top of page

ინტერვიუ ვატო ჯუღელთან

download.jpeg

მანანა თევზაძე

ინტერვიუ ვატო ჯუღელთან

რეჟისორი ვატო ჯუღელი ახლახან გავიცანი.

ზესტაფონის თეატრის თბილისში გასტროლებისას წარმოდგენილი სპექტაკლებით, თეატრის სადღეისო შემოქმედებითი შესაძლებლობები და მისი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია, კარგად გამოჩნდა: წინა პლანზე თეატრის სახელოვნებო სიმაღლე, საზოგადოებრივი მნიშვნელობა  და მხოლოდ შემდეგ საკუთარი ამბიციები. თბილისში გათამაშებული ოთხი სპექტაკლიდან, მას, მხოლოდ ერთი -„ანტიგონე“ ეკუთვნოდა, დანარჩენები კი მოწვეულ რეჟისორებს: ვახტანგ ნიკოლავას, გიორგი კავილაძესა და მამუკა ცერცვაძეს.

დამაინტერესა ვატო ჯუღელის განვლილმა გზამ და სამომავლო გეგმებმა.

 

***

ვატო ჯუღელი - ზესტაფონის თეატრში შარშან მარტში დავიწყე მუშაობა და უკვე წელიწადნახევარია აქ ვარ. რეპერტუარში, სულ ორი სპექტაკლი დამხვდა. რეგიონის თეატრებში შენელებული ცხოვრების გამო, დასს  ცნობისმოყვარეობა და ინტერესი არ დაუმალავს, პესიმისტური განწყობილებაც შეინიშნებოდა, მაგრამ თურმე ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი მელოდა - შესანიშნავი  დასი და ტექნიკური პერსონალი. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში, თითზე ჩამოსათვლელ არტისტებს შორის,  რამდენიმე გამორჩეული, სწორედ ჩვენი თეატრიდანაა.

ზესტაფონში, თეატრს გარდა, სხვა თავშესაქცევი არ არსებობს. უახლოეს მომავალში, როდესაც ქალაქი ჩიხად გადაიქცევა, იმიტომ რომ ცენტრალური მაგისტრალი იქ აღარ გაივლის, თეატრი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს, ამიტომ დიდი სამომავლო გეგმები გვაქვს.

პირველ წელს სპექტაკლი არც დამიდგამს, ძალიან ბევრი ადმინისტრაციული პრობლემა უნდა მოგვარებულიყო. როგორც რეჟისორი, ადგილობრივებს ვაკვირდებოდი, მაინტერესებდა, ვსწავლობდი, კვლევებს ვატარებდით. კვლევის საგანი კი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო: თუ როგორ მოგვეყვანა  ახალგაზრდა თაობა თეატრში. ბილეთი 7-10 ლარი ღირს, ადგილობრივ მაყურებელს მისი ყიდვა შეუძლია. თეატრალურ უნივერსიტეტში პედაგოგად მუშაობისას, მუდმივად ახალგაზრდებს ვხვდებოდი და ზესტაფონის თეატრშიც  მოვინდომე  ახალგაზრდობასა და თეატრს შორის ხიდი გამედო. კულტურის მინისტრის, ქ-ნი თეა წულუკიანის ინიციატივით გამოცხადდა კონკურსი ახალგაზრდებისათვის, რათა თეატრს - მაყურებელთან თანამედროვე ენაზე, თანამედროვე ფორმებით  შეძლებოდა ურთიერთობა. ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარა თეატრში ახლად მოსული, საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალგაზრდა მენეჯერი, ნიტა ხაჩიძე. მასთან ერთად დავიწყეთ ისეთი ნაწარმოებების ძიება, რაც ახალგაზრდების დაინტერესებას შეძლებდა. მივმართეთ რეჟისორ მამუკა ცერცვაძეს, რომელსაც გორის თეატრში ზელერის პიესა „ვაჟიშვილი“ ჰქონდა დადგმული. ამ სპექტაკლის რეპეტიციებზე მოვიწვიეთ ახალგაზრდები, ჩავრთეთ სარეპეტიციო პროცესში და  ძალიან საინტერესო შედეგიც მივიღეთ - ახალგაზრდა მაყურებელი  თეატრით დაინტერესდა.

სპექტაკლის აღდგენა ვთხოვეთ ვახო ნიკოლავასაც, რომელიც ახლა სენაკის თეატრის ხელმძღვანელია და რომელსაც პანდემიის პერიოდში აქ,  ღია სივრცეში, დადგმული ჰქონდა მაკდონაჰის პიესა „ობლები“ და მაყურებელმა, საპრემიერო სპექტაკლების გარდა, თეატრში სიარული დაიწყო. დღეს თამამად ვამბობ, რომ სპექტაკლები თითქმის ანშლაგით მიმდინარეობს, კვირაში ორ სპექტაკლს ვთამაშობთ. ზესტაფონი პატარა ქალაქია, სანამ ადგილობრივი მაყურებელი ერთ სპექტაკლს ამოწურავს, მანამდე ახალი უნდა შესთავაზო, თუ არადა, მისი მობრუნება თეატრში უკვე ძნელია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 12 სპექტაკლი მაინც უნდა გქონდეს რეპერტუარში, რომ ინტერვალებით ვითამაშოთ.

სადადგმო ხარჯებს რაც შეეხება, არსებული ბიუჯეტის გარდა, მემორანდუმი გავაფორმეთ ადგილობრივი  მუნიციპალიტეტის მერიასთან, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხით გვიფინანსებს თეატრალურ კვირეულებს, როდესაც ჩვენ ვმასპინძლობთ დედაქალაქისა და სხვა რეგიონების  თეატრებს. წელიწადში 4-5 კვირეულის მასპინძლობა შეგვიძლია, დასების მოწვევა-გამასპინძლება, რამაც საკმაოდ გამოაცოცხლა ქალაქის თეატრალური ცხოვრება, ჩვენს თეატრში თითქმის ყოველდღიურად რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, ახალი თეატრის სპექტაკლები ტარდებოდა, რამაც მაყურებლის ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია. ჩემი მიზანიც ეს იყო: ადგილობრივ მაყურებელში გაქარწყლებულიყო სტერეოტიპი, თითქოს რეგიონის თეატრი დედაქალაქის თეატრებს ვერ უტოლდება და უცებ აღმოაჩინეს, რომ მთლად ასეც არ ყოფილა და ჩვენ თურმე საკმაოდ ანგარიშგასაწევი დასი გვყოლია.

განვლილი წელიწადნახევარი შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი გახდა თეატრისთვისაც და მაყურებლისთვისაც. ძალიან დაგვეხმარა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, სწორედ მისი დაფინანსების წყალობით დაიდგა ჩვენთან ცხრა სპექტაკლი და დაგვიგროვდა თორმეტი წარმოდგენა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მიმდინარე წელი, უშანგი ჩხეიძის 125 წლის საიუბილეო თარიღია. ჩვენ იმ თეატრში ვართ, სადაც უშანგი ჩხეიძემ გამოანათა კოტე მარჯანიშვილის დამსახურებით და გვაქვს ძალიან დიდი სამზადისი. ამავე დროს, თეატრის 85-ე საიუბილეო სეზონია, შექსპირის საიუბილეო თარიღიც  და „ანტიგონესა“ და „სულიკოს“ შემდეგ მესამე სპექტაკლი, რომელსაც დავდგამ და მის პრემიერას  8 ნოემბერს ვაპირებ... იმდენად ბევრი მისტიკური თარიღი შეიკრა, რომ რებუსივითაა, ვდგამ „ჰამლეტს“... გვყავს ჰამლეტიც  და სხვა პერსონაჟებიც...

რადგან ვიცნობ იმ თაობას, რომელმაც ეს ესაა დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი, დიდი სურვილი მაქვს, თანაც კულტურის მინისტრის, ქ-ნი თეას ინიციატივაა, რომ რეგიონულ თეატრში სამუშაოდ წამსვლელებს  საცხოვრებელ  პირობებსა და ხელფასს დაუფინანსებენ...  რაღაც  სნობური დამოკიდებულებით ახალგაზრდებს ურჩევნიათ სამი-ოთხი წელი, ეპიზოდური როლის მოლოდინში თბილისში იყვნენ, იმის მაგივრად, რომ რეგიონულ თეატრში საკუთარი თავის როლებში წარმოჩენის  საშუალება მიეცეთ.

ერთ ჩემს ინიციატივასაც გაგანდობთ, რომელიც იქნებ განვახორციელო: ყველაზე მნიშვნელოვანი, მთელი წელიწადნახევარი ადმინისტრაციულ პრობლემებში ვიყავი-მეთქი, მოიცავდა  თეატრის ინფრასტრუქტურის ცვლილებას. მოგეხსენებათ, თეატრის მშენებლობა 30-იან წლებში დაიწყო, ომის დროს გაჩერდა, 60-იან წლებში კი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრი მანამდეც ფუნქციონირებდა, ოღონდ არა ამ შენობაში, სადაც ახლა ვართ. დღემდე თეატრს არ ჩატარებია არა თუ სერიოზული რეაბილიტაცია, არამედ კოსმეტიკური რემონტიც კი. ტექნიკურად კატასტროფული მდგომარეობის გამო ძალიან ბევრი სპექტაკლის ჩამოტანაზე უარს ვამბობთ.

დაწყებული გვაქვს პროექტი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს მთავრდება და საზეიმოდ შემიძლია ვთქვა, რომ მინისტრის, ქ-ნი თეას თანადგომით გადაწყდა თეატრის სრული  რეაბილიტაცია. საპროექტო სამუშაოებში, დაწყების  დღიდან, არქიტექტორებთან ერთად აქტიურად ვმონაწილეობდი და ჩაბარდება თუ არა პროექტი, გამოცხადდება ტენდერი სამუშაოებზე. ეს ნამდვილად ისტორიული ამბავია! რემონტი ალბათ ორი-სამი წელი გაგრძელდება, ამასობაში გადავალთ ქალაქში არსებულ კულტურის სახლში და გეგმაში მაქვს თანამშრომლობა სხვადასხვა თეატრებთან, კოპროდუქციების წარმოდგენა, ეს შეიძლება იყოს რეგიონული თეატრები, შეიძლება იყოს დედაქალაქის თეატრებიც. თეატრი გაჩერდეს კი არა, პირიქით, ინტენსიურ შემოქმედებით პროცესში იქნება ჩართული და დასრულებულ შენობაში  სრული რეპერტუარით წარვდგებით.

„ჰამლეტის“ საიუბილეო სამზადისთან ერთად, გვინდა  უშანგი ჩხეიძის სახელობის ფესტივალს ჩავუყაროთ საფუძველი. პარალელურად კი, ცნობილმა რეჟისორმა, ბ-ნმა გოგა თავაძემ, ქართველი ავტორის რომელიმე პიესა - მაყურებლისათვის ცოტაოდენ შვებად დადგას.

თეატრში ახალგაზრდების წასაყვანად  გზებსა და სახსრებს ვეძებ: თეატრის რეაბილიტაციის შემდეგ, შეიძლება ძალიან იდეალისტურად და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა არა მგონია, რომ ყურადსაღები არ იყოს, მინდა ჩვენი თეატრი გახდეს ბაზა თეატრალური უნივერსიტეტისათვის, ვთქვათ მესამე კორპუსი - რეგიონული შენობა, სადაც თეატრის ბაზაზე სპეციალური ჯგუფები გაიზრდება. ეს იქნება ჩვეულებრივი სასწავლო კურსი და ლექციები ყველა საგანში ჩატარდება.

იმერეთის 12 ქალაქია და არა ერთი მაგალითი გვაქვს, რომ იმერეთი საბადოა ქართული თეატრისათვის! მაგრამ ბევრი ახალგაზრდა უსახსრობის გამო ვერ ახერხებს დედაქალაქში ჩამოსვლას. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, პერსპექტივაში რომ შეიძლება მისგან მსახიობი დადგეს, იმის გამო, რომ  ოჯახს უვლის, თავის მშობლიურ ადგილს ვერ ტოვებს, მაგრამ თუ მიეცემა საშუალება და იმ ქალაქში ყოფნა მისთვის ხელმისაწვდომი გახდება, რატომაც არა? რატომ არ უნდა შევუწყოთ ხელი? ხომ შეიძლება საინტერესო  შედეგები მივიღოთ, თუ ეყოლება დღევანდელი ჩვენი რეჟისორი-პედაგოგები, მივიღებთ თეატრით შეპყრობილ თაობას!.. კოტე მარჯანიშვილი ხომ სწორედ იდეამ წაიყვანა ქუთაისში თეატრის გასახსნელად!..

თეატრალური უნივერსიტეტის სამომავლო ამოცანა სწორედ რეგიონის თეატრებში სამსახიობო თამასის აწევაა. თუ მივცემთ ახალგაზრდებს საშუალებას, რომ აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული თეატრის  ბაზაზე    იმუშაონ და ისწავლონ, თანაც თუ კამპუსის ფუნქციაც ექნება, ეს ხომ საუკეთესო იქნება? რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება? ახალი თაობა ხომ თეატრს გამოაცოცხლებს. სამი წლით ადრე,  ჯერჯერობით იდეის დონეზე ვამბობ ამას, თადარიგს ვიჭერ... მინისტრთანაც მქონდა ამის შესახებ საუბარი და ისიც დაინტერესდა! ამ იდეით მხოლოდ დედაქალაქში არ არიან დაინტერესებულები, ინდუსტრიულ ქალაქში საუნივერსიტეტო სწავლების ჩამოყალიბება, განსხვავებული, კულტურული კერის გაჩენა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვისაც ფინანსურად და კულტურულადაც ძალიან მნიშვნელობანი წამოწყებაა...

და ბოლოს, რატომ თეატრალური უნივერსიტეტი?..

იმიტომ, რომ ჩემი საწყისები თეატრს უკავშირდება, იმიტომ რომ ჩემი მშობლები თენგიზ ჩანტლაძის თეატრის მსახიობები იყვნენ და ფაქტობრივად, ჩანტლაძის თეატრის კულისებში დავიბადე... ხუთი-ექვსი წლისა ვიყავი, როცა  ბატონი თენგიზი გარდაიცვალა და დღემდე, ჩემს მოგონებებში ცოცხლობს მისი შთამბეჭდავი საღამოები, რეპეტიციები... ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო და არის ეს თეატრი... სანამ დაიხურებოდა...

ჩემი ერთ-ერთი პირველი პედაგოგი, ბავშვობიდან ჩემი აღმზრდელი,  რეჟისორი დალი კალატოზიშვილი იყო. სკოლის მერე თეატრალურ კოლეჯში ჩავაბარე, პირველ კურსზე კახა ბაკურაძესთან ვიყავი, მეორეზე - გოგა თავაძესთან, მესამეზე - დავით ნიკოლაძესთან. საინტერესო სამწლიანი პრაქტიკა გავიარე, მერე უკვე - თეატრალური უნივერსიტეტი, უნიჭიერეს რეჟისორსა და პედაგოგთან ქ-ნ მედიკო კუჭუხიძესთან სარეჟისორო ფაკულტეტზე გატარებული სწავლის წლები. ქალბატონ მედეასთან დღემდე ვმეგობრობ. ისე მოხდა, რომ ჩემი სადიპლომო სპექტაკლის, ლაშა თაბუკაშვილის პიესის „ასტეროიდის“ პრემიერა სწორედ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე შედგა... წინა თაობის თითქმის ყველა პედაგოგთან - გიზო  ჟორდანიასთან, შალვა გაწერელიასთან ურთიერთობის ბედნიერება მქონდა.

ჯერ კიდევ თეატრალურ უნივერსიტეტში ყოფნისას, ბატონმა ნუკრი ქანთარიამ მასთან ერთად მუშაობა შემომთავაზა და ასე დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა. 18 წლის მანძილზე ბატონი  ნუკრის ასისტენტი, რეჟისორ-პედაგოგი ვიყავი სამსახიობო-სარეჟისორო ჯგუფებთან. იმ პერიოდში ბატონ ნუკრის პოლიტიკაში მოუწია წასვლა და მე მთლიანად უნივერსიტეტზე გადმოვერთე. მაშინ დავდგით ჩეხოვის „თოლია“, სარტრის „ჭუჭყიანი ხელები“, დღემდე აქტუალური, საინტერესო პიესა, რომელიც ექსკლუზიურად  ირაკლი სამსონაძემ გვითარგმნა, ასევე პინარისა და მოლიერის კომედიები...

პარალელურად ვცდილობდი მომესწრო და გარდა  საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებისა იმ ჯგუფთან, რომელთანაც ვმუშაობდი, სპექტაკლები სხვადასხვა თეატრებშიც დამედგა. ასე ვიმუშავე მარჯანიშვილის თეატრში დათო ტურაშვილის პიესაზე „დოდოს მოლოდინი“, გორის თეატრში თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესაზე, რომლის ადაპტაციაც ნუნუკა სეფაშვილმა, ახალგაზრდა დრამატურგმა გააკეთა.

11 წლის წინ, კავკასიის უნივერსიტეტში თეატრალური დასი ჩამოვაყალიბეთ, სადაც ათამდე სპექტაკლი დავდგი და ფესტივალებზე, პროფესიონალური ჟიურისა და უამრავი მაყურებლის  თვალწინ, ამ უნივერსიტეტის  მეტად ნიჭიერი ახალგაზრდობა აღმოვაჩინეთ. მივხვდი, რომ ბევრ ახალგაზრდას გზა აქვს არეული, სხვა ფაკულტეტზე აქვს ჩაბარებული, მაგრამ ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელი ახალგაზრდები სხვა პერსპექტივებს ირჩევენ. თუმცა იმავეს თქმა შეიძლება თეატრალურ უნივერსიტეტზეც...

მთელი ამ ხნის მანძილზე სულ ვფიქრობდი რეგიონულ თეატრებზე და როდესაც კონკურსის წესით  კიდეც დავინიშნე ზესტაფონის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, მივხვდი, რომ წინ საინტერესო ცხოვრება მელის!..

***

წარმატებას ვუსურვებ რეჟისორ ვატო ჟუღელს, იმედი მაქვს მის მიერ დადგმულ „ჰამლეტს“ მალე ვნახავთ...

bottom of page