უსიყვარულობა?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
თამთა ქაჯაია
უსიყვარულობა?
კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე, ორი საწყისი სქესის, ქალისა და მამაკაცის დაპირისპირება, ყოველთვის აქტუალური და საინტერესო იქნება საზოგადოებისათვის. სწორედ ამ თემაზეა ივან ვირიპაევის პიესა „მზის ხაზი“, რომელიც გეგა გაგნიძემ ათონელის თეატრში განახორციელა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლი თანამედროვე წყვილის აბსურდული ურთიერთობის ანარეკლია. ბარბარა (ნატალია გაბისონია) და ვერნერის ოჯახი (გიორგი შარვაშიძე) გვაჩვენებს შვიდწლიანი კრიზისული თანაცხოვრების შემდეგ სადამდე მიდის მათი ურთიერთობა. ერთი შეხედვით წყვილს საერთო არაფერი დარჩენიათ მაგრამ ამავე დროს ვხედავთ, რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ/ვერ წარმოუდგენიათ. პარადოქსული, სადო-მაზოხისტური და ეგრეთ წოდებული ტოქსიკური ურთიერთობის მიღმა დარჩენილი წყვილი ეძებს მთავარს, სიყვარულს - საერთოს.
ოჯახური ურთიერთობების განხილვა, დილის ხუთ საათზე, მზესუმზირის გარჩევა/თანხლებით იწყება - ჭექა-ქუხილის ხმა კონფლიქტის გარდაუვალობას მოგვასწავებს, რის შემდეგაც ვხედავთ როგორ გადაიქცევა სამზარეულო ერთგვარ შეჯიბრის ადგილად. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ზღვარი იშლება და ვხედავთ წყვილის გასვლას რეალობიდან - გაქცევას მათ გამოგონილ სამყაროში. ცეკვითაც კი დისტანციურად, საკუთარ ფანტაზიებსა და წარმოსახვაში ცეკვავენ - არადა მარტივად შეუძლიათ, უბრალოდ ხელი მოკიდონ ერთმანეთს. სწორედ ასე არ/ვერ კვეთენ მზის ხაზს,რომელიც ორ ნაწილად ყოფს ვერნერის სხეულს, და როგორც ბარბარა ამბობს ქმრის ერთი ნაწილი საოცრად უყვარს, მეორე კი სძულს.
ვერნერი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ორი ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებადი სამოსით ევლინება მაყურებელს, საცვლის და ქუდის ამარა. ასეთია მათი ურთიერთობაც, როგორც ვერნერის შეუსაბამო ტანსაცმელი, ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებით, სიყვარულითა და სიძულვილით სავსე.
ბარბარა წითელი ხვეული თმით, ფეხშიშველი, თავდაჯერებული - თამამი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთ-ერთ სცენაში, ცოლი ქმარს სასქესო ორგანოთი იჭერს, შემდეგ კი ზიზღით იბანს ხელს და ცდილობს მისი სუნის მოშორებას. ასევე ცდილობს რამდენჯერმე ბარბარა ვერნერის სახლიდან გაგდებას, კაცი კი ყოველ ჯერზე, უსუსურად, ფანჯრიდან აცოდებს თავს და თავშესაფარს სთხოვს. მათი ურთიერთობა წრეზე სიარულს ჰგავს - საათი გაჩერებულ დროზე მიგვანიშნებს რაც გვიქმნის განცდას, რომ მათი დაპირისპირება, თითქოს მხოლოდ ერთ წუთს გრძელდებოდა.
მარიამ ძმანაშვილის ნატურალისტური სცენოგრაფია და მხატვრობა ზუსტად არის მორგებული წყვილის ურთიერთობაზე. მარცხენა კუთხეში კედელზე ვხედავთ ნახატს, სადაც წარწერაა „plast“. ზუსტი თარგმანით - „პლასტი“ - ნაძერწს, ფენას, შრეს ნიშნავს. ნახატზე ხელია გამოსახული, რომელსაც საჰაერო ბურთი უჭირავს და ასოციაციას ქმნის რომ ის სადაცაა გასკდება - როგორც წყვილის ურთიერთობა. სამზარეულოს მარჯვენა კუთხეში, თაროზე, შავი უსახო ბიუსტი დევს, რომელიც მუდმივად თვალს ადევნებს მათ ურთიერთობას.
თანამედროვე, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში თითოეული ადამიანი თავისთვის ცხოვრობს და ერთმანეთთან გაუცხოების პრობლემა სულ უფრო და უფრო მწვავე ხდება. ამ თემაზეა ასევე, რუსი კინორეჟისორისა და სცენარისტის, ანდრეი ზვიანიგცევის ერთ-ერთი შესანიშნავი ფილმი, „უსიყვარულო“. ფილმში ნათლად ჩანს კონკრეტული ოჯახის, (და არა მხოლოდ) ერის, გლობალურ პრობლემა - უსიყვარულობა. პიესის შემთხვევაში გვევლინება დაშორების ფსკერზე მყოფი წყვილი რომლებსაც არ ჰყავთ შვილი, ფილმში კი ამ მოცემულობას მხოლოდ ბავშვი ემატება და ისიც იკარგება. მშობლებისთვის შესამჩნევი მოზარდის არსებობა მხოლოდ მისი გაუჩინარების შემდეგ ხდება - ფილმის ძირითადი სინოფსისიც აგებულია ბავშვის ძიებაზე. სპექტაკლში პირველი კამათი უშვილობის თემიდან ვითარდება - ბანალური მიზეზი კონფლიქტის დაწყებისათვის. ჩვენ, ვხედავთ, ორი რუსი წარმოშობის თანამედროვე დრამატურგისა და რეჟისორის შემოქმედებას, რომლებიც ოჯახურ ურთიერთობებს უსიყვარულობის ჭრილში განიხილავენ.
გეგა გაგნიძემ სპექტაკლი კომედიურ ჟანრში გადაწყვიტა. წყვილის დაპირისპირება ისე ბუნებრივად და კომიკურად გადადის ფიზიკურ ძალადობასა და შეურაცხყოფაში, რომ მაყურებელი თემის სიმძიმეს ბოლომდე ვერ იაზრებს. რეჟისორმა შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ოჯახური დაპირისპირების ტრაგედია მხიარულებად აქცია და იუმორ ნარევი ტრაგიზმით მიაწოდა მაყურებელს - რამაც გაამართლა.
სპექტაკლის ძირითადი კონცეფცია ფოკუსირებულია სამსახიობო შესაძლებლობებზე, მის შესრულებასა და ოსტატობაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ გიორგი შარვაშიძე და ნატალია გაბისონია რეალურ ცხოვრებაშიც დაქორწინებულები არიან, რაც მათ პერსონაჟებს უფრო, მეტ ბუნებრიობას ჰმატებს. ნატალია გაბისონიას რეაქციები/შეფასებები აბსოლუტურად შეესაბამება სხეულის რეაქციებს. მსახიობი ორგანულად ითავისებს პერსონაჟის შინაგან სამყაროს და რიტმულად, ლოგიკური აქცენტების დასმით ქმნის ბარბარას შესანიშნავ სახეს. იგი თითოეულ წინადადებას იმპულსებით, დინამიკურად პასუხობს ქმედებებს. საბოლოო ჯამში ნატალია ქმნის ბარბარას ბრწყინვალე სახეს. იგივე შემიძლია ვთქვა გიორგი შარვაშიძის სამსახიობო შესრულებაზე, ისინი შესანიშნავ პარტნიორობას უწევენ სცენაზე ერთმანეთს და საბოლოოდ ვიღებთ გემოვნებიან სპექტაკლს.
ბარბარა და ვერნერი თავიანთ სახეს ერთმანეთის პირისპირ დარჩენილნი, აბსოლუტური გულწრფელობით და ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებით გამოხატავენ. ცხადი ხდება, რომ წყვილის ურთიერთობაში ერთიანობა და კავშირები არც არასდროს ყოფილა. ისინი ოჯახურ სცენებს ტექსტების, „გამომსახველობითი სიტყვებით“ თავიანთ ტრაგიკულ ისტორიას გვიყვებიან.
ფორმებისა და განწყობის ცვლილებით ბარბარას და ვერნერს მაყურებელი ერთი მდგომარეობიდან მეორეში სრულიად ბუნებრივად გადაყავთ. ჩვენ ვხედავთ ორ უახლოესს ადამიანს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობენ სრულიად უცხონი არიან ერთმანეთისთვის - როგორც ინგმარ ბერგმანის - „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“. როგორც სტრინდბერგის შემოქმედება, რომლის ძირითადი ნაწილი სქესთა შორის ბრძოლაზეა აგებული. როგორც ფერნანდო არაბალის „ფანდო და ლისი“ სადაც მსხვერპლი და ჯალათის თემაა განვრცობილი. და ბოლოს, ბარბარა და ვერნერის წყვილის პროტოტიპის პოვნა ნებისმიერ ოჯახშია შესაძლებელი.