
წასულე ბისა და მიმავალების ისტორია
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

11.11.2025
ლაშა ჩხარტიშვილი
წასულებისა და მიმავალების ისტორია
მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა „საჩუქარი“ მაყურებელი ღია რეპეტიციაზე მიიწვია. „წასული“ ასე ჰქვია პროექტს, უფრო სწორად კოპროდუქციას, რომელიც თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრთან თანამშრომლობით ემილია რომანიას ეროვნული თეატრმა მოამზადა. პროექტის ავტორი და განმახორციელებელია თეატრალური კომპანია KEPLER-452 და მხარდამჭერია კულტურის ფონდის ATER.
თუმანიშვილის თეატრში მისულ მაყურებელს წარმოგვიდგინეს ერთგვარი თეატრალიზებული პრეზენტაცია პროექტისა, რომელიც 2026 წლის მაისში განხორციელდება. რეჟისორმა ნიკოლა ბორგეზემ და დრამატურგმა ენრიკო ბარალდიმ საპრეზენტაციო სიტყვაში გაგვაფრთხილეს, რომ ეს არის ღია რეპეტიცია, უბრალოდ მოთელვა, თუმცა ვფიქრობ, რომ მაყურებელმა დასრულებული პროექტი ნახა. ვერბატიმის პრინციპზე აგებულმა წარმოდგენამ მაყურებელში მელანქოლიური გრძნობებიც აღძრა, გულიანად გვაცინა და გვატირა კიდეც.
დრამატურგი - ენრიკო ბარალდი და რეჟისორი - ნიკოლა ბორგეზე (რეჟისორის ასისტენტი - ანუკი ხოშტარია) ქმნიან სანახაობას და გვიყვებიან ამბავს ემიგრანტებზე, ემიგრანტ მშობლებზე, ემიგრაციიდან დაბრუნებულებზე და უბრალოდ ცხოვრებაზე, რომელშიც აქ და ახლა ვცხოვრობთ.
სპექტაკლი ვერბატიმის პრინციპით არის აგებული, როცა მსახიობები ნამდვილ ამბებს ჰყვებიან. მსგავსი წარმოდგენების დადგმის გამოცდილება კარგა ხანია აქვს ქართულ თეატრს. საკმარისია გავიხსენოთ ავთანდილ ვარსიმაშვილის „პროვოკაცია“ (2001) თავისუფალ თეატრში, მიხეილ მარმარინოსის „ეროვნული ჰიმნი“ თუმანიშვილის თეატრში (2003), ალეკი ბლაითის „ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?“ და ალექსანდრე ზელდინის „შემეხე“ რუსთაველის ეროვნულ თეატრში (2012) და სხვა მრავალი. ასეთ სპექტაკლებში მსახიობებს, ძირითადად, საკუთარი თავის განსახიერება უწევთ, სადაც ზედმიწევნით დასაცველია ზღვარი სცენურ გულწრფელობასა და თამაშის ხელოვნებას შორის. ეს ერთგვარი გადაუჭრელი ამოცანაა ხოლმე მსახიობთათვის. ასეთ გამოწვევებს ძირითადად თავს იოლად ართმევენ ახალგაზრდები, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
სპექტაკლში ერთდროულად და პარალელურად იკვეთება აქტუალური პრობლემები და თემები: ემიგრაცია, დევნილობა, ემიგრაციიდან დაბრუნებულების სასოწარკვეთა, ნიჰილიზმი და უიმედობა, რომელმაც საგრძნობლად იმატა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ტენდენციების ფონზე. რაც ყველაზე მთავარია, შემოქმედებითი ჯგუფი არ კარგავს იუმორისა და თვითირონიის უნარს, ამიტომაც არის სპექტაკლი საინტერესო, სახალისოც და სევდიანიც.
მსახიობები: ნინო ბურდული, თემო ნატროშვილი, ნიკა წერედიანი, ლუკა ჩიბუხაია, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, ქეთა შათირიშვილი, ლიზა ნიკვაშვილი და გიორგი ჩაჩანიძე ჩანაცვლებითი მონოლოგების პრინციპით გვიყვებიან საკუთარ ისტორიებს, გვიზიარებენ ემოციებსა და განცდებს, საჯაროდ აჟღერებენ შინაგან ფიქრებსა და შეხედულებებს არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, გადმოგვცემენ შინაგან განცდებს და ემოციურად ზემოქმედებენ ჩვენზე.
თემო ნატროშვილი ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს, მისი ხანგრძლივი პაუზებიდან და დუმილიდან უფრო მეტად სევდა და სასოწარკვეთა გამოსჭვივის, რომელიც მაყურებელში თანაგრძნობას იწვევს, სამაგიეროდ ნინო ბურდულის მოჭარბებულმა ემოციამ, ხმამაღალმა მოთქმამ (გმირულ-რომანტიკული თეატრის ესთეტიკისთვის დამახასიათებელ სტილში, რაც ამ მსახიობს არ სჩვევია ხოლმე) ისე გადაფარა სათქმელი, რომ ბოლომდე გაუგებარი დარჩა რა ისტორიას ჰყვება ის, ამიტომაც მისმა მონოლოგმა ვერ მოახერხა ჩვენს მეხსიერებაში ისეთი კვალის დატოვება, რომელიც მონოლოგის მთხრობლის თანამოზიარეს გაგხდიდა.
ნიკა წერედიანის მონოლოგი მამას და სოხუმის დატოვებას ეხებოდა, რომელმაც საგრძნობი ემოცია გამოიწვია მაყურებელში, ახალგაზრდებისთვის ჩვეული კრიტიკულობით და რადიკალურობით გამოირჩეოდა ლუკა ჩიბუხიას მონოლოგი მშობლიურ სასწავლებელთან დაკავშირებით, რომელიც იუმორითაა გაჯერებული. ძალზე ამაღელვებელი იყო ლიზა ნიკვაშვილის მონოლოგი და ცოცხალი ვიდეო ზარი ემიგრანტ დედასთან აშშ-ში. ამ ემოციურმა ეპიზოდმა აატირა ნახევარი დარბაზი და მსახიობის, როგორც მოქალაქის გულშემატკივარი გახადა. პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი და ქეთა შათირიშვილი ამ ტიპის წარმოდგენების უბადლო შემსრულებლები არიან, ვინაიდან ისინი ფლობენ დიდ გამოცდილებას როგორც ქართველ, ისე უცხოელ რეჟისორებთან მუშაობის. მათი მონოლოგები და დიალოგები არის ცოცხალი, გულწრფელი, უშუალო და გამართული (მათ შორის, ტექსტის თვალსაზრისითაც).
მსახიობები ავლენენ იმპროვიზაციის, მაყურებელთან ინტერაქტივის განსაკუთრებულ და ზუსტ უნარს, მათი კავშირი დარბაზთან არის უშუალო, გულწრფელი და თანმიმდევრული, რაც ზრდის მაყურებლის ჩართულობას და ინტერესს.
ერთადერთი რაც ზედმეტი მომეჩვენა არის სადღეგრძელოების საფინალო ეპიზოდი, რომელიც საკმარისად გაწელილია და ტრაფარეტული, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ესეც ჩვენი სუფრის ტრადიციაა - დაუსრულებელი სადღეგრძელოები და ქებათა-ქება ერთმანეთის, რომელიც ხშირად სულაც არ არის გულწრფელი. სადაც ქრება გულწრფელობა, იქ ჩნდება სიყალბე, რომელიც თვალს და ყურს ჭრის და კიდევ ერთხელ გაფიქრებინებს იმაზე, თუ როგორები ვართ.
წარმოდგენა, რომლის პრემიერაც 2026 წელს შედგება ეხება წასულებს, უპირველესად, ემიგრაციაში, მაგრამ იმათაც, ვინც აქ დარჩა და მაინც წასულია, გნებავთ გასული.
ფოტოები - ილია ბაბურაშვილი