
ვინ არი ან ლამბალო და ყაშა?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მანანა თევზაძე
ვინ არიან ლამბალო და ყაშა?
2025 წლის 4 ივლისს მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის „ლამბალო და ყაშას“ თამაზ გოდერძიშვილისეული ინსცენირების პრემიერაზე მიგვიხმო. მაყურებელი ბაასით ელოდა სპექტაკლის დასაწყისს. თვალი მოვკარი ჩემს ძველისძველ ამხანაგებს, გამახსენდა გაგრასა და შოვში გატარებული ზაფხულები... უდარდელმა ბავშვობამ ჩაირბინა თვალწინ და გაქრა.
ამასობაში ფარდაც აიწია და სცენოგრაფ ლომგულ მურუსიძის მიერ შეთხზულმა სცენურმა სივრცემ ალისფრად გამოანათა.
მთელ სცენაზე დროშებივით ჩამოშვებულან წითელი ფარდების ვიწრო ზოლები. სისხლისფერია სცენის გვერდითა ფარდებიც, ჭერში აღმავალი ორი ვიწრო ზოლი ასეთივე ფარდისა. უკანა კედლის ფარდას ორი პროჟექტორი ზურგიდან წითლად ანათებს, მთელ სცენას სწვდება, აფერადებს და მისი სხივი სვეტივით ეცემა სცენის სიღრმეს. იატაკის წითელი საფარი ავანსცენისკენ მრგვალად შეჭრილ-შემოჭრილია.
უკანა კედლის ფარდის ჭრილებში დროდადრო სხვადასხვა პირები ჩნდებიან, მათ შორის ორი ჯარისკაცი.
იატაკზე დანომრილი ყუთები ყრია, რომლებიც საჭიროებისამებრ სხვადასხვა მნიშვნელობას იძენენ, თუნდაც დასაწყისისათვის, სამგზავრო ეტლისას.
სცენის შუაში ჯარისკაცის ფიგურა-ქანდაკი დგას, შუბივით გრძელი ხიშტით ხელში.
თათრულ სიმღერას სევდიანად მღერის ქალი. შიგადაშიგ მდინარის ჩქაფუნი, ჩიტების ხმები და ბაყაყების ყიყინიც ისმის. ეს ამბავი ხომ ურმიის ამყაყებული ტბის სიახლოვეს ხდება.
დასაწყისიდანვე იქმნება განწყობილება, რომელიც ლამბალოსა და ყაშას - საბედისწეროდ ერთმანეთს გადაკიდებული მთავარი მოქმედი გმირების სისხლიან ამბავს მოგვიყვება.
ვინ არიან ლამბალო და ყაშა?
მოზარდმაყურებელთა თეატრის ამ ახალი სპექტაკლის შესახებ საუბარი, ჩემის აზრით, ისტორიული წინამძღვრების, თუნდაც ძალიან ზოგადი მიმოხილვის გარეშე, არ შეიძლება.
„ჯერ კიდევ მე-18-მე-19 საუკუნეების მიჯნაზე რუსეთის-სპარსეთის დაპირისპირებას სამხრეთ კავკასიაში რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი და ომი მოჰყვა. ამ ომებში დასუსტებული ყაჯართა დინასტიის სამეფო საბოლოოდ დამარცხდა. მე-19-მე-20 საუკუნეებში, ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის ცენტრალურ აზიაში გეოპოლიტიკური დაპირისპირებების შედეგად, სპარსეთი ამ ორმა იმპერიამ, ფაქტობრივად, გავლენის ზონებად გაინაწილა. ბრიტანეთს ერგო ქვეყნის სამხრეთი და სპარსეთის ყურის მიმდებარე პროვინციები, რუსეთი კი კასპიისპირეთსა და „აღმოსავლეთ აზერბაიჯანს“ - არბადაგანს, აკონტროლებდა.
აღმოსავლეთ საქართველოს ბედი ამ დროს უკვე გადაწყვეტილი იყო - იმპერატორ ალექსანდრე I -ის 1801 წლის მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიამ შეიერთა“ (ლ. ასათიანი „რუსეთ-ირანის ურთიერთობები და სამხრეთი კავკასია“).
მიხეილ ჯავახიშვილი თავად მსახურობდა სპარსეთში, წითელი ჯვრის მისიაში. მშვენივრად ხედავდა, რა ხდებოდა იქ და მოთხრობაში „ლამბალო და ყაშა“ კარგად აღწერა რუსული პოლიტიკა იმდროინდელ სპარსეთში. ინტრიგების ხლართვის წყალობით გამდიდრებული საეპისკოპოსოს მიერ ადგილობრივი ქრისტიანების - ასირიელების და მუსლიმების დაპირისპირება, რუსული ხიშტით დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტვა.
ფაქტობრივად, ორი სარწმუნოებისა და კეთილი და ბოროტი ძალის დაპირისპირებით და ამ ფონზე, რუსეთის მიერ ტფილისიდან ქართველი ექიმის „შემთხვევით“ გაგზავნით წითელი ჯვრის ჰოსპიტალში, მწერალმა ის პრობლემები წარმოაჩინა, რომელიც დღესაც კი, ამდენი დროის შემდეგ თანამედროვე მსოფლიოსთვის აქტუალური, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მძვინვარებს.
რუსეთი კი, ტრადიციულად, ორმაგ თამაშს თამაშობს.
თამაზ გოდერძიშვილის მიერ ინსცენირებულ მოთხრობაში სწორედ ეს მოტივებია მთავარი და თუ 1989 წელს, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე თემურ ჩხეიძის მიერ დადგმულ სპექატკლში „ბედი მდევარი“, რამდენადაც მახსოვს, ბედისწერა იყო განმსაზღვრელი საზოგადოების წინაშე ადამიანის პასუხისმგებლობისა, მოზარდმაყურებელთა თეატრის დიმა ხვთისიაშვილისეულ ვერსიაში, უფრო პოლიტიკური აქცენტებია გამახვილებული.
კონიაკის სირჩის გადაკვრით იწყება სპექტაკლი. ნიკა ფაიქრიძის - ქართველი ექიმი, ურმიის უცნაური ტბის ახლოს, უდაბურ ადგილს, წითელი ჯვრის მიერ გაშლილ სამკურნალოში ჩადის სამუშაოდ და პირველს, გიორგი კაჭახიძის - ვალის ხვდება.
- თქვენები იმდენნი არიან ურუსის სამსახურში, რომ ქართველები მათში მერევითო... სპარსეთის ლომი დაბერდა და ენგლიზი და ურუსეთი გაიყოფენ მას... ჩვენ არ გვინდოდა ომში ჩართვა, მაგრამ ჩვენს კისერზე გადმოიტანეს ომი... რუსები ჩვენს შინაურ საქმეებში ისე ერევიან, თითქოს მათი საქმეაო! - ნახევრად ფრანგულად ლაპარაკობს ვალი და ექიმიც კვერს უკრავს, - მძიმე ყოფილაო ურუსის ჩექმა!..
მათ სიტყვებს მიღმა გრძნობ, როგორ ჰგავს მაშინდელი მდგომარეობა დღევანდელს.
პირველსავე სცენაში ვეცნობით ნიკა ხრიკულის - ლამბალოს. მისი სცენაზე შემოჭრა და ყველაფრის აფორიაქება ერთია. ყუთებს გადააწყობ-გადმოაწყობს, ეტლს შეაბამს, ცხენებს შემოსცხებს, შემოუძახებს და ეტლიც ნჯღრევა-ნღრევით დაიძვრება.
რანაირია ნიკა ხრიკულის - ლამბალო?.. ოცი წლის სოფლელი ბიჭი, სიცოცხლით სავსე, მხიარული, კოხტა; ხუჭუჭი, გრუზა თმით და ისეთი სწრაფი, თითქოს სულ ცეკვავსო... ლაპარაკისას, ქართულ და მშობლიურ თათრულ სიტყვებს ერთმანეთში ურევს...
ფარდებზე სამკურნალოს წითელი ჯვარი და ნახევარმთვარე ჩამოეშვება და სულ რამდენიმე ხანში დავით ხახიძის - ასურელი მღვდელი ყაშა ლაზარეც გამოჩნდება. სტაფილოსფერი სახით, იმავე ფერის წვერ-ულვაშითა და აბურძგნულ თმაზე შემოდებული პატარა ქუდით...
გარეგნული მახასიათებლებით ორივე პერსონაჟის სახე და ხასიათიც ჩამოყალიბებულია და ბუნებრივად იბადება კითხვა:
ვინ არიან ეს ორნი და რატომ ემტერებიან ერთმანეთს?
თუკი ლამბალო სპექტაკლის დასაწყისშივე უმეგობრდება ექიმს, ყაშა ლაზარესა და ექიმს შორის უსიამოვნებაც მაშინვე იბადება, როცა ჯოხმომარჯვებული ყაშა საცემრად მისდევს ლამბალოს.
- რა კაცია ეს ყაშა-ლაზარე? - კითხულობს ექიმი და სამკურნალოს ყოფილი გამგე - ვახტანგ ნოზაძე, პასუხობს: - ყაშა მკვლელია, ქურდი, ავაზაკი, საროსკიპო გახსნა. რუსეთის ქვეშევრდომია ყაშა; მისიონერი, მართლმამდიდებელი ეკლესიის მსახური. აქურობის ბატონ-პატრონია ყაშა და წესრიგის ნაცვლად, ყველგან არეულ-დარეულობა შეაქვს.
ყაშა არც მალავს და ექიმთან გაცნობისას აცხადებს, - აგენტი ვარო!
ყაშა ჯაშუშია! მძლავრია ყაშა, მძლავრობს კიდეც.
მსახიობის მიერ კარგი სახეა შემნილი. ჩუმად, თითქოს თავისთავად, ბევრი არაფრისაგან იძერწება ეს სახე და კულმინაციას გაროზგვის სცენაში აღწევს.
სცენა სცენას სწრაფად მოსდევს, თხრობა აჩქარებულია. წითელ ჯვარს ორთავიანი არწივი ენაცვლება. ექიმი, კახაბერ ჭოლაძის - გენერალ ჩერნოზუბოვს ეცნობა, ნაპოლეონის მსგავსად მშვენიერ შინელში მოკაზმულ სალდაფონს, რომლის მისალმებას ხმამაღალი შეყვირება-ბრძანება და უარი მოსდევს; გენერალი ყუთზეც კი ადის, ქართველ ექიმს იქედან დასცქერის და მის დამცირებას ცდილობს.
სულ ცოტა ხნის წინ კი, სამკურნალოს ყოფილი გამგე წარმოსთქვამს საოცარ სიტყვებს: - რუსი ვარ, მაგრამ არა ვმალავ, ჩემი რუსობისა მრცხვენია...
სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები იმდენად ცოტანნი არიან, რომ საერთო ვითარებას ვერ ცვლიან.
რუსული გალობის ჰანგზე შემოდიან სცენაზე დავით როსტომაშვილის - ეპისკოპოსი პავლე და ყაშა ლაზარე. ანაფორაში გახვეული სასულიერო პირთა სახეები ოსტატობითაა გამოძერწილი.
ეპისკოპოსი პავლე - ნაწარმოების მიხედვით, ყველა სისხლიანი თამაშის მეთაური და მასპინძელია. რუსეთის იმპერია სწორედ პავლეს წარმოათქმევინებს ნაწარმოების და ამიტომ სპექტაკლის მთავარ იდეოლოგიურ სიტყვას: - სპარსეთში კი არა, რუსეთში ვართ, რუსეთში! სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია!
პავლეს პორტრეტის დასახატად დავით როსტომაშვილის გარეგნობა და მეტყველების სტილი შესატყვისია. ხმელ-ხმელი, შავ ანაფორაზე ძვირფასი პანაღიით მოსილი, თითქოს ცივი ხმით კვეთს ჰაერს: - ქართველობა დიდი უბედურება არ არის, რადგან ქართველიც ადამიანია და კეთილი ქრისტიანი ქართველებშიც მოიპოვება...
და ამ სიტყვების წარმოთქმისას ეპისკოპოსი ექიმს საკოცნელად ხელს უწვდის... მერე სულ უფრო დაბლა და დაბლა სწევს, მანამ, სანამ ექიმი მუხლზე არ დაიჩოქებს. თავისი სიტყვის მეტად გასახმიანებლად კი, ეპისკოპოსი მიკროფონსაც იშველიებს და ამ ჟესტით ექიმს შეახსენებს, რომ რუსეთმა სწორედ ასე დააჩოქა საქართველო.
მაგრამ პასუხად რომ ექიმის ფრაზა ისმის: - კეთილი ადამიანი მარტო ქართველებში კი არა, რუსებშიც მოიძებნება... ქართველობა ჩემთვის დიდი ბედნიერება გახლავთ!
კაცთმოძულე, ცილისწამების ოსტატი ყაშა ლაზარე ეპისკოპოსი პავლეს ჯაშუში და ბნელ დავალებათა აღმსრულებელია. სრული პათოლოგიური ტიპი, სადისტი და სპექტაკლის სისხლიანი სცენის მთავარი ავტორი. შემზარავი და შემაძრწუნებელია ეს სისხლიანი სცენა:
ყაშა გაჰკივის, დახტის და ხითხითებს...
ჯალათები ითვლიან...
- სტყუის, სტყუის! ეგ თათარი ექიმის მეგობარია, მე ნებას არ გაძლევთ...
- ლამბალო, თვალები დახუჭე, გონს ნუ მოდიხარ, უბედურო, არ გესმის? არ გაინძრე, თორემ…
- მოსულიერდა! მოსულიერდა! - ისევ გაჰყვირის ყაშა, იგინება, იმუქრება, სიხარულისგან ფეხზე ვეღარ დგება...
- კმარა!..გეყოფათ!..ლამბალო კვდება!..
ყაშა ხითხითებს...
ექიმი დიდხანს ეძებს ლამბალოს მაჯის ფეთქვასა და გულის ცემას, მაგრამ ვეღარ პოულობს...
სასცენო მოძრაობის პედაგოგის პაატა მხეიძისა და რეჟისორის მიერ საოცარი ემოციურობით დადგმული ეს სცენა, შემზარავია. ყაშას ხელში მათრახის ყოველი გაელვება, გატყლაშუნება, ლამბალოს სხეულის გაკლაკვნა, გაბრძოლება და კვდომაა. ეს სასტიკი სცენა დასჯა-გაჯოხვა კი არა, მრავალჯერადი დახვრეტაა, არა, უფრო სასტიკი და ულმობელი.
მაგრამ ამ სცენას სხვა სცენები უძღვის წინ:
ლამბალო ხომ ერთი ახალგაზრდა ალალ-მართალი თათარია და პატიოსანი შრომით, ტრადიციების დაცვით უნდა ოჯახის შექმნა, სიცოცხლის გაგრძელება... ქრისტიანი ყონაღის ხათრით ლამბალო მუსულმანურ ადათსაც კი არღვევს და ახლადშერთულ ცოლს არა მხოლოდ აცნობს ექიმს, არამედ მის წინაშე ჩადრსაც ააწევინებს და სახეს აჩვენებინებს, რომლის ნახვა ქმრის გარდა ყველას ეკრძალება...
ქორეოგრაფ გია მარღანიას მიერ დადგმული ლამბალოსა და მისი საცოლის - (ლალიკო ღერკენაშვილი) სატრფიალო-საქორწინო-რიტუალური ცეკვის სცენა, სავსე სინაზითა და ლირიკით, დახვეწილი მოძრაობითა და საცეკვაო ილეთებით, როგორც სიყვარულის სურვილი...
უფრო ადრე ლამბალოს, მამამისისა და ექიმის თბილი შეხვედრის სცენა ბაზარში... ქრისტიანი ყაშასა და მოლას შებრძოლება ქოლგებით, ლამბალოსა და ყაშას ჩხუბი, ყაშას თავის მომკვდარუნება...
დიალოგი ექიმსა და გენერალ გუბერნატორს შორის, როცა ყაშას ხსენებაზე ყველა ჩუმდება და აქეთ-იქეთ იხედება.
რეჟისორის ხედვა და დამოკიდებულება გასაგები და გადამდებია, მსახიობები ყველა მოქმედებას, მოძრაობას გაიაზრებენ, ყველა ქორეოგრაფიულ თუ სასცენო ილეთს ემოციურად, შინაგანი დატვირთვით ასრულებენ.
ყაშა საზარელია, მკვლელი, არავინ იცის რა მოუხერხოს ანაფორაში გამოხვეულ ამ საშინელებას და უცებ მახსენდება, რომ ექიმთან ერთ-ერთ სცენაში, ყაშა ამბობს, - შურითა და ბოღმით არის სავსე ეს ქვეყანაო...
ვინ იცის, რა მდგომარეობამ გახადა იგი ასეთი მზაკვარი, დაუნდობელი, ვინ იცის რამ აქცია საკუთარი მძინარე მამის მკვლელად? ხომ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი?
არანაკლებ საშინელი სცენა ბაზარში, ბოძზე ყურით მილურსმნული ლამბალო... საპატიმროში, გისოსებმიღმა დაგდებული ლამბალო... თითქოს მთელი სამყარო შეიშალა და ამ ბიჭს გადაემტერა.
სპექტაკლის თხრობისას ჩნდებიან ინგლისის წაქეზებით სპარსეთსა და რუსეთს შორის ატეხილ ომში ჩათრეული სამი ქართველი.
- რა გვინდა ამ ჯანდაბაში, ან იმათ რატომ ვებრძვით, ან ამათ რატომ ვეხმარებით? - კითხულობს გიორგი მინდიაშვილის - რუსეთის ჯარის ასისთავი გიორგი და მისი სიმღერა ახშობს მოლას კივილს.
მართლაც, რა ჯანდაბას აკეთებს ქართველი ექიმი სპარსეთში?
წყლის ჩხრიალი საერთო ფონად მიჰყვება ამ სცენებს, დრო მიდის და წყალს ყველაფერი მიაქვს, წმენდს, ასუფთავებს, შლის...
ასეთი კადრებით იქმნება თანმიმდევრული, მწყობრი რიტმის სპექტაკლის კომპოზიციური ერთიანობა. მას თავისი მაყურებელი სჭირდება, რომელიც ოდნავ მაინც გარკვეული იქნება იმ ისტორიულ ვითარებაში, რაც სცენაზე ხდება. საუკეთესო შემთხვევაში კი, მოთხრობა ექნება წაკითხული და ბრმად არ შეხედავს სცენაზე მიმდინარე ლიტერატურულ სიუჟეტს.
ყველაზე უცნაური ამ დაპირისპირებაში, ქართველი ექიმია, რომელიც
ქრისტიანებს არ თანაუგრძნობს და სთვლის, რომ მუსლიმები უფრო კარგი ხალხია, ვიდრე რუსები. გურჯისადმი თათრების დამოკიდებულებაც, მიუხედავად სპარსელების ისტორიული მტრობისა, კეთილია. წითელი ჯვრის ექიმის მისამართით ნათქვამი ვალის სიტყვები ამის დასტურია: - თქვენი ქართული გული მშურს, სიმართლე გწამთ და დაეძებთ...
საქართველოს ისტორია სხვათა მიმართ შემწყნარებლობის ნათელი მაგალითია. ყოველ ეპოქაში, სიძნელისა და გაჭირვების მიუხედავად, ქართველს არასოდეს დაუკარგავს ტოლერანტობის გრძნობა და უცხოტომელებს, ყოველთვის ღირსეულად ექცეოდა.
ნიკა ფაიქრიძის ქართველი ექიმი სწორედ ასეთი შემწყნარებლობით გამოირჩევა და მაყურებელსაც შემწყნარებლობისკენ უბიძგებს.
სიღრმისეული კვლევა ჩემი მიზანი არ არის, მაგრამ ლამბალოსა და ყაშას სახით სიკეთისა და ბოროტების ასეთი სახიერი დაპირისპირება, ბოროტ ადამიანთა მხატვრული სახეები, დიდხანს გაჰყვება მაყურებლის მეხსიერებას.
და ფინალი...
წინაპრებისგან გადმოცემულ განსაკუთრებულ ცოდნას, შხამიან გველთა გამოხმობის უნარს, პავლე ნოზაძის - მოხუც თათარს, უსამართლოდ დაჩაგრულ შვილმოკლულ მამას, ბოროტების განსაგმირავად ადგება...
სცენა ფარდის უკან: ლამბალოს მამის გველებით დაკბენილი, სულამოხდილი ყაშა...
ურუსის ჯარისკაცის წაქცეული ქანდაკების ქვეშ მოყოლილი, ურმიის მხარის გარუსებაზე მეოცნებე ეპიკოსპოსი...
იმპერიები თავიანთ ზრახვებს არ ეთხოვებიან და მათ შესაბამისად მოქმედებენ...
„ლამბალო და ყაშა“ სპარსულად დღემდე არ უთარგმნიათ!
***
და ბოლოს, წელს, ოზურგეთის საერთაშორისო ფესტივალზე, მსახიობმა ნიკა ხრიკულმა, სპექტაკლში „ლამბალო და ყაშა“ - ლამბალოს როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის მიიღო პრემია.