top of page

ვეძებთ ავტორს ???

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

293328925_5117948511650647_6451019632075655909_n.jpeg

თამარ ქუთათელაძე

ვეძებთ ავტორს ???

        

საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე  კვლავ წარმატებით დაიდგა „ახალი თეატრის“ მანიფესტად აღიარებული ლუიჯი პირანდელოს ფილოსოფიური დრამა „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“ (დამდგმელი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი, რეჟისორი თინათინ ქათამაშვილი). ამ ენიგმატური სპექტაკლის ყურებისას, შეუძლებელია წარმოსახვაში არ ამოტივტივდეს ჩვენი უნივერსიტეტის წინამორბედი, ჩემი თაობის ცნობიერებაში აღბეჭდილი  ერთ-ერთი საუკეთესო დადგმა. 1991 წელს გიორგი მარგველაშვილის მიერ კლასიკური თეატრალური რეჟისურის ხერხებით განხორციელებულ პირანდელოს ამ შედევრში (მხატვარი - ნინო ჩიტაიშვილი, მუსიკალური გამფორმებელი - გია კიტია), შესაშური ქარიზმატული არტისტიზმით ქმნიდნენ თავიანთ პირველ როლებს ზურაბ გეწაძე (დირექტორი), თამთა ცინცაძე (გერი), გიორგი ნაკაშიძე (ვაჟიშვილი), დათო იაშვილი (ბიჭი), ნინო გაჩეჩილაძე (მადამ პაჩე). ამჯერად, ახალ რეალობაში, გიორგი შალუტაშვილის დადგმამ, რადიკალურად განსხვავებული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. ახალი თეატრალური ტენდენციების შესაბამისად, სპექტაკლი თეატრის მთელ პერიმეტრზე გათამაშდა. მიუხედავად ამისა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წარმოდგენა თითქმის უზუსტესი თანმიმდევრობით ერთგულებს პირანდელოსეული „იუმორიზმის“  თეორიას (1909) ინტელექტუალურ-ირონიულ თეატრზე.

         

პირანდელოს „იუმორიზმის“ ანალიტიკური არსი, - ცხოვრების რეკონსტრუქციაა სცენაზე მთელი თავისი აუხსნელობით, დაფუძნებული პოლიფონიაზე, სადაც ცხოვრება განიხილება, როგორც თამაში, რომელშიც მონაწილეობს შესაძლო ჭეშმარიტების სხვადასხვა ვერსია. ამ „კონტრასტულ ხელოვნებაში“, ერთდროულად თანაარსებობს „სიცილი და ცრემლი“. მოქმედება დაჩეხილია მუდმივი  წყვეტით, ავტორის ჩანართებით. დრამატურგისეული პოეტიკა ოსტატურადაა გათამაშებული სასცენო ფიცარნაგზე, სადაც ე.წ. მეოთხე კედელი სრულიად მორღვეულია, რაც სწორედ 90-იანელი თაობის რეჟისორთა მიღწევაა.

         

«იტალიის ჩეხოვად» აღიარებულ, 1934 წლის ნობელიანტ ლუიჯი პირანდელოს (1867 - 1936), რეალობიდან ხელოვნებაში გაქცევა, ადამიანის სისუსტედ მიაჩნდა, თუმცა, ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრების პირობებში, ხელოვნებას თავისუფალი ადამიანის ერთადერთ, ღირსეული არჩევანის შესაძლებლობად აღიარებდა თვითრეალიზების, ცხოვრების ხელოვნებად გადამუშავებისთვის. „თეატრში თეატრის“ ხერხები, მსახიობთა გარდასახვის პრინციპი, სრულყოფილად გამოხატავს თვალსაზრისს ადამიანის მრავალსახოვნებაზე, ყოფიერების რეალური და ფანტასტიკური პლასტის ტანდემზე, ილუზიაზე, რაც „დრამა-სპექტაკლში“ ხდება რეალურ ცხოვრებაზე უფრო ნამდვილი. მასში იკვეთება გაუცხოვების პრობლემა, ადამიანის თვითგამოვლენის შეუძლებლობა, სინამდვილის პირობითობა, ავტორთა ირონია ცხოვრებისეულ რეალიზმზე.

        

ჩაბნელებულ დარბაზში მსხდარ მაყურებელს, სპექტაკლის დასაწყისი ჰორორის ჟანრს გვაგონებს. სცენის სიღრმიდან ვიღაც ქურდულად მოიპარება ფანრით ხელში. კომპოზიტორ დავით თავაძის მუსიკა გვაფრთხილებს, რომ შოკისმომგვრელი სიტუაციაა. მაყურებელს შესაძლოა შეექმნას შთაბეჭდილება რომ სრულიად სხვა სპექტაკლზე მოხვდა. თუმცა ირკვევა, რომ დაუდევარი გამნათებლის უშედეგო ძიებით დაღლილ-განრისხებული, დაგეგმილი რეპეტიციისთვის განწყობილი რეჟისორი (მსახიობი აკო (არსენ) გოგელია), სიბნელეში გაჭირვებით მიიკვლევს გზას.

          

თეატრის თავდაჯერებული, მუდამ ჭირვეული პრემიერები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აგვიანებენ. თორნიკე კაკულიასა და სალომე ხიზანიშვილის მიერ განსახიერებული, საკუთარ პერსონათა შეუცვლელობით გაამაყებული მსახიობები, ხმაურითა და აპლომბით სტუმრობენ სარეპეტიციო დარბაზს, რომელიც სცენის წინ, მაყურებელთა თვალწინ, დარბაზშია მოწყობილი (სცენოგრაფი ელისაბედ ჭიჭინაძე). მსახიობებთან მცირე კამათის შემდეგ, რეჟისორი განუმარტავს მათ სამოქმედო ამოცანებს და იწყება რეპეტიცია პირანდელოს პიესისა „ინტერესთა თამაში“. მალევე იხდება სცენის სიღრმისეული ფარდა და ყურადღებას იპყრობს ე.წ. მაყურებელთა დარბაზში მსხდარი, შავსამოსიან უცხო პირთა  ჯგუფი (კოსტუმების მხატვარი ნინო, ნუცა ჭყონია).  არასრულფასოვანი არსებობით განაწყენებული ექვსი პერსონაჟი: მამა, დედა, ვაჟიშვილი, გერი, ბიჭი და მცირეწლოვანი გოგონა, თითქმის აგრესიულად მოითხოვენ ყურადღებას. საკუთარი სახელის ნაცვლად, ისინი სოციუმში მათი ფუნქციის შესაბამის ნიღბებს წარმოგვიდგენენ, აფიქსირებენ მათი ხასიათის მთავარ «მოტივს»: მამა – სინდისის ქენჯნას, დედა – ტანჯვას, ვაჟი – უარყოფა-დაეჭვებას, გერი – შურისძიებას.

         

იუმორ-ირონიზირებული, დროდადრო გროტესკულია რუსთაველის თეატრის მსახიობის, თემურ ჭიჭინაძის მიერ განსახიერებული, მკაცრი კლასიკური სისადავით გრძელ შავ მანტოში გამოწყობილი მამის სახე. მთელი წარმოდგენის მანძილზე იგი ცდილობს ოსტატურად შენიღბოს თავისი დანაშაული, მოხერხებულად აირიდოს მის მიმართ ყოველი მხრიდან ნატყორცნი, საყვედურითა და მწარე ირონიით გაცხადებული ბრალდებები. მამა ჩივის, რომ ავტორის ფანტაზიამ ისინი შექმნა, მაგრამ პიესის დაწერა ვერ დაასრულა. თეატრში მოვიდნენ სცენიდან პატარა ადამიანის საყვედურის, უსამართლო სამყაროში მათი ტრაგიკული, ხშირად ფატალური ყოფის ჩვენების მიზნით. პერსონაჟები ერთმანეთს არ აცლიან თავიანთი ისტორიის მოყოლას, გვევლინებიან ავტორს „გაქცეულ“, მაღალმხატვრულ სახეებად ტრანსფორმირებისთვის მებრძოლ პერსონაჟ-მეტაფორებად. ნიღბებსა და მსახიობთა თვითნებობებს ლამის შეწირული, არბიტრად გადაქცეული რეჟისორი (მსახიობი აკო (არსენ) გოგელია), თავდაპირველად აპროტესტებს ექსცენტრიულ პერსონათა უცნაურ მოთხოვნას, მაგრამ მათი მიზანდასახული არტისტიზმით გატაცებული, თანხმდება დადგას პერსონაჟთა ფანტაზიით შეთხზული დრამა.

         

თამაშდება საოჯახო კონფლიქტის ბანალური ისტორია. კაცი - უჩვეულოდ არტისტული, ძალაუფლებისმოყვარე და დესპოტურია; ქალი - მორცხვი და დაჩაგრული. გაუცხოვებული ქმრის გულგრილობით დათრგუნული ცოლისადმი თანაგრძნობით განწყობილა ვინმე მოკრძალებული მამაკაცი. თავისუფლებისმოყვარე ქმარს უსარგებლია საოცნებო მომენტით, ახალი ოჯახის შესაქმნელად წყვილისათვის შეუთავაზებია თანხა და თავიდან მოუშორებია განხიბლული ცოლი, რასაც ამჯერად, სიკეთით ნიღბავს. თავდაპირველად იგი თვალყურს ადევნებდა საკუთარ „ექსპერიმენტს“, მაგრამ მალე მათ ქალაქი დატოვეს და თვალთახედვიდან დაკარგა. მრავალტანჯული, მუდამ ცრემლმორეული, ცხვირსახოცმომარჯვებული დედა (თეა ალფაიძე, სალომე ჭაფოძე) დარწმუნებულია, რომ ქმარმა მასზე გული აიცრუა და განერიდა, წაართვა საერთო ვაჟიც, რომელიც  სოფელში გაგზავნა „ჯანსაღ ატმოსფეროში“ გასაზრდელად. მეორე ქმართან ჰარმონიული თანაცხოვრებისას, დედას კიდევ სამი შვილი შეეძინა: გერი, ბიჭი და გოგონა. ქმრის გარდაცვალების შედეგად  გაღატაკებული ოჯახი, კვლავ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, ხოლო უფროსი ქალიშვილი (გერი) იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო  მადამ პაჩეს საროსკიპოში.

        

მამის მოთხოვნით დირექტორი აწყობს მადამ პაჩეს დაწესებულების ამსახველ დეკორაციას. იგი ირწმუნება, რომ შესაბამისი ატმოსფეროს შექმნით, ქალბატონი თავად „დაიბადება“ სცენაზე. მართლაც,  დადგამენ თუ არა ხის ძველ საკიდს მოდური ქუდებით, უმალ იკვეთება ნამდვილი მადამ პაჩეს სახეც. ფერხორციან, გაპუდრულ, სქელი მაკიაჟით სახედაფარულ, ცეცხლოვან - რიჟა პარიკიან ქალბატონს, ერთ ხელში ვეირი უკავია, ხოლო მეორეში სიგარეტი. მის დანახვაზე გააფთრებული დედა (თეა ალფაიძე, სალომე ჭაფოძე), ცდილობს რევოლვერით გაუხვრიტოს შუბლი ქალიშვილის მაცდუნებელს. როდესაც ქალს დააწყნარებენ, მამა იწყებს შეწყვეტილი სცენის გაითამაშებას. მადამ პაჩეს დაწესებულებაში მას სთავაზობენ გერს, რომელსაც ვერ ცნობს. მომხიბლავ ახალგაზრდა ქალს კაცი ასაჩუქრებს ძვირფასი ქუდით და მოითხოვს გაიხადოს სამგლოვიარო კაბა. გერის როლის შემსრულებელი მსახიობი  (ლიზა ნიკვაშვილი, სალომე ესაძე), დასაწყისში ქმნის მგლოვიარე, შიშმორეული, უჩვეულოდ მომხიბლავი, მოკრძალებული ახალგაზრდა ქალის სახეს. მისი გამჭვირვალე შავი ქვედაბოლოდან ილანდება თვალისმომჭრელად თლილი ფეხები. იგი ცდილობს  აიცილოს მისთვის უსიამოვნო მოვალეობა, მაგრამ „მამა“ დაჟინებით მოითხოვს სამსახურს. მოგვიანებით, სწორედ ამ გულგრილობასა და ძალადობას  ვერ პატიობს გერი სიღატაკისგან ტანჯული, მორცხვი, გამოუცდელი, მგლოვიარე არსებისადმი. კრიტიკულ მომენტში ოთახში შემოჭრილი დედა, იცნობს ყოფილ ქმარს და სასწაულებრივად გადაარჩენს მათ ინცესტისგან. შეურაცხყოფისგან გაავებული, მთელი წარმოდგენის მანძილზე „მამისადმი“ დაუცხრომელი შურისძიებისთვის განწყობილი გერი, ღიად აპროტესტებს თანამედროვე სამყაროში დამკვიდრებულ უპერსპექტივო ყოფას, მერკანტილური საზოგადოების სისასტიკეს. იგი სრულიად ბუნებრივად, ელეგანტურად, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შემოიძარცვავს სამოსს და იმორალური, ჰედონისტი საზოგადოების აპათიით აღშფოთებული, თამამად დემონსტრირებს თავის მშვენიერ, უნაკლო სხეულს.

       

თეატრალური ხელოვნების იტალიელი რეფორმატორის სახელოვანი  დრამის გიორგი შალუტაშვილისეულმა კონცეფციამ სპექტაკლში გამოსახა დაუცველი  ადამიანის შინაგანი სამყარო, მისი ჯანყი მეშჩანური ყოფის წინააღმდეგ. სიტყვა ხდება უმნიშვნელოც და მნიშვნელოვანიც, თუმცა, განსაკუთრებით ღირებულია ფარულის, გამოუთქმელის გამოვლენა. დაპირისპირება მიმდინარეობს სოციალურ „ნიღაბსა“ და ნამდვილ „სახეს“ შორის. აქ პერსონაჟის ხასიათი  — მისი ცნობიერების ამსახველი დრამაა. სამყაროს ქაოსში დანთქმულ ინდივიდს საკუთარი თავის გაგებაც არ შეუძლია. მეტყველებით ყველა სახის ურთიერთობა მხოლოდ სიცრუეა. არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიების სურვილითაა ანთებული თითოეული პერსონაჟი, თუმცა წარუმატებლად. უსასრულოდ მოდავენი, სიტყვებს ავსებენ სრულიად სხვა, მხოლოდ მათთვის მისაწვდომი მნიშვნელობებით. მიუხედავად კონტაქტების აღდგენის მრავალგვარი სირთულისა, სწამთ, რომ კომუნიკაცია თუ თვითშეცნობა შესაძლებელია მესამე, დამოუკიდებელი მხარის შუამავლობით და თავდაუზოგავად იბრძვიან.

         

„ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟის“ წარმოდგენილ სასცენო ვერსიაში ორიგინალურად თანაარსებობს დრამატურგისეული ორი კომპონენტი - ინტელექტუალურ-ფილოსოფიური დრამა და პირობითი გროტესკული ბალაგანი. შესამჩნევია ისიც, რომ პირანდელოს «იუმორიზმის» მეთოდი გახდა არა მხოლოდ მისი დროის «ახალი ტექნოლოგიის პირველაღმომჩენი» (მისი „იდეების დრამის“ მრავალი ხერხი გახდა XX საუკუნის თეატრალური ენის საფუძველი. ანუიცა და სარტრიც - პირანდელოს გავლენას განიცდიდა. ბრეხტის გაუცხოების მეთოდიც მისი მიგნებების შედეგია), არამედ XXI - ე საუკუნის პოსტდრამატული თეატრის ესთეტიკაშიც ორგანულად იმკვიდრებს ადგილს.

     

პერსონაჟები მათთვის განსაზღვრულ ისტორიას თამაშობენ განსაკუთრებული სიზუსტით. მათ მონაყოლს სუფლიორი იწერს. სტუდენტი მსახიობები - თორნიკე კაკულია და სალომე ხიზანიშვილი, ე.წ. თეატრის სახელოვანი, სავარაუდოდ წარმატების ზენიტში მყოფი მსახიობ-ვარსკვლავები კი, მთელი თავიანთი არტისტული რესურსის მობილიზებით ცდილობენ გაიმეორონ სცენა... აქ რეჟისორ გიორგი შალუტაშვილისა და ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის მიერ მიგნებული მანერული საცეკვაო ნახაზის ჩანართი, ორიგინალური არჩევანია. იგი ზუსტად ხატავს პერსონაჟთა ბუნებრივი ვნებათაღელვისა თუ გარდასახვის ოსტატობით დაჩრდილულ მსახიობთა სუსტ, ღიმილისმომგვრელ მცდელობას, შექმნან მათთვის უცხო, შეუცნობელი ტრაგედიის ილუზია. პროფესიონალ მსახიობთა ზეამოცანად, მხოლოდ საკუთარი პერსონის, საშემსრულებლო ხერხების ელეგანტურად წარმოჩენა გადაქცეულა. ამიტომაც სამარცხვინო კრახს განიცდიან და პერსონაჟთა სამართლიან დაცინვას იმსახურებენ. მამა აპროტესტებს რეჟისორის თვალსაზრისს. მას სწამს, რომ ცხოვრება სავსეა სასწაულით და სწორედ მათი ტანდემია სიმართლე.

         

მოვლენათა განვითარებასთან ერთად, ზღვარი პერსონაჟებსა და მსახიობებს შორის ბუნდოვანი ხდება. როლები იცვლება. კონფლიქტი მიმდინარეობს პერსონაჟებსა და დასს (მსახიობები და რეჟისორი), ნიღაბსა და სახის ურთიერთობებს, ფორმასა და არსს შორის. თითოეული პერსონაჟი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მათი ტრაგედია განუმეორებელია და მისი თამაშის ხელოვნებას, მხოლოდ თავად ფლობენ. თუმცა, რასაც ყვებიან არასრულყოფილი და წინააღმდეგობრივია. ყველა თავისებურად, მის სასარგებლოდ აღიქვამს მოვლენებს. ამ უცნაურობების „ეფექტია“ ფანტასტიკისა და რეალობის ტანდემი, რაც ქმნის ხელოვნებას, პერსონაჟებს, ცოცხალსა და თითქოს რეალურად არსებულს. მათი ისტორიების მოყოლა-გათამაშების პარალელურად, მუდამ ყურადღების ეპიცენტრში ყოფნას ჩვეული „აქტრისა“, ამჯერად მასზე გაცილებით ახალგაზრდა, აქტიური პერსონაჟისგან ავანსცენიდან განდევნილი და უმოქმედო, ეჭვიანობს პრემიერსა და გერზე. რეჟისორი მისი პროფესიული თვალთახედვიდან აფასებს ტექსტს.

           

პერსონაჟების დრამა იწყება ყოფითად და მთავრდება ტრაგიკულად. მეორე მოქმედებაში სცენაზეა თითქოსდა გაუწაფავი ხელით ნახატი პოეტურ-ფილოსოფიური ბაღის დეკორაცია. დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, მამა ყოფილ ცოლს  აბრუნებს თავის ბინაში, მაგრამ უფროსი ვაჟი უარყოფს დედასა და მის უკანონო შვილებს. დედა განიცდის შვილების უსასრულო კონფლიქტს და ცდილობს მათ მორიგებას ერთმანეთთან და მამასთან. გერი ესწრაფვის შურისძიებას მამაზე. მამა მის წამიერ ვნებას ცოდვად არ თვლის. ვაჟი, რომელსაც გერი ყველაფერში ადანაშაულებს, მიაჩნია, რომ დრამატურგის მიერ სრულიად არარეალიზებული პერსონაჟია და მოითხოვს ყველამ დაანებოს თავი. მსახობი ლუკა კალატოზიშვილი, მთელი თავისი ფსიქოტიპით, დაბნეული სასცენო მოქმედებით, არეული მზერით, შინაგანი სისავსით თამაშობს ტრაგიკულ მარტოსულს, რომელსაც უჭირს უსწრაფესად გააცნობიეროს ბედის ირონიით თავს დატეხილი არაერთი „სიურპრიზი“. იგი გაორებულია მისთვის ჯერ კიდევ უცხო, უახლოესი ადამიანების მიმართ გაურკვეველი გრძნობით და გაურბის კონტაქტს. მსახიობის მიერ განსახიერებული გმირი დაუსრულებლად ესწრაფვის კულისებს შეაფაროს თავი, თუმცა არც სცენა ეთმობა და ყურადღებით ადევნებს თვალყურს უძვირფასეს ადამიანთა შორის გაჩაღებულ ორთაბრძოლებს.

         

პერსონაჟები ბოლომდე ვერ თამაშობენ თავიანთ ტრაგედიებს. იგი წყდება სკანდალებით და მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდის ესკიზის წარმოდგენას ახერხებენ. წარმოქმნილი გადაულახავი გაუცხოვება, ურთიერთობებისა და დანაშაულის გარკვევის უშედეგო მცდელობა, ტრაგიკულად მთავრდება. საოჯახო კონფლიქტს ეწირება ორი სრულიად უდანაშაულო მოზარდი. უყურადღებოდ მიტოვებული გოგონა აუზში იხრჩობა, დანაშაულის შეგრძნებით დათრგუნული  ვაჟი რევოლვერს დაიხლის. ცხოვრება და თამაში ისეა გადაჯაჭვული, რომ მხოლოდ სიკვდილს შეუძლია მათი გამიჯვნა. გაუგებრობით   გაღიზიანებული რეჟისორი  ვერ ახერხებს გაარჩიოს სად არის თამაში და სად რეალობა. იგი  უარს ამბობს დადგას პიესა, წყვეტს სპექტაკლის სამზადისს და ტოვებს თეატრს. მას მიაჩნია რომ  უსარგებლოდ დაკარგა ძვირფასო დრო. შესამჩნევია ისიც, რომ ხელოვნების პროდუქტი ფლობს მისტიკურ მაგნეტიზმს და შესაძლოა ერთ ღამეში შეაცვლევინოს პოზიცია.

     

ექვსი პერსონაჟის ბანალური ისტორია - მელოდრამა, ასახავს  მარადიულ ფილოსოფიურ თეზას. ავტორთა თვალსაზრისით, პერსონაჟი დაბადებისთანავე იძენს უსაზღვრო თავისუფლებას და სრულიად დაუმორჩილებელი, ზოგჯერ აღწევს ისეთი მასშტაბის მნიშვნელობას, რაც ავტორისთვისაც შეუცნობელია. ადამიანთა რეალობა ცვალებადია, იცვლებიან თავადაც,  პერსონაჟთა რეალობა კი უცვლელია და არც თავად არ განიცდიან ცვლილებას.

       

პიესის შესაბამისად, სპექტაკლის ჟანრის ზუსტი განსაზღვრა რთულია, მით უფრო, რომ სიუჟეტი დაუსრულებელია. პერსონაჟებმა ვერ მოახერხეს საკუთარი ტრაგედიის ასახვა, თუმცა, არარეალიზებული ოთხი ნიღაბი ისევ აგრძელებს ფანტასმაგორიულ ლაშქრობას თეატრში. მსახიობების მიერ თეატრის დატოვების შემდეგ, დეკორაციის განათებულ მწვანე ფონზე ჩნდება პერსონაჟთა ოთხი უზარმაზარი ჩრდილი. მათში  ბავშვები არ არიან, ისინი დაიღუპნენ.  მათი გარდაცვალება რეალობაში გარდასახული ისეთივე ფანტასტიკაა,  როგორიც სცენაზე მადამ პაჩეს გამოჩენა. ასეთია ხელოვნების ძალა, რომელსაც ხელეწიფება აგრესიულად შეიჭრას ცხოვრებაში და მის გზაზე გაანადგუროს ყველა საღი აზრი.  საკითხი „რა არის რეალობა?“ უპასუხოდ  რჩება.  რეჟისორიც სამსჯელოდ ტოვებს სპექტაკლის ღია ფინალს - იპოვეს პერსონაჟებმა  მათი ავტორი?.. თუ ეს პროცესი მარადიულია?!.

bottom of page