top of page

ვინ არის ხალხის მტერი?!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

704527470_1421954666628226_4484277029599951279_n.jpg

15.07.2026

მაკა ვასაძე

ვინ არის ხალხის მტერი?!

სოფო ქელბაქიანის ინტერპრეტირებული იბსენის „ხალხის მტერი“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე

 

სოფო ქელბაქიანის მარჯანიშვილის თეატრში იბსენის პიესის მიხედვით განხორციელებულ დადგმაზე წერისას, მოულოდნელად ერთი აზრი დამებადა და სანამ უშუალოდ სპექტაკლზე ვისაუბრებ, მინდა გაგიზიაროთ. იბსენის მიერ პიესის დასათაურება „ხალხის მტერი“ გროტესკულ-ირონიული ხასიათისაა. პარალელი იმ წამსვე ამომიტივტივდა გონებაში - ილია ჭავჭავაძის მიერ თავისი გენიალური ნაწარმოების „კაცია ადამიანი?!“ დასათაურება.

„ახალი დრამის“ ერთ-ერთი ფუძემდებლის ჰენრიკ იბსენის პიესები ხშირად იდგმება მსოფლიო სათეატრო ფიცარნაგებზე. მათ შორისაა - „ხალხის მტერი“, რომელიც პოლიტიკურ/სოციალურ/კრიტიკულ ნაწარმოებად შეიძლება მოვიაზროთ. პიროვნების და სახელმწიფო სტრუქტურების, პიროვნების და საზოგადოების  დაპირისპირება ყოველი ეპოქის მტკივნეული პრობლემაა. ამასთან, საზოგადოების -როგორც ცნების, არსის კვლევა, საუკუნეების განმავლობაში, არა ერთი შემოქმედის ძიების, ასახვის საგანი გახლდათ. და, ალბათ, ამიტომაც ეს პიესა ყოველთვის დარჩება თანადროულ ნაწარმოებად.

რა უფრო აღმაშფოთებელი, აუტანელი, ამაზრზენია ადამიანის, ცალკეული ინდივიდის ღირებულებების გარეშე ცხოვრება, თუ,  ე. წ. საზოგადოების, უმრავლესობის კრებსითი ნაწილის, სულმოკლეობა, ეგოიზმი, მომხვეჭელობა, კონფორმიზმი, ფარისევლობა...  სხვასთან ერთად, იბსენი, სწორედ ამ პრობლემას აყენებს „ხალხის მტერში“, და ასევე, მსგავსი საზოგადოების, მსგავსი უმრავლესობის,  მიერ შექმნილი „დემოკრატიული პრინციპების“ სიყალბესა და უბადრუკობაზე მიგვანიშნებს. დრამატურგმა წამოჭრა საკითხი: რა იქნებოდა, ხალხის მლიქვნელი წინამძღოლები, რომლებსაც მხოლოდ პირადი სარგებელი აინტერესებთ, მასებს კი თვალში ნაცარს აყრიან (ვითომდა თავისუფალ არჩევანს გაძლევთ, თქვენ არ მოგვიყვანეთ ხელისუფლებაშიო?), საკუთარი ქალაქის მოყვარულ, უკომპრომისო და თავდადებულ პიროვნებას რომ ჩაენაცვლებინა? იბსენის პასუხი დაუნდობლად პირდაპირია - ასეთ ადამიანს, თავისუფლების იდეასა და საყოველთაო  კეთილდღეობას ამოფარებული, ფილისტერული, შეზღუდული აზროვნების მქონე საზოგადოება აუცილებლად გაწირავს, ხალხის მტრად შერაცხავს. ექიმი სტოკმანი პირდაპირ მიახლის სიმართლეს ე. წ. საზოგადოებას, იგი კრებაზე მიწვეულებს ეუბნება, რომ სამთავრობო სტრუქტურების ყოვლად გარყვნილი მესვეურნი კი არ არიან ჭეშმარიტებისა და თავისუფლების ყველაზე დიდი მტრები არამედ თავად საზოგადოება! „ჩვენს შორის ჭეშმარიტების და თავისუფლების ყველაზე საშიში  მტერი - ესაა მტკიცე უმრავლესობა. დიახ, წყეული, მერყევი ლიბერალური უმრავლესობა! აი, ვინ არის მტერი! “.[1] და, ეს, მართლაც სამწუხარო რეალობაა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც იბსენი მთელი თავისი შემოქმედების განმავლობაში იკვლევდა - არჩევანია, ადამიანის მიერ გაკეთებული არჩევანი, რომელიც განმსაზღვრავს მის პიროვნებად ჩამოყალიბებას. არსებობის ესთეტიკურ, ეთიკურ და რელიგიურ წესს შორის გაკეთებული არჩევანი კი მასზეა დამოკიდებული.[2] „ხალხის მტერში“ ექიმი სტოკმანი  - მკვლევარი, ექიმი და პატრიოტი - იბსენმა არსებობის ეთიკური წესის ტიპურ წარმომადგენლად ასახა (გამოძერწა). თომას სტოკმანი, პატარა ნორვეგიულ ქალაქში, ადამიანთა დაინფიცირების მიზეზებს მიაკვლევს და მათ აღმოსაფხვრელად გეგმასაც შეადგენს. გეგმა ეკონომიკურ ხარჯებთანაა დაკავშირებული და სწორედ ეს გახდება განმსაზღვრელი მიზეზი იმისა, რომ ექიმის მიერ კრებაზე მიწვეული ქალაქის მოსახლეობა (საზოგადოება), თომას სტოკმანს ხალხის მტრად შერაცხავს.  „…თავისუფალი აზროვნება და ზნეობა – ეს თითქმის ერთი და იგივეა“. - ამბობს სტოკმანი.

იბსენის „ხალხის მტერი“ - სამთავრობო სტრუქტურების და კონფორმისტი საზოგადოების წინააღმდეგ პროტესტია.

„თანამედროვე დრამის მეფედ“ წოდებული იბსენის დრამატურგია უნიკალურია, ყოველთვის თანადროულია. ამიტომაც, სოფო ქელბაქიანის მიერ,  მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ სპექტაკლში, მოქმედების თანამედროვე ეპოქაში გადმოტანა ძალდაუტანებლად მოხერხდა. საკუთარი კონცეფციის წარმოსაჩენად, რეჟისორმა მონტაჟის ხერხს მიმართა - შეკვეცა, ამოაგდო ან შეცვალა გარკვეული სცენები, შეამცირა პერსონაჟთა რაოდენობა, ზოგიერთ მათგანს პროფესიის პროფილი შეუცვალა. რეჟისორის კონცეფციის თანახმად, თანამედროვე ეპოქა ავთო მოდებაძის მიერ შექმნილ სცენოგრაფიასა და პერსონაჟ/მსახიობთა კოსტიუმებშიც აისახა. პირველი მოქმედება ექიმი სტოკმანის ბინას და ტელევიზიის საოფისე ოთახში ვითარდება. დეკორაციის ცვლილება მბრუნავი სცენის საშუალებით ხდება. მეორე მოქმედება ტელევიზიაში, ჩამწერ სტუდიაში მიმდინარეობს, რომელიც ავანსცენაზე განლაგებული მაგიდის, მასზე მოთავსებული მიკროფონების, სკამების და მაგიდის უკან ჩამოშვებულ ფარდაზე მიმაგრებულ ეკრანზე სატელევიზიო დებატების ამსახველი კადრებით იქმნება. სკანდალით დასრულებული დებატების შემდეგ,  ფარდა იწევა და მოქმედება ისევ ექიმ თომას სტოკმანის სახლში გადაინაცვლებს და იქვე სრულდება. მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს მხატვართან. ექიმი სტოკმანის სახლის ჩატეხილ ფანჯრებზე რატომ არის ასახული ირმები?! (ვერაფრით ვერ ამოვხსენი ეს დეტალი, აქ ირმები რა შუაშია?!) 

პიესაში ჰოვსტადი, ბილინგი და ასლაქსენი გაზეთს - „სახალხო უწყებას“ გამოსცემენ, რეჟისორმა ისინი ტელევიზიის თანამშრომლებად გარდაქმნა, რაც ვფიქრობ ძალიან სწორია, ვინაიდან დღეს ტელევიზია სოციალურ ქსელებთან ერთად საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველაზე ძლიერი საშუალებაა. ასევე, თანამედროვე ეპოქაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ პერსონაჟები მობილური ტელეფონებით სარგებლობენ. ექიმი თომას სტოკმანის ბინა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელია - მისაღები ოთახით, უკან სამზარეულო-სასადილოთი და მის მომიჯნავედ კი, სტოკმანის სამუშაო კაბინეტის ნაწილი მოჩანს. სამზარეულო-სასადილოში ტელევიზორი დგას, რომელშიც ხან ფილმი გადის და ხან საინფორმაციო გადაცემა. ასევე აღსანიშნია, რომ ჰოვსტადის პერსონაჟი აღფრთოვანებულია ექიმის ბინაში არსებული მუსიკალური აპარატურით, რომელიც ტაშის შემოკვრით ირთვება-გამოირთვება.

რეჟისორის დამოკიდებულება მედიასაშუალებებისადმი და მისი თანამშრომლებისადმი, კარგად ჩანს გიორგი შარვაშიძის ჰოვსტადის  ერთ-ერთ სცენაში - სოფო ქელბაქიანმა იგი ჯამბაზის გამომსახველი ჩამოსაცმელი ნიღბით შემოიყვანა. ჰოვსტადი ამ ნიღაბს სტოკმანების მცირეწლოვანი გოგონას გასართობად ჩამოიცვამს, მაგრამ აშკარად იკითხება, რომ რეჟისორი ტელეჟურნალისტებს, პროდიუსერებს ტაკიმასხარა ჯამბაზებად მიიჩნევს, სიმართლისთვის, სოციალური თანასწორობისთვის მებრძოლნი, სინამდვილეში მშიშარა, მლიქვნელი კონფორმისტები არიან. ვფიქრობ, ზემოთ ხსენებული სატელევიზიო დებატების სცენა, რომელშიც რეჟისორმა მაყურებლის ინტერაქციაც ჩართო, სპექტაკლის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია. როდესაც, დებატების პროცესში სცენაზე ემოციური მუხტი პიკს აღწევს, რეჟისორის ჩანაფიქრით, მაყურებელთა დარბაზი ნათდება და ჩვენც, მაყურებელი/მოქალაქეები, ჩვენდა უნებურად, პროცესის მონაწილეები ვხდებით. რეჟისორის მინიშნება გასაგები და ნათელია, სცენაზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლები ვართ ყველა, თითოეული მოქალაქე, თითოეული ჩვენგანი. ამ ეპიზოდმა თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ნანახი, ოსტერმეიერის შაუბუნეში დადგმული „ხალხის მტერი“ გამახსენა. იქაც, მაყურებელთა დარბაზი ნათდება და დარბაზი - სცენის, პერსონაჟებისა და მაყურებლის გაერთიანებით გაკეთებული  საოცარი მიტინგის მსგავსი კრების შემდეგ, სადაც თომას სტოკმანი თავის კვლევის შედეგებს, დასკვნებს, გეგმებს, მოსაზრებებს ამცნობს კრების წევრებს - ზოგადად რად იქცნენ ადამიანები, ვინ არის ადამიანი, როგორ და რით ცხოვრობენ (ოსტერმეიერს აქ ჩართული ჰქონდა ციტატები ბროშურიდან „მომავალი აჯანყება“). მას უმრავლესობის წარმომადგენლები  საღებავების სროლით „ჩაქოლავენ“.

ამ ფორმით, სოფო ქელბაქიანი, ისევე რგორც ოსტერმეიერი,  ნათლად, მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ სათქმელს. სწორედ ჩვენ, პატარა თუ დიდი ქვეყნის მაცხოვრებლებმა, პატარა თუ დიდი ქალაქის მოქალაქეებმა არ უნდა დავუშვათ ამორალური კონფორმიზმი, მლიქვნელობა, ფარისევლობა, მაამებლობა, მატერიალური კეთილდღეობის მონობა... და, სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ არჩევანზე, ჩვენ მორალურ, ეთიკურ, ზნეობრივ, მოქალაქეობრივ არჩევანსა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული ჩვენივე (კაცობრიობის) მომავალი.  

სოფო ქელბაქიანი რამდენიმე ეპიზოდში ოსტატურად ახერხებს ერთდროულად სხვადასხვა სივრცეში განავითაროს მოქმედება. მაგალითად, სპექტაკლის დასაწყისში თომასი, მისი ძმა პეტერი და თომასის პატარა გოგონა მისაღებ ოთახში ტახტზე სხედან და საუბრობენ, უკან სამზარეულოში თომასის ცოლი ფრაუ სტოკმანი და მათი მეგობრები მოქმედებენ. ამასთან, რეჟისორი ახერხებს, რომ ერთდროულად რამდენიმე ადგილას თამაშმა, მსახიობებს ხელი არ შეუშალოს და მაყურებელმაც სწორად აღიქვას სცენაზე განვითარებული მოვლენები.

კომპოზიტორ თამარ ფუტკარაძე-ლაშხის მიერ შექმნილი მუსიკალური პარტიტურა ის შემთხვევაა, რასაც პიტერ ბრუკი, წიგნში „ცარიელი სივრცე“, სპექტაკლში მუსიკის გამოყენებაზე ამბობს. მუსიკა არ უნდა იყოს ცალკე, ის უნდა ერწყმოდეს წარმოდგენას და ეხმარებოდეს ემოციური მუხტის შექმნაში.  მუსიკა უნდა იყოს წარმოდგენის ორგანული ნაწილი და არა თვითმიზანი.

მსახიობები დამახასიათებელი მეტყველებით, პლასტიკით, ჟესტიკულაციით ქმნიან თავიანთ პერსონაჟებს. აქვე აღვნიშნავ, რომ მეტყველების კულტურის დონე არათანაბარია: ზოგ მსახიობთან ტექსტის ინტონაციური დამუშავება სიზუსტით ხასიათდება, გამომსახველობითია, ზოგის კი არა, და, ალბათ, ამიტომაც მათ მიერ წარმოთქმული ტექსტი მაყურებელთა დარბაზში არ ისმის. ყველა მსახიობის ნამუშევარი პროფესიული თვალსაზრისით გამართულია, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ნიკა თავაძის ექიმი სტოკმანი და დავით დვალიშვილის პეტერ სტოკმანი.  ნიკა თავაძე ქმნის თავისი საქმით გატაცებული მეცნიერის ტიპაჟს - ცოტა დაბნეულს, ცოტა უცნაურს, ოჯახის მოყვარულს, ამავდროულად იდეალისტს, უკომპრომისოსა და სიმართლისთვის მებრძოლს. მისი ანტიპოდია დავით დვალიშვილის პეტერი - კონფორმისტი, ცბიერი, შანტაჟისტი, კარიერისტი, საკუთარი ინტერესებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი. რეჟისორმა გიორგი შარვაშიძის ჰოსტვსტადს ირონიულად დაახასიათებინა პეტერი: ქალაქის მერი, პოლიციის უფროსი, სანატორიუმის საბჭოს თავმჯდომარე და ა. შ. ანუ ეს ერთი პიროვნება ერთგვარ უზურპატორად წარმოაჩინა. თამუნა ქოქრაშვილის ფრაუ სტოკმანი, მომხიბვლელი ქალბატონია, ექიმი სტოკმანის ერთგული თანამოაზრე, ქმრისგან განსხვავებით რეალობას სწორად აფასებს, ამიტომაც ნერვიულობს ქმარსა და ოჯახის მომავალზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი შარვაშიძის ჰოვსტადის პერსონაჟის მეტაფორული გააზრება: ჯამბაზის ნიღაბი, რომელსაც იგი ერთ-ერთ სცენაში ირგებს, მკაფიოდ გამოხატავს რეჟისორის კრიტიკულ დამოკიდებულებას მედიის მიმართ. ამ ხერხით ხდება ჟურნალისტის დეჰეროიზაცია და მისი კონფორმისტული ბუნების გამოკვეთა — გარეგნულად „საზოგადოების ინტერესების დამცველი“ პერსონაჟი რეალურად წარმოდგენილია, როგორც მასხარა, მლიქვნელი, ოპორტუნისტი. ირაკლი ჩხიკვაძის ბილინგი და გიორგი კიკნაძის ასლაქსენიც ვითომ სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლნი, სინამდვილეში მშიშარა, უპრინციპო, მორჩილი, კონფორმისტები არიან.  კოკო როინიშვილის გემის კაპიტანი ჰორსტერი, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში ეპიზოდური როლი აქვს, მაინც დასამახსოვრებელ ტიპაჟს ქმნის. მიუხედავად იმისა რომ თავიდან იგი თითქოს გულგრილია და არ აინტერესებს პოლიტიკურ-სოციალური პრობლემები, სინამდვილეში ყველაზე პატიოსანი კაცი გამოდგება. ის ერთადერთია, ვინც გააფთრებული ბრბოსგან იცავს ექიმი სტოკმანის ოჯახს, რის გამოც სამსახურსაც კი კარგავს. მას ეს ფაქტი დიდად არ დაადარდიანებს ვინაიდან პოულობს სიყვარულს პეტრა სტოკმანის სახით. ნატალია გაბისონია განათლებული, მებრძოლი, უკომპრომისო ახალგაზრდა ქალის ტიპაჟს ძერწავს, რომელსაც ძალუძს სიმართლის მხარეს დგომა და სიმართლის ხმამაღლა დაცვა. დიმა ტატიშვილის მორტენ კიილი (ფრაუ სტოკმანის მამობილი) ცოტათი ინდიფერენტული, უემოციო ადამიანის ტიპაჟს ქმნის.

რეჟისორი სოფიო ქელბაქიანი ახერხებს პიესის მოქმედების თანამედროვე ეპოქაში ორგანულად გადმოტანას. ტექსტის აქტუალობა ხაზგასმულია არა მხოლოდ თემატურად, არამედ ფორმითაც — მედიის ტრანსფორმაცია გაზეთიდან ტელევიზიად გააზრებული რეჟისორულ გადაწყვეტაა. ჰოვსტადის, ბილინგისა და ასლაქსენის ჟურნალისტური საქმიანობის სატელევიზიო სივრცეში გადატანა სრულად შეესაბამება დღევანდელ რეალობას, სადაც მედია (განსაკუთრებით ტელევიზია და სოციალური ქსელები) საზოგადოებრივი აზრის ფორმირების უმთავრეს და ხშირ შემთხვევაში დამღუპველად დამაჩლუნგებელ ბერკეტად გვევლინება.

მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი სპექტაკლის ტემპო-რიტმი არ არის თანაბარი, ზოგჯერ დუნდება და ემოციურ მუხტსაც ადუნებს. ამასთანავე, რეჟისორს ფინალიც კარგად არ აქვს გააზრებულ/მოფიქრებული და დადგმული. ვფიქრობ, სოფო ქელბაქიანმა საინტერესოდ ინტერპრეტირებული „ხალხის მტერი“ შესთავაზა მაყურებელს. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ რეჟისორს კარგად აქვს მოფიქრებულ/გადაწყვეტილი მრავალსივრციანი მოქმედების ორგანიზება. პარალელური სასცენო მოვლენები (მისაღები ოთახი და სამზარეულო) ერთდროულად ვითარდება, ტექნიკურად გამართულია, არ ქმნის, მსახიობებისთვის სცენაზე ქმედების, ასევე, მაყურებლისთვის აღქმის სირთულეს, რაც მოწმობს დადგმის კომპოზიციურ გააზრებულობას. სპექტაკლი „ხალხის მტერი“ თანამედროვე, აქტუალური, იდეური, პროფესიულად გამართული დადგმაა.

 

 

ფოტო ბექა ცირეკიძე

 

[1] იბსენი ჰ. ხალხის მტერი, გვ. 821 file:///C:/Users/acer/Downloads/%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%20%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99,%20%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%20.pdf გვ.77

[2] სიორენ აბი კირკეგორის, თეისტური ეგზისტენციალიზმის წარმომადგენლის, ფილოსოფიურ ნააზრევს იბსენიც იზიარებდა და ეს აისახა კიდეც მის დრამატურგიაში, განსაკუთრებით „ბრანდში“ და „პერ გიუნტში“, თუმცა თავად არ აღიარებდა, რომ წაკითხული აქვს კირკეგორის ნაშრომები, ამბობდა მე იმდენს ვწერ, სხვისი ნაშრომების წაკითვის დრო აღარ მრჩებაო.

bottom of page