top of page

ვისი ხარ, კარმენ?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

518382205_1160527046104324_4955774146864987582_n.jpg

მანანა თევზაძე

ვისი ხარ, კარმენ?

მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე  ჟორჟ ბიზეს „კარმენი“ წარმოადგინეს.

როდიონ შჩედრინის „კარმენ-სუიტას“ ქორეოგრაფი ალბერტო ალონსო.

სპექტაკლის იდეის ავტორი, რეჟისორი და ქორეოგრაფი გია მარღანია.

კოსტიუმების მხატვარი - ხათუნა მაისურაძე

აუდიომონტაჟი და მუსიკალური ეფექტები -ზურა გაგლიშვილის 

რეჟისორის თანაშემწე - ნინო ჟორჟოლიანი

 შემსრულებელნი: 

კარმენი - ანკა ვასაძე

ხოსე - ნიკა ნანიტაშვილი

ტორეადორი - ლუკა ჭანიშვილი

კორეხიდორი - მიშა ზაქაიძე

სიკვდილი - ანა თალაკვაძე

უცნობი - გია მარღანია

 

13 ივლისი.

 

მარჯანიშვილის თეატრის დარბაზი სავსეა ყველა ასაკის მაყურებლით.

 

***

შემთხვევითი არ არის, რომ 1846 წელს, გამოქვეყნებიდან ერთ წელში და ბიზეს ოპერის პრემიერამდე 30 წლით ადრე, მარიუს პეტიპამ მადრიდში ერთაქტიანი ბალეტი „კარმენი და ტორეადორი“ დადგა. 1875 წელს, ჟორჟ ბიზეს ოპერის შექმნის შემდეგ კი, ყველა „კარმენი“  ამ მუსიკაზე იდგმებოდა.

პროსპერ მერიმეს ნოველა „კარმენ“ სიუჟეტურად იდეალურად შეეფერება ბალეტს.

1967 წელს, კუბელმა ქორეოგრაფმა ალბერტო ალონსომ, უდიდესი ბალერინას - მაია პლისეცკაიას თხოვნით, ერთმოქმედებიანი ბალეტი „კარმენ-სუიტა“ ბიზეს „კარმენის“ როდიონ შჩედრინისეული საგანგებო ტრანსკრიპცია დადგა.

შჩედრინის მუსიკამ შესაძლებლობა მისცა ქორეოგრაფს და მოცეკვავეებს შეექმნათ უნიკალური, დინამიური, ემოციურად დატვირთული საცეკვაო სცენები, რომელთა რიტმულმა თავისუფლებამ ცეკვა მუსიკასთან ერთად აალაპარაკა.

ბოშა ქალი კარმენის და მასზე შეყვარებული ჯარისკაცის, დონ ხოსეს ბედისწერით განპირობებული ტრაგიკული ამბის დადგმისას, ალონსომ უარყო ბალეტის კლასიკური კანონები და  ცეკვის სტრუქტურა შეცვალა.

 არ ვიცი, რამდენად განსხვავდება დიდი თეატრის სცენაზე დადგმული „კარმენ-სუიტა“ მარჯანიშვილის თეატრის „კარმენისაგან“ და თუმცა თბილისურ  საინფორმაციო მასალაში წერია, რომ ქორეოგრაფი ალბერტო ალონსოა, ჩემი  წერილი მაინც უშუალოდ მარჯანიშვილის სპექტაკლიდან გამოყოლილი, გია მარღანიასეული დადგმის შთაბეჭდილებაა:

„კარმენ-სუიტის“ მუსიკის ფონზე სრულიად შავი სცენა განათდა.

შავ ბალახონში ჩაცმული და თვალებახვეული ქალი კამათელს აგორებს. მის წინ, ორნი ჩაჩოქილან.

კარმენს შავი ტუნიკა აცვია...

ძველეგვიპტურ ფრესკებზე გამოხატულ სხეულთა ხელების, ფეხების მოძრაობები...

და არა ის, რაც  მაია პლისეცკაიას შესრულებით მახსოვს.

მკვეთრი, ოდნავ აგრესიული საცეკვაო მოძრაობები მოქნილ, გაგრძელებულ ხაზებს ენაცვლებიან.

დრამატული თეატრით შთაგონებულ, თავისებური დიალოგის ყოველ ელემენტში,  ქვეტექსტი იგულისხმება: გმირების შინაგანი წინააღმდეგობა,  ემოციები, ფიქრიც კი.

ეს ცეკვაც არ არის, არამედ უფრო რიტუალური სვლა.  ერთი და იგივე მოძრაობა მეორდება: ხელები - თავთან და კისერთან, გულთან...

მარადი ისტორია სიყვარულის დაბადების შესახებ. თავშეუკავებელი სურვილი, რომელშიც შერეულია ეროტიკა, სტილისტიკური ელეგანტურობა და სუფთა ხაზები.

კვამლი იდუმალებას ანიჭებს სცენაზე მოძრაობას, გარდუვალობა თავიდანვე საგრძნობია...

ჩაბნელებასთან ერთად სრულიად იცვლება სცენა. საინტერესოა ესენი დრამატული თეატრის მსახიობები არიან თუ პროფესიონალი მოცეკვავეები? ერთი კია, რომ კარგად მომზადებული სხეული აქვთ, მუსიკას ფლობენ და მაყურებელი ტაშს არ იშურებს.

პარტნიორები - ანკა ვასაძე და ნიკა ნანიტაშვილი.

პირველი შეხვედრა - აშკარად სექსუალური, ეროტიკული... კუთხოვანი მოძრაობებით იგება კომპოზიციები.

ანკა ვასაძე - ელეგანტური, მიმზიდველი და მგრძნობიარე კარმენი. მისი პარტნიორი - ნიკა ნანიტაშვილი, დონ ხოსე.

კარმენი - როგორია ის? თავისუფლების სიმბოლო თუ პროტესტანტი, რომელიც ადვილად ამსხვრევს სხვათა ცხოვრებას. თუ სტერეოტიპი, რომელიც 200 წლიანმა წარმატებულმა ისტორიამ ყველას თავს მოახვია?

კარმენი - ლამაზი, ვნებიანი და სასურველი, რომელიც ყველას ბრძოლაში იწვევს, ვისაც მისი დამორჩილება სურს.

ანკა ვასაძემ კარგა ხანია თავი გამოიჩინა, როგორც მშვენიერმა მსახიობმა, ისევე, როგორც კარგი ტექნიკით გამორჩეულმა მოცეკვავემ. ყოველთვის მზადმყოფმა და დაუღლელმა შრომისათვის. მის მიერ დახვეწილად შესრულებული კარმენი ნამდვილი წარმატებაა, არა მხოლოდ, როგორც მოცეკვავის, არამედ, მთავარია, როგორც დრამატული მსახიობის. პირველი გამოსვლიდან დაწყებული, ბოლო ამოსუნთქვამდე, ის მაყურებლის ყურადღებას იპყრობს და  როგორც ცენტრალური ფიგურა, მოქმედებას აერთიანებს.  

მის წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქორეოგრაფის - გია მარღანიას შრომამ და სავარაუდოდ, შემოქმედებითად სავსე სარეპეტიციო პროცესმა, როდესაც ყოველ დღე უამრავი მოსათელი ვარჯიში სრულდება. ბალეტმეისტერმა ალბათ თანდათან ახსნა კარმენი, როგორც ამაყი და თავისუფალი პიროვნება, შემდეგ კი ქალი, რომელსაც  სიყვარული სწყურია და ისწრაფვის სულიერი სიახლოვისაკენ.

ჩემთვის, დადგმის მთავარი იდეა, მაინც მარტოობის ტრაგედიაა ახალი ლექსიკით, რომელიც აკადემიურ ცეკვას გაცილებით თავისუფალ პლასტიკასთან აერთიანებს.

კარმენის შესრულებისას მნიშვნელობა აქვს მოცეკვავის ყოველ გამოხედვას, ჟესტს. ყველაფერი ძალიან ზუსტი და აზრიანი უნდა იყოს. კარმენი - ესაა ცეკვა, პირველივე მოძრაობიდან სავსე სიყვარულით.

ბოშა ქალის სახის შექმნისას, ანკა ვასაძემ თავისი გადაწყვეტა შემომთავაზა: მსუბუქი და გრაციოზული, ამავე დროს ენერგიული და ძლიერი, მოქნილი და სხეულის მაკონტროლებელი. ქორეოგრაფია მხოლოდ კონტურია მისთვის, რომელსაც ფერით ავსებს. ეროტიზმიც კი რაღაც სხვანაირია, წვეთი არ არის მასში ვულგარული, მხოლოდ ძალიან ქალური, მომხიბვლელი. მის მოძრაობებში მხატვრული ტანვარჯიშის ელემენტებიც აღმოვაჩინე.  

 

კატასავით მიმპარავი პლასტიკით ხაზს უსვამს, რომ კარმენისთვის სიყვარული არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ თამაშია, გართობა. თავისებურად თავხედია, მამაკაცებს აღიზიანებს და შემდეგ დაუნდობლად სტოვებს მათ. ამიტომაც არ არის მის პლასტიკაში კლასიკური ცეკვის მსუბუქი  ნახტომები, მოქნილი და მომრგვალებული ხაზები. სამაგიეროდ არის ხელების ბევრი, მკვეთრი მოძრაობები, სწრაფი ნაბიჯები და პროვოკაციული ჟესტები.

მიუხედავად იმისა, რომ ხოსესა და კარმენს შორის სიყვარული ეჭვს არ იწვევს, რასაც  რომანტიკული ბალეტის სტილში გადაწყვეტილი არაბესკებით, ბრუნით, პირუეტებით სავსე მათი ლირიკული დუეტი მოწმობს, კარმენი ძალიან საეჭვო სამკუთხედში ითრევს ხოსეს.

ორი კარმენი? გაორება? ერთმანეთის პირისპირ და კარმენი უკვე წითელ კაბაში ეთამაშება ბედისწერას - სიკვდილს.

საფუძვლად მაინც ძველეგვიპტური ფრესკაა...

სინათლის ეფექტური ცვლილებები, წითლით და ოქროსფრით განათების თამაში.

მოძრაობები უფრო ვნებიანი, თამამი, მკვეთრი, აგრესიულიც კი გახდა. მაგრამ შემორჩა ნაზი, მსუბუქი და გრაციოზული მოძრაობებიც - ასეთი კონტრასტულობა სანახაობრივია.

პლასტიკურ ნახატს წითელ კაბაში თვალს ვერ ვაშორებ.

ამასთან კლასიკური საფუძველიც შენარჩუნებულია, ისევე როგორც შენარჩუნებულია სხვა მოცეკვავეების:  ლუკა ჭანიშვილის,  მიშა ზაქაიძის, ანა თალაკვაძის სიმსუბუქე და ჰაეროვნება, ყოველი ფრაზის დახვეწილობა და ტექნიკური სრულყოფა.

ხელების სიმფონია შეიძლება ეწოდოს კარმენისა და ხოსეს ადაჟიოს, რადგან მრავალფეროვანი მოძრაობით გადმოსცემენ ლტოლვას და სიყვარულს, ვნებას. ამბავს მათი ხელები ჰყვება.

გამახსენდა ირაკლი გამრეკელისეული გრაფიკული ციკლი „ცირკი“, სადაც წრეში მოთავსებული სხეულები სწორედ ამგვარი ტეხილი ხაზებით წარმოადგენენ უწყვეტ მოძრაობას.

ხოსეს პრობლემა იმაშია, რომ ის მსხვერპლია, კარმენი კი,  თავისუფალი ქალია, ბოშა, ქურდი, ყოველთვის იმას აკეთებს, რაც იმ წუთს სურს.

ხოსეს თავდავიწყებით უყვარს კარმენი. უხეში ჯარისკაცი სიყვარულმა გარდაქმნა, კარმენისათვის კი მისი ხვევნა-კოცნა ბორკილებია.

ხოსე მეომარია, ცხოვრობს სისტემაში, სადაც მოვალეობა ყველაზე მაღლა დგას, მაგრამ ვნებისაგან გონდაკარგული, ჯარისკაცის კანონებს არღვევს, ყველასგან გარიყული სამსახურს კარგავს, მერე სიყვარულსაც - ერთადერთ შემორჩენილ ცხოვრებისეულ აზრს და აღარაფერი რჩება სასოწარკვეთილი ბრაზის გარდა. მას კარმენი კი აღარ უყვარს, არამედ თავისი სიყვარული მისდამი. კარმენის მოკვლის შემდეგ ადგილს ვერ პოულობს, სულიერად განადგურებული შეგნებულად ისწრაფვის სასიკვდილო განაჩენისკენ.  

ძალიან კარგია ნიკა ნანიტაშვილი - დონ ხოსე - ვნებისა და ეჭვიანობის ტყვე. ბალეტმეისტერმა პერსონაჟის ემოციური მდგომარეობა მოძრაობითა და ფიზიკური შესაძლებლობებით გადმოსცა. ვნებიანი აფეთქებები, სიყვარული, მეტოქეობა და ეჭვიანობა დაუვიწყარ დრამატულ ატმოსფეროს ქმნის. ხოსე ხან კარმენის მარიონეტია, ხან რომანტიკული გმირი, ხან სხვადასხვა მიმართულებით დააბიჯებს სცენაზე, ხან  საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს... ამავე დროს, დონ ხოსეს როლი შემსრულებლისაგან განსაკუთრებულ ვაჟკაცურ ტექნიკას ითხოვს. დონ ხოსეს ცეკვა მის შინაგან ბრძოლას და მარცხს ასახავს. სცენები დაძაბული, ვნებიანი ბრძოლით, ნამდვილი ემოციებითაა სავსე, რომლებიც მაყურებელს, მაიძულებენ  ყველაფერი გმირებთან ერთად განვიცადო. მისი ენერგიული და რიტმული მოძრაობები, კლასიკური საბალეტო ელემენტები მოხდენილობას და ელეგანტურობას მატებენ სპექტაკლს.

კარმენს ტორეროს შეყვარებაც შეეძლო, რომელიც გულგრილი არ არის მისი სილამაზისადმი. ქარიზმატული მსახიობი ლუკა ჭანიშვილი ასრულებს ამ როლს. იგი ელეგანტურია  თავის ნახტომებსა და ბრუნში,  ენერგიულ და რიტმულ მოძრაობებში, რომლითაც განმსჭვალულია მთელი მისი სიუჟეტური ხაზი.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ტორეადორის  შემოსვლა, შთამბეჭდავია მისი კოსტიუმიც - ოქროსფრად მოვარაყებული მუქვარდისფერი ფიგარო, შავი შარვალი თეთრ პერანგთან ერთად

და კვლავ  გაორება კარმენის...

ყველაფერი წითელ განათებასა და კვამლის ფონზე ხდება.

იატაკზე გრძლად გადაიჭიმა წითელი ნაჭერი - სისხლიანი გზა, რომელსაც სამნი დაადგნენ.

და ხართან ცეკვა... ალისფერი მანტიის ფრიალი...

ძალიან ლამაზი სურათებია - კომპოზიციები - ფაქტობრივად ორთაბრძოლა ორ მამაკაცს შორის და ხელები -  გასაღები მათი სხეულის, შეკრული, მორკალული, გახსნილი, გაშლილი, ერთმანეთს გადაჭდობილი, ჯვრად ქცეული და კვლავ ბედისწერის თამაში, რომელიც აბრმავებს ყველას.

დასაწყისის განმეორება - თვალდახუჭულები, ჩაჩოქილნი... მათ შორის ჩაგდებული დანა - ბრმა იარაღი ბედთან თამაშში...

განათებული, გასხივოსნებული სცენა. სხეულის თავისუფლებისათვის ბრძოლაა მათი შეხვედრა - მერამდენე ლირიკული ადაჟიო...

კარმენის ბედი, ისევე, როგორც ტორეროსა და ხარის ბედი გამუდმებით სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ სპექტაკლში ჩნდება ბედისწერის სახე.

კარმენი მკითხაობს... კარმენის ბედის საშინელი სახე.

ბედისწერა გარდაუვალ ტრაგიკულ დასასრულს ქადაგებს.

ბედისწერა, რომელიც ასე კარგად არის აღწერილი მუსიკის ყოვლისშემძლე ლეიტმოტივით, მთავარი გმირია ამ ექსკლუზიური ვერსიის.

მისი მომხიბვლელი სახე...

ერთადერთი გზა ისე ცხოვრებისა, როგორც კარმენს სურს, ბედისწერის წინაშე ქედის მოდრეკაა.

სიკვდილი უჯობს, ისე, როგორც ბანქო  წინასწარმეტყველებს.

ფაქტობრივად სწორედ ბედისწერა - სიკვდილი სდევს დონ ხოსეს, კარმენს და ესკამილიოს, კარნახობს აღსასრულს და ამ ამაღელვებელი ქორეოგრაფიის მთავარი ინტერპრეტატორია.

ერთ-ერთ საუკეთესოს სპექტაკლის მონაწილეთა შორის, ანა თალაკვაძეს, სიკვდილის - ბედისწერის როლი აქვს დაკისრებული. ფეხდაფეხ დასდევს იგი მშვენიერ ბოშას და ფინალში კვლავ კამათელს აგორებს, მუნშტუკსაც  აბოლებს... შესაშურია ანა თალაკვაძის გრაცია და პლასტიკა.

ქორეოგრაფმა კითხვები დასვა და ცეკვის  საშუალებით პასუხი გასცა. როგორია ის, თანამედროვე ქალი? როგორ ვლინდება მისი რთული ბუნება? აქვს კი მას თავისუფალი არჩევანის უფლება თუ ბუნება თავად განსაზღვრავს მის ტრაგიკულ ბედს?

გია მარღანიას ნამუშევარი - პიესაა სიტყვების გარეშე, ახალი ჟანრი, რომელიც მოიცავს ქორეოგრაფიას, სამსახიობო ოსტატობას და განათების ეფექტებს.

სიტყვები არ არის საჭირო, ყველაფერს ცეკვა გადმოსცემს. ეს თანამედროვე აღქმაა „კარმენის“, ეს არის ცეკვის თეატრი, არა ბალეტი, არამედ თეატრალური მოძრაობა.

სუნთქვისშემკვრელია სოლო და დუეტები, სადაც პროტაგონისტების ცეკვის შედეგად იბადება სანახაობა, რომელიც დიონისურ თამაშობებს ან რომელიღაც იდუმალ რიტუალს მაგონებს.

პაუზა თითქმის არცა აქვთ, სულ სცენაზე არიან და ინტიმურ სცენებში არაფერია ვულგარული...

სტილი, რომელიც ამ შემთხვევაში მარღანიამ გამოიყენა დუნკანისეულიც შეიძლება იყოს, მას როგორც გამოცდილ ქორეოგრაფს, ყველაფერი კარგად აქვს შესწავლილი.  

არ შეიძლება კოსტიუმების დავიწყებაც:

კოსტიუმები დამუშავებულია მხატვარ ხათუნა მაისურაძის მიერ.

მკვეთრი და სექსუალური კოსტუმები ყურადღებას ამახვილებენ სხეულის სილუეტსა და ხაზს უსვამენ ენერგიას და ვნებას.

განათება...

სცენოგრაფი უმატებს წითელ ფერს, რათა მაყურებლის მახსოვრობამ აღიდგინოს კარმენის ფერი - წითელი...

ტაშის დაკვრისას კი სინათლესთან ერთად ჩაქრება და აინთება სცენა...

და გამოდიან მსახიობები...

ესეც მოფიქრებული გაელვებებია...

არ წყდება ტაში, შეძახილები, ბრავო, ყვავილები, აღფრთოვანება და მუსიკა...

ფინალში, მონაწილე გმირთა ყველა თემა ისმის.  კიდევ ერთხელ ჟღერს ტორეროს მარში, უკანასკნელად გაიჟღერებს ხოსეს მუსიკალური დახასიათება, მისი მღელვარე მელოდია. გაუზიარებელი სიყვარულის გამოძახილი ისმის კარმენის სიკვდილის ეპიზოდში. მუსიკა, რომელიც ეფუძნება საბედისწერო სიყვარულის  ჟღერადობას.

მუსიკა წყდება კულმინაციურ აკორდზე, რომლის შემდეგ ყველაფერი მშვიდდება.

           

ვისი ხარ, კარმენ?

არც არავისი...

 

 

 

 

 

 

 

რამდენიმე სიტყვა ანკა ვასაძისაგან „კარმენის“ შესახებ

ანკა ვასაძეს პირადად არ ვიცნობ და მისმა კარმენმა გადამაწყვეტინა სპექტაკლის შესახებ წერილის დამეწერა. ამ ძალიან ცხელ ზაფხულში მხოლოდ ის მოვახერხე, რომ მესინჯერით დავუკავშირდი და რამდენიმე კითხვით მივმართე, რომლებზეც საკმაოდ საინტერესოდ მიპასუხა. მის მონათხრობში თითქმის არაფერი შემიცვლია. ვფიქრობ, კარგად ჩანს მოსაუბრის პიროვნება და დამოკიდებულება როლისადმი.

ანკა ვასაძე - თეატრალურ უნივერსიტეტში 2009 წელს ჩავაბარე, მოვხვდი რეჟისორ გოგი მარგველაშვილის ჯგუფში. ძალიან კარგი ჯგუფელები მყვანან: ანუკა გრიგოლია, გიორგი შარვაშიძე, თამთა ინაშვილი, ჯეჯი სხირტლაძე, ერეკლე გეწაძე, ანა ამილახვარი, ოთო ჩიქობავა…

- ცოტა ხანს ქართულ ცეკვაზე დავდიოდი. პირველ კლასში ბალეტზეც მიმიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ჩემი ოცნება ბალეტზე  წარსულს ჩაბარდა.

სახლში ჩემთვის ვცეკვავდი ხოლმე, ძალიან მიყვარს ცეკვა...

- თეატრალურში, ჩვენი ჯგუფის პედაგოგი ქორეოგრაფიაში კოტე ფურცელაძე  იყო.

- მესამე კურსზე ლევან წულაძემ „ტარტიუფში“ დამაკავა მარიანას როლზე. ერთი წლის შემდეგ თეატრალურში „სამი და“ დადგა გოგი მარგველაშვილმა, სადაც მაშას ვთამაშობდი და ამ სპეკტაკლის შემდეგ ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის შტატში ამიყვანა. ბევრჯერ მომეცა ბედნიერება მის სპეკტაკლებში მეთამაშა მარჯანიშვილის თეატრში, ასევე სხვადასხვა რეჟისორებთან...

- „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ შეიძლება ითქვას წაცეკვებით მოვხვდი, შემთხვევით. რეკომენდაცია ირაკლი კაკაბაძემ გამიწია, მაშინ „ღამის შოუს“ ჯგუფის სერიალში მიღებდნენ და ამ პროექტში თავიდან ინტერესით მისული, დიდ აზარტში ჩავვარდი. ძალიან ბევრი ვიშრომე, შეიძლება ითქვას, ცეკვა ვისწავლე და ბოლოს, ბევრი შრომა გამარჯვებით დაგვიფასდა მეც და ჩემს საუკეთესო მეწყვილეს - ოთო ფოლადაშვილს.

- გია მარღანიას ჩემს სულ პირველ სპექტაკლში, ლორკას „მეწაღის ცოლის ამბავში“ შევხვდი და მას შემდეგ ბევრ სპექტაკლზე ვიმუშავეთ ერთად.

- ძალიან მადლობელი ვარ მისი, ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ და ამას გამოხატავდა კიდეც. განსაკუთრებული ადამიანია, საოცარი პროფესიონალი და მცოდნე თავისი საქმის და ბევრი რამ ვისწავლე მისგან.

- მარჯანიშვილის თეატრიდან დამირეკეს, რომ გია კარმენის როლზე მაკავებდა. ძალიან გამიხარდა. ვერასდროს ვიოცნებებდი, რომ შეიძლება კარმენი მეცეკვა.

- რეპეტიციები როცა დავიწყეთ, ფორმაში არ ვიყავი. თავიდან გამიჭირდა, შეიძლება ითქვას, რეპეტიციები არ იყო  ჩემთვის ადვილი, მაგრამ გია მარღანია არ ნებდებოდა, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებდა. თითოეული დეტალი სრულყოფილი უნდა ყოფილიყო და პარტნიორებთან მუშაობაც -კომფორტული. ბიზეს მუსიკაზე ცეკვა, მით უმეტეს, კლასიკური ქორეოგრაფიის, ბევრად რთულია, ვიდრე თანამედროვე ქორეოგრაფიის.

- ამ როლზე ბევრი ვიმუშავე. თავიდან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, არ მეგონა, თუ შევძლებდი და მიხარია, რომ ფიზიკურად, ჩემთვის წარმოუდგენელი რამ შემაძლებინეს. ჩვენ პროსპერ მერიმეს კარმენს გავყევით, ნამდვილ კარმენს, თავისი ავკარგიანობით. მერიმეს კარმენი უფრო ბნელი და მტკივნეულია, ვიდრე ბიზეს ოპერა. არ არის ძალიან ლამაზი, უფრო მომნუსხველია, რადგან თავისუფალია... ის ირჩევს და ისე არ უყვარს, როგორც სთხოვენ, უფრო თავისი წესებით. მას სიკვდილი დაჰყვება, სწორედ ის აერთიანებთ კარმენს და ტორეადორს. იგი თვითონ მიდის სიკვდილზე, როცა ხოსე ემუდარება და არ უნდა მოკლას, მაგრამ ის თანახმაა სიკვდილზე, რადგან რაც მკითხაობისას იხილა, უნდა აღსრულდეს.

- კარმენის მანერები და შინაგანი ემოცია გვიან მოვიდა ჩემთან. თავისთავად მოვიდა, როცა ქორეოგრაფიაზე აღარც ვფიქრობდი, როცა სხეულმა უკვე იცოდა, როგორ ემოქმედა... სახლში კიდეც დამცინოდნენ, მაგრამ ტაროზე მკითხაობაც ვისწავლე, ოკულტიზმსა და მაგიაზე ვკითხულობდი წიგნებს, იმიტომ, რომ ეს ბოშა ქალი ჯადოქარია, ისეთი რამ იცის, ჩვეულებრივ ადამიანებს რომ არც გაუგიათ...

- რეპეტიციებში, გიას გარდა არავინ ჩარეულა, თითოეული ქორეოგრაფიული პოზის მნიშვნელობას ეტაპობრივად გვიხსნიდა. თავიდან ბევრს ვიცინოდით, ხან მომაკვდავ გედს მეძახდა, ხან - ჟიზელს, მაგრამ ბოლოს,  კარმენიც მოვიდა.

- ნიკა და ანა მსახიობები არიან. ნიკა - მოზარდმაყურებელთა თეატრში; ანა და მიშა - მოძრაობის თეატრში; ლუკა - სუხიშვილების მოცეკვავე იყო, ახლა მღერის... ისე კი, ყველა პროფესიონალი მოცეკვავეა.  

- გიას სიტყვებიდან, ყველაზე უფრო მახსოვს ფრაზა, ხელზე ჯვარდასმული სიმბოლოს ახსნისას: - „ბედისწერას ვერ გაექცევი“!

- პრემიერამდე, ბევრს ვფიქრობდი ბედისწერის თემაზე. კარმენი ვერ გაექცა ბედისწერას! იმ გზას მიჰყვა, რაც მკითხაობის დროს დაინახა…

- ჩემი კარმენი, ქალის პირველყოფილ ძალას ეხება. სექსუალურ, ინსტიქტურ, თავისუფლების შეგრძნებაზე დამყარებულ ძალას. იგი არღვევს ტრადიციულ სტერეოტიპს, რომ სიყვარულისთვის, ქალი, სხვის წესებს უნდა მოერგოს.

- სცენაზე, იგი იბრძვის, როგორც ქალი! მის ცეცხლოვან ენერგიას,  თავისუფლებას, მაგნეტიზმი ემატება. მისი სიცილი დაცინვაა, გამოწვევა…

- კარმენის სიარულის მანერა უბრალოდ გამომწვევი არ უნდა იყოს, ესაა ქალი, რომელიც სხეულს ფლობს! იგი არ აღიარებს კანონებს, მაშინაც კი, როცა ტყვეა, სიტუაციას მართავს. იქ იცინის, სადაც სხვა შიშობს... როცა შეზღუდულია, თუნდაც მოძრაობაში, მაშინაც  თავისუფლებას გამოხატავს!

 

წარმატებას ვუსურვებ ანკა ვასაძეს! მე ის ძალიან მომწონს!

bottom of page