
ვაჰაი, შ ენს ჰაკის, უჯუშ!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

გიორგი ყაჯრიშვილი
ვაჰაი, შენს ჰაკის, უჯუშ!
ლეო ქიაჩელის ნოველა „ჰაკი აძბა“ ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული, რომელიც სოხუმში მოხდა. ავტორმა პერსონაჟებისთვის ახალ სახელები მოიგონა, მაგრამ ამბის ფაბულა უცვლელი დარჩა. თეატრალებს აუცილებლად ემახსოვრებათ თემურ ჩხეიძის ამავე სახელობის სპექტაკლი განუმეორებელი დუეტის - ოთარ მეღვინეთუხუცესის და ნოდარ მგალობლიშვილის, ტარიელ საყვარელიძისა და იაკობ ტრიპოლსკის შესრულებით, რომელიც ქართული თეატრის ისტორიაში შევიდა.
ამდენად რეჟისორ თორნიკე სულაბერიძის ეს არჩევანი ალბათ ახალგაზრდულ გამბედაობას უნდა მივაწეროთ, თუმცა თავიდანვე უნდა ითქვას, რომ არჩევანმა არა თუ გაამართლა, არამედ ახლებურად და თანამედროვედ გაიხსნა ამ ნაწარმოების არსი, რაც უდავოდ რეჟისორის და შემოქმედები ჯგუფის გარდა შემსრულებელი მსახიობების დიდი დამსახურებაა. სცენაზე დეკორაცია თითქმის არაა, მხოლოდ უკანა წითლად განათებული პანო (მხატვარი ანანო დოლიძე), რომელიც მოგვიანებით იხსნება და იქიდან გემიდან ხმელეთზე ბოლშევიკები და მისი კაპიტანი კუზმა კილგა (დავით ჩოგოვაძე) გადმოვლენ.
შავებში გამოწყობილი ჰაკი აძბა (გოგო გუგუჩია) და უჯუშ ემხა (ირაკლი სამუშია) ზღვის პირას ხვდებიან ერთმანეთს. უჯუში თეთრგვარდიელის მუნდირშია გამოწყობილი მხრებზე ეპოლეტებით და მკერდზე ორდენით. ამ შეხვედრის მიზეზი ჰაკი აძბას მოსალოდნელი ქორწილი იყო და უჯუშმა ძმადნაფიცს საცოლისთვის გადასაცემად ბეჭედი მიართვა. ახალგაზრდა ვაჟკაცები ისევ „ბიჭურად“ მდინარეში ქვების სროლით ერთობიან, როგორც პატარაობისას.
შავ-თეთრებში გამოწყობილნი თითქოს სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე უნდა იდგნენ, თუმცა მათი სიყვარული და მეგობრობა გაცილებით მაღლა დგას - იმ დროს არსებულ ვითარებაზე - თეთრგვარდიელთა და ბოლშევიკების დაპირისპირებაზე. ისინი სოციალურადაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან: უჯუშ ემხა თავადია, ჰაკი აძბა გლეხი, რომელსაც სწორედ ეჯუშის დაცვა ევალება. უჯუში ხალხის თვალიდან შორს ყოფნას ამჯობინებს, თუმცა რეჟისორი მაინც ტოვებს ჩაძინებულს ავანსცენაზე, რომელსაც პერიოდულად კოშმარში მოსალოდნელი საფრთხე ესიზმრება, რის გამოც გამოიღვიძებს, წამოიმართება, მაგრამ მალე იგივე პოზას უბრუნდება. თორნიკე სულაბერიძეს უყვარს სპექტაკლში მეტაფორების გამოყენება, რაც კარგად გამოსდის კიდევაც, თუ გავიხსენებთ მის ბოლო ნამუშევარს: თურჯენ ჯუჯენოღლოს „ზვავს“ მესხეთის თეატრში და ეს სცენაც ავტორისეული იმ ტექსტის გასცენურებაა, სასტუმროს ნომერში კარტის მოთამაშეთა გვერდით რომ ხდებოდა: „ახლაც, თუმცა სავარძელში იწვა და ეძინა, ისე ბორგავდა და იკრუნჩხებოდა, რომ ეტყობოდა, ამ ლანდებისაგან ძილშიაც მოსვენება არ ჰქონდა. მართლაც, უცნაური რამ ემართებოდა. დროგამოშვებით მთელი ტანის ცახცახი აუვარდებოდა და მერე უცებ მთელი ტანითვე ისე შეკრთებოდა, თითქოს უფსკრულს უნდა გადაჩეხილიყო და თავი ძლივს შეიმაგრაო“, ან კიდევ უჯუშის და მისი დის - ლილის პეპლების ჭერის სცენა. რეჟისორმა სპექტაკლის სხვა მონაწილენი მაყურებელთა დარბაზის პირველ რიგში განათავსა და აქედან ადიან და ერთვებიან სპექტაკლის მსვლელობაში. ეს ხერხი მას საშუალებას აძლევს მაყურებელი იმ კონკრეტულ ქმედებაზე კონცენტრირდეს, რაც იმ დროს ხდება - მაგალითად პირველ ექსპოზიციურ ნაწილში - ისმის ბოლშევიკური გემის „შმიტის“ საყვირის ხმა და ქალაქის თავი სამსონ დავანაძე (ზურაბ ანთელავა), მელენტი კანკია (კობა მატკავა) რაჟდენ თორია (ანდრო შამუგია), ნარიქ ეშბა (ზურაბ ლაშხია), ბექირ ჩაჩბა (რეზო ჯუჯუა) ამოვლენ და გემის შემოსვლის თაობაზე ბჭობენ. ქალაქში უკვე ბოლშევიკების შემოსვლის და მომავალი ტერორის შიში სუფევს. ზემოჩამოთვლილი საზოგადოება არ დაახანებს და შავ ლაბადებში გამოწყობილნი სასწრაფოდ წითელ ფერის ტანსაცმელს გადაიცვამენ და მოუთმენლად ელიან კაპიტან გამოჩენას, კუზმა კილგა (დავით ჩოგოვაძე) ასე ადვილად არ ევლინება საზოგადოებას - მხოლოდ მისი რამდენიმე მეზღვაური და ჯარისკაცი გადმოდის ნაპირზე.
რეჟისორმა ქალაქის ამ ხელმძღვანელობის სახით წარმოგვიდგინა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ტანსაცმლის გამოცვლის მსგავსად იცვლის თავის მსოფლმხედველობას იმის და მიხედვით, როგორც სჭირდებათ ამ მომენტში, თავისა და საკუთარი კეთილდღეობის გადასარჩენად. მხოლოდ ორი ჰაკი აძბა და უჯუშ ეხმა რჩებიან საკუთარი პრინციპების, ურთიერთგატანის, წეს-ჩვეულებათა ერთგული და ბოლომდე იცავენ ერთმანეთს.
ბოლშევიკების პირველივე შეხვედრა თეთრგვარდიელთან კონფლიქტით თავდება - უჯუშის (ირაკლი სამუშია) ხელით ხრისტანიუკი (გიგა აბულაძე) მკვდარია და მეორე მეზღვაური (სანდრო ჩიხლაძე) დაჭრილი და რასაკვირველია ეს რეპრესიების საბაბი ხდება.
ჰაკის წინადადებაზე, რომ მას, როგორც უბრალო მოქალაქეს არ დასჯიან სამხედრო პირის, უჯუშისგან განსხვავებით ეს უკანასკნელი კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევს, ამიტომ გემზე კაპიტანთან შეხვედრისას მაინც აღიარებს რომ მკვლელი ისაა. ძმადნაფიცის გადასარჩენად ჰაკი -გუგუჩია იმაზეც კი მიდის, რომ გემზე ემსახუროს კაპიტანს, მაგრამ მცდელობა ფუჭია. ორივე მსახიობი დიდი გრძნობით, ემოციითა და ოსტატობით ასრულებიან თავიანთ როლებს და ჩვენს წინაშე აფხაზთა ნამდვილი, რეალური ხასიათებია ნაჩვენები.
რეჟისორმა ერთმანეთს დაუპირისპირა ქალაქის მმართველთა მოღალატეობრივი ბუნება (აქ განსაკუთრების აქტიურობს კანკია „უდღეური“ (კობა მატკავა, რომელსაც საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია და მხოლოდ თავის გამოჩენა სურს) ჰაკის, უჯუშის და მისი ოჯახის წევრების დედის (ანა ბერელაშვილი) და დის (ქეთი მაქაცარია) გმირული საქციელი .
აქვე მათ გვერდით ნაჩვენებია ბოლშევიკთა სახეები, კაპიტნის ცინიკური დამოკიდებულება შეკრებილი საზოგადოების მიმართ, მათი დამცირების მიზნით არხეინად ვაშლს რომ მიირთმევს.
გიგა აბულაძე ორ როლს თამაშობს: ხრიტანიუკს, რომელიც უჯუშის მსხვერპლი ხდება უზნეო საქციელის გამო და თოუხანს, ჰაკის და უჯუშს სანდო მეგობარს, შუამავლის როლს რომ იკისრებს უჯუშის გადასარჩენად. მკვლელის დასასჯელად ბოლშევიკები არაფერს ერიდებიან მოხუცს მძევლად აიყვანენ, უჯუშის დედასა და დას დააპატიმრებენ და მხოლოდ მას შემდეგ გაანთავისუფლებენ, როცა უჯუში ჩაბარდება.
განაჩენი სისრულეშია მოყვანილი - სიკვდილშიც კია არ მიატოვა ჰაკიმ ძმადნაფიცი - ისინი ერთად აღესრულებიან.
ზღვის პირას ისევ სხედან ჰაკი და უჯუში - ისევ ისვრიან ქვებს წყალში - ასე იკვრება ეს მძიმე ისტორია - გმირებს სიკვდილი არ უწერიათ.