
ხალხის მტერი?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

12.05.2026
ანასტასია ჩერნეცოვა
ხალხის მტერი?
„... მე ისე მიყვარს ჩემი მშობლიური ქალაქი, რომ მზად ვარ უმალ დავანგრიო ის, ვიდრე ვუცქირო, როგორ ჰყვავის სიცრუის ჭაობში!“
ჰენრიკ იბსენი, „ხალხის მტერი“
ბოლო დროს მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარი აქტიურად ივსება სხვადასხვა რეჟისორის სპექტაკლებით, როგორც კლასიკით (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“ - რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი, კარლო კოლოდის „პინოკიო“ - რეჟისორი ნიკა ლუარსაბიშვილი), ისე თანამედროვე ნაწარმოების დადგმებით (მაგ. ფერდინანდ ფონ შირახის „ტერორი“ - რეჟისორი თემო კუპრავა). ეს ყველაფერი არა მხოლოდ რეპერტუარის გამრავალფეროვნებას იწვევს, არამედ მრავალრიცხოვანი დასის შემოქმედებით პროცესებში აქტიურ ჩართულობას.
2026 წლის აპრილში მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ახალგაზრდა რეჟისორმა სოფო ქელბაქიანმა მაყურებელს წარუდგინა ნორვეგიელი დრამატურგის, „ახალი დრამის“ მამამთავრის, ჰენრიკ იბსენის სოციალური დრამა „ხალხის მტერი“, რომელსაც თანამედროვე ჟღერადობა მიანიჭა. წარმოდგენის ნახვის შემდეგ ჩნდება კითხვა - მარჯანიშვილის თეატრში გათამაშებული „ხალხის მტერი“ ხალხის მტერია თუ ცალკეული პერსონაჟების მეტოქე? ამის გარკვევას შევეცდები ჩემს სტატიაში.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა ხუთმოქმედებიანი პიესა ორ მოქმედებაში მოაქცია. დადგმის პირველ აქტში სამი მოქმედებაა გაერთიანებული, თანაც ისე, რომ დრამატურგიული სტრუქტურა არ ირღვევა. თუმცა, მიუხედავად მასალის ასეთი შეკუმშვისა, პირველი აქტი მაინც დუნედ ვითარდებოდა - ტემპო-რიტმი შესამჩნევად დავარდნილი იყო. ამის საპირისპიროდ, ცოცხლად და დინამიკურად აღიქმებოდა ექიმ სტოკმანის (ნიკა თავაძე) კვლევის პროექციებით გადმოცემა (ვიდეო-გრაფიკული უზრუნველყოფა - დათა დვალიშვილი), ასევე პირველი მოქმედების ფინალური ნაწილი - რედაქციის სცენა, სადაც ძმებს შორის დაპირისპირების გრადუსი თანდათან იზრდებოდა.
პირველ მოქმედებაში სტოკმანების სახლი მდიდრულად და მოწესრიგებულად გამოიყურება, ოჯახის წევრები იმითაც კი ტრაბახობენ, რომ ტაშის ერთი დაკვრით შეუძლიათ მუსიკის ჩართვა-გამორთვა, მაგრამ მეორე მოქმედებაში ყველაფერი გაპარტახებულია - გარემო ექიმ სტოკმანის გაუბედურებულ მდგომარეობას გამოხატავს, რაც ხალხთან დაპირისპირების გამო მოხდა. ის, რომ სტოკმანს კურორტის მოსახლეობა დაუპირისპირდა სწორედ სცენოგრაფიაში იკითხება (მხატვარი - ავთო მოდებაძე).
რეჟისორი სცენიდან სცენაზე გადასვლას მიმართავს ე.წ. „ჩაბნელების“ ხერხს, რაშიც იგულისხმება განათების ჩაქრობა და რამდენიმე წამში ანთება. აღნიშნული ხერხი სავარაუდოდ იმისათვის გამოიყენება, რომ შეიცვალოს დეკორაციისა თუ კოსტიუმის ნაწილი, მაგრამ მსგავსი გადასვლა საკმაოდ უხეშია, თანაც არსებობს სხვადასხვა გადასვლები, რომლებიც სპექტაკლის ტემპო-რიტმს მეტად შეუწყობენ ხელს.
სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას წარმოადგენს სამსახიობო შესრულება, რომელიც გამოირჩევა როგორც მსახიობთა ინდივიდუალური მახასიათებლების გამოვლენით, ისე პარტნიორული შეგრძნებითა და ანსამბლურობით, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ნიკა თავაძის ექიმ სტოკმანისა და დავით დვალიშვილის ბურგომისტრ სტოკმანის სამსახიობო ოსტატობა.
თუ პიესაში ექიმ სტოკმანის მოხსენების დაბეჭდვას გაზეთში აპირებენ, სპექტაკლში მოქმედების დროის გათანამედროვებიდან გამომდინარე, საქმე გვაქვს ტელევიზიასთან. რეჟისორმა მკვეთრად გაუსვა ხაზი იმას, თუ როგორ შეუძლია ერთ დროს ოპოზიციურ ტელევიზია მთავრობის პიედესტალად გადაიქცეს. საქართველოს უახლეს ისტორიაში ამის მაგალითი სახეზე გვაქვს. სავარაუდოდ, სწორედ ამ გადაწყვეტამ მოხიბლა მაყურებელი, რადგან მისთვის ეს თემა ყველაზე ნაცნობი და ახლობელია.
რეჟისორის მხრიდან იკითხება ტელევიზიის წარმომადგენლებისადმი ირონიული დამოკიდებულება, რაც პირდაპირ აისახა სცენაში, როცა გიორგი შარვაშიძის ჰოვსტადი ჯამბაზის თავით გამოიყვანა. იგი პირდაპირ გვეუბნება, რომ ტელევიზიის კონფორმისტი წარმომადგენლები მასხარები არიან. მსახიობი გიორგი შარვაშიძე ოსტატურად ახერხებს ორ სკამზე ერთდროულად მჯდომი კაცის სახის შექმნას.
იბსენთან დებატები მიმდინარეობს ჰორსტერის სახლში, სპექტაკლში კი, ტელევიზიაში, რაც, რეჟისორის გადაწყვეტიდან გამომდინარე, ლოგიკურია. დღევანდელ სამყაროში ტელევიზია რჩება იმ ერთ-ერთ პლატფორმად, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა სოციალურ- პოლიტიკური აქტის გარჩევა. ის, რაც დღეს თანამედროვე პროსახელისუფლებო ტელევიზიაში მიმდინარეობს, სარკისებრად იყო ასახული სპექტაკლში, მაგალითად, თანამდებობის პირისათვის მეტი სასაუბრო დროის მიცემა, ვიდრე ოპოზიციონერისთვის.
თეატრმცოდნე ნინო გაბედავამ და თეატრმცოდნეობის მიმართულების სტუდენტმა ანი გონგაძემ თავიანთ რეცენზიებში ყურადღება გაამახვილეს სპექტაკლში არსებულ ინტერაქციაზე. პირველმა რეცენზენტმა დადგმაში არსებული ინტერაქცია, რომელიც გულისხმობს მაყურებლის მხრიდან წარმოჩენილი სხვადასხვა ფერის ნივთებიდან ერთ-ერთის არჩევას და წამყვანის მხრიდან მის გამოცნობას, ხალხის აზრით მანიპულირებას შეადარა, მეორემ უბრალოდ აღფრთოვანება გამოხატა, მაგრამ მე ეს სცენა არც ხალხის მანიპულირების „ხრიკად“ აღვიქვი და არც აღვფრთოვანდი. უბრალოდ, ხალხთან არაპირდაპირი კომუნიკაციის საშუალებად ჩავთვალე, რომელიც დადგმას არაფერ განსაკუთრებულს არ სძენს. მაყურებელი ამ შემთხვევაში დამხმარე ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება, მაგალითად პეტრას (ნატალია გაბისონია) არ-მოსმენისთვის. მეტად საინტერესო იქნებოდა, თუ მაყურებელი მოქმედებაში აქტიურად იქნებოდა ჩართული. გაუგებარი იყო ისიც, თუ რატომ იდგა პეტრა სცენის კუთხეში და არ იჯდა მაგალითად, მამამისის მაგივრად ბურგომისტრის მოპირდაპირედ.
ნინო გაბედავა სატელევიზიო მაგიდის მწვანე ფერს ადარებს ჭაობს, რაც საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს, რადგან ეს პიესიდანაც გამომდინარეობს, სადაც წყალსაცავი ჭაობადაა ნახსენები და ჰოვსტადის მხრიდან კი პოლიტიკოსები არიან ჭაობთან გაიგივებულნი.
პიესის და სპექტაკლის სათაურია „ხალხის მტერი“, მაგრამ სპექტაკლში ხალხთან დაპირისპირება ფაქტობრივად არაა გამოკვეთილი, არამედ უფრო მეტადაა ასახული ცალკეულ პერსონაჟებთან დაპირისპირება.
სოფო ქელბაქიანის „ხალხის მტერი“ საინტერესო მცდელობაა იბსენის სოციალური დრამის თანამედროვე ქართულ რეალობასთან დასაახლოებლად. რეჟისორმა ტექსტი გაათანამედროვა არა მხოლოდ ფორმის, არამედ თემატური აქცენტების თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით მედიის, პოლიტიკური გავლენებისა და საზოგადოების მანიპულირების ხაზის გამოკვეთით. სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად რჩება მსახიობთა ანსამბლურობა და ცალკეული ძლიერი რეჟისორული გადაწყვეტები, თუმცა დადგმას ხელს უშლის ტემპო-რიტმის პრობლემები, უხეში სცენური გადასვლები და მაყურებელთან ინტერაქციის ფორმალური ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი აქტუალურ სოციალურ საკითხებს ეხება, საბოლოოდ „ხალხის“ ფაქტორი ნაკლებად იკვეთება და კონფლიქტი უფრო კონკრეტულ პერსონაჟებს შორის დაპირისპირებად აღიქმება. სწორედ ამიტომ, მარჯანიშვილის თეატრში წარმოდგენილი „ხალხის მტერი“ უფრო ცალკეული ძალაუფლების მქონე ადამიანების წინააღმდეგ მებრძოლი პერსონაჟის ამბად რჩება, ვიდრე საზოგადოების წინააღმდეგ მდგომი ადამიანის ტრაგედიად.