
„ვის გაუგია მზის დაბნელება საქართველოში?!“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

Cormorant Garamond is a classic font with a modern twist. It's easy to read on screens of every shape and size, and perfect for long blocks of text.
მარიამ ბალახაძე
„ვის გაუგია მზის დაბნელება საქართველოში?!“
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის რეპერტუარში, რა თქმა უნდა, თავისი საპატიო ადგილი უჭირავს ქართულ დრამატურგიას. რეჟისორმა გიორგი ქანთარიამ საკმაოდ საინტერესო პიესის თავისებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა, ეს გახლავთ ზურაბ ანტონოვის “მზის დაბნელება საქართველოში.” ზურაბ ანტონოვი ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება გახლდათ მე-19 საუკუნის ქართულ თეატრში. მიუხედავად დიდი ცხოვრებისეული ქარტეხილებისა, მან გადმოაქართულა და დაწერა უამრავი პიესა, რომლებიც შემდგომ ქართული თეატრის აღორძინების საძირკველი გახდა (“მინდა კნეინა გავხდე”; “ქორწილი ხევსურთა”; “ქმარი ხუთი ცოლისა”; “ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა”).
წარმოდგენის დაწყებამდე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და წინასწარ განწყობას გვიქმნის რუსთავის თეატრის ცისფერი დარბაზი, სადაც დაიდგა “მზის დაბნელება საქართველოში.” ეს არის ექსპერიმენტული სივრცე, ძალიან მდიდრული და ატმოსფერული, ამიტომ გარემო თავადაც ბადებს ერთგვარ შინაგან მზაობას მაყურებელში. პარტერიც არატრადიციული ფორმით გვხვდება, მრგვალი მაგიდები, სამოვარი, ჩაი, ყავა და თეთრი ფინჯნები თავს “ლიტერატურულ კაფეში” გაგრძნობინებთ. სპექტაკლის დაწყებამდე უკვე გეუფლება განცდა, რომ შინ ხარ, იქ, სადაც სულ გელიან. მსახიობები უკვე სცენაზე არიან და თითქოს გარდამავალ ხაზზე გადიან პიროვნებასა და პერსონაჟს შორის… ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, როლში შედიან, ეს მსახიობის წინასასპექტაკლო პრელუდიაა. მათი სამოსი და სცენაზე არსებული დეკორაცია სწორედ რომ დრამატურგიისთვის შესაფერისია, მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი სამოსელი, აბაჟური, მოხატული შირმები, ტივი და სხვა. (მხატვარი: ლომგულ მურუსიძე)
ეს ამბავი, თითქოს “კარგად დავიწყებული ძველია.” ხალხი სამყაროს აღსასრულის მოლოდინშია, საქართველოში მზე ბნელდება. სპექტაკლი ერთი ოჯახის და პატარა სოციალური წრის მაგალითზე მოგვითხრობს, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი ბუნებრივი კატასტროფის მოახლოებაზე. მოქმედება ხდება სომეხი წარმომავლობის თბილისელი ვაჭრის ოჯახში, სადაც მზის დაბნელების გარდა კიდევ ძალიან ბევრი სიუჟეტური კვანძი იკვრება. ვაჭრის შვილი მარეხი და ოფიცერი, რომელიც ამ ოჯახის მდგმურია, სიყვარულის ცეცხლში იწვიან. მზის დაბნელება როდია მათთვის დაბრკოლება, ისინი დაქორწინებას ლამობენ, თუმცა ვაჭარ გეურქას სასიძოდ სხვა კანდიდატი ჰყავს შერჩეული. ამ ამბების პარალელურად, მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება ძალიან ნაცნობი დიალოგები და “თბილისური ურთიერთობები.” მსახიობები არაჩვეულებრივად განასახიერებენ პერსონაჟებს თავიანთი ინდივიდუალური მანერებით, ხასიათით, მიზნებით… ვეცნობით ვაჭარს, რომელიც შვილის დაოჯახების საკითხშიც კი “ვაჭრობს”, მის ცოლ რევსიმეს, რომელსაც ქმრის ალერსისა და სიყვარულის დეფიციტი აქვს, დედამთილს, რომელსაც მუდმივი კონფლიქტი აქვს რძალთან და შვილიშვილთან… ეს კონფლიქტი ერთი მხრივ თაობათა გამოძახილია, მეორე მხრივ კი თითქოს ქალური ეგოიზმისა და მესაკუთრეობის გამოვლინება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მსახიობი სიმბიოზურად და ურთიერთქმედითად, ერთიანად ქმნის სპექტაკლს, გამორჩეულია მარიამ კვიტაიშვილი დედამთილ ნენეს როლში. მსახიობი იმდენად კარგად შეძვრა ასაკოვანი ქალის ტყავში, რომ მაყურებლის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ეს ერთდროულად კომიკური და ტრაგიკული ქალია, რომელიც უდარდელი სიბერის მაგივრად სამყაროს აღსასრულს ელოდება. უზომოდ თვითმყოფადი და ქარიზმატულია ნიკა ჩხაიძის მიერ განსახიერებული სვიმონ ჯიქურიძე. ის ისეთი ანეკდოტურია, რომ რაღაც მომენტში ორგანულად ყალბიც კი ხდება. გროტესკი ამ პერსონაჟის მთავარი ნიშაა, რასაც ნიკა ჩხაიძე უმაღლეს დონეზე ასრულებს. რეჟისორი თვითირონიითაც ჭარბად ტვირთავს წარმოდგენას. ის ირონიულად უყურებს პერსონაჟებსაც და საკუთარ თავსაც. ამის დასტურად ერთ-ერთი მსახიობი ამბობს კიდეც, რომ მარეხისა და ოფიცრის გაპარვის ამბავი რეჟისორმა “ტემპო რიტმის ასამაღლებლად” ჩართო სიუჟეტში. უშუალოდ მსახიობების შინაგანი რიტმი და განწყობებიც თვითირონიული და სტერეოტიპულია, რადგან მიუხედავად მზის დაბნელებისა ისინი მაინც აგრძელებენ სხვა მიზნებზე ფიქრს, ეძებენ სიყვარულს, თუმცა ამ დროს არც კი იციან ხვალინდელი დღე გაუთენდებათ თუ არა… ეს ფსიქო-ემოიციური განწყობაც ძალიან ქართულია-ლაღი და უდარდელი…
ჩემთვის ამ სპექტაკლის მთავარი მარგალიტი არის მუსიკალური გაფორმება. კომპოზიტორ დავით მალაზონიას მიერ შექმნილი მუსიკალური კომპოზიციები და ბალადები ეხმარება მსახიობებს შეინარჩუნონ ტემპო-რიტმი, მაყურებლისთვის კი ეს ვოკალური ჩანართები ნოსტალგიის, სახლში ყოფნის განწყობას ქმნის. კომპოზიციები არაა იმდენად ტრადიციული და ქალაქური, რამდენადაც მოსალოდნელი იყო დრამატრურგიიდან გამომდინარე, ჭარბობს ჯაზის ელემენტები. რაც მთავარია, ცოცხალი აკომპანიმენტის წყალობით მუსიკა მსახიობებთან ერთად გვიყვება ამბავს, თითქოს ერთ-ერთი მთხრობელიც კი ხდება. სპექტაკლი ხდება უზადოდ საინტერესო და დასამახსოვრებელი ვოდევილი, რომელიც ნებისმიერი გემოვნებისა და ხასიათის მაყურებელს მოსწყვეტს ყოველდღიურ, რუტინულ ტემპს და ამაღლებულ განწყობას შეუქმნის.
სპექტაკლის განმავლობაში მსახიობები სცენის კიდეზე სხედან და ისინიც მაყურებლები ხდებიან. ეს იმიტომ, რომ სპექტაკლში მიმდინარე მოვლენები თბილისის ყოველდღიურობაა, თბილისელი საზოგადოება ერთდროულადაა ამ მოვლენების ავტორიც და მაყურებელიც. ვერ გეტყვით, რომ ეს წარმოდგენა ახალ სიტყვას ამბობს. ესაა ამბავი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე, კოსმოპოლიტურ თბილისზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე… ზოგჯერ, სწორედ ჩვენი ხასიათი და იდენტობა ხდება ჩვენივე თავშესაფარი. პიესა დროის პერსპექტივაში სწორედ იმიტომ არ კარგავს აქტუალობას, რომ მასში დახატული გამჭრიახი, ზნეობრივად, სოციალურად და ეთნიკურად ჭრელი ხალხის ურთიერთობები დღემდე უცვლელად რჩება ტრადიციულ თბილისურ იდილიად. გიორგი ქანთარიას სპექტაკლი იდეალურად აღწერს ამ იდილიას, შეუპოვარი და იმედებით სავსე ადამიანების ცხოვრებას, რომლებსაც გულის სიღრმეში საერთოდაც არ ეშინიათ პროგნოზირებული კატასტროფის, რადგან როგორც სპექტაკლის პერსონაჟები ამბობენ, “ვის გაუგია მზის დაბნელება საქართველოში?!”.