
ვაჟა-ფშაველა გორის თეატრში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მანანა თევზაძე
ვაჟა-ფშაველა გორის თეატრში
29 ივნისს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოადგინა პრემიერა
„მთებმა დახუჭეს თვალები“.
ეს გახლდათ კომპოზიცია - ვაჟა ფშაველას უკანასკნელი დღეების ქრონიკა, „ალუდა ქეთელაურის“ მიხედვით. ინსცენირება რეჟისორ - ნიკოლოზ ჰაინე - შველიძესა და ნინო კანტიძეს ეკუთვნოდათ, ხოლო რეჟისორი, რა თქმა უნდა, თავად ნიკა ჰაინე-შველიძე იყო.
ნიკა, ჩემი ახლო ამხანაგების, არაჩვეულებრივი მხატვრების, თინა ჰაინესა და მირიან შველიძის ვაჟია. დიდი ხანია ვიცნობ, თვალს ვადევნებ მის შემოქმედებას და ყოველი წარმატება ძალიან მახარებს. უკვე მეოთხე წელია, რაც გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და აქტიურადაა ჩართული ამ ქალაქის ტრადიციულ თეატრალურ ცხოვრებაში. შემოქმედებითი მხარის გარდა, საზრუნავი და სამუშაო ბევრი აქვს, რადგან გული შესტკივა თეატრის შენობის მძიმე მდგომარეობაზე და ზრუნავს მის მომავალზე. შენობა კი მართლაც ისტორიული და ლამაზია. აგებულია XX საუკუნის 30-40-იან წლებში, არქიტექტორი შალვა თავაძე გახლდათ, რომელმაც ქართული ისტორიული ტაძრების ხუროთმოძღვრების მსგავსად, შენობის ოთხმხრივი ფასადის სამკაულებად ქართული ჩუქურთმის ორნამენტიკა გამოიყენა. სცენაც ტრადიციული თეატრალური კონსტრუქციისაგან განსხვავებულია.
180-ე თეატრალური სეზონი გორის თეატრში ისე მიიწურა, რომ დღე-დღეზე ელის საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული დიდი კაპიტალური სამუშაოებისა და რესტავრაციის დაწყებას.
ამასობაში ნიკა 49 წლის კაცი გახდა. სამი ულამაზესი ქალიშვილი და მეუღლე ჰყავს - რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი ხიტირი.
გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის დღიდან მან დადგა სპარსი დრამატურგის, ამირ დეჟაქამის „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო“, გიორგი ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“, ნოდარ მაჭარაშვილის „ქეიფი სოლოლაკში“, პოეტური კომპოზიციები „სიყვარულო ძალსა შენსა“ და გალაკტიონის მიხედვით „მე მოვალ - სიზმარი“, ასევე საახალწლო სპექტაკლები. თეატრის რეპერტუარშია მოწვეული რეჟისორების: დიმა ხვთისიაშვილის, თათა პოპიაშვილის, ლუკა ინწკირველის, გიორგი თენაძის მიერ დადგმული სპექტაკლები, რომელთაც მაყურებელი არ აკლდება.
ეს ინფორმაცია მხოლოდ ლირიკული გადახვევაა, რადგან მთავარი მოტივი ჩემი წერილისა, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენლი სპექტაკლი გახლავთ, ვაჟა ფშაველას სიცოცხლის ბოლო დღეების მიხდვით აკინძული კომპოზიცია „მთებმა დახუჭეს თვალები“.
სცენაზე თეთრი რკინის საწოლი დგას, საწოლი ლაზარეთში, სადაც ვაჟამ სული განუტევა. - ბალახი ამომიტანეთო!.. - რომ ითხოვა და მოწყალების დებმა იქვე, უნივერსიტეტის ეზოში მოაგროვეს ბალახები და ხის ფოთლები... მოწვეულმა ფოტოგრაფმაც ფოტო გადაუღო და შთამომავლობას სამახსოვროდ შემოუნახა ლაზარეთის საწოლიდან მომზირალი გენიოსის ბოლო შემოხედვა...
სცენის შუაში განათების სვეტი დგას, თითქოს დედაბოძიაო, ზედ აჩონჩხილი პროჟექტორებით...
წინა პლანზე მაგიდა დგას. უბრალო, ყავისფერ მაგიდასთან სკამია მიდგმული, მაგიდაზე კი, ბაწრით შეკრული წიგნები აწყვია.
სცენის უკანა კედელთან, სიმაღლიდან, ფერადი ნაჭრებისაგან შეთხზული ხალიჩა ჰკიდია. იქვე ორი ლოდიცაა. ოდნავ მარჯვნივ - კლდესავით ლოდი...
ვაჟამ ოდნავ წამოიწია საწოლიდან, იქვე მდგარმა მოწყალების დებმა ანთებული სანთლებით ხელში ლოცვა წარმოსთქვეს... ხმაურსა და გრგვინვაში ითხოვა ვაჟამ ფოთლები...
- მთებმა დახუჭეს თვალებიო, - ერთი ამოსთქვა ავადმყოფმა და თითქოს სულიც მიელიაო...
წითლად აენთო კარი. განათებამ ხალიჩის ერთ მონაკვეთზე თოკზე ჩამოკიდებული მარჯვენა ამოაშუქა, ადამიანის, - მტრის.
ჭექა-ქუხილით დაიწყო ალუდა ქეთელაურის ამბავი. მსახიობების ხმას ჩანაწერი შეენაცვლა. თითქოს აქედან ალუდას ამბავი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მოქმედება კვლავ ვაჟას მიუბრუნდა. სპექტაკლის ავტორები ვერ შეელივნენ მის პიროვნებას. ვაჟა, ბოლომდე მაყურებელთან დარჩა და პერიოდულად, კვლავ და კვლავ შეგვახსენებდა თავს.
შემოსული ექიმის თხოვნამ, - დაწექითო! - მშობიარობას გადაყოლილი პირველი ცოლი, კეკე, გაახსენა, ვაჟასგან დაუმარხავი სიყვარული და, - იას უთხარით ტურფასაო... - სცენის წინა პლანზე, ქვის ლოდს - კეკეს საფლავის ქვას შემოხვეული, ზმანებებში ჩაძირული, ხმით დატირებით გამოეთხოვა...
მრჩება შეგრძნება, რომ საერთოდ ვაჟას ზმანებაა ყოველივე. გენიოსები ისე, უბრალოდ ხომ არ მიდიან, სიკვდილს ფართოდ გახელილი თვალებით შესცქერიან და ამიტომაც ხან კეკეს ელაპარაკება სულთმობრძავი და ხან თავის ქალიშვილს, - ამ ტიალ წუთისოფელში ისე გტოვებ, ვერაფერს გიტოვებო, შვილო...
ვაჟას არსებობა მის სიკვდილთან ერთად არ დასრულებულა და ამიტომაც ენაცვლებიან ერთმანეთს ვაჟასა და ალუდას ამბები.
რთულია, ძალიან რთულია ვაჟას ტექსტების გასცენიურება, სულ ერთია, ეს პოეზიაა, პროზა, თუ პუბლიცისტიკა. შემდეგ მათი სცენაზე გადატანა და მსახიობებისაგან თამაში. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟას პოემებში გამოყოფილი არიან მთავარი გმირები, მათი შინაგანი სამყარო და საქციელი ცხადია და დამდგმელებს, თითქოს კარნახობს კიდეც და უადვილებს მოქმედების წესსა და რიგს, მაინც ყოველთვის ჩნდება მხატვრული კითხვის საშიშროება, რაც თავისთავადაც რთული და პრეტენზიული საგანია. იგი საკუთარ რიტმს, ტემპს კარნახობს რეჟისორს. პერსონაჟს მოქმედებას უზღუდავს, რადგან ამბავი კონკრეტულ სამყაროში ხდება, არეალსაც ვერ შეცვლი, გინდა თუ არა, მას უნდა დაემორჩილო და მხოლოდ სიმბოლურად სცადო თემისა და იდეის დაშორიშორება.
სპექტაკლში ზუსტადაა დაცული ვაჟასეული ტექსტები. ქართულ თეატრში, საერთოდაც არ მახსენდება სპექტაკლი, სადაც ასე არ ყოფილიყო და ვაჟასეული ლექსის შინაგანი კილოსთვის თავი დაეღწიათ.
იმერულ სიმღერასა და გიტარას აკაკის ლექსი შემოჰყვა, - ენას გიწუნებ ფშაველოო!... - და მის პასუხად გაისმა, - მე არც ერთ კილოს არ ვწუნობო...
აქ კი უკვე უნდა გამოვარჩიო ვაჟას როლში - დათო დარჩია. ძალიან კარგი მსახიობი, რომლის წაკითხული ლექსი, მგონი არც მომისმენია და ისეთი გულისტკივილით წაიკითხა „დაგვიანებული პასუხი აკაკის“, იმდენად განიცადა ლექსის სტრიქონები, - ...აქაც ხომ ქართველები ვართ, ყვავილი აქაც ჰყვავისა... რომ მაყურებლის მოწყვეტილმა ტაშმა ალბათ ყველას თვალზე ცრემლი მოჰგვარა...
და ერთმანეთს მიჰყვა სპექტაკლის საკმაოდ დრამატული და ძლიერი სცენები: ალუდას ამბოხი ხევსურთა წინააღმდეგ, მუცალის დამწყალობება - ძლიერი, ემოციური სცენა.
სიზმრის სცენის მისტიკური ფონი საერთოდ განსხვავებულ რეალობას ქმნის სპექტაკლში, რომელიც ძალიან ხმამაღალი მუსიკალური თანხლებით, ხმაურებითა და განათებით ძლიერდება.
რა კარგი ხმები აქვთ გორის თეატრისა თუ მოწვეულ მსახიობებს: ომარ ბექაურს, გიორგი გოგუაძეს, კახი გაზდელიანს, გიორგი გელაშვილს, ელენე დარჩიას, ზაზა თედელურს, სოსო მგალობლიშვილს, ანა ლევენცის, მაკა შალიკაშვილს, ქეთი ხიტირს, ნოდარ ცერცვაძეს, ნუკა ქევხიშვილს, ამირან ქაჩიბაიას...
რა კარგი მეტყველება, რა კარგად აზროვნებენ სცენაზე, როგორ გადმოსცემენ ამბავს. მათ შრომას, რა თქმა უნდა, რეჟისორის ხელი ეტყობა, მისი განწყობილებები, დამოკიდებულება თითოეული მათგანისადმი. ვფიქრობ, ნიკოლოზ შველიძის რომანტიკული შინაგანი სამყარო, სწორედ პოეზიაში პოულობს თანაზიარ გამოხატულებას, ამიტომაც ეყრდნობა მისი სცენური ნამუშევრები, უმეტესწილად, პოეზიას.
უნდა გამოვარჩიო მაკა შალიკაშვილი, ჩემი პედაგოგის, ბატონი შალვა გაწერელიას სტუდენტი და ამიტომაც მიკერძოებული ვარ მის მიმართ. მაკა თავისი ნიჭიერებით, გამოცდილებით, სხვადასხვა თეატრის სცენას მშვენივრად მორგებული მსახიობია. საკუთარი თავის ძიების პროცესში ლექსის კითხვითაც გამოირჩა. გორის თეატრის სცენაზე, ამ სპექტაკლის ტექსტუალური ხერხემალი იტვირთა და ალუდასთან სცენებიც - სიზმრის, დატირების, საკმაო ოსტატობით წაიყვანა.
შთამბეჭდავია ქეთი ხიტირი - შაოსანი ქალის როლში...
და ალუდას შემსრულებელი ახალგაზრდა მსახიობი - კახი გაზდელიანი, რომელსაც კარგი ხმა და აღნაგობა აქვს, რომლიც ცდილობს, ძალიან ცდილობს ტოლი არ დაუდოს გამოცდილ არტისტებს, ალუდას სახე იმგვარი ფიზიკური შეგრძნებით შექმნას, რომელმაც მკვლელად აქცია. ხატობაზე ყველას გააგებინოს, რომ ღმერთი არ ჰყოფს ადამიანებს „რჯულიანებად“ და „ურჯულოებად“, რომ მუცალი მისი „ლამაზი ძმაა“ და საბოლოოდ კი, კაი ყმის სახე არ დაკარგოს.
რთული ამოცანები დგას ახალგაზრდა კახი გაზდელიანის წინაშე, რომელსაც გრძელი შემოქმედებითი გზა აქვს გასავლელი და წინ მრავალი აღმოჩენა ელის, მათ შორის, ალუდასა და მუცალის შერკინების მნიშვნელობის ამოხსნაც.
შავ სვეტზე - დედაბოძზე, დარჩა წითელი - სისხლიანი, მთლიანი მკლავი და არა მხოლოდ მარჯვენა!
სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება სვიმონ ჯანგულაშვილს ეკუთვნის, კომპოზიტორია - ზვიად ბოლქვაძე, ძალიან მეტყველი საბრძოლო ილეთები ამირან ქაჩიბაიამ დადგა.
და რაც მთავარია, სპექტაკლი, დამდგმელმა ჯგუფმა, შესანიშნავ ქართველ მხატვარს, ჩვენი ძვირფასი მირიან შველიძის ხსოვნას მიუძღვნა!