უსამშობლო კაცის დილემა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
უსამშობლო კაცის დილემა
ბევრ და უცნაურ საფიქრალს აღძრავს მარიამ სიხარულიძის მიერ ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში დადგმული სპექტაკლი ედუარდ ჰეილის „უსამშობლო კაცი“, რომლის ინსცენირება, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გადმოქართულებული ვერსიის შექმნა თავად რეჟისორს ეკუთვნის..
მარიამ სიხარულიძეს აქვს გარკვეული ხედვა (ვისთვის მისაღები და ვისთვისაც კატეგორიულად მიუღებელი) და მიზანი: - სარკეში ჩაახედოს ქართველი მაყურებელი და დააფიქროს თითოეული მოქალაქის როლზე სამშობლოს/ქვეყნის წინაშე, ინდივიდუალურ მისიაზე, ამასთანავე კრიტიკული თვალით შეხედოს ტრადიციასა და ადათს. ამ მისიის შესრულებას სათეატრო ფორმებით მარიამ სიხარულიძე წარმატებით ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერმა მოაზროვნე არტისტმა/ხელოვანმა წინასწარ იცის, რომ კრიტიკა არავის მოსწონს, მეტ ადრე ქართველს და თანაც მაშინ, როცა საქმე ტრადიციას ეხება. მარიამ სიხარულიძეს არ ერიდება თვითირონიულად და კრიტიკულად შეხედოს საკუტარ თავს და თანამემამულეებს, მათ ქცევას, ხასიათს.
მარიამ სიხარულიძე ოსტატურად აგებს თავის სათქმელს და შესაბამისად, სპექტაკლს. ის ასოციაციების პრინციპით მიმართავს ტექსტის ილუსტრირების ხერხს, რომელიც ვლინდება არა ქმედებაში, არამედ ქართულ სიმღერებსა და პოეზიაში. მსახიობთა მიერ წარმოთქმული ფრაზები ქართველ პოეტთა პოეზიიდან ერთი მხრივ, ხატავს საქართველოს და ქართველთა ხასიათს, მსოფლმხედველობას, ხოლო მეორე მხრივ, აგრძელებს/ავრცობს პერსონაჟთა მოსაზრებებს. იგივე ხდება სიმღერებშიც.
მარიამ სიხარულიძე ტრადიციებზე, ქართველთა მანკიერ მხარეებზე, უსამშობლო კაცის ხვედრსა და ბედზე საუბრისას ირჩევს სატირასა და მძაფრ თვითირონიას. საუბრის, მაყურებელთან კომუნიკაციის ეს ფორმა ღიმილს გვრის დარბაზში მსხდომთ, თუმცა წარმოდგენის მეორე ნაწილში ირონიას სევდა ანაცვლებს და ბოლოს ბრაზი, ნაკლები სინანული. მაყურებელი, ისე როგორც უსამშობლო კაცი (საბა ნუცუბიძე) დილემის წინაშე დგას,
მაყურებელს ერთდროულად რამდენიმე ემოცია ეუფლება - როგორც უკვე ვთქვი, ბრაზის, სინანულის, სასოწარკვეთის... უსამშობლო კაცის პროტესტი სამშობლოს, უფრო სწორად სახელმწიფოს მიმართ ლეგიტიმურია, სამართლაინიც. მეტადრე დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და დემოკრატიული საზოგადოება სწორედ აზრთა მრავალფეროვნებით ფასობს. მაგრამ განსხვავებულ აზრს, შეხედულებას უპირისპირდება უმოწყალო უმრავლესობა, ძალადობს მასზე და მენტალურად ჯანმრთელ მოქალაქეს სამშობლოს გარეშე ტოვებს. აქედან იწყება უსამშობლოდ დარჩენილი, სახელმწიფოს მიერ დაგმობილი და ქვეყნიდან განდევნილი ახალგაზრდა კაცის მარადიული ტანჯვის ხანგრძილივი და რთული პერიოდი. სამშობლოს საპირწონედ ევროპა გვევლინება, რომელიც უსამშობლოდ დარჩენილი კაცის სამშობლოდ ვერ იქცა.
მარიამ სიხარულიძის სპექტაკლის ცქერისას, მაყურებელი აღმოაჩენს, რომ ევროპაშიც, როგორც მის სამშობლოში, სუფრასთან წყდება საჭირობორო საკითხები, „იჩარხება ახალი საქმეები“, მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ ევროპელი კანონმდებლები ღორებივით ჭყიპინებენ ევროკავშირის ჰიმნის, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის მეოთხე ნაწილის ფონზე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რეჟისორი პრიმიტიულ კონკრეტიკამდე დადის. გასაგებია, რომ ადამიანი, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის, მაინც ადამიანია - ჭკვიანიც და ბრიყვიც, სასტიკიც და კეთილშობილიც..., მაგრამ მიუხედავად კრიტიკისა, რეჟისორი თითქოს ქართველს უფრო ინდობს და პირობითად ევროპის წარმოჩენას ცდილობს, როგორც ჩვენთვის სრულიად უცხო სივრცედ, სულ სხვა პლანეტად.
სპექტაკლში მონაწილე მოყვარული მსახიობები: მარიკა ბრეგაძე, საბა ნუცუბიძე, აჩიკო აბულაძე, მარიამ გვენეტაძე, მარიამ საკანდელიძე, ნათია ხაბურზანია, გურანდა ბარბაქაძე, თორნიკე გოტიაშვილი, ნიკა ქასრაშვილი, ბარბარე გოგბერაშვილი, გიორგი შარვაძე აღწევენ ანსამბლურობას, ჰარმონიულობას. რეჟისორი მათგან მოითხოვს (და აღწევს კიდეც) სრულ კონცენტრაციას, რომელიც განაწილებულია არა მხოლოდ სიზუსტეზე და მყისიერ რეაქციებზე, არამედ პერსონაჟთა ხასიათის შექმნაზე. მსახიობთა ანსამბლში გამოირჩევიან მარიკა ბრეგაძე, საბა ნუცუბიძე და მარიამ საკანდელიძე.
საბა ნუცუბიძე და მარიამ საკანდელიძე ახალგაზრდები არიან, რომლებიც სცენური გულწრფელობით გამოირჩევიან და ამიტომაც ისინი პროფესიონალების რანგში წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. ორივე ახალგაზრდა იმედის მომცემი, ნამდვილი, პირველყოფილი მარგალიტები არიან, რომლებიც თუ მათ კარიერას თეატრს დაუკავშირებენ, ნამდვილად დაამშვენებენ ქართული თეატრის ნებისმიერ სცენას.
სცენური სივრცე წარმოადგენს მაგიდას (მხატვარი ეკატერინე აბულაძე), როგორც სიმბოლო და ღერძი ქართველთა იდენტობის. სწორედ მაგიდის გარშემო ხდება ყველა მოვლენა წარმოდგენაში. მაგიდის ფასადი გაწყობილია დაშლილი ცოცხის ფრაგმენტებით, რომელიც სტატიკურია (ისე როგორც თავად მაგიდა) და ფაქტობრივად ცოცხების მეტაფორა არ თამაშდება. რაც შეეხება მაგიდას: - მის გარშემო წყდება საჭირბოროტო საკითხები, ურთიერთობენ ადამიანები, ოჯახის წევრები... სუფრის დანიშნულების შესახებ ტექსტშიც არის გაცხადებული. მსახიობთა პლასტიკაზე და წარმოდგენის ქორეოგრაფიულ პარტიტურაზე სოლომონ ბოცვაძემ იმუშავა. სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება კი მარიამ სიხარულიძეს და მაია დონაძეს ეკუთვნით.
ტყიბულის თეატრმა „უსამშობლო კაცი“ სიღნაღის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგინა, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ, 13 საუკეთესო სპექტაკლს შორის მოხვდა. ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს შორის, მარიამ სიხარულიძის ნამუშევარი, ფესტივალის პროგრამაში გამორჩეულ ადგილს იკავებს.
ფოტო ბექა ცირეკიძის