top of page

უნდა გავფრთხილდეთ!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

428613381_413960611019216_4612631456634914345_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

უნდა გავფრთხილდეთ!

 

ქალაქის თეატრმა, რომელიც ახალბედა, კერძო თეატრია, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი და სერიოზული ნამუშევარი შესთავაზა მაყურებელს. ახალგაზრდა რეჟისორმა დავით თარბამ მარტინ მაკდონას „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ დადგა. ირლანდიური წარმოშობის ბრიტანელი დრამატურგის პიესები ხშირად იდგმება უახლესი ქართული თეატრის სცენებზე და დიდი წარმატებითაც. საკმარისია გავიხსენოთ დავით დოიაშვილისა და გეგა გაგნიძის „ბალიშის კაცუნას“ დადგმები. ქართულმა თეატრმა კარგად მოირგო მაკდონას დრამატურგია და ის მისი ორგანული ნაწილი გახდა. ქალაქის თეატრის „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ არ არის ამ პიესის პირველი სცენური ინტერპრეტაცია ქართულ თეატრში (მანამდე, 2013 წელს გურამ ვაშაკიძის სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, ხოლო შემდეგ დავით ბახტაძის დადგმა მესხიშვილის თეატრში) და არც უკანასკნელი (მალხაზ ასლამაზიშვილი ბათუმის თეატრის დასთან მუშაობს).

 

დავით თარბა პირველად ფართო აუდიტორიამ მონოპიესების ფესტივალიდან გაიცნო, როცა პანდემიის პერიოდში ლილი ხურითთან ერთად იულია ბოჩაროვას მონოპიესა „რაც მიყვარს“ დადგა, უფრო სწორად გადაიღო. აქ გამოჩნდა ახალგაზრდა, ლამის დებიუტანტი რეჟისორის მსახიობთან მუშაობის განსაკუთრებული უნარი, პერსონაჟების ხასიათებში ჩაღრმავების და გამოკვლევის ინტერესი, ლიტერატურული მასალის გამიზნული შერჩევა და პროფესიისადმი სერიოზული დამოკიდებულების განსაკუთრებული თვისება. მას არ ეშინია ოსტატ მსახიობებთან მუშაობის, უფრო მეტიც, შესწევს უნარი დაარწმუნოს მსახიობი მისი ხედვის სისწორეში და მაყურებელს წარმოგვიდგინოს ისეთ ამპლუაში, რომელშიც არასდროს გვინახავს.  ეს ის მონაცემები და უნარებია, რითაც გამოირჩევა დავით თარბა მისი თაობის სხვა სათეატრო რეჟისორებისგან. ის რეჟისურის პროფესიას ბაკალავრიატში ანდრო ენუქიძის სახელოსნოში დაეუფლა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიღებულ ცოდნას კი სამაგისტრო საფეხურზე ვანო ხუციშვილის ხელმძღვანელობით იღრმავებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

დავით თარბა ხანმოკლე შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მორიგი საინტერესო, დახვეწილი, ნაფიქრალ-ნააზრევი, თანმიმდევრული და მწყობრი სტრუქტურით აგებული ახალი სპექტაკლით წარსდგა მაყურებელთა წინაშე და შეძლო ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მსახიობების ახლებური კუთხით წარმოჩენა. ამ დადგმაში რეჟისორმა კულისებში დგომა არჩია (ასისტენტი სოფო ხუნდაძე), მაგრამ ყველგან იგრძნობა და ჩანს მისი არსებობა. კიდევ ერთი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტორი, პიესა შავ იუმორს შეიცავს, მისი სცენაზე გადატანა და გაცოცხლება არც თუ ისე მარტივია. დავით თარბას დადგმაში ზედმიწევნით შენარჩუნებულია შავი იუმორის ხიბლი, ყველაზე მძაფრი და დრამატული სცენები იუმორის თანხლებით მიმდინარეობს და მაყურებელში ღიმილს (სიცილს თუ არა) იწვევს.

 

მარტინ მაკდონას „ლინეინის სილამაზის დედოფალის“ თარგმანსა და სცენურ ვერსიაზე ქეთევან სამხარაძემ და ანა გოგიშვილმა იმუშავეს. ცალკეული ფრაზები, დიალოგები და მონოლოგები ადაპტირებულია თანამედროვე ქართულ ცოცხალ ენასთან, რის გამოც ტექსტი ქმედითია და არა ლიტერატურა, თუმცა მაინც იგრძნობა (და ასეც უნდა იყოს), რომ პიესა არაა ქართული, მაგრამ ამბავი კი. ვფიქრობ, ნამდვილად დასაფასებელია ტექსტის ისეთი რედაქცია, სადაც დაბალანსებულია სამეტყველო ენა, დაცულია პირველწყაროს ლექსიკური სტრუქტურა და მსახიობთა მიერ წარმოთქმული სიტყვა ან მონოლოგი არ იწვევს მაყურებელთან გაუცხოების ეფექტს.

 

სცენოგრაფმა აჩიკო შამახიამ სივრცის გადაწყვეტის ერთდროულად ორი ხერხი შემოგვთავაზა - მეტაფორული და ყოფითი. სცენის მაღლა, სახლის ჭერი დაგროვილი ჭვარტლის ასოციაციას ბადებს, რომელიც აფეთქების შედეგად წარმოიშვა, ხოლო სცენის დაბლა ყველაფერი ყოფითია, ლამის ნატურალიზმამდე დასული. ალაგ-ალაგ იგრძნობა, რომ ოდესღაც ამ სახლში თეთრად შეღებილი კედლები იყო, რომელიც ახლა ჭვარტლის სიშავემ გადაფარა. სახლი, სადაც მოქმედება მიმდინარეობს ნახანძრალს ჰგავს. კედლები და ჭერი მურითაა გადაშავებული. ერთი მხრივ, ეს სივრცე მიუთითებს ამ სახლის ბინადართა ცხოვრების წესზე, მათ შინაგან სამყაროსა და თვისებებზე, ხოლო მეორე მხრივ, მეტაფორულად მიგვანიშნებენ ამ სახლში დაბუდებულ ავსულებზე, რომელთა საცხოვრისის ჭერი ღამურებითაა შეფენილი. არანაკლებ საინტერესო კოსტიუმები შექმნეს გვანცა ჯავახიშვილმა და სანდრო მარგველაშვილმა, რომელთა შორის, აღსანიშნავია, პიესის ერთ-ერთი მთავარი გმირის - მეგის (ქეთევან ცხაკაია) კოსტიუმი (თუ რატომ, სჯობს თავად მაყურებელმა ნახოს ჯერ). მსახიობთა მოძრაობაზე ქორეოგრაფმა გიორგი ტიელიძემ იმუშავა, ხოლო სპექტაკლი მუსიკალურად ნიკა კოხრეიძემ გააფორმა, განათების მხატვარმა ანასტასია ონიანმა წერტილოვან და სადა განათებაზე გააკეთა არჩევანი... კომპონენტები, რომლითაც იქმნება სპექტაკლი, მიმართულია მსახიობებისკენ, ამ დადგმაში რეჟისურა თითქოს მეორე ხარისხოვანია, ისე როგორც მუსიკა და ქორეოგრაფია. სამაგიეროდ, დომინანტი აქ მსახიობები არიან, რომელთაც მიჰყავთ სპექტაკლი (ერთ მოქმედებად) ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისე, რომ მაყურებელი არ დუნდება და ბოლომდე ინტერესით ადევნებს თვალს სცენაზე განვითარებულ არა მხოლოდ მოვლენებს, არამედ მსახიობთა შესრულებას.

 

სპექტაკლი დედა-შვილის, მეგისა და მორინის კონფლიქტზე დგას, რომელსაც მრავალი შენაკადი აქვს მენტალურიდან დაწყებული, სულიერი შეუთავსებლობით დამთავრებული. მათ თითქმის არაფერი აერთიანებთ, ისინი ვერ თანხმდებიან ვერც ერთ საკითხზე, მათ შორის, სამშობლოს სიყვარულზე - პატრიოტიზმი ორივე მათგანისთვის რადიკალურად განსხვავებული ცნებაა. თითქოს მეორე ხარისხოვან კონფლიქტში, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, როცა დედა-შვილი ირლანდიური ენის ინგლისური ენით ჩანაცვლებაზე კამათობენ. მსგავსი პრობლემა ჩვენს ქვეყანაშიც იდგა, როცა რუსული ენის გავლენამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართულ ენას და ახლა იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ოღონდ ერთი განსხვავებით: - რუსული ენა ინგლისურმა ჩაანაცვლა. ეს დაპირისპირება უკიდურეს კონფლიქტში გადაიზრდება და ოჯახური ძალადობის სახეს იძენს, მოძალადე დედა პირდაპირ და ირიბად თავს ესხმის ქალიშვილს, რომელიც მას უვლის. ძალადობის მსხვერპლი კი თავად ხდება მოძალადე და მკვლელი. მათი ურთიერთობა სრულიად დაცლილია სიყვარულისგან, ურთიერთპატივისცემისგან, მათ მხოლოდ სძულთ და ეზიზღებად ერთმანეთი, რისი საფუძველი და მიზეზი ორივეს აქვს. დედა, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა შვილს, არ აძლევს ცხოვრების უფლებას...  

 

ქეთი ცხაკაიამ მეგის როლით სრულად შეძლო გარდასახვა, რასაც ასე მონატრებულები ვართ უახლეს ქართულ თეატრში მსახიობთაგან და ეს პროცესი ცხადია არ არის მხოლოდ გარეგნული (ის უტრირებულად გასუქებულია, თითქოს სპილოს დაავადება აქვს და ძლივს დადის), არამედ შინაგანი. ქეთი ცხაკაიას მიერ ამ ტიპის, ხასიათის პერსონაჟი მანამდე არ განუსახიერებია და არც ასე, როგორც  „ლინეინის სილამაზის დედოფალში“. ის წარმოგვიდგენს ცხოვრებაზე გაბოროტებულ დემონს, ეგოისტ მშობელს, ჭუჭყიანი სულისა და ხორცის მქონე არსებას, რომელიც მორალურად კლავს და ანადგურებს, ცხოვრებისა და პირადი ბედნიერების პერსპექტივას უკლავს იმ ერთადერთ შვილს, რომელმაც ცხოვრება მას შესწირა. არადა გარეგნულად ქეთი ცხაკაიას მეგი სულაც არ მოსჩანს მონსტრად, პირიქით ბუზღუნა მოხუცს უფრო ჰგავს, თუმცა გზადაგზა ავლენს კლანჭებს, რომლითაც ყველაფერში ცხვირს ჰყოფს და აკონტროლებს სიტუაციას.

 

ქეთი ცხაკაიას ღირსეულ და თანაბარ პარტნიორობას უწევს ანი იმნაძე (მორინი), რომელიც ხასიათით ურთულეს პერსონაჟს განასახიერებს. მისი გმირი ტრაგიკული პერსონაა, რომელიც მოწყვეტილია გარესამყაროს, კომუნიკაციას სახლს მიღმა და მოხუც დედას უვლის, რომელსაც შესწირა ახალგაზრდობა და პირადი ცხოვრება, ამის გამო, მას არასრულფასოვნების კომპლექსიც გაუჩნდა, ლამაზ და ეფექტური გარეგნობის ქალს, ჰგონია, რომ მახინჯია. მორალური ტრავმები მას დედამ მიაყენა. ანი იმნაძე ოსტატურად და მაღალი პროფესიონალიზმით თანმიმდევრულად ხატავს ახალგაზრდა ქალის ტრაგიკულ ხვედრს, განვლილ გზას და უპერსპექტივო მომავალს. ანი იმნაძე-მორინი გვიჩვენებს მიზეზ-შედეგობრივ რეზულტატს ირიბი ოჯახური ძალადობის, ევოლუციის პროცესი პროგრესირებადია და ბოლოს იფეთქებს, ამ პროცესს მსახიობი ეტაპობრივად გვიჩვენებს, სურათიდან სურათში ის უფრო საშიში ხდება, სტიქიური აღელვების დროსაც კი ანი იმნაძე ინარჩუნებს ემოციურ ზომიერებას და მისი გმირი არ ხდება „თეატრალური“, პათეტიკური, ხელოვნური...

 

ირაკლი ჩხიკვაძე პატოს განასახიერებს, ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე კაცს, რომელიც შეყვარებულია მორინზე და სურს მასთან ერთად ემიგრაციაში წასვლა, თუმცა მის სურვილებს ბევრი წინააღმდეგობა ხვდება. ირაკლი ჩხიკვაძის პატო ლაღი, თავისუფალი და უშუალო კაცია, რომელსაც აქვს მიზნები და ცდილობს მათ მიღწევას. მსახიობი მთლიანად დაცლილია მანერულობისგან, ბუნებრიობა კი ის მნიშვნელოვანი იარაღია, რითაც მსახიობი უფრო ახლოს უშვებს მაყურებელს მასთან. ირაკლი ჩხიკვაძის პატო მუდმივ მოძრაობაშია, ის არ ნებდება და ისწრაფვის დასახული მიზნისთვის - იპოვოს ბედნიერება. ამ პროცესს მსახიობი ეტაპობრივად გვიჩვენებს სხვადასხვა ხერხებით, ცოცხლად, ცხადად, პირდაპირ და ხანაც ირიბად (განსაკუთრებით, აღსანიშნავია წერილის კითხვის ეპიზოდი).

 

არანაკლებ მნიშვნელოვანი პერსონაჟია რეი, რომელსაც ჯერ კიდევ სტუდენტი მსახიობი ნიკოლოზ ჯაფარიძე განასახიერებს. ერთი მხრივ ის ხატავს რეის მხატვრულ სახეს, ტიპაჟს, წარმოაჩენს მის შინაგან სამყაროს, მაგრამ მეორე მხრივ, ვფიქრობ, არ ყოფნის პროფესიული ტექნიკა, უნარები და გამოცდილება, დაიცვას ზომიერება ემოციების გამოხატვისას. სპექტაკლის მსვლელობის მიწურულს აღელვებული რეის ყვირილი ჭყიპინში გადადის, რაც არცთუ ისე სასიამოვნო სანახავია, ისე როგორც ე.წ. „დატკეპნილი მეტყველების მანერა“, როცა ინტონაცია მსახიობის საუბრისას ბუნებრიობას სცდება და წარმოთქმულ სიტყვებში ბგერებიც გაუჟღერებლად შთაინთქმება.

 

დავით თარბას სპექტაკლი უახლოესი ადამიანების დაუნდობლობაზე, ეგოიზმზე და შურზე მოგვითხრობს, რომელიც ანგრევს თითოეული მათგანის ცხოვრებას, ოცნებებს, მიზნებს. ეს არის სპექტაკლი პატარა სოფელზე, რომლის ჩაკეტილი მაცხოვრებლები სტაგნაციის, სიმარტოვის გამო მორალურად კვდებიან და ვისაც თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვს, რაც შეიძლება შორს გარბიან ბედნიერებისა და თავისუფლების საპოვნელად.  

 

ქალაქის თეატრის „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ დავით თარბას მორიგი საინტერესო ნამუშევარია, რომელიც მაყურებელს საინტერესო სამსახიობო ანსამბლთან ერთად უჩვენებს როგორ შობს მოძალადე მსხვერპლისგან ახალ მონსტრს. უნდა გავფრთხილდეთ!

bottom of page