ვარიაციები ვაჭრობის თემაზე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
გიორგი ყაჯრიშვილი
ვარიაციები ვაჭრობის თემაზე
ვენეციელი ვაჭრის - ანტონიოს და ებრაელი შეილოკის ურთიერთდაპირისპირება წარმოადგენს უილიამ შექსპირის კომედიის „ვენეციელი ვაჭრის“ ძირითად თემას. პიესაში მხოლოდ ქრისტიანთა და ებრაელთა შუღლი არაა მთავარი - აქ ვენეციელი საზოგადოება: ვაჭრები, მათი ოჯახები, მათი მხლებლები თუ თანაშემწეები, რომლებიც თავს უფრო მაღალ ფენად მიიჩნევენ ვიდრე სხვა, უცხოელი თუ სხვა კონფესიის წარმომადგენლები უპირისპირდებიან ერთმანეთს. აქ, განსაკუთრებით თავს იჩენს მევახშეობის წინააღმდეგ გაბრძოლება, ვინაიდან აქაური ვაჭრები თვლიან, რომ ისინი კეთილსინდისიერი საქმოსნები არიან, ვიდრე თუნდაც შეილოკი, რომელიც დიდ პროცენტს იღებს ფულის გასესხებაში. ანტონიო ხშირად მიუთითებს შეილოკს ამ მანკიერ თვისებაზე თვით შეილოკი კი თვლის, რომ ანტონიოს მიერ უპროცენტოდ ფულის გაცემა ხელს უშლის მის კომერციულ მოღვაწეობას და ცდილობს ეს დაპირისპირება, ქრისტიანთა და ებრაელთა შუღლის ჭრილში გადაიტანოს.
გიორგი შალუტაშვილის (დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა) მიერ თელავის დრამატულ თეატრში განხორციელებული „ვენეციელი ვაჭარი“ კომედიაა, რომელშიც სჭარბობს კომედია დელ‘არტეს ელემენტები და ნიღბების თეატრალური ფორმები. თვით პიესა შექმნის დღიდან, სცენაზე გადატანის დროს, ბევრ სახეცვლილებას განიცდიდა იმის და მიხედვით თუ ვინ ახორციელებდა მას, ვინ თამაშობდა შეილოკს და რაც მთავარია ვინ იყო ის ადრესატი - რომელი საზოგადოება, ვისთვისაც იყო ეს წარმოდგენა გამიზნული.
არ მოვყვები ამ პიესის ინტერპრეტაციის ექვსი საუკუნის ისტორიას, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძველ ქართულ თეატრში იყო შემთხვევები, როცა პიესა „შეილოკის“ სახელით იდგმებოდა და განსაკუთრებული აქცენტი ამ პერსონაჟზე კეთდებოდა, ან თუნდაც: ცნობილმა ინგლისელმა მსახიობი ედმინდ კინმა შეილოკს ჟღალი წვერი მოხსნა შავი პარიკით თამაშობდა და იგი რომანტიკულ გმირად აქცია. ან თუნდაც გავიხსენოთ ბოლო დროს თუმანიშვილის თეატრის სცენაზე გაი მარტინსონის გასტროლი, მონოსპექტაკლი, სადაც სცენაზე მხოლოდ ერთი მსახიობი - შეილოკი იდგა.
მიუხედავად იმისა, რომ პიესას შექსპირმა „ვენეციელი ვაჭარი“ უწოდა და შესაბამისად, მთავარი გმირი ანტონიო უნდა ყოფილიყო თვით ავტორი ცალსახად არ გამოხატავს ამ დაპირისპირებულ პერსონაჟთა შორის რომელიმეს უპირატესობას. ამას მოწმობს თუნდაც პიესის ორმაგი ფინალი: მეოთხე მოქმედება, სადაც საბოლოოდ ხდება შეილოკის გამოაშკარავება და დასჯა, რასაც მოჰყვება მეხუთე მოქმედება, სადაც უკვე პორცია და ბასიანო არკვევენ იყო თუ არა მის მიერ ჩადენილი ღალატი საქორწილო ბეჭდის სხვისთვის გადაცემის გამო და რამდენად სამართლიანი იყო პორცია სასამართლო დავის გადაწყვეტის დროს.
არსებობს ის მოსაზრებაც (ალესანდრე ანიქსტი), რომ რაკი პიესაში საქმე გვაქვს სასამართლო დავასთან საჭირო ხდება ამ ფაქტის იურიდიული კუთხით შეფასება: კერძოდ, ირკვევა, რომ პორცია სამართლებრივი კუთხით არაა სწორი, ვინაიდან გადაწვეტილება სისხლის დაღვრის გარეშე მოხდეს სასამართლო განაჩენის აღსრულება ეწინააღმდეგება თვით აღსრულებას - არ არსებობს წესი, რომელიც ხელს უშლის სასამართლო განაჩენის აღსრულებას, რაც თავისთავად გულისხმობს სისხლის დაღვრას, მაგალითად, სიკვდილით დასჯის შემთხვევაში.
ყოველივე ეს ბუნებრივია ადასტურებს იმას, რომ თვით დამდგმელი რეჟისორის გადასაწყვეტია ვინ ხდება მისი სპექტაკლის მთავარი გმირი: ანტონიო თუ შეილოკი და აქ სწორედ მივადექით შალუტაშვილი- სტურუას პიესის ინტერპრეტაციის ვერსიას (აქ მახსენდება რობერტ სტურუას მიერ თეატრ „Et Setera“ -ში განხორციელებული ეს პიესა; ალექსანდრე კალიაგინით შეილოკის როლში).
ჩემი აზრით, მათ აირჩიეს ამბავი შეილოკზე, ელემენტარულად თუნდაც იმიტომ, რომ სპექტაკლი მეოთხე მოქმედებით სრულდება. ამდენად პიესის პირველი ფინალით და შეილოკის დასჯით, რომელსაც უმოწყალოდ სცემს ვენეციის მთელი საზოგადოება და ქვესკნელშიც კი ჩაუძახებენ, თუმცა სპექტაკლი იმით მთავრდება, რითაც დაიწყო - შეილოკი სახეზე ნიღბით ხურავს ფარდას ჩვენს წინაშე.
დასაწყისზე მოგახსენებთ: ფარდის ღრიჭოდან შეილოკის (პაატა გულიაშვილი) გრძელცხვირიანი ნიღბით გამოჩენა მიგვანიშნებს, რომ ჩვენს წინ გათამაშდება ნამდვილი „სახიობა“, სადაც ზოგიერთ მათგანს ნიღაბს ჩამოხსნიან, ხოლო შეილოკის მიერ სცენაზე მოწვეული ანტონიო (ივანე იანტბელიძე), რომელსაც იგი დაბალი რევერანსით ესალმება გვამცნობს: „მე წუთისოფელს იმადა ვთვლი, რაც არის თვითონ: სცენად, რომელზეც საკუთარი როლი აქვს ყველას“ (თარგმანი ვახტანგ ჭელიძისა). ანტონიო შემოწოლილი ნაღვლის წარმოშობის ბუნებას ვერ ხვდება - ალბათ ეს ის წინათგრძნობა უნდა იყოს, რომელიც მის მოახლოებულ გაკოტრებას უნდა მიუთითებდეს.
სცენაზე, ორივე მხარს გრძელი მაგიდებია (მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი): მარცხნივ სხვადასხვა საკანცელარიო ნივთებით და აქსესუარებით სავსე - ერთგვარი შეილოკის სამუშაო გარემოა, სადაც მისი მსახური და მთხრობელი (ნონა ხუმარაშვილი) ბატონის დავალებებს ჩაინიშნავს ხოლმე, მარჯვნივ კი მაგიდა ცარიელია - ეს ალბათ ანტონიოსი უნდა იყოს, იგი ხომ, ასე ვთქვათ, „ზეპირად“ მართავს თავის საქმიანობას. სამი სკამი: წითელი, მწვანე და თეთრი და ოფისის ატრიბუტები, რომელიც სცენის უკანა პლანზეა განთავსებული, თაროები უამრავი სხვადასხვა საჭირო და არასაჭირო ნივთებით; შუაში კი ნათურებით გარშემორტყმული განათებული ჩარჩოები, ერთი მათ შორის მოძრავი ზემოთ და ქვემოთ, მეორე კი ჩარჩო-კარები, საიდანაც მოქმედი პირები გვევლინებიან: დასაწყისში ანტონიო, შემდგომ შეილოკი პიჯაკში გამოწყობილი სასამართლო დარბაზში წითელ ხალიჩაზე რომ მოემართება ჩვენსკენ და ბოლოს პორცია -„ბრძენი დანიელი“ - მოსამართლედ გადაცმული.
დასაწყისშივე მინდა ვთქვა, რომ პაატა გულიშვილი შეილოკი მის მიერ ბოლო დროს შესრულებულ როლთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია მსახიობის შემოქმედებაში. პაატა გულიაშვილი ყოველი დაძაბულობით, გადაუმეტებელი ძალისხმევით, ძალიან თავისუფლად და უბრალოდ ქმნის მევახშის გროტესკულ-კომედიურ ტიპაჟს. ამისთვის მას არც გრიმი სჭირდება და არც შესრულების განსაკუთრებული მანერა ან ზედმეტი მიმიკა. მხოლოდ ებრაელის ქუდი და წითელი ხელჯოხი, რომელსაც ოსტატურად იყენებს, როგორც პირველ მოქმედებაში, ასევე სასამართლოს სცენაში. ამ უმდიდრესი ვაჭრის ჩაცმულობაც პირველ მოქმედებაში ძალზე უბრალოა, ნაცრისფერი მოსასხამი შავ შარვალსა და თეთრ მაისურზე. შეილოკი თავისი თვალთმაქცური ბუნების მიუხედავად პირველ შეხვედრის დროს პატივისცემას გამოხატავს ანტონიოსთან მიმართ, თუმცა იქვე არ ივიწყებს შეახსენოს, თუ რამდენი შეურაცხყოფა და დამცირება მიუღია მისგან, როგორც ებრაელ კოლეგას. ახლა კი როცა ანტონიო სათხოვნელადაა მოსული ცინიკურად ახსენებს ცნებას „არ იმრუშო“ სახარებიდან, (პიესაში ეს არაა!), რაც აღშფოთებას გამოიწვევს ანტონიოში, მიეჭრება, იატაკზე დააგდებს და ცდილობს გაუსწორდეს შეილოკს.
ანტონიო (ივანე ინატბელიძე) ამაყია, საკმარისი სიმდიდრეც აქვს, კეთილი ბუნებით გამოირჩევა, ყოველთვის მზადაა დაეხმაროს მეგობარსა თუ კოლეგას. ანტონიო და ბასანიო (ბექა სონღულაშვილი) მეგობრები და კოლეგებია არიან, თუმცა არა იმდენად, რომ მისთვის თავისი შემოსავალი გასწიროს. მაგრამ ბასანიო ვენეციელია, ანტონიოს თანამემამულე და მისი ინტერესები ყოველთვის მაღლა იდგმება შეილოკთან შედარებით, ხოლო შეილოკის ებრაელობა, მხოლოდ საბაბია, რათა დაგმოს მისი მევახშე ბუნება, დაამციროს იგი და კიდევ ერთხელ „აჯობოს“ თავის მეტოქეს.
რაც შეეხება შეილოკს, მას ანტონიოსთვის ფულის სესხების მომენტში ერთადერთხელ ეძლევა საშუალება შური იძიოს მასზე, საგანგებოდ დასაჯოს იგი და მის წინააღმდეგ ამხედრებული ვენეციელი საზოგადოება, ვისთვისაც ის მიუღებელია. აკი ღმერთს შეღაღადებს, რომელიც თობალის სახით სხივად ევლინება ზეციდან (რეჟისორული ხერხი): „თუ ვადას გადააშორა, გულს ამოვაჭრი. ერთი, ვენეციას გაშორდეს და მაშინ ჩემს ნებაზე ვივაჭრებ... სინაგოგაში შევხვდეთ... სინაგოგაში თობალ“.
შეილოკი თავის გამჭრიახი ბუნებით ხვდება, რომ ბიზნესში არავითარი გარანტია არ არსებობს და ანტონიოს თამამი ნაბიჯი, გემების მიმობნევა მთელს სამყაროში შეიძლება კრახით დასრულდეს. შეილოკი - პაატა გულიაშვილი არ მალავს, რომ სერიოზულ ბრძოლას იწყებს ანტონიოს და ყველას წინააღმდეგ. მშვენივრად ხვდება, რომ ეს ფუფუნებას, დროსტარებას, გართობასა და ლოთობას, უდარდელ ცხოვრებას მოჩვეულ ვენეციელ ვაჭართა ჭკუის სწავლება არ იქნება ადვილი. ამიტომ, მათი ერთი წევრის დასჯაც კი მისთვის საკმარისი იქნება - ამიტომაც, უარს ამბობს შემოთავაზებულ სამმაგ ანაზღაურებაზე: „აღთქმა, აღთქმა მაქვს მიცემული! ზეცას შევფიცე! ფიცი გავტეხო?“ - ამბობს იგი და ბოლომდე აპირებს ბრძოლას.
შეილოკი თვითდაჯერებულია თავის სიმართლეში, მიუხედავად იმისა რომ ქალიშვილმა ჯესიკამ (ნინი დვალიშვილი) უღალატა, გაიქცა, ვენეციელ ლორენცოს (ლექსო ცინკვერაშვილი-რაზმაძე) გაუნაწილა შეილოკის სიმდიდრე, სასამართლო პროცესზე ამაყად მოდის, შესანიშნავ კოსტიუმში სადღესასწაულოდ, მოსაგებად გამოწყობილი და ასევე ამაყად მოახსენებს საზოგადოებას თავის გულის ნადებს: „განა ებრაელს კი არ აქვს თვალები? განა ებრაელს კი არა აქვს ხელები?... და თუ შეურაცხგვყავით, ნუთუ არ უნდა ვიძიოთ შური?“ (თარგმანი ვახტანგ ჭელიძისა).
ამაო მთავრის (თეიმურაზ ხუნაშვილი) მცდელობა შეარიგოს მოქიშპეები. ხუნაშვილის მთავარი თავის ოქროსფერი სამოსით, უხუცესი ბრძენკაცი, პარკინსონით დაავადებული, ყველა ღონეს ხმარობს, მოიხმობს მრავალ არგუმენტს, მაგრამ შეილოკი შეუვალია. მხოლოდ პორციას (მანანა აბრამიშვილი) გამჭრიახობა და ეშმაკობა, „ბრძენი დანიელი“ შეარყევს შეილოკის თვითდაჯერებულებს.
ჩვენს თვალწინ იცვლება შეილოკის - პაატა გულიაშვილის სახისმეტყველება და ქცევები. ამაყი, თავის თავში დარწმუნებული საქმოსანი უცბად მათხოვრად გადაიქცევა, თითქოს დაპატარავდა, დაჩიავდა, წელში მოხრილი, თავჩაქინდრული „მოსამართლეს“ სთხოვს ორმაგი ანაზღაურება მაინც დაუტოვონ.
ახლა კი, კვლავ აღსდგება მთელი ვენეცია მის წინააღმდეგ და საბოლოო ჯავრს ამოიყრიან მასზე, სასიკვდილოდ სცემენ, რათა სამუდამოდ დაასამარონ ისიც და მევახშეობის ინსტიტუტიც მასთან ერთად (აქვე უნდა ითქვას, რომ მევახშეობა რიგ ქვეყნებში ისჯებოდა და ისჯება დღესაც, ისჯებოდა შუა საუკუნის ინგლისშიც, ვიდრე პროცენტის ნორმა არ დააწესეს).
ბასანიო - ბექა სონღულაშვილი უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდაა, ყველაზე ხალისიანი, თანამედროვე, წითელ კოსტიუმსა და ჭრელ ჟილეტში. მისი ქმედებათა რიგი ხანდახან ლოგიკას მოკლებულია, ვალის აღება ყოველგვარი საკუთარი ფინანსური გარანტიის გარეშე, პორციას ნაჩუქარი საქორწინო ბეჭდის გაჩუქება (თუმცა ეს მეხუთე მოქმედებაში უნდა გაირკვეს, რომელიც არაა). სამაგიეროდ, მეტად ერთგული მეგობარი და ერთადერთია, რომელიც ცდილობს შეუმსუბუქოს ანტონიოს განსაცდელი და მისი დამცველია.
ძალიან კარგად გამოიკვეთა ახალგაზრდა მსახიობი ნინი დვალიშვილი. მის მიერ შესრულებული ჯესიკას სახე - როგორც მამასთან ურთიერთობაში ისევე გადაცმული, კარნავალში მონაწილე. იგი რომანტიკული გმირია, ლორენცოში შეყვარებული, თუმცა ძალიან განიცდის რომ მას ებრაელად თვლიან. მამისგან განსხვავებით ის ხელგაშლილია, ღიად მონაწილეობს შეილოკის წინააღმდეგ შეთქმულებაში, უფრო მეტიც, მისი ერთ-ერთი ინიციატორია.
მანანა აბრამიშვილის პორცია ძლიერი ქალია, გადაღლილი ბევრი ხელისმთხოვნელთაგან, რომლებიც უფრო მის სიმდიდრეს ეტრფიან, ვიდრე მას. ამის გამო მისი ქცევა და შეგრძნებები ნერვიულია, ეგზალტირებული და ზოგჯერ ისტერიულიც. უხეშობს პრეტენდენტების მიმართაც. თუმცა მამის ანდერძი მაინც აიძულებს შეასრულოს მიცემული პირობა და გაითამაშოს „სამი ყუთის“ გამოცანა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გული მაინც ბასანიოს ეკუთვნის. მათი ნიშნობა სასიამოვნოა, მაგრამ მწუხრიც ახლავს: ანტონიოს მიერ ბასანიოს დასახმარებლად აღებული ვალი მოსვენებას არ აძლევთ შეყვარებულებს, რაც ბადებს სურვილს გადაარჩინონ ეს კეთილი ვენეციელი ვაჭარი.
სასამართლოს სცენაში იგი ენერგიული, ჭკვიანი და მოხერხებული მოსამართლეა, არც თუ ძნელად აღწევს ყველას დარწმუნებას, რომ მისი გადაწყვეტილება შეილოკის წინააღმდეგ სამართლიანი, დამაჯერებელი და საბოლოოა.
სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ თელაველთა ამ ვერსიაში ნაკლებად გამოიკვეთა ანტონიოს სახე ივანე იანტბელიძის შესრულებით. მას მხოლოდ რამდენიმე სცენა აქვს მთელ სპექტაკლში, თუმცა უნდა ითქვას, რომ მისი აქტიურობა პირველ ნაწილში ადასტურებს, რომ ასეთი დიდი გამოცდილების და პროფესიონალიზმის მსახიობი მაინც გვიჩვენებს ანტონიოს ვაჟკაცურ, მამაკაცურ და კეთილგამწყობილ ბუნებას, გამტანობას, მეგობრის სიყვარულსა და პატივისცემას. მიუხედავად იმისა, რომ არ სცემს პატივს შეილოკს, არც კი მიაჩნია მეტოქედ ან კოლეგად მაინც მიმართავს თხოვნით, თუმცა როგორც კი შეილოკი ამ თხოვნის საპასუხოდ ცდილობს დაამციროს ანტონიო იგი ამაყად უპასუხებს: „მზად ვარ, ახლაც გიწოდო ძაღლი, იმნაირადვე შეგაფურთხო, მიგაპანღურო“.
შეიძლება კი უარყოფითი გმირი იქცეს მთავარ გმირად? რასაკვირველია, თუ საქმე გვაქვს კომედიასთან და გროტესკთან. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ეს უარყოფითი გმირი მართლაც ხდება ერთ-ერთი საუკეთესო წარმოდგენაში.
იგივე შექსპირს რომ დავუბრუნდეთ - ალექსი მაჭავარიანის ბალეტ „ოტელოში“ (ქორეოგრაფი ვახტანგ ჭაბუკიანი) იაგოს პარტიას ცეკვავდა ზურაბ კიკალეიშვილი, რომლის მიერ განხორციელებული ეს ბოროტი არსება სრულ აღფრთოვანებას იწვევდა მაყურებელთა შორის.
პროფესიონალები დამეთანხმებიან, რომ რაოდენ რთულია წერო კოლექტიურ ნაშრომზე, როდესაც სპექტაკლზე ერთდროულად მუშაობენ ორი მაღალი რანგის პროფესიონალი რეჟისორი, ვინაიდან ხშირად გაურკვეველია ამ წარმოდგენაში რა რომელს ეკუთვნის (თუმცა საკუთარი ხელწერა მაინც თავისას ამბობს).
თელავის თეატრში განხორციელებული უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ ამ თეატრის კოლექტივისთვის დიდი გამოცდაცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. მთავარი ერთია - ამ უძველესი თეატრის გადავსებული მაყურებელთა დარბაზი, დედაქალაქიდან ჩამოსული უამრავი სტუმარი, დამსწრე მსახიობთა მთელი ჯგუფები და სხვა თეატრიც კი და მათი გაუთავებელი ოვაციები ადასტურებს, რომ პრემიერა წარმატებით შედგა.