top of page

წიგნი, რომელმაც თეატრის სამყაროში შემიყვანა

Voices Behind the Curtain.png

09.11.2026

ლაშა ჩხარტიშვილი

წიგნი, რომელმაც თეატრის სამყაროში შემიყვანა

ნათელა ურუშაძისა და ანა მირიანაშვილის „წავიდეთ თეატრში“

​

თეატრის შესახებ პირველი წიგნი, რომელიც დიდი სიამოვნებით წავიკითხე და რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, ნათელა ურუშაძის „წავიდეთ თეატრში“ იყო. დღემდე მახსოვს კითხვისას მიღებული სიამოვნება და, ვფიქრობ, ეს განცდა არასოდეს გამინელდება. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რამდენად მჭიდროდ დაუკავშირდებოდა ჩემი ცხოვრება თეატრს, თუმცა დღეს, წლების გადასახედიდან, შემიძლია ვთქვა, რომ ამ წიგნმა ჩემს პროფესიულ არჩევანზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

​

ნათელა ურუშაძემ ჩემთვის თეატრის იდუმალი სამყაროს კარი შეაღო. წიგნის საშუალებით აღმოვაჩინე, რომ მაყურებლისთვის ხილული სცენური ქმედების მიღმა არსებობდა კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო სამყარო, თავისი წესებით, ტრადიციებით, პროფესიული ურთიერთობებითა და შემოქმედებითი პროცესებით. შესაძლოა, ჩემი ცხოვრება ამ წიგნის გარეშეც დამეკავშირებინა თეატრისთვის, მაგრამ მან ამ სამყაროს შეცნობა ნამდვილად გამიადვილა. წიგნიდან დამახსოვრებული ფრაზები დიდხანს მიტრიალებდა თავში. როდესაც პირველად აღმოვჩნდი თეატრის კულისებში, გარემო უცხო აღარ იყო. გარკვეული წარმოდგენა უკვე მქონდა თეატრის შიდა ცხოვრებაზე, ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი და რამდენი ადამიანის შრომა იდგა მაყურებლისთვის ხილული შედეგის მიღმა.

​

მოგვიანებით, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობა დავიწყე და სტუდენტებს კურსს „როგორ გავაკრიტიკოთ სპექტაკლი“ ვუკითხავდი, ნათელა ურუშაძის წიგნი ერთ-ერთ ძირითად საკითხავად ვაქციე. მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ვიდრე ადამიანი სპექტაკლის შეფასებას დაიწყებს, მან უნდა იცოდეს, როგორ იქმნება წარმოდგენა, რა ფუნქცია აკისრია რეჟისორს, მსახიობს, სცენოგრაფს, კომპოზიტორს, განათების მხატვარსა თუ ტექნიკურ პერსონალს. უნდა ესმოდეს თეატრალური შემოქმედების მრავალკომპონენტიანი ბუნება, რათა სცენური ნაწარმოების შესახებ საფუძვლიანი მსჯელობა შეძლოს.

​

ნათელა ურუშაძის წიგნი სწორედ ამ ცოდნას აძლევდა მკითხველს, თანაც მარტივად, გასაგებად და საინტერესოდ, რთული ტერმინოლოგიითა და ზედმეტად აკადემიური მსჯელობით გადატვირთვის გარეშე. ავტორი თეატრზე დიდი სიყვარულით საუბრობდა და ეს დამოკიდებულება მკითხველსაც გადაედებოდა.

​

წლები გადიოდა. წიგნს ხშირად ვუბრუნდებოდი და სულ უფრო ნათლად ვხედავდი, რამდენად შეიცვალა თეატრი მისი პირველი გამოცემის შემდეგ. განვითარდა სცენოგრაფიული და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, მხატვრული განათება სპექტაკლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამომსახველობით საშუალებად იქცა, ფართოდ დამკვიდრდა მულტიმედია და ციფრული ტექნოლოგიები. ახალი ფორმები შეიძინა დრამატურგიამ, რეჟისურამ, სამსახიობო ხელოვნებამ. შეიცვალა თეატრის ურთიერთობა მაყურებელთანაც. თუ ადრე სპექტაკლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი საშუალება ნაბეჭდი აფიშა იყო, დღეს ამ ფუნქციის მნიშვნელოვან ნაწილს სოციალური ქსელები და ციფრული პლატფორმები ასრულებს.

​

ამ ცვლილებების ფონზე ცხადი ხდებოდა, რომ წიგნს განახლება სჭირდებოდა. არა იმიტომ, რომ მან აქტუალობა დაკარგა, არამედ იმიტომ, რომ თეატრის განვითარების ახალი ეტაპების ასახვა აუცილებელი გახდა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო თავდაპირველი ტექსტის ღირსებების, მისი თხრობის ხასიათისა და საგანმანათლებლო დანიშნულების შენარჩუნება.

სწორედ ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს მოჰკიდა ხელი ნათელა ურუშაძის შვილიშვილმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ჩემმა კოლეგამ ანა მირიანაშვილმა. ვფიქრობ, ამ საქმის შესრულების განსაკუთრებული მორალური უფლება სწორედ მას ჰქონდა. ოჯახური მემკვიდრეობისადმი პირადი დამოკიდებულება და პროფესიული ცოდნა შესაძლებლობას აძლევდა, ერთდროულად შეენარჩუნებინა ბებიის შემოქმედებითი ჩანაფიქრი და წიგნი თანამედროვე მკითხველის მოთხოვნების შესაბამისად განეახლებინა.

დღეს უკვე ხელში გვიჭირავს ახალი წიგნი „წავიდეთ თეატრში“, რომლის ავტორები ნათელა ურუშაძე და ანა მირიანაშვილი არიან. წიგნი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გამოიცა. გამოცემის რედაქტორია ლაშა ჩხარტიშვილი, რეცენზენტები კი თამარ ქუთათელაძე და მაია კიკნაძე.

​

დაახლოებით სამასგვერდიანი გამოცემა ოც თავს მოიცავს. მასში შენარჩუნებულია თავდაპირველი სტრუქტურა და ნათელა ურუშაძის თხრობის თავისებურება, თუმცა შინაარსი მნიშვნელოვნად არის გამდიდრებული.

​

ანა მირიანაშვილი წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ მუშაობის დაწყებისთანავე მიხვდა: წიგნის უბრალოდ ხელახლა გამოცემა საკმარისი აღარ იქნებოდა. თეატრში მომხდარმა ცვლილებებმა აუცილებელი გახადა მისი შევსება ახალი მაგალითებით, თანამედროვე პროცესების ამსახველი მასალითა და დღევანდელი მკითხველისთვის მნიშვნელოვანი საკითხებით. უნდა ითქვას, რომ ავტორმა ეს ამოცანა წარმატებით შეასრულა.

​

განახლებული გამოცემა ძველი ტექსტის მექანიკური გადამუშავება არ არის. ანა მირიანაშვილმა შეინარჩუნა ნათელა ურუშაძის წიგნის სტრუქტურა და სტილი და მას თანამედროვე თეატრის შესახებ ახალი ცოდნა დაუმატა. ამგვარად, წიგნში ერთმანეთს უკავშირდება თეატრის ისტორიული გამოცდილება და მისი დღევანდელი მდგომარეობა.

განსაკუთრებით საინტერესოა შინაარსობრივი გამდიდრების პრინციპი. წიგნს დაემატა თანამედროვე ქართული, ევროპული და ამერიკული თეატრის მაგალითები, რომლებიც მკითხველს სცენური ხელოვნების განვითარების სხვადასხვა ეტაპის ურთიერთშედარების საშუალებას აძლევს. ამასთან, შენარჩუნებულია თავდაპირველ გამოცემაში არსებული რუსული თეატრის მაგალითებიც. მათი ამოღება გაუმართლებელი იქნებოდა, რადგან ისინი კონკრეტული ისტორიული და მხატვრული პროცესების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. თეატრის ისტორიის შესწავლა სხვადასხვა ეროვნული სკოლისა და შემოქმედებითი მიმდინარეობის გათვალისწინებას მოითხოვს, მიუხედავად იმისა, როგორ იცვლება მათ მიმართ თანამედროვე საზოგადოებრივი დამოკიდებულება.

​

ანა მირიანაშვილის მიდგომა ამ თვალსაზრისით პროფესიულად გამართლებულია. იგი არ ცდილობს წინამორბედი ავტორის ტექსტის ჩანაცვლებას საკუთარი ხედვით. პირიქით, აფართოებს იმ სივრცეს, რომელშიც ნათელა ურუშაძე მკითხველს თეატრს აცნობდა.

გამოცემის მნიშვნელოვანი სიახლეა ფერადი ჩანართებიც, რომლებიც წიგნს დამატებით შემეცნებით ფუნქციას სძენს. თანამედროვე სპექტაკლებისა და თეატრალური პროცესების ამსახველი ვიზუალური მასალა მკითხველს ეხმარება, ტექსტში განხილული საკითხები კონკრეტულ სცენურ მაგალითებს დაუკავშიროს. განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც სცენოგრაფიის, განათების, მსახიობის პლასტიკისა თუ რეჟისორული გადაწყვეტის შესახებ თეორიულ მსჯელობას შესაბამისი გამოსახულებაც ახლავს.

​

აღსანიშნავია წიგნის ფართო ადრესატიც. იგი მხოლოდ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არ არის განკუთვნილი. მისი წაკითხვა სასარგებლო იქნება სკოლის მოსწავლისთვის, რომელიც თეატრის სამყაროს პირველად ეცნობა, სტუდენტისთვის, რომელსაც პროფესიული ინტერესები უყალიბდება, და თეატრის მოყვარული ადამიანისთვის, რომელსაც სცენური ხელოვნების უკეთ გაგება სურს.

​

ვფიქრობ, საინტერესო საკითხებს თეატრის პროფესიონალიც აღმოაჩენს. ნაცნობი მოვლენების განსხვავებული კონტექსტით დანახვა, თეატრის საფუძვლების გახსენება და მათი თანამედროვე პროცესებთან დაკავშირება გამოცემას დამატებით ღირებულებას ანიჭებს.

​

წიგნის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება მისი თხრობის ხელმისაწვდომობაა. ავტორები რთულ საკითხებზე გასაგებად საუბრობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს მოვლენების ზედაპირულ განხილვას. პირიქით, პროფესიული ცოდნის ფართო აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემა განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს. სწორედ ამ თვისებით გამოირჩეოდა ნათელა ურუშაძის თავდაპირველი ტექსტი და სასიხარულოა, რომ იგი ახალ გამოცემაშიც შენარჩუნებულია.

​

„წავიდეთ თეატრში“ კიდევ ერთი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ეს ორი თაობის ავტორთა შემოქმედებითი შეხვედრაა. ეს მიდგომა ქართული თეატრმცოდნეობითი ლიტერატურისთვისაც საყურადღებო მაგალითია. ახალი სახელმძღვანელოებისა და პოპულარული გამოცემების შექმნასთან ერთად, აუცილებელია უკვე არსებული ღირებული ნაშრომების ხელახალი გააზრება და განახლება. მით უფრო მაშინ, როდესაც თავდაპირველი ტექსტი ინარჩუნებს თავის საგანმანათლებლო მნიშვნელობას, მაგრამ ახალი დრო დამატებით განმარტებებსა და მაგალითებს მოითხოვს.

​

დარწმუნებული ვარ, „წავიდეთ თეატრში“ არაერთ ახალგაზრდას გაუღვივებს თეატრისადმი ინტერესს. შესაძლოა, ვიღაცისთვის ის ისეთივე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორიც თავის დროზე ჩემთვის იყო. და თუ ეს მოხდება, ნათელა ურუშაძისა და ანა მირიანაშვილის ერთობლივი ნაშრომი თავის უმთავრეს დანიშნულებას შეასრულებს: მკითხველს არა მხოლოდ აუხსნის, რა არის თეატრი, არამედ გაუჩენს სურვილს, თავადაც აღმოაჩინოს მისი მრავალფეროვანი სამყარო.

​

წიგნის სათაური „წავიდეთ თეატრში“ მკითხველს თეატრისკენ უხმობს. მე კი, ამ წიგნთან დაკავშირებული საკუთარი გამოცდილებისა და მისი ახალი გამოცემის გაცნობის შემდეგ, ამ მოწოდებას კიდევ უფრო პირდაპირ გავიმეორებ:

წადით თეატრში!

bottom of page