top of page

ვკვდები როგორც ქვეყანა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის 

სამინისტროს მიერ.

1706545046122.jpeg

ანა ბენიძე

ვკვდები როგორც ქვეყანა

                                                                                             ,,არა ვარ კაცი, კაცი არა ვარ.

მიწა ვარ, მიწა. მე ვარ ქვეყანა.’’

  

1978 წელს, ბერძენი მწერლის, დიმიტრი დიმიტრიადისის გამოცემული რომანი - ,,ვკვდები როგორც ქვეყანა,’’ რომელიც უშვილო ქალებს ეძღვნება, დღემდე აქტუალურია მისი თემიდან გამომდინარე - ერის მენტალური და ფიზიკური სიკვდილი უნაყოფო ქვეყნის ფონზე.

 ნაწარმოები დადგმულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე და თარგმნილია არა ერთ ენაზე, მათ შორის, 2015 წელს ქართულადაც თათია მთვარელიძის მიერ.

  

საქართველოში რომანის ინსცენირება 2023 წლის 17 ნოემბერს, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სცენაზე, ახალგაზრდა, ეპატაჟურობით გამორჩეული მიხეილ(მიშა) ჩარკვიანის რეჟისორობით იხილა მაყურებელმა. რეჟისორი ასევე გვევლინება სცენოგრაფის რანგშიც.

 

დარბაზში შესვლისთანავე, ვხედავთ სცენის წინ მდგარ ნახევრად დახრილ, დიდი ზომის ყვითელ ფიცარნაგს (რომელიც არ ახალია როგორც მსოფლიო, ისე ქართული თეატრისთვის) და მასზე მჯდომ მსახიობ მარინა ჯოხაძეს, რომელიც შემდეგ ფრაზას იმეორებს: ‘’Get Out Of Here’’ - რაც ე.წ. მოწოდებად შეიძლება ჩაითვალოს - სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია, თავს უშველე. სამწუხაროა, თუმცა მხოლოდ ორი უკიდურესი მოცემულობა გვაქვს - გაქცევა ან სიკვდილი.  მარო ჯოხაძის რეპლიკის პარალელურად, ჩემოდან გამობმული მსახიობი, კახა კინწურაშვილი, რომელიც გადარჩენის სურვილითაა შეპყრობილი და თითქოს, ერთი მხრივ, ერთვარ მზაობას გამოხატავს ქვეყნიდან გაქცევაზე, ნელი ტემპით მიიწევს მწვერვალისკენ, თუმცა ამაოდ. მეორე მხრივ, ის დინებას მიყოლილი მკვდარი თევზია, რომლის ფეხზე მობმული ჩანთაც იმ მძიმე ტვირთის აღნიშვნელია,  რომელიც სულ სდევს და დაუძლეველი ძალით ფსკერისაკენ მიექაჩება.

 

სპექტალის თითოეული მონაწილე აღმასვლისკენ იღრწვის, თუმცა მათი მრავალცდიანი გაბრძოლება უშედეგოა. რთულია არ ვახსენო ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი სიზიფე (,,სიზიფეს შრომა’’), რომელიც უსასრულო ფუჭი გარჯით ირჩევს სიცოხლეს. (ასევე არ დავივიწყოთ გამონათქვამი: ,,ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიანო’’ მართალია, ამ ფრაზის შესრულებით თავს ვერ უშველი, მაგრამ სხვა თუ არაფერი, შეუგუებლობას მაინც გამოხატავ არსებული დრომოჭმული ყოფისადმი). 

 

დადგმაში მონაწილეობენ პროფესიონალი და ახალბედა მსახიობები, რომელთაგან მარო ჯოხაძისა და კახა კინწურაშვილის შესრულებაში იგრძნობოდა მრავალწლიანი გამოცდილება და მათთვის დამახასიათებელი გულწრფელობა.  საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მისიას ახალგაზრდებმა - მაშო მაყაშვილმა, ლუკა ჯაფარიძემ, თორნიკე ლაზაშვილმა და ანდრო ჭიჭინაძემ.  მართალია, სპექტაკლში ახლებურად დავინახე გივიკო ბარათაშვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც უფრო უწევდა  ხმას, მით მეტად ჭირდა მისი ტექსტის გაგება.  ბაია კერესელიძისა და ქეთი ჯავახიშვილის შესრულებაში დრო და დრო  მაკლდა დამაჯერებლობა. ასევე მცირე დოზით დამაკლდა დამაჯერებლობა ეკა დემეტრაძის მხრიდანაც, თუმცა ეს არ ეხება მის შესრულებას კახა კინწურაშვილთან ერთად, რაზეც ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ ძალზე ემოციური და დასამახსოვრებელია.

სპექტაკლი ძირითადად ხმაურებითაა აწყობილი, რაც შესაძლოა ითქვას, რომ ერთგვარ დინამიკას ქმნის. აქვე არ დავივიწყოთ ერეკლე გეწაძის არაჩვეულებრივი ელექტრონული მუსიკა, რომელიც თავისებურ ხიბლს სძენს დრამას.

სპექტაკლი - მანიფესტი, რომლითაც არსებული რეალობის პირისპირ გვაყენებს რეჟისორი, საკმაოდ საინტერესოდაა წარმოდგენილი, თუმცა გათამაშების გარეშე, ტექსტის კითხვით მთელი სპექტაკლის განმავლობაში რთულია მაყურებლის ყურადღების მიპყრობა, ე.წ. ,,დაჭერა.’’  პირადად მე, რამდენჯერმე გამექცა ყურადღება და ძლივს ვკონცენტრირდი.

 აქვე აუცილებელი აღნიშვნის ღირსია სამი მიზანსცენა. პირველი - ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი ინტერვიუ, რასაც მოსდევს მსახიობ გივიკო ბარათაშვილის შემდეგი ქმედება, იგი ნაჯახით ამსხვრევს ტელევიზორს და ასე ლამაზად აჩუმებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსს. ეს სცენა დამსწრეთაგან საკმაოდ ბევრისთვის გახდა სახლში წასვლის მიზეზი. ასევე დასამახსოვრებელია კახა კინწურაშვილისა და ეკა დემეტრაძის ერთობლივი სცენა. დაბოლოს, ძალზე შთამბეჭდავია საფინალო აქტი - გელათის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა, რომელიც გამოსახავს კულტურის, შესაბამისად, ქვეყნისა და მისი მომავლის სიკვდილს, რაც ამჟამინდელობით გარდაუვალია.

სპექტაკლი ჩვენზე და ჩვენს ბედკრულ ქვე’ყანაზე, რომელიც უცილობლად იმსახურებს გადარჩენას. ვგონებ, ყველამ უნდა ნახოს ეს სპექტაკლი და თავად გადაწყვიტოს მოეწონება თუ არა. . .

bottom of page