top of page

ვინ ვის მხარეზეა - საერთოდ რა ხდება?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.KyFl5GWA71w2GtJVKMk-k8NJ9oWBWavjEr23FiQnyX4.jpg

თამთა ქაჯაია

ვინ ვის მხარეზეა - საერთოდ რა ხდება?

 

„უკვე აღარ ვიცი ვინ ვის მხარეზეა და საერთოდ რა ხდება“.

„დღევანდელი ახალგაზრდობა ისეთია, არ იცი ცოცხლად შეგჭამენ“.

„ბუჩანანებიც არ უქნია ღმერთს. ისინიც ყველა დანარჩენებივით უვარგისები იყვნენ. [..] ათი პერანგის შეკერვას მაინც არ გვთხოვდნენ თექვსმეტ წუთში და მაშინ უკეთესი ქსოვილებითაც ვმუშაობდით“.

 

ეს ფრაზები „ფაბრიკის გოგონებიდანაა“ რომელიც ირლანდიელ დრამატურგს, ფრენკ მაკგინესს ეკუთვნის. პიესა 1982 წელს დაიწერა -  29 მარტს კი სოსო ნემსაძემ ამავე სახელწოდების სპექტაკლი რუსთავის თეატრში შემოგვთავაზა.

 

 „ფაბრიკის გოგოენები“ სოციალურ-რეალისტური დრამაა, რომელიც ხუთი ქალის ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის  -  მუშათა კლასის ცხოვრებასა და ქალთა შრომით პირობებს ასახავს. ისინი მუშაობენ ტექსტილის ფაბრიკაში, სადაც მათ უფროსები უსამართლოდ ექცევიან. ძველი მმართველებითაც უკმაყოფილონი იყვნენ, თუმცა ახალი მენეჯმენტი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდება და წინა ხელმძღვანელებს მისტირიან. პიესა ერთ-ერთი პირველი იყო ირლანდიურ თეატრში, რომელიც ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ ჩაგვრაზე ღიად საუბრობდა. ჩვენთან კი ერთ-ერთი პირველი სპექტაკლია, რომელიც ბოლოდროინდელ  რეალობასა და პრობლემებს  გამოეხმაურა, კონკრეტულად კი გაფიცვას.  

პიესაში ნათლად ჩანს, როგორ იბრძვიან ქალები პატრიარქალურ საზოგადოებაში დამოუკიდებლობის მოპოვებას - კოლექტიური ბრძოლის მნიშვნელობის არსი და საკუთარი ინტერესების დაცვა რა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. მიუხედავად, საერთო მიზნისა გარკვეული პერიოდის შემდგომ ქალებს შორის იჭრება დაპირისპირება, თითოეული საკუთარი მოსაზრებისა და პოზიციის დამცველი ხდება, ეს ყველაფერი კი სოციალური ზეწოლიდან გამომდინარეობს -  ადამიანები ერთმანეთის წინააღმდეგ განეწყობიან.

ლომგულ მურუსიძის სცენოგრაფია ძირითადად გეომეტრიული ფიგურებისგან შედგება. სცენის ზემოთ შემოსაზღვრულია განათებული წრე რომელიც გამოხატავს, როგორც კოლექტიურობას, ასევე ერთიან ბრძოლას და საერთო მიზანს. თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ წრეს არ აქვს დასაწყისი და დასასრული შესაძლოა ქალთა უფლებებისთვის მუდმივ/უწყვეტ ბრძოლასაც აღნიშნავდეს - ჩაკეტილი სისტემა, სადაც რღვევა აუცილებელი პირობაა თავისუფლების მისაღწევად. სცენის მარჯვენა და მარცხენა კუთხეში კარი აღნიშნულია  განათებით - პერსონაჟების შემოსვლაზე ინთება, რაც  წრიდან გასვლის არჩევანის შესაძლებლობაზე  მიანიშნებს.

სპექტაკლის დასაწყისში ვხედავთ ოთხ ქალს, რომელიც სინქრონში კერავს - თითქოს მელოდიას ქმნიან.  შემდეგ ცალ-ცალკე იწყებენ საუბარს და მათი სინქრონიც ირღვევა, სწორედ ისე, როგორც ერთიანი იდეის ქვეშ გაერთიანებულებს მოგვიანებით შიდა დაპირისპირება და განსხვავებული აზრები უჩნდებათ.

პიესის ძირითად თემები ზემოთ გამოვიტანე, თუმცა, სოსო ნემსაძე „ფაბრიკის გოგოებში“ მნიშვნელოვან და ძირითად ნაწილს, თანამშრომლების  გაფიცვას მეტი დატვირთვა მიანიჭა. რეჟისორმა ორიგინალი პიესიდან ამოიღო დიალოგები, სადაც ქალები   ერთმანეთის პირად და ინტიმურ ურთიერთობებს განიხილავენ. ვფიქრობ, ამ ნაწილის შეკვეცამ განაპირობა გმირების ბუნების მრავალმხმრივ წარმოჩენა.   ეკა ქვრივიშვილი (ელენი), ანკა დიდმანიძე (ვერა), ბარბარე ჩალაძე (როზმარი), ანა შარვაძე (რებეკა), თამარ კანდელაკი (უნა) ეს ხუთი განსხვავებული ძლიერი ბუნების ქალები იბრძვიან ორი მამაკაცისა და უთანასწორობის წინააღმდეგ.  ეკა ქვრივიშვილი (ელენი) ჯგუფის ლიდერად გვევლინება, რომელმაც ორი შვილი დაკარგა - მისთვის კონფრონტაცია მარტივია რადგან დასაკარგი აღარაფერი დარჩა.  ეკა ქვრივიშვილი უფრო მეტად სიხისტით გადმოსცემს გმირის ხასიათს, ვიდრე შინაგანი ტრაგიზმით. როზმარი (ბარბარე ჩალაძე) სპექტაკლის დასაწყისში განსხვავებულ ქალად გვევლინება, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო თამამია. მას არ აინტერესებს ახალი მმართველობა, თავისუფლად აგვიანებს სამსახურში სადაც წუთებსაც კი მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ ქცევებით მისი სითამამე, ახალგაზრდობა და სილაღე ჩანს. კომბინეზონი (კოსტიუმების მხატვარი - ბარბარე ასლამაზიშვილი)  წელს ზემოთ გახდილი აქვს, უფრო გამომწვევი და თამამია, როგორც მისი წითელი მოსასხამი. თუმცა, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო მალევე იგი გარდაისახება სულელ ქალად, ამაზე მისი ინფანტილური მეტყველებაც მიგვანიშნებს - რატომ - არ ჩანს სპექტაკლში. ვერა (ანკა დიდმანიძე) მტკიცე ხასიათის და შეუპოვარი ქალია. იგი ზომიერად აყალიბებს საკუთარი გმირის სახეს, გვაჩვენებს მის შესაძლებლებს რაზეა წამსვლელი საკუთარი ღირსების დასაცავად. საკუთარ ორ შვილს, (ბატონები აქვთ) უგულებელყოფს და გაფიცული თანამშრომლის სტატუსს ერთგულად ბოლომდე მიჰყვება. თუმცა, ხანდახან მისი ემოციური ინტენსივობა ზედმეტად დრამატულად ჩანს. რაც შეეხება ანა შარვაძე (რებეკა), თამარ კანდელაკი (უნა) შედარებით მშვიდი ქალები ჩანან სხვების ფონზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ან სუსტები არიან ან თავს დააჩაგვრინებენ ვინმეს.

სპექტაკლის დასაწყისშივე იგრძნობა როჰანის (ლაშაოგაბუნიას) დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, იგი ვაშლის ჭამით შემოდის და ისე ესაუბრება ქალებს. ცხადია, რომ მისი პერსონაჟი ირონიულია და გულგრილი, თუმცა, ამის გარეგნულად მანევრულობით ხაზგასმა აღარ არის საჭირო. ბონერი (გიორგი კაკალაშვიილი) (მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდური როლი აქვს)  სხვა გმირებთან შედარებით ჩემთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა.  მისი ზომიერი შეფასებები, ბუნებრივი და დამაჯერებელია.

გაფიცვა, როგორც პროტესტის ფორმა, მნიშვნელოვანი იარაღია ჩაგრული ჯგუფის უფლებების დასაცავად.  ქალების უთანასწორობა სამსახურეობრივი წესები დარღვევა  დღემდე მწვავე პრობლემად რჩება. სპექტაკლის დადგმა ამ თემებზე  სოციალური ჩარევის და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელოვანი გზაა. თეატრს, როგორც საზოგადოებრივი დისკუსიის არენას, შეუძლია უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის ახალი ფორმა გახდეს და ცვლილებების დასაწყისად იქცეს.

bottom of page