
ვინ და რა ფასად აგრძელებს ცხოვრების მეორე ნახევარს
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

04.07.2026
გუბაზ მეგრელიძე
ვინ და რა ფასად აგრძელებს ცხოვრების მეორე ნახევარს
თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში მაკა კუკულავა ის ავტორია, რომელიც მაყურებელთან საუბარს ყოველგვარი ხელოვნური სირთულისა და პათეტიკის გარეშე იწყებს. მისი შემოქმედებითი გზა მჭიდროდ უკავშირდება თემურ ჩხეიძის სახელოსნოს და ყოველთვის გამოირჩევა ერთი მთავარი თვისებით - ადამიანების მოსმენისა და მათი შინაგანი სამყაროს დანახვის ნიჭით. მაკა ახერხებს თქვას ის, რისი აღიარებაც ხშირად საკუთარ თავთანაც კი გვიჭირს. იგი არ ცდილობს მორალის კითხვას; მისი ტექსტები უბრალოდ ირეკლავს იმ ყოველდღიურობას, სადაც ხშირად საკუთარ თავს და გამოუთქმელ სათქმელს ვპოულობთ.
ამ უშუალო და გულწრფელი ხელწერის საუკეთესო ნიმუშია მისი ფსიქოლოგიური პიესა „მეორე ნახევარი“, რომელიც 2020 წელს დამსახურებულად იყო ნომინირებული პრემია „საბაზე“. ეს არ არის მხოლოდ ორი პერსონაჟის ამბავი; ეს არის ღრმა და ძალიან ნაცნობი ანალიზი იმ უდიდესი გამოწვევისა, რომელსაც თანამედროვე სამყაროში მარტოობა და ერთმანეთის გვერდით ყოფნისას გაუცხოება ჰქვია. ავტორი გულწრფელად გვიჩვენებს, თუ რას ვეძებთ, რას ვკარგავთ ან რას ვპოულობთ ერთმანეთში; როგორ ვცდილობთ დავიცვათ თავი ტკივილისგან და ამ მცდელობაში როგორ ვკარგავთ ყველაზე ძვირფასს - კავშირს მეორე ადამიანთან.
ეს პიესა მარჯანიშვილის თეატრის თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენაზე რეჟისორმა სოფიო ქელბაქიანმა გააცოცხლა. მან შეძლო ის, რაც დღეს თეატრში ყველაზე მეტად გვაკლია - სცენაზე ნამდვილი, ცოცხალი ადამიანების დრამა გამოიტანა. ყოველგვარი ზედმეტი „ინტელექტუალური“ გადატვირთვის გარეშე, სპექტაკლი მაგალითად ექცევა ნებისმიერი თაობის მაყურებელს, როცა მთავარი კითხვა უცვლელი რჩება - ვინ და რა ფასად აგრძელებს ცხოვრების მეორე ნახევარს?
სიმბოლურია, რომ ეს ნამუშევარი დიდი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ნათელ ხსოვნას ეძღვნება და მისივე სახელოსნოს კედლებში იშვა, როგორც ერთგვარი ხიდი თეატრალურ ტრადიციასა და ცოცხალ, თანამედროვე ხელოვნებას შორის. სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა დრამატურგი მაკა კუკულავა ოჯახურ თემაზე ასეთ ფსიქოლოგიურ დრამას წერს, რომელიც ხშირად თანამედროვე ოჯახებში არსებულ პრობლემებს წარმოსახავს.
სპექტაკლი პირველივე წუთიდან გითრევს. 21-წლიანი თანაცხოვრების, გაზრდილი შვილებისა და საერთო მოგონებების მიღმა, სახლის გაყიდვის საბუთზე ხელის მოწერა მხოლოდ ფორმალობაა. აქ ნამდვილი კითხვის ნიშანი პარტნიორთან განქორწინება კი არა, არამედ ისაა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრების მეორე ნახევარი. ოჯახის დანგრევის ნამდვილი მიზეზი ბევრად ღრმაა - წლების წინ ჩასახული ეჭვი და გაუცხოება, რომლის ფონზეც ორ ადამიანს ერთმანეთთან დალაპარაკების სიმამაცე არ ეყო. წარსულის აჩრდილმა კაცის გული მოწამლა, ქალის გაელვებული თავისუფლება კი ღალატად აქცია.
მხატვარ ელენე ჯაფარიძის მიერ შექმნილი უფარდო, ცარიელი სცენა თითქოს ერთი დიდი, შავი ღრმულია სამი ფანჯრითა და შუაგულში მდგარი მოღრეცილი, ძველი ბუფეტით. სახლი დაცლილია, აქედან გადადიან. კედლის სვეტზე მხოლოდ ბავშვების სიმაღლის აღმნიშვნელი ხაზებია დარჩენილი. ორივე პერსონაჟს შინაგანი და გარეგნული დისკომფორტი აქვს, რასაც ავეჯისგან დაცლილი გარემოც ამძაფრებს - მათ ხომ ცხოვრების პირველი ნახევარი დაცალეს და ახლა სრულიად სიცარიელეში დგანან.
მარიამ ჯოლოგუას გმირი უაღრესად ქალურია-თავისი გრძნობებით, აღიარებული შეცდომებით, წარსულის ღირებულებების გადაფასებით. ის ხმამაღლა ლაპარაკობს თავისუფლებაზე, მაგრამ მის ყოველ სიტყვაში, ხმასა და გამოხედვაში იგრძნობა, რომ სინამდვილეში არც ისე ძლიერია და თავის სიმარტოვეში ბოლომდე ვერ არის დარწმუნებული. დიმიტრი ტატიშვილის ყოველ მოქმედებასა და შეფასებაში კი, გაუცხოების მიღმა, უზარმაზარი ტკივილი და სინანული იკითხება, რაც კულმინაციას აღწევს, როცა ის ბოლოს ყველაფრისთვის ბოდიშს იხდის. ასეთია გმირთა სახეების განვითარების საერთო ხაზი.
მარიამ ჯოლოგუასა და დიმიტრი ტატიშვილის შესანიშნავი სამსახიობო ტანდემი ზუსტად გადმოსცემს გმირთა ყოფით-ფსიქოლოგიურ განწყობებს. თავიდან ანას (მარიამ ჯოლოგუა) ყოფილი ქმრის გამოჩენაზე ირონიული რეაქცია აქვს. მისთვის უკვე სულერთია სანდროს (დიმიტრი ტატიშვილი) შეხედულებები. სანდრო კი, რომელიც მეგობრის დაკრძალვაზე ჩამოვიდა, უფრო თავშეკავებულია, არ ჰყვება ირონიას და სახლის გაყიდვის გამო ნოსტალგიას გამოხატავს, რადგან გრძნობს, რომ ამ სახლთან ერთად წარსულის სულიერი კავშირიც წყდება. ანა ცდილობს მოკლე პასუხებით თავიდან მოიშოროს მისი მომაბეზრებელი შეკითხვები. წვიმის გამო ტაქსის დაგვიანებაზე მისი აღშფოთება კი ქვეცნობიერად გაქცევის სურვილსა და აქ ყოველი წუთით შეყოვნების აუტანლობას უსვამს ხაზს.
დიმიტრი ტატიშვილის სანდრო მის მკვახე პასუხებზე არ რეაგირებს, ვინაიდან მის სულიერ სამყაროში წარსულ ცხოვრებაზე ნოსტალგია ჭარბობს. იგი ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს და დაძაბული ვითარება განმუხტოს. ორივე პერსონაჟს შინაგანი და გარეგნული დისკომფორტი აქვს, ვინაიდან სულიერ განწყობას ემატება ავეჯისაგნ დაცლილი სახლი, სადაც სკამიც აღარ დარჩა. თითქოს სალაპარაკო თემა ამოწურეს, მაგრამ საუბრის გასაგრძელებლად სანდრო ქალს ძველებურად სიზმარს აყოლებს, რათა დაძაბულობა განმუხტოს. ქალიც ჰყვება, კაცი სიზმარს ხსნის - ნოსტალგიური სცენაა წინა ცხოვრებიდან, მტკივნეულად ღიმილისმომგვრელი... კითხვაზე - „იქნებ შენც ხარ დამნაშავე მარტო დარჩენაში?“ - მარიამ ჯოლოგუას ანა რევანშისტული განწყობით პასუხობს. ის აღიარებს, რომ ძველი ნივთების გადაყრით თავისუფლება მოიპოვა, თუმცა ხვდება მთავარ შეცდომას: ნივთების დევნაში მათ პირადი ურთიერთობები და ერთმანეთი გამოტოვეს. ანა თავს იდანაშაულებს ნაძალადევად გატარებული წლების გამო და ამ „აღსარებით“ სულიერად თავისუფლდება, რათა დარჩენილი წლები საკუთარი გემოვნებით იცხოვროს.
სანდროს კი, რომელიც წლებია ეჭვიანობს, მოსვენებას არ აძლევდა ცოლის ბათუმში წასვლა და 9 თვის შემდეგ ბავშვის (ლუკას) გაჩენა. როცა იგებს სიმართლეს, რომ იმ მესამესა და ქალს შორის არაფერი მომხდარა, დიმიტრო ტატიშვილის გმირს მამაკაცური თავმოყვარეობა და დაკარგული რწმენა უბრუნდება, რაც მსახიობის შეუმჩნეველ კმაყოფილების ღიმილში იკითხება. ამ სიმართლის გაგება, რომელზე დუმილსაც ათწლეულები და ურთიერთობა შეალია, უბრუნებს მას ძალას, რომ ცხოვრების მეორე ნახევარს სუფთა სინდისით შეეგებოს.
ამ დროს ორივე ერთი და იმავე კაცის - „მესამის“ დაკრძალვიდან მოდის. ეს „მესამე“ სამშობლოსა და ქაოსიდან გადახვეწილი ადამიანების უმძიმესი ტრაგედიაა. ქალის ფრაზა: „ჩვენც უნდა წავსულიყავით!...“ და კაცის პასუხი: „ყველა ვერ წავიდოდით!“ - იმ თაობის განაჩენია, რომლის ნაწილმაც ემიგრაცია აირჩია, ნაწილმა კი - აქ, ნანგრევებში დარჩენა. სიკვდილის წინ იმ კაცს წიგნი დაუწერია მკვდრებზე - „ჩემზე, შენზე, თავის თავზე, ჩვენს თაობაზე“... წარსული, რომელიც ოჯახს ანგრევდა, საბოლოოდ იქცა საერთო, სევდიან ისტორიად.
შუქის მოულოდნელი გამორთვა ინტიმურ გარემოს ქმნის, სადაც შინაგანი განცდები უფრო მძაფრდება. მარიამ ჯოლოგუას ანა სიგარეტით თავს იმშვიდებს და კეკლუცობს კიდეც ყოფილი ქმრის წინაშე. სანდროსთვის კი მოულოდნელია ყუთში ჩალაგებული სასიყვარულო ბარათების, სურათებისა და შვილების დღიურების ნახვა. ის ხვდება, რომ ქალისთვისაც ძვირფასია წარსული, რადგან ამ სულიერი განძის წასაღებად დაბრუნდა ცარიელ ბინაში. ამ დიდ დრამაში ყველაფერთან ერთად მტკივნეული სწორედ ისაა, თუ რამდენად მძიმე კვალს ტოვებს მშობლების ომი უდანაშაულო შვილებზე. ძველ ნივთებში ნაპოვნი ტყუპების დღიურიდან ამოკითხული ბავშვური იმედი: „მგონია, შერიგდნენო“... დარბაზში ცივი შხაპივითაა. უფროსების გაურკვევლობის გამო მოზარდებიც თანაბრად ზარალდებიან — განსაკუთრებით, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი მათი შვილი ლუკა.
სპექტაკლის ფინალი უზომოდ მტკივნეული და ნამდვილია. სახლი გაყიდულია, გარეთ ტაქსი არ ჩანს და ქალი ყოფილი ქმრის მანქანას უნდა დაემგზავროს. ქალის ბოლო კითხვა მოკლე თმაზე - „მიხდებაო?“ და პასუხი - „კარგია“ - აჩვენებს, რომ მიუხედავად ნანგრევებისა, ისინი მაინც რჩებიან ადამიანებად, რომელთათვისაც ერთმანეთის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ, ერთმანეთის გარდა, არავინ ჰყავთ, ვინც ამ საერთო თაობრივ ტკივილს ბოლომდე გაუგებს. ადამიანი ზოგადად კეთილია, მას უნდა, რომ არაფერს შეწირული ურთიერთობა აღდგეს: სანდროს მანქანით მათი ერთად წასვლა იმედისმომცემია და ცხოვრების მეორე ნახევრის ერთად გაგრძელების, ანუ შერიგების საწინდრად აღიქმება.
ამ სპექტაკლში ნებისმიერი თაობის ადამიანი თავის თავს დაინახავს - ის, ვინც წარსულს მისტირის, ისიც, ვინც დღეს ცდილობს ცხოვრების გადარჩენას და ისიც, ვინც ხვალ უნდა დაიწყოს გზა. წარსული თაობისთვის ეს ერთგვარი სარკეა, რომელიც შეახსენებს, თუ როგორ შეუძლია წლების წინ ნათქვამ ტყუილს ან სიამაყეს ყველაფრის დანგრევა. მათთვის, ვინც დღეს გადის ამ გზას, სპექტაკლი პირდაპირი გაფრთხილებაა: ნივთები, სახლის გაყიდვა და ყოფითი წვრილმანები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ერთმანეთთან დაულაპარაკებლობა და გაუცხოება ჰქვია. შვილებისთვის კი, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ, ეს უმძიმესი გაკვეთილია, რადგან მშობლების შეცდომები ყველაზე მეტად მათ მომავალს აზიანებს.
დარბაზის რეაქცია ადასტურებდა, რომ ეს სცენური ისტორია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე ჰყვებოდა. სპექტაკლი გვახსენებს, რომ ხშირად ძალიან გვიან ვხვდებით მთავარს: ყოფით წვრილმანებსა და მოგროვილ ჯამ-ჭურჭელზე ბევრად ძვირფასი ერთმანეთის გაგება, დროული ლაპარაკი და ის გამოუთქმელი სიყვარულია, რომელსაც ხშირად ასე უდიერად ვექცევით. თუ ამას დროულად ვერ მივხვდებით, ცხოვრების მეორე ნახევარში მხოლოდ ცარიელი, უფარდო სცენასავით დაცლილი ყოფიერება დაგვრჩება.