი მხოლოდ ასი წლის შემდეგ დაიწერება.
სპექტაკლის სცენოგრაფიის ავტორია შოთა ბაგალიშვილი, რომელთანაც ანდრო ენუქიძეს არაერთი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. მათი ერთობლივი ნამუშევრებიდან შეიძლება გავიხსენოთ ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“, რომელიც ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაიდგა, თეატრში, რომელიც ამჟამად არ მოქმედებს.
„ხანუმას“ სცენოგრაფია მნიშვნელოვნად განსხვავდება აღნიშნული სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტისგან, რაც, პირველ რიგში, დადგმების განსხვავებული ესთეტიკური და ემოციური ბუნებითაა განპირობებული. ამავდროულად, ეს განსხვავება ბაგალიშვილის ინდივიდუალურ ხელწერაზეც მეტყველებს - მხატვარი თავის თავს არ იმეორებს და თითოეული სპექტაკლისთვის ახალ ვიზუალურ ენას ქმნის.
აღსანიშნავია, რომ ბაგალიშვილი მაყურებელს ტიპურ თბილისურ ეზოს არ სთავაზობს. სცენური სივრცე მინიმალისტურია და ძირითადად ნაცრისფერი და სარკისებრი ზედაპირებითაა აგებული. მეცხრამეტე საუკუნის ატმოსფერო მხოლოდ ცალკეული დეტალებით შემოდის - ძველი ტიფლისის პეიზაჟითა და სცენაზე განთავსებული სამოვრით. შედეგად იქმნება სივრცე, რომელიც ერთდროულად ისტორიულიცაა და პირობითიც. ვინაიდან სპექტაკლში დრო განზოგადებულ ხასიათს ატარებს, სცენოგრაფიული გადაწყვეტაც ორგანულად ერწყმის დადგმის საერთო კონცეფციას და თავიდან გვარიდებს მუზეუმურ რეკონსტრუქციას.
კოსტიუმების მხატვარია ანანო დოლიძე, რომელმაც კლასიკური ქართული სამოსი თანამედროვე აქცენტებით „შეაზავა“. ეს გადაწყვეტა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სპექტაკლის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც „ხანუმას“ ისტორია კონკრეტული ეპოქის ფარგლებს სცდება და განზოგადებულ მნიშვნელობას იძენს. კოსტიუმები არა მხოლოდ ვიზუალურადაა დახვეწილი, არამედ ფუნქციურიც - ისინი მსახიობებს სცენაზე თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას აძლევს.
დადგმის ქორეოგრაფია კონსტანტინე ფურცელაძეს ეკუთვნის. მისი მუშაობა მხოლოდ საცეკვაო ეპიზოდებით არ შემოიფარგლება, ქორეოგრაფიული აზროვნება მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვლინდება მსახიობთა პლასტიკაში და სასცენო მოძრაობაში. თითოეული პერსონაჟი სხეულის ენით ავლენს საკუთარ ხასიათსა და ემოციურ მდგომარეობას, რაც სცენურ ქმედებას დამატებით გამომსახველობას სძენს.
კონსტანტინე ფურცელაძის ნამუშევარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უნარს, მსახიობებთან პლასტიკური გამომსახველობის დონეზე იმუშაოს. სწორედ ამიტომ, იგი თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და მოთხოვნად ქორეოგრაფად რჩება.
სპექტაკლში შერწყმულია კინო ესთეტიკაც, აქაც მნიშვნელოვანია, რომ კინემატოგრაფის ისტორია ვოდევილში ასახულ ამბავთან შედარებით, ოდნავ გვიან ჩნდება, ამასთანავე ასახული კადრები საერთოდ ექსპრესიონისტული ფილმების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გვახსენდება, რომ დრო აქ პირობით როლს ასრულებს.
წარმოდგენის პირველი მოქმედება საკმაოდ დუნეა და ნაკლებად დინამიკურია, რასაც ვერ ვიტყვი მეორე მოქმედებაზე, რომელიც შედარებით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც ვოდევილისთვისაა დამახასიათებელი. ამასთანავე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სპექტაკლს აკლდა ე.წ. მუსიკალური ნომრები, რაც დადგმას სწორედაც რომ მეტ დინამიზმს შესძენდა.
სპექტაკლში მონაწილეობენ შემდეგი მსახიობები: მარიამ კიტია, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ფსუტური, ირინა მეღვინეთუხუცესი, ბადრი ბეგალიშვილი, მიხეილ არჯევანიძე, სოფიო ლომჯარია, ლაშა გურგენიძე, ოლეგ მჭედლიშვილი, ნატალია ვორონიუკი, ქრისტინე ბერუაშვილი, არჩილ ბარათაშვილი, სლავა ნათენაძე, ნინო გაჩეჩილაძე, ოთო ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ დგებუაძე, ანა ნიკოლავა, ნინა კალატოზიშვილი, დავით კოტოვი, ვლადიმირ ნოვოსარდოვი, დიმიტრი სპორიშევი.
სამსახიობო ნამუშევრებიდან გამოვარჩევ ბადრი ბეგალიშვილის აკოფას შესრულებას. მსახიობი ორგანულად ქმნის უდარდელი ბუნების მამაკაცს, მსახიობისთვის ვოდევილებში თამაში სიახლე არ არის, საკმარისია გავიხსენოთ მისი სახეები ისეთ სპექტაკლებში, როგორებიც იყო დავით დოიაშვილის „შეყრა“ და „გაყრა“. იგი ოსტატურად ძერწავს აკოფას სახეს და სწორედ მისი გამოჩენით სპექტაკლი მეტად სიცოცხლისუნარიანი ხდება.
მარიამ კიტიამ საინტერესო ხანუმას სახე შემოგვთავაზა, მის შესრულებაში არ იგრძნობოდა გადაჭარბება, რაც მსახიობს შეიძლება დაემართოს ამ როლის შესრულებისას, იგი ბუნებრივად საუბრობს სომხური აქცენტით, თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ იგი რუსულად თამაშობს და ქართულთან შედარებით, რუსულში სომხური აქცენტის ინტეგრირება შედარებით რთულია, რადგან ეს არაა კავკასიური ენა.
მართალია, ოთარ ლორთქიფანიძე ეპიზოდურ როლს ასრულებს (იტალიელ დირიჟორს), მაგრამ მისი შესრულება ძალზე დასამახსოვრებელია თავისი ორგანულობით და ტემპერამენტულობით.
ამასთანავე, აღსანიშნავია მიხეილ არჯევანიძის ვანო ფანტიაშვილი. ამ შემთხვევაშიც, მსახიობი ბუნებრივად, ყოველგვარი კარიკატურულობის გარეშე ძერწავს თავისი პერსონაჟის მხატვრულ სახეს.
მარიამ ფსუტურის სონა არაა ის ტიპური ნაზი და ნარნარა გოგო, რომელიც თითოეულ ჩვენგანს წარმოუდგენია ცაგარლის პიესის კითხვისას, იგი საკმაოდ მკაცრი, გარკვეულ წილად მასკულინური და ტემპერამენტიანი ახალგაზრდა პატარძალია, რომელიც საკუთარ სურვილებს ადვილად არ თმობს.
საინტერესო იყო ირინა მეღვინეთუხუცესის სხვა ამპლუაში ხილვა, კონკრეტულად კი სარას როლში, მსახიობი ძირითადად ლირიკულ-დრამატულ როლებს ასრულებს, მაგრამ სხვა ამპლუაშიც მსახიობი მაქსიმალურ ბუნებრიობას ინარჩუნებს.
საბოლოო ჯამში, ანდრო ენუქიძის „ხანუმა“ ტრადიციულ ვოდევილურ გადაწყვეტას სცდება და მაყურებელს განზოგადებულ დადგმას სთავაზობს, რომელშიც ცაგარლის ეპოქა XX და XXI საუკუნეების კულტურულ ელემენტებთან თანაარსებობს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა გარკვეულწილად დინამიზმს მოკლებულია და მხოლოდ მეორე მოქმედებაში იძენს უფრო სწრაფ ტემპო-რიტმს, იგი საინტერესო სამსახიობო, ქორეოგრაფიულ, სცენოგრაფიულ და კოსტიუმების მხატვრობის ნამუშევრებს აერთიანებს.
ფოტოებბი საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქ გვერდიდან.