top of page

„უფალო შენ დალოცე ჩვენი ძმობა“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

image_6483441.JPG

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
„უფალო შენ დალოცე ჩვენი ძმობა“


„ნამდვილი ნიჭი არის უნარი კარგად შეისწავლონ ნასესხები სულის გარეგანი თვისებანი, მიმართოს ჩვენ მაყურებელ-მსმენელთა გრძნობიერებას, მოატყუოს იგინი ამ თვისებათა მიბაძვით, იმისთანა მიბაძვით, რომელიც ყველაფერს ადიდებს მაყურებელთა თვალში, და იმათ მსჯავრის საზომად ხდება, რადგან შეუძლებელია სხვა მხრივ დავაფასოთ ის, რაც ხდება ჩვენს თავსა და გულში“.

დენი დიდრო

 


რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრი და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოპროდუქციის ფარგლებში დადგა გურამ ბათიაშვილის საკმაოდ გავრცელებული პიესა „ვალი“ (პირველად პიესა „ვალი“ დაიდგა 1979 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში). გურამ ბათიაშვილის პიესა დადგმულია რუსთავის თეატრშიც და საქართველოს სხვა თეატრებშიც. 


ამჯერად გიორგი სიხარულიძემ სრულიად ახლებური და ნაწილობრივ თანამედროვეობასთან გასწორებული ვერსია წარმოადგინა. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ რეჟისორს ტექსტი საგრძნობლად აქვს დამონტაჟებული და გათავისუფლებულია ისეთი ელემენტებისაგან, რომელმაც შეიძლება პათეტიკურობისკენ უბიძგოს მსახიობს.

სპექტაკლი საჭირბოროტო, მნიშვნელოვან და ძალიან ემოციურ თემას ეხება. ქართველებისა და ებრაელების კავშირი და ურთიერთობები, ძმობა და ერთობა. თითოეული მათგანი ქართველი ებრაელები არიან, რომელთაც თან დარჩენა უნდათ, მაგრამ ამავდროულად ამოძრავებთ დიდი ტკივილი მშობლიურ გარემოსთან განშორებისა. მოსვენება დაკარგულმა პერსონაჟებმა არ იციან თუ რომელი გზაა სწორი. სოფელი დაიცალა, მიცვალებულის დამმარხავიც ვეღარ მოიძებნება, ნელ-ნელა უფრო და უფრო მარტოდ რჩება სოფელიც და ადამიანიც. „რომ მოვკვდები ვიღაცამ ხომ უნდა დამმარხოს არა?“ ამ ფრაზაშივე იკვეთება გმირის მარტოსული მდგომარეობა.

სპექტაკლი უდავოდ გამოირჩევა მსახიობების ანსამბლურობით, ერთმანეთთან პარტნიორული ურთიერთობითა და პარტნიორული შეგრძნებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მსახიობს ნამუშევარი აქვს და მაყურებელი უყურებს შექმნილ პერსონაჟებს და არა მხოლოდ სიტყვების თამაშს. ასევე აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ყველა მსახიობი განსხვავებული ტექნიკით მუშაობს. მსახიობების ოსტატობა გამოიხატება სწორედ, რომ მათ შეძლეს გარეგანი თვისებათა შინაგანთან შერწყმა და ყოველივე ეს ორგანულად მიაწვდინეს მაყურებელს. აღნიშნულ სპექტაკლში, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები თამაშობენ და აბსოლუტურად შენარჩუნებულია ბალანსი.

სპექტაკლის დაწყებამდე ერთ-ერთი მსახიობი- დათო ჩოგოვაძე პარტერში ზის, როგორც მაყურებელი, შესაბამისად დიდ ყურადღებას არ იქცევს. ერთ-ერთი ემოციური სცენის დროს კი დათო ჩოგოვაძის პერსონაჟი ფეხზე დგება და ემოციებისგან ოხრავს. ეს კი იმდენად ოსტატურად მოახერხა, რომ გარშემომყოფი მაყურებელი „ცუდად მყოფს“ ამშვიდებდა და დახმარებასაც სთავაზობდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პერსონაჟის კოსტიუმმა ამ ფაქტზე,  რასაკვირველია, იმოქმედა. ამიტომ რეჟისორის გადაწყვეტილმა ხრიკმა გაამართლა.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ანა ბანძელაძის მიერ შესრულებულ პერსონაჟზე, რადგან პირველივე შემოსვლიდან ბოლო სცენამდე სპექტაკლს სიცოცხლეს სძენს და მგონია, რომ ძალიან სახასიათო გმირი წარმოადგინა და თითქოს უბრალო, პატარა გოგონას სპექტაკლში შემოაქვს სენტიმენტალური ატმოსფერო და აჩვენებს იმ სევდას, რომელსაც თითოეული პერსონაჟი ატარებს.


ასევე გასაოცრად მუშაობს მსახიობი ანა ბერელაშვილიც, რომელიც ხანდაზმულ გმირს ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური მხარე ნაკლებად გათვალისწინებულია მსახიობმა მოახერხა და თავისი ოსტატური მუშაობით მაყურებლამდე შესაბამისი ემოცია მოიტანა და ის იძლევა საშუალებას, რომ იფიქრო მის პერსონაჟზე და წაიკითხო მისი შინაგანი სამყარო.

ასევე მოხუცი ფოსტალიონი ბაჭუს როლის შემსრულებელი გამოირჩევა როლის ოსტატურად დამუშავებით. სხვათა შორის, სპექტაკლის მსვლელობისას პირველი იყო გიორგი გიორგიძის შესრულება, რომელიც ჩავინიშნე, იმისთვის, რომ მის შესახებ აუცილებლად დამეფიქსირებინა ჩემი აზრი. გიორგის პერსონაჟი მოხუცია, მაგრამ მხოლოდ ფიზიკურად, რაშიც გრიმი და კოსტიუმიც ხელს უწყობს, გონებითა და ენთუზიაზმით ისევ მიილტვის გამარჯვებისაკენ. დასასრულში სხვა პერსონაჟს თამაშობს და გათამაშებულ მონასტრის სცენაში ქართველი ებრაელის სახით გვევლინება. გიორგი გიორგიძის შესრულება ნამდვილად დასამახსოვრებელია.

განშორების სცენა ძალიან ემოციურადაა ნაჩვენები, სადაც ისევ და ისევ გამოკვეთილია მსახიობების სცენური გულწრფელობა. გიგა ბუბუტეიშვილი და კოსტა ფოცხვერიშვილი აბსოლუტურად სხვადასხვა თამაშის ხერხით დრამატულ და ემოციურ სახეებს ქმნიან. ემოციური იყო კოსტას აცრემლებული თვალები, რომელიც უსიტყვოდ იყო მეტყველი. ასევე გიგა ბუბუტეიშვილმა ბეწვის ხიდზე გაიარა, იმისთვის, რომ თამაშის დროს წონასწორობა შეენარჩუნებინა და არ ყოფილიყო ტყუილით თამაში. და ზოგადად, გიორგი სიხარულიძის სპექტაკლში ვერ ნახავთ პათეტიკას, არამედ პირიქით, სცენურ გულწრფელობას, სიმართლესა და სინამდვილეს.

მონასტრის სცენა საკმაოდ მისტიკურადაა გადაწყვეტილი, დაწყებული სცენოგრაფიის ათვისებითა და შექმნილი გარემოთი, დასრულებული ნანუკი მაკრახიძის ემოციური შესრულებული საგალობლით, ჩართული ქართულ-ებრაული ელემენტებით. მსახიობის ნამღერი იმდენად ორგანული და ემოციური გახლდათ, რომ ამის ფონზე სპექტაკლში გამოყენებული მუსიკა, ცოტა ზედმეტადაც კი მომეჩვენა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეჟისორი მსახიობებს ტვირთავს ისე, რომ წარმოჩენილია თითოეული მათგანის სცენური შესაძლებლობები.

შესაძლოა ამ წერილში ვერ ვისაუბრო სათითაოდ მსახიობებზე, მაგრამ ცხადია მოხიბლული ვარ თითოეული მათგანის ნამუშევრით, რადგან სწორედ მსახიობების უპირველესი დამსახურებით არის მიღწეული საერთო სურათის შედეგი.სპექტაკლის მთავარი ღირსება მათი ანსამბლურობაა. გულწრფელობა და ენერგეტიკა კი არის ის, რაც გაცვლილია მსახიობებსა და მაყურებელს შორის. შესაბამისად წარმოდგენა თავისი კომპონენტებით იძლევა საშუალებას დიალოგი შედგეს მსახიობებსა და მაყურებელს შორის.

დასკვნის სახით, მინდა ვთქვა, რომ გიორგი სიხარულიძემ მთელ მის დასთან ერთად შექმნა აბსოლუტურად განსხვავებული და ემოციური გმირები, რომლებიც გვესაუბრებოდნენ ერთობაზე, ძმობაზე, მეგობრობაზე და განშორების სევდაზე, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სცენიდან სწორედ მსგავს თემებზე საუბარი და ადამიანებისათვის შეხსენება თუ რამდენად ღირებულია ერთმანეთის დაფასება და ძმობა.


„ღმერთო შენ დალოცე ქართველები და ებრაელები. უფალო შენ დალოცე ჩვენი ძმობა“.

bottom of page