top of page

Viva Opera !

274910795_696118955080466_1916519756786676842_n.jpg

Viva Opera!

 

ლელა ოჩიაური

 

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში (კოვიდით ბევრჯერ ჩაკეტვის, მუშაობის იძულებით შეჩერების, შემოქმედებითი ჯგუფისა და ადმინისტრაციის დაინფიცირების, სარეპერტუარო სპექტაკლების ჩაშლისა და ამავე მიზეზით, რამდენჯერმე გადადებული პრემიერის შემდეგ), ბოლოს და ბოლოს, 2022 წლის 11 თებერვალს, ჯუზეპე ვერდის „ნაბუკო“ წარუდგინეს საზოგადოებას  და მსოფლიო საოპერო ვარსკვლავ გიორგი გაგნიძის ვარსკვლავიც გაიხსნა.

„ნაბუკოს“ დამდგმელი დირიჟორია - მარტინს ოზოლინსი (ლიტვა), რომელმაც ბრწყინვალედ უდირიჟორა საპრემიერო სპექტაკლს და რომელიც მომდევნო დღეებში ფილიკო კონტიმ (იტალია), ვალტერ ატანაზიმ (იტალია) და  ლევან ჯაგაევმა (რომელიც დადგმის პროცესში  მარტინს ოზოლინსისა და შემდეგ სხვა მაესტროების ასისტენტიც იყო). თვითონ დადგმა ეკუთვნის  იტალიელ რეჟისორსა და სცენოგრაფ ენრიკო სტინკელი, კოსტუმები - ესტერ მარტინის (ესპანეთი). მათთან ერთად მუშაობდნენ - რეჟისორის ასისტენტები - რეჟისორები: ზაზა აღლაძე და ქეთევან-ხათუნა ბედელაძე; სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი - ამირან ანანიაშვილი, სცენის მთავარი მემანქანე - გია გელაძე და სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი - მარინა ბურჭულაძე.

საპრემიერო სპექტაკლში გიორგი გაგნიძესთან ერთად მონაწილეობდნენ და წამყვან პარტიებს ასრულებდნენ - ლეგი იმედაშვილი, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი ჭელიძე, ანასტასია სოლდირევა (იტალია), ირინა შერაზადიშვილი, თამაზ საგინაძე, მარიამ ქობალიანი და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდებული გუნდი („სოლისტების“ გუნდი - გუნდი, რომლის მთელი შემადგენლობა „სოლისტია“ და რომელიც მსოფლიოს საოპერო გუნდებს არ ჩამოუვარდება), ავთანდილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით.

მას შემდეგ  „ნაბუკო“, პანდემიის პირობებში, კვლავ წინააღმდეგობების - სოლისტების, სხვა მომღერლებისა და მუსიკოსების სახელდახელოდ შეცვლა-ჩანაცვლების უწყვეტი ფორმით სრულდებოდა, გუნდის, ორკესტრის - პირბადეებში მღერისა და ასეთივე პირობებში დაკვრის, რეგულაციების დაცვის  მიუხედავად.

მომდევნო სპექტაკლებში მონაწილეობდნენ და წამყვან პარტიებს კვლავ შეასრულებენ - სულხან გველესიანი, არმაზ დარაშვილი, ელენე საბაშვილი, ლევან მაკარიძე,  ფილიპე ღაჭავა, მანანა იორდანიშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, გია მახარაძე, კახაბერ თეთვაძე, მაყვალა ასპანიძე, ზაალ ხელაია, სულხან ჯაიანი, გიორგი გოდერძიშვილი, თამარ ლებანიძე, კონსტანტინე ყიფიანი, ირაკლი მუჯირი, შოთა ქუტიძე, ოთარ ნაკაშიძე, ალექსანდრე თიბელიშვილი, გოჩა დათუსანი, ჰანინგ ცო (ტაივანი), ირაკლი მუჯირი, ზაალ ხელაია, ირინე რატიანი,  მარიამ ბარათაშვილი.

 

პირადად ჩემი შთაბეჭდილებითა და სხვა მსმენელების ინფორმაციით  (უკვე არ ვიცი, მერამდენედ) დავრწმუნდი, რომ მართლა მაღალი კლასის ვოკალისტები გვყავს. მათი რაოდენობა კვლავ მატულობს და არც ხმების მრავალფეროვნება და ხარისხი მცირდება. 

ამ დღეებში ისიც ითქვა, რომ „ნაბუკოს“ წარმოდგენების დროს საქართველოში კიდევ ერთი ახალი ვარსკვლავი დაიბადა - მეცო სოპრანო ელმინა ჰასანოვა (თამარ ივერის მაგისტრანტი თბილისის კონსერვატორიაში, ბაქოდან), რომელმაც ორჯერ შეასრულა ფენენას პარტია.

„ნაბუკოს“ პრემიერას განსაკუთრებით ველოდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს და ბევრი ვერსიას ვიცნობ. გიორგი გაგნიძისა და სხვა მონაწილეების ფაქტორმაც, ცხადია, იმოქმედა, მაგრამ მთავარი „მიზეზი“ მაინც იყო, რომ პირველად მეძლეოდა მისი „რეალობაში“, „ცოცხლად“ მოსმენის შესაძლებლობა (ეკა გელაშვილი - გმადლობ ამ შესაძლებლობისთვის! ❤ ).

და ამის მიუხედავად, ძალიან დაძაბულ, მძიმე და უიმედო გარემოშიც კი (რომელიც ჩვენ ქვეყანაში და სამყაროშია),  ყოველწამიერ სტრესებში,  მშფოთვარე მოლოდინებსა და რეალური საფრთხის წინაშე (11 თებერვალს უკრაინის მოვლენები ჯერ მხოლოდ სიტყვიერი მუქარის სტადიაზე იყო), რაც ნაკლებად განგვაწყობს ხოლმე სხვა თემებზე  საუბრისა თუ ფიქრისკენ, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ შევძლებდი ოთხ აქტიანი და თითქმის ოთხსაათიანი სპექტაკლის  „თავისუფლად“ მოსმენასა და რეალობიდან გაუცხოებას.

რა თქმა უნდა, მთავარი თავად მუსიკის ბრწყინვალებაა,  მაგრამ არანაკლებ მთავარი - რამაც სრულიად გავსებული დარბაზი მთლიანად დაატყვევა და შემდეგ სტრესებისგან გაათავისუფლა   - მუსიკალური და სარეჟისორო დადგმისა და შესრულების მაღალი ხარისხი და მონაწილეების ჰარმონიული ერთობა იყო.

სცენოგრაფია ძუნწი და სულ რამდენიმე ნაწილისგან შედგება (კიბისებრი თეთრი შემაღლება, შანდლები და სკივრები) და მას პროექცია ავსებს - სურათებისა და მოქმედების მიხედვით, ბაბილონის ხედები, სემირამიდას ბაღები, თუ სხვა მსგავსი გამოსახულება. ნამდვილი ფეიერვერკია კოსტუმები და აღკაზმულობა, რომლებიც ერთი მხრივ, იმეორებენ შუამდინარეთის ხელოვნების ნიმუშების ელემენტებს, მონახაზებსა და ფორმებს და მეორე მხრივ, სტილიზებული, გამრავალფეროვნებული და თავისუფლად ინტერპრეტირებულია.

ყველაფერი ეს კი ქმნის დიდებულ და შთამბეჭდავ სანახაობას, რაც, მეტ-ნაკლებად, სტატიკურ რეჟისორულ გადაწყვეტას დინამიკით ავსებს და ნამდვილი მუსიკალური  (ყველა თვალსაზრისთ და პირველ რიგში - ხმები, შესრულების მანერის თავისებურებები, ინტერპრეტაცია) დღესასწაულის შეგრძნებას ბადებს.

ამას, ცხადია ემატება მუსიკაში გამოხატული და ამდენად, გაძლიერებული - თავისუფლების, გათავისუფლების, გმირობისა და სამართლიანობის გამარჯვების იდეა („ნაბუკოს“ ერთ-ერთი მთავარი ხაზი და სათქმელი), განსაკუთრებით თანადროულად ჟღერს  ქვეყნის შიდა პრობლემების, მღელვარებისა  და მით უფრო, იმ დაუჯერებელი ტრაგედიის ფონზე, რაც უკრაინაში დღეს ვითარდება.

ზოგადად ოპერა და ქართული ოპერაც (მარტო „დაისი“ რომ გავიხსენოთ და მისი  მეტად წარმატებული და ტრაგიკული ისტორიაც) არა ფუფუნება და არა მხოლოდ ზეიმია,  არამედ ზუსტი და ლოგიკური რეაქცია (გამიზნული თუ ქვეცნობიერი, განზრახული თუ წინასწარმეტყველური) ცხოვრებაზე, სინამდვილეზე. ყოველთვის იქ და მაშინ, განსაკუთრებით მძლავრად  „აჟღერებული“, როდესაც ქვეყანაში, საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პროცესები იწყება და ვითარდება.

მათ შორისაა, „ნაბუკოც“, რომელიც დღეს ამ პროცესის ნაწილი და გაგრძელებაა და ამით, კიდევ უფრო ღრმად  იბეჭდება ჩვენი ეროვნული ოპერის თეატრის  ისტორიაში.  როგორც თანადროული მოქალაქეობრივი აქტი და როგორც მხატვრული ნაწარმოების ტრიუმფი. 

კიდევ ერთი, რაც თამამად და გაუზვიადებლად  შეიძლება ვთქვა - „ნაბუკო“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და  პირადად სამხატვრო ხელმძღვანელ, დიდ მომღერალ  ბადრი მაისურაძის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია (ან, შეიძლება საუკეთესოც) მათგან, რომლებსაც უკვე რამდენიმე წელია წარუდგენს ხოლმე მსმენელს საქართველოში. ბარემ, „მაკბეტსაც“ გავიხსენებდი. და კიდევ -  „სოფლის ღირსებას“. 

ფოტო: გია გოგატიშვილი

bottom of page