top of page

ვინ არის პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

_MG_4372.CR2

მაკა ვასაძე

ვინ არის პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე?

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულმა სცენამ კიდევ ერთი საინტერესო სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს. ახალგაზრდა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა თანამედროვე რუმინელი დრამატურგის ელის უილკის პიესა - „მწვანე კატა“ - განახორციელა. ელის უილკის პიესები  იდგმება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახალგაზრდა დრამატურგი არაერთი პრემიისა თუ ჯილდოს მფლობელია. „მწვანე კატა“, რომელმაც 2013 წელს  „ირლანდიის საელჩოს ჯილდო დამწყები რუმინელი დრამატურგისთვის“ მოიპოვა, პიესებთან - „ქაღალდის თვითმფრინავები“ (რუმინეთის ეროვნული დრამის პრემიის ლაურეატი 2015 წელს) და „ნიანგი“ (ნაციონალური მონოდრამის დრამატურგიის პრიზის მფლობელი) ერთად მოზარდების შესახებ ტრილოგიის ნაწილია.

პიესაშიც (თარგმანი ანა მირიანაშვილი)  და სპექტაკლშიც გარეუბანში მცხოვრებ მოზარდთა პრობლემებია წარმოჩენილი. რეჟისორმა ახალგაზრდა თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად 16-19 წლის თინეიჯერების ფიქრები, ტკივილები, საზრუნავი, ოცნებები გააცოცხლა სცენაზე. პერსონაჟთა მონოლოგებით აგებული პიესის სცენაზე გადმოსატანად  ლუკა ინწკირველმა ქმედით ხერხს მიაგნო. სპექტაკლს დაკითხვის ფორმა აქვს და აქედან გამომდინარე დიალოგებიც შეიქმნა. ამბავი ბიანკას დრამატულად დასრულებულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.  6 ახალგაზრდა მსახიობი თავიანთი პერსონაჟების განსახიერებისას, მორიგეობით, ხან დამკითხველებად და ხან კი მოპასუხეებად წარმოგვიდგებიან. დამკითხველები მაყურებლისთვის განკუთვნილ პირველ რიგში სხდებიან ხოლმე და მათი კითხვები დარბაზში მსხდომი თითოეული ადამიანის ფიქრებში წარმოსახულის თანმხვედრია. რეჟისორის მიგნებული ხერხის წყალობით, სპექტაკლის რიტმი მოდუნების საშუალებას არ იძლევა და მაყურებელი წარმოდგენის დასრულებამდე აქტიურადაა ჩართული ქმედით ამბავში.

პიესაში რემარკაში მითითებულია, რომ დეკორაცია წარმოადგენს გარეუბანს, უღიმღამო ნაცრისფერი კორპუსებით, ძველი ქიმიური ქარხნით. პერსონაჟთა სათამაშო მოედანი რეჟისორის ჩანაფიქრით თითქმის ცარიელია, მხოლოდ ორი სკამი და მიკროფონი დგას, რომელთანაც მოპასუხეები აღმოჩნდებიან ხოლმე. წარმოდგენის მსვლელობისას, გარეუბნის ქუჩებს რეჟისორი ვიდეოპროექციით უჩვენებს მაყურებელს. ვიდეოპროექცია, კონსტანტინე ეჯიბაშვილის და ვახტანგ გვახარიას მიერ შექმნილი მუსიკალური თემებით, სცენაზე განვითარებული მოვლენების თანხვედრია და ამასთანავე, განწყობის შემქმნელიც.

ქიმიური ქარხნის გამონაბოლქვში გაზრდილი თინეიჯერების ფსიქიკა დამახინჯებულია. პიესაშიც და სპექტაკლშიც დაისმის კითხვები, თუ ვის მიუძღვის ბრალი ამ ახალგაზრდების გაუბედურებაში, ბიანკას ტრაგიკულ დასასრულში. თანდათანობით, მოვლენათა რიგის განვითარებასთან ერთად ირკვევა, რომ დანის, ბიანკას, რობერტის, როქსანასა და ფლორის მშობლებიდან ზოგი ლოთია, ზოგი პირადი ცხოვრების მოწყობაზე ზრუნავს და შვილებისთვის „არ სცხელა“, ზოგი თითქოსდა ზრუნავს შვილის უკეთესი მომავლისთვის, მაგრამ მათი აღზრდის მეთოდები, შთამომავლის პიროვნებად ჩამოყალიბებას კი არ უწყობს ხელს, არამედ პირიქით ანგრევს მის ფსიქიკას და ეგოისტად აყალიბებს. რეჟისორი (პიესიდან გამომდინარე) იკვლევს იმ გარემოებებს, რომლებმაც განაპირობეს დანის მოძალადედ ჩამოყალიბება, ბიანკას მსხვერპლად ქცევა.

ახალგაზრდა მსახიობები უშუალოდ, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, თანმიმდევრულად ძერწავენ განსასახიერებელ პერსონაჟთა სახეებს. პიესაშიც და სპექტაკლშიც ამბავი ბიანკას მკვლელობის ისტორიის გარშემო ვითარდება. სტუდენტი ნუკა ქევხიშვილი ქმნის ერთი შეხედვით თითქოს უდარდელი, სიყვარულზე მეოცნებე თინეიჯერის სახეს. სპექტაკლის მსვლელობისას, ახალბედა მსახიობი ნელ-ნელა წარმოაჩენს მის ცხოვრებაში არსებულ ფსიქოლოგიურ თუ სულიერ ტრავმებს. გოგონა იზრდება მამისგან მიტოვებულ ოჯახში, დედა კი შვილებზე ზრუნვის მაგიერ, საკუთარი პირადი ცხოვრების მოწყობას ცდილობს. ბიანკას სიყვარულშიც არ უმართლებს, უყვარდება მშობლებისგან გატუტუცებული რობერტი. ყველაფრისადმი პროტესტს ღამის კლუბებში სიარულით და არყის სმით გამოხატავს. პროტესტის ნიშნად მიყვება უცნობ ბიჭს (დანის) გასასეირნებლად. დაუფიქრებელი ნაბიჯი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდება.

ანიკო შურღაია ბიანკას დის ფლორის პერსონაჟს ასახიერებს. მსახიობი გამომსახველობითი საშუალებებით: პლასტიკით, ჟესტიკულაციით, მეტყველების მანერით, შინაგანი დრამატული მუხტით ქმნის პერსონაჟს, რომელიც დის სიკვდილში საკუთარ თავს ადანაშაულებს. ცრურწმენები ანიკო შურღაიას ფლორის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. მსახიობი ზუსტად გადმოსცემს თავისი პერსონაჟის განცდებს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. საკუთარ თავში დაურწმუნებელი, შეშინებული ფლორი თვლის, რომ დის მკვლელობა, მის მიერ გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლიდან მოპარული ღილის ბიანკას ქურთუკზე მიკერებამ გამოიწვია, ვინაიდან  მას სჯერა ცრურწმენის, რომ „თუ გინდათ, ვინმეს რაიმე უსიამოვნება შეემთხვეს, მიცვალებულის ტანსაცმელს ღილი ააჭერით და იმ ადამიანის ტანსაცმელს მიაკერეთ, ვისაც ცუდ ამბავს უსურვებთ“. ფლორს ისიც ახსენდება ბავშვობაში ბიანკას ბალიშებით დახრჩობას რომ უპირებდა.

როქსანას ბიანკას უახლოესი მეგობრის როლს თინათინ ნიკოლეიშვილი ასრულებს. როქსანაც თავს იდანაშაულებს ბიანკას სიკვდილის გამო, ღამის კლუბში გამომთვრალმა თვალი ვერ მიადევნა მეგობარს. მსახიობი ოსტატურად გადმოსცემს თავისი პერსონაჟის განცდებს უახლოესი მეგობრის დაკარგვის გამო.

ლადო ვაშაკიძე საკუთარ თავში დაურწმუნებელ პერსონაჟს განასახიერებს. ბუგი ბიანკასადმი უპასუხო სიყვარულით იტანჯება. მსახიობი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თანმიმდევრულად ქმნის ბუგის სახეს. დამახინჯებული ოჯახური ყოფისგან და უპასუხო სიყვარულით გამოწვეულ ტკივილებს, წამლების უაზრო ყლაპვით იხშობს. ნარკოტიკების შესაძენად, ალბათ, ფული არ ჰყოფნის, ამიტომაც ხან ბებიის წნევის წამლებს სვამს, ხან ანტიბიოტიკებს, ყველაფრის ნაზავის მიღებით კი  განუხორციელებელი ოცნებების ილუზიებში ყოფნის საუკეთესო საშუალებას მიაგნო.

სანდრო კახათელიძის რობერტი მშობლებისგან განებივრებული, გაეგოისტებული თინეიჯერია. წინასწარ დაგეგმილი წარმატებული მომავლით, გოგოების ყურადღებით გატუტუცებული ახალგაზრდა ფინალისკენ იცვლება, სერიოზულდება. ბიანკას მკვლელობა, მასში თანაგრძნობის გრძნობას აღვიძებს და ფასეულობათა გადაფასებას იწყებს.

გიორგი ქორიძე - დანი მამის ლოთობით ტრავმირებული, დამახინჯებული ფსიქიკის პერსონაჟს განასახიერებს. მწვანე კატა მისი დაავადებული ფსიქიკის, რეალური ცხოვრებიდან გაქცევის სიმბოლოა.  სწორედ მაისურზე გამოსახული მწვანე კატის გამო მიაქცევს ბიანკას ყურადღებას. მაისურზე კატა თეთრი ფერის იყო, ბიანკას დედამ სარეცხის მანქანაში სხვა ფერად რაღაცებთან ერთად გარეცხა და კატა გამწვანდა. მსახიობი პერსონაჟის ქცევის განმაპირობებელ მოვლენათა რიგს ისე აგებს, რომ მაყურებელი თავიდან ვერ ხვდება, რომ ეს ბიჭი შეიძლება მოძალადე იყოს. მსახიობს თანმიმდევრულად მიჰყავს დანი ძალადობისკენ, კულმინაციას აღწევს მაშინ, როდესაც ბიანკასგან მისთვის საძულველ არყის სუნს შეიგრძნობს. არაყი ნორმალური ოჯახური ურთიერთობების დამანგრეველია, ბიანკასგან ამოსული არყის ოხშივრის ჩასახშობად, მოახრჩობს გოგონას.

ლუკა ინწკირველი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მეტად მწვავე და აქტუალურ პრობლემებს ეხება - რა იწვევს ახალგაზრდებში ნარკომანიას, ძალადობას, ფსიქიკურ გადახრებს. ალბათ, საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემები და რაც მთავარია, უფროსი თაობის უპასუხისმგებლობა მომავალი თაობის მიმართ. აქვე აღვნიშნავ, რომ რეჟისორი არ იძლევა მზა პასუხებს და არც არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზებს გვკარნახობს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ყოველ მაყურებელს საკუთარი დასკვნის გაკეთების საშუალება ეძლევა. 

bottom of page