top of page

ვინ ხედავს სინამდვილეში?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

​

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

​

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

721383182_1965705190759338_4371315861659256452_n.png.jpeg

24.09.2026

თინათინ საღარაძე

ვინ ხედავს სინამდვილეში?

​

ფრედერიკ ნოტის „დაელოდე სიბნელეს“ პირველად 1966 წელს ბროდვეიზე დაიდგა. პიესამ მალევე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება და ერთი წლის შემდეგ მისი კინოადაპტაციაც შეიქმნა. ნაწარმოები ფსიქოლოგიურ თრილერსა და კრიმინალურ დრამას აერთიანებს. მისი სიუჟეტი სუზის გარშემო ვითარდება, უსინათლო ქალის, რომლის სახლშიც უცნობი ადამიანები ნარკოტიკით სავსე თოჯინის მოსაძებნად შედიან. ისინი ფიქრობენ, რომ სუზის სიბრმავე მათ უპირატესობას მისცემს, თუმცა თანდათან თავად ეგებიან ხაფანგში.  პიესის მთავარი იდეაც სწორედ ეს არის, ზოგჯერ იმისთვის, რომ სინამდვილე დაინახო, თვალები საერთოდ არ არის საჭირო.

​

ქართულ თეატრში მსგავსი ჟანრის ნაწარმოებები იშვიათია. ფსიქოლოგიური თრილერი, მით უფრო ისეთი, რომლის მთავარი ინტრიგაც მაყურებლისთვის ინფორმაციის თანდათან გამჟღავნებაზე, ეჭვსა და მოტყუებაზეა აგებული, ჩვენი სცენისთვის ნაკლებად ნაცნობი ფორმაა. ამიტომ ანუკი ხიდეშელის მიერ მარჯანიშვილის თეატრის თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენაზე დადგმული „დაელოდე სიბნელეს“ საინტერესოა არა მხოლოდ როგორც ცნობილი პიესის ახალი სცენური ინტერპრეტაციით, არამედ იმითაც, თუ როგორ პოულობს რეჟისორი თრილერის სცენაზე გადმოსატანად საჭირო თეატრალურ ხერხებს.

ანუკი ხიდეშელი მხოლოდ ამბავს არ გვიყვება. მისი სპექტაკლი მაყურებლისთვის თამაშის წესებს თავიდანვე ცვლის. წარმოდგენა ზარის დარეკვამდე იწყება. დარბაზში შესვლისას სცენაზე ვხედავთ ქალს (ნინო ნოზაძე), რომელიც სამზარეულოში დგას, ნერვიულობს და თოჯინას დაყჰურებს. მისი მოძრაობის პარალელურად რადიოდან ისმის ტექსტი წიგნზე, რომელსაც უჩვეულო სტრუქტურა აქვს - „ის შედგება ორი ნაწილისგან, ორი პარალელური მოთხრობისგან. ერთში მოქმედება თანამედროვე დროში ხდება, აქ, ახლა. ხოლო მეორეში ოდესღაც, წარსულში, სავარაუდოდ არა კონკრეტულ დროში. ზედაპირული შეჯამებით რომ ავხსნათ, გადმოგვცემს ქალის სიკვდილის ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ამბავს. ისე რომ ერთი რეალობაა, ხოლო მეორე ფანტაზია”. ტექსტის დამთავრებისას ქალი თოჯინას ყველას დასანახად ჰაერში წევს, შემდეგ იხუტებს და მასთან ერთად, ჩემოდნით ხელში სივრცეში იკარგება.

​

ეს ფრაზა სპექტაკლის ერთგვარ გასაღებად იქცევა. თუ მაყურებელი თავიდან მას მხოლოდ უცნაურ შესავლად აღიქვამს, მოგვიანებით ხვდება, რომ ხიდეშელის დადგმა სწორედ ორი პარალელური რეალობის შექმნას ცდილობს. ერთი სიუჟეტი მაყურებლის თვალწინ ვითარდება, მეორე კი თითქოს სუზის ცნობიერებაში იბადება. ამით დადგმა ორ ქალს შორის უხილავ კავშირს ქმნის,  ქალის, რომლის ისტორია ჯერ კიდევ სპექტაკლის დაწყებამდე იწყება და სუზის, რომელიც ამ ისტორიის შესაძლო გაგრძელებას საკუთარ წარმოსახვაში აცოცხლებს. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სპექტაკლი არ იწყება სიუჟეტის პირდაპირი ახსნით. თუ ფილმში მაყურებელი წინასწარ იცნობს საფრთხეს და ელოდება, როდის აღმოაჩენს მას სუზი, სპექტაკლში ჩვენც ვხდებით იმ თამაშის მონაწილენი, რომელსაც პერსონაჟები ერთმანეთის მოსატყუებლად იგონებენ.

​

ერთ-ერთ ასეთ მონაკვეთში ბოროტმოქმედები თავად დგამენ პატარა „სპექტაკლს“. ისინი თხზავენ ისტორიებს, ირგებენ სხვადასხვა როლს და ცდილობენ, სუზის (ანიკო ეზიაშვილი) ნდობა მოიპოვონ. ერთი მათგანი ქმრის მეგობრად ეცხადება (კოკო როინიშვილი), მეორე სერჟანტის როლს ირგებს (ანა ბუბუტეიშვილი), მესამე კი უფროს და უმცროს ჰარი როტს განასახიერებს (ირაკლი ჩხიკვაძე). თავდაპირველად მაყურებელიც მათ სწორედ ამ როლებში იცნობს და მხოლოდ მოგვიანებით, როცა სუზი ხვდება, რა ხდება მის გარშემო, ვიგებთ, სინამდვილეში ვინ ვინ არის. ამ მომენტში მანამდე ნანახი სცენებიც სხვაგვარად იკითხება. ის, რაც თავიდან ჩვეულებრივ მოქმედებად აღვიქვით, თანდათან სხვა მნიშვნელობას იძენს. ამიტომ სცენაზე თითოეულ ხმას, მოძრაობასა და საგანს სხვანაირი ელფერი ეძლევა.

რეჟისორულ ჩანაფიქრებთან ერთად აღსანიშავია მსახიობების შესრულებაც (ანიკო ეზიაშვილი, დავით გურგენაძე, ნინო ნოზაძე, ირაკლი ჩხიკვაძე/ზუკა პაპუაშვილი, კოკო როინიშვილი,  ანა ბუბუტეიშვილი, ანიტა ჯიქურიშვილი), თითოეული მათგანი განსხვავებული ხასიათის დასამახსოვრებელ სახეს ქმნის.

​

გამორჩეულია ნინო ნოზაძის მიერ განსახიერებული ლიზა, რომელსაც ფაქტობრივად უსიტყვო როლი აქვს. თუმცა მსახიობი ტექსტის სიმწირეს მზერით, მოძრაობითა და განცდის სიზუსტით ავსებს. მისი ლიზა თითქოს სიტყვების მიღმა არსებობს. საინტერესოა ისიც, რომ ლიზას სიცოცხლე თოჯინას შეეწირება. ინსცენირების ერთ-ერთ მონაკვეთში კი თავად ნოზაძე იქცევა თოჯინად, რომელსაც მსახიობები შიგთავსს აცლიან.

​

აღსანიშნავია ირაკლი ჩხიკვაძის მიერ შექმნილი სახეც. მისი ბოროტმოქმედი იმდენად ზუსტადაა ნაპოვნი, რომ მაყურებლში სიმპათიასაც კი აღძრავს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია სიმღერისა და ცეკვის სცენა, სადაც პერსონაჟის პლასტიკა, მანერულობა და თავისუფალი ქცევა მას გროტესკულ სახეს სძენს. ბოროტმოქმედი, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ საფრთხის შემცვლელად აღვიქვამდით, მოულოდნელად მომხიბვლელი ხდება. თუმცა ეს მომხიბვლელობა მის სისასტიკეს არ გამორიცხავს. პირიქით, სიმღერა და ცეკვა მისთვის ბოროტების გამოხატვის კიდევ ერთ ფორმად იქცევა. მსახიობი კი ამ ორ მდგომარეობას შორის ზუსტ ბალანსს პოულობს და ერთი და იმავე პერსონაჟის მიმართ მაყურებელში სრულიად განსხვავებულ განცდებს აღზრავს.

​

გიორგი უსტიაშვილი სივრცის შესაძლებლობებს სწორად იყენებს. სცენაზე მოთავსებულია ყველაფერი, რაც ამბის მოსაყოლად არის საჭირო. ვხედავთ სამზარეულოს, მისაღებს, კიბეს, ჟალუზებს და მაცივარს, რომელიც ამ თამაშის ცენტრალური საგანია. მისი ფუნქცია სცილდება ჩვეულებრივი რეკვიზიტის ფარგლებს. ის თითქოს დროის პორტალია, მოწმეა, რომელსაც არაფერი ავიწყდება. სწორედ აქ ინახება არა მხოლოდ ის, რასაც პერსონაჟები მალავენ, არამედ ისიც, რასაც მაყურებელი ჯერ ვერ ხედავს, რაც ჯერ არ უნდა გამჟღავნდეს.

სივრცის შექმნაში არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება  მუსიკასა და განათებას: მუსიკა ზოგჯერ მოულოდნელად ცვლის სცენის ემოციურ მიმართულებას, განათება კი სივრცეს ხან შლის, ხან კეტავს.  სწორედ ამ ვიზუალური და ხმოვანი მოქმედების ფონზე იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სუზის სიტყვები: „ვიცი, რომ ოთახს კედლები კი არა, ხმა აძლევს საზღვრებს.“

​

სუზის ფიზიკურ უსინათლობას ხიდეშელი გონებრივ ხედვას უპირისპირებს. თავდაპირველად, ეს მხოლოდ პერსონაჟის შინაგანი ძალის გამოხატულებაა, თუმცა თანდათან უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს და გვაფიქრებს: სინამდვილეში, ვის უფრო მეტად უნდა ვენდოთ, იმას, ვინც ხედავს, თუ იმას, ვინც ამჩნევს?

​

სწორედ აქ იცვლება მაყურებლის პოზიციაც. ერთი შეხედვით ჩვენ ვართ ისინი, ვინც ყველაფერს ხედავს. თუმცა მალე ვგრძნობთ, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც გვგონია. რეჟისორი კი ამ უპირატესობას დიდხანს არ გვიტოვებს. ამგვარად, სპექტაკლის ინტრიგა არაა მხოლოდ „რა მოხდება?“ კითხვაზე აგებული, არამედ „რას ვხედავ მე და რამდენად შემიძლია ვენდო საკუთარ თვალებს?“

​

საბოლოო დაპირისპირებაში სუზი და მისი მოწინააღმდეგე თითქოს ერთნაირ პირობებში აღმოჩნდებიან, მაგრამ ხიდეშელი პარადოქსულ სურათს ხატავს: ბოროტმოქმედი მღერის და ცეკვავს, მაშინ როდესაც სუზი საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვის და ყვირის.

ფინალის ძალა სწორედ ამ ზღვარზე ჩნდება. სუზი მაცივრის კარის დახურვას ვერ ახერხებს, მაგრამ გამორთავს. ეს თითქოს უმნიშვნელო სხვაობაა, თუმცა დადგმის ლოგიკაში გადამწყვეტი ხდება. კარი ვერ დაიხურა, წარსული ვერ გაქრა და ყველაფერი, რაც მოხდა, ვერ დაიმალა. მაგრამ მაცივარი გამოირთო. წყარო, რომელიც ერთდროულად ინახავდა, ანათებდა, აშინებდა და ამხელდა, საბოლოოდ სუზიმ თვითონ გამორთო, ადამიანმა რომელმაც საკუთარ თავში აღმოაჩინა ის ძალა, რომლის არსებობასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ.

​

„დაელოდე სიბნელეს” მხოლოდ ცნობილი თრილერის ახალი ინტერპრეტაცია არ არის. ეს არის მცდელობა, ნაცნობი ამბავი მაყურებლის აღქმის მექანიზმად გადაიქცეს. რეჟისორი არ გვაიძულებს უბრალოდ დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც ოთახი ჩაბნელდება. პირიქით, გვაჩვენებს, რომ სიბნელე გაცილებით ადრე იწყება, მაშინ, როდესაც ის, რასაც ვხედავთ, სიმართლედ მიგვაჩნია.

​

და ბოლოს რჩება კითხვა, რომლითაც სპექტაკლის ყველაზე ზუსტად წაკითხვა შეიძლება: ვინ ხედავს სინამდვილეში? სუზი, რომელიც ვერ ხედავს, მაგრამ ამჩნევს? პერსონაჟები, რომლებიც თვალხილულები არიან, მაგრამ საკუთარ ტყუილებში იკარგებიან? თუ მაყურებელი, რომელიც მთელი წარმოდგენის განმავლობაში ცდილობს მოვლენების ამოხსნას და ბოლოს ხვდება, რომ თავადაც დადგმული თამაშის მონაწილე ყოფილა?

bottom of page