
„უშ ენოდ არ შემიძლია“ მარჯანიშვილის თეატრის სხვენში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

25.06.2026
მაკა ვასაძე
„უშენოდ არ შემიძლია“ მარჯანიშვილის თეატრის სხვენში
ცნობილი რუსი იუმორისტის, პროზაიკოსის და დრამატურგის მიხეილ ზადორნოვის პიესის „ბოლო მცდელობა“ (Последняя попытка) მიხედვით მარჯანიშვილის თეატრის სხვენში დაიდგა სპექტაკლი „უშენოდ არ შემიძლია“. ქართულ ენაზე ადაპტირებული ტექსტის ავტორია მაია ჯაფარიძე. ორიგინალსა და ადაპტირებულ პიესას შორის დიდი სხვაობა არ არის, სიუჟეტი, მოვლენათა რიგი თითქმის იდენტურად ვითარდება. ქართულ ვარიანტში შეიცვალა ეპოქა, მოქმედებამ საბჭოთა პერიოდიდან თანამედროვე XXI საუკუნეში გადმოინაცვლა, ასევე, უშვილო ცოლ-ქმარს, გერმანიაში სასწავლებლად წასული ქალიშვილი შეემატათ, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით ლეპტოპით ესაუბრებიან. პიესაში მოქმედება ვითარდება წყვილის გაცნობის, ხოლო ადაპტირებულ ვარიანტში, ქორწინებიდან 30 წლის აღსანიშნავ დღეს. ავტორისეული დიალოგები თითქმის უცვლელადაა გადმოტანილი, მოქმედების ადგილი, პიესაშიც და სპექტაკლშიც ცოლ-ქმრის საცხოვრებელი ბინაა. პიესაშიც და სპექტაკლშიც სამი მოქმედი პერსონაჟია: შუა ხნის ცოლი და ქმარი, ახალგაზრდა გოგონა - ქმრის საყვარელი.
ზადორონოვის პიესა კომედიური ხერხებით მოთხრობილი ამბავია შუახნის ასაკის წყვილის კრიზისში შესულ ურთიერთობაზე, რომლის დაძლევა და მოგვარება, მოულოდნელად ქმრის ახალგაზრდა საყვარელმა თავისდაუნებურად მოახერხა.
ციცინო კობიაშვილის დადგმული სპექტაკლის პროგრამაზე ვკითხულობთ: „უშენოდ არ შემიძლია“ — ექსცენტრიკული კომედიაა სასიყვარულო სამკუთხედზე, ბობოქარ ვნებებზე და ღალატზე. როგორ უნდა დაიბრუნო დაკარგული გრძნობები?
ოჯახური ბედნიერება სიყვარულზეა აგებული — შენარჩუნება კი მოთმინებაზე და პატიებაზე“.
ხათუნა მაისურაძემ პიესის თანახმად შექმნა დეკორაცია, რომელიც საცხოვრებელი ბინის მისაღები ოთახის გარემოს წარმოადგენს. ძველებური ავეჯით, ხალიჩებით გაწყობილი ოთახი სიმყუდროვის ატმოსფეროს ქმნის და მასში მცხოვრები ოჯახის გემოვნებაზე მიანიშნებს. მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ ეს საშუალო კლასის, ე. წ. ინტელიგენტი ადამიანების საცხოვრებელი უნდა იყოს.
სპექტაკლი იწყება ნინო დუმბაძის ცოლი - ელენეს ლეპტოპით ქალიშვილთან საუბრით. პირველივე წუთებიდან იკვეთება პერსონაჟის ხასიათი. ნინო დუმბაძის ქალბატონი ელენე მხიარული, ჭკვიანი, ქალის ტიპაჟია, იგი არასდროს გამოდის წყობიდან, აქვს იუმორის გრძნობა. მსახიობი შუახნის ასაკს მიღწეული ქალის ფსიქო-ტიპს - პლასტიკით, მეტყველებით, საუბრის მანერით, ჟესტიკულაციით ქმნის. ნინო დუმბაძის ელენე თავშეკავებული ქალბატონია, შეუძლია საკუთარი ემოციების კონტროლი. არასდროს გამოდის წყობიდან, მაშინაც კი, როდესაც მასთან ახალგაზრდა გოგონა მოდის და ატყობინებს, რომ მისი ქმრის საყვარელია. სწორად აფასებს სიტუაციებს, ახალგაზრდა საყვარელს და მოღალატე ქმარს.
ანა სანაიას ტატა ახალგაზრდა „მებრძოლი“ გოგოა, რომელიც მიზნის მისაღწევად არაფერზე იხევს უკან, შეიძლება ითქვას „რქებით მოგაწვება“ საწადლის ასასრულებლად. მზადაა, რაც აბადია ყველაფერი გაყიდოს და საყვარელი კაცის ხელში ჩასაგდებად ცოლს ასი ათასი ევრო გადაუხადოს. ეს ამორალური საქციელი მას ნორმად მიაჩნია. ანა სანაიას ტატა გაუნათლებელი, ერთდროულად მიამიტი, გულუბრყვილო და ეგზალტირებული ქალის ტიპაჟია. მსახიობის პლასტიკა, მეტყველების მანერა, ჟესტიკულაცია „როხროხა“, ხმაურიანი ადამიანის სცენური ხორცშესხმაა. მსგავსი ადამიანი უაპელაციოდ შემოგეჭრება ცხოვრებაში და შენს ინდივიდუალურ სივრცეს მთლიანად იპყრობს.
თეიმურაზ კილაძის ანდრო შუახნის ასაკის კრიზისში მყოფი მამაკაცია. მან მშვენივრად იცის რას წარმოადგენს სინამდვილეში, მაგრამ მოირგო ნიღაბი და ამ ნიღბით გააქვს ცხოვრებაში თავი. სარკეში დაყენებული ღიმილი, რამდენიმე დაზეპირებული ანეკდოტი, სადღეგრძელო თუ ლექსი - სინამდვილეში სულ ესაა. აქედან გამომდინარე ჩემთვის გაუგებარია რატომ „იბრძვიან“ მისთვის ქალები. თეიმურაზ კილაძეს ხშირად ავიწყდება ტექსტი, მისი მეტყველება დასახვეწია.
ზადორნოვის პიესა, რომელიც მსუბუქ კომედიად არის მიჩნეული, ჩემი აზრით მდარე ხარისხის, ამორალური და ანტიფემინისტური ნაწარმოებია. გაუგებარია საერთოდ რატომ უნდა მოგინდეს ამის დადგმა, რა არის მასში ღირებული? ამ პიესის დადგმით შეურაცხყოფ არა მარტო მაყურებელს, არამედ თავად თეატრს! რა მიზანი ჰქონდა რეჟისორს, როდესაც მისი დადგმა გადაწყვიტა? რა არის მისი სათქმელი? ის, რომ ქალები საცოდავი არსებები ვართ? ის რომ მამაკაცს ყველაფერი ეპატიება? აბა წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც უყვარს კაცი, მზადაა მასში ფული გადაიხადოს! ცოლი, რომელიც თავიდან ვითომ აღშფოთდება ამ ფაქტით, მერე თანხმდება გაყიდოს ქმარი! ქმარი ქალების დასასჯელად, მას საყვარელიც და ცოლიც მიატოვებს, თავის მოკვლას აპირებს, მაგრამ ამის შნოც კი არ აღმოაჩნდება. ცოლს ეჭვი უჩნდება, რომ ქმარი რაღაც სისულელეს ჩაიდენს, უკან ბრუნდება, აპატიებს ქმარს ღალატს და წყვილი ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას. მე პირადად ამაში სასაცილოს ვერაფერს ვხედავ.
კრიტიკული აზროვნების განვითარება, ესთეტიკური სიამოვნების განცდა, გემოვნების ჩამოყალიბება, მსოფლმხედველობის გაფართოება, კათარსისი ... ეს არის თეატრის დანიშნულება და ამას უნდა ემსახურებოდეს თეატრი.
ციცინო კობიაშვილის დადგმული „უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია“ კი ამ ყველაფრის საპირისპიროა - ამორალურობის და უგემოვნობის აპოთეოზი.