top of page

უერთმანეთოდ განვლილი წლები

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

164862007_3976079839104777_6489609965782571338_n.jpeg

გუბაზ მეგრელიძე


უერთმანეთოდ განვლილი წლები ირაკლი სამსონაძის პიესა სცენაზე


 რუსთაველის, თელავისა და თავისუფალი თეატრების ერთობლივი პროექტით, განხორციელდა ირაკლი სამსონაძის პიესის `როცა ძალიან მოგენატრები” დადგმა. პიესა მოგითხრობს თანამედროვე ცხოვრებისეულ და მეტად გავრცელებულ პრობლემაზე, როდესაც ბანკში ჩადებული ბინის დაკარგვას, ადამიანთა ზნეობრივად გაუმართლებელი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მოსდევს. აქედან გამომდინარე, რთულდება ოჯახის წევრთა ურთიერთობები. მათი განსჯა უკვე დაგვიანებულია. რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა მამა-შვილის ფსიქოლოგიური დრამა საზოგადოებრივ და ადამიანთა სულიერი მარტოობის პრობლემებს მოარგო, ეს პრობლემები ახლო წარსულში ხშირი მოვლენა გახლდათ და დღესაც აქტუალურია. საინტერესოა ისიც, რომ ეს პიესა 6 წლის წინ დაიწერა და პირველად მხოლოდ ახლა დაიდგა. 


სპექტაკლის წარმატება ასევე განაპირობა ცნობილი  მსახიობების: პაატა გულიაშვილისა და ვანო იანტბელიძის დუეტმა. საქმე ისაა, რომ პაატა გულიაშვილს მაყურებელი უფრო კომედიური როლებით იცნობს და მოულოდნელი აღმოჩნდა მისი დრამატულ როლში ხილვა. 
სცენაზე ვხედავთ უწესრიგოდ მიმოფანტულ ყუთებს, დანიშნულების გარეშე დარჩენილ კიბეს და სცენის სიღრმეში კედელზე ჩამოკიდებულ, მამა-შვილის გარდაცვლილი მეუღლისა და დედის, ქეთევანის, სურათს, რომელიც გმირებს  სულიერი კრიზისის დროს ახსენდებათ (სცენოგრაფი მირონ შველიძე). ეს გარემო გამოხატავს გმირთა ცხოვრებისეულ რეალობას _ ბინიდან გადასვლის მოუწესრიგებლობასა და შინაგანი სამყაროს ეიფორიას. სპექტაკლი იმედნად ემოციურია, რომ მაყურებელს თვალზე ცრემლიც მოადგა, რაც მსახიობთა შესრულების გულწრფელობაზე მეტყველებს, პროფესიონალიზმზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მსახიობებს მაყურებელი დაძაბული ჰყავთ და საინტერესო ფსიქოლოგიური წიაღსვლებით მოდუნების საშუალებას არ აძლევენ.


 სპექტაკლი იწყება ვანო იანტბელიძის გმირის, თორნიკეს, შემოსვლით. დაბნეულ-არეული პერსონაჟის ღრმად ჩაფიქრებული დოგმა გარდაცვლილი მეუღლის პორტრეტის წინ მის სულიერ კრიზისზე მეტყველებს. სტატიკური მდგომარეობის საპირისპიროა შვილის-ზაზას (მსახიობი პაატა გულიაშვილი) უსაგნო დინამიკურობა, მოგონილი საქმიანი იერი. გულიაშვილის გმირი ტიპური  პერსონაჟია, უმკაცრესი დროის უსუსური მსხვერპლი, ასეთებს მრავლად ვხედავთ ისტორიის გზაგასაყარზე. მტკივნეულია მისი უსაგნო ოპტიმიზმი, სამომავლო გეგმების კორიანტელი სურათს კიდევ უფრო დრამატულს ხდის. შეკრული და უწესრიგოდ მიმოფანტული ყუთები, ფუნქციადაკარგული საოჯახო ნივთები-ბუდემოშლილი ოჯახი. ბევრი ასეთი ოჯახი ჩანს ქართულ და არა მარტო ქართულ სასცენო და არა მარტო სასცენო ისტორიაში. თანამედროვე ცხოვრება მდიდარია მსგავსი სიუჟეტებით. მაყურებლის გულწრფელი ემოცია უმეტესწილად თანაგანცდითაა გამოწვეული. ტრადიციების მიმდევარ თორნიკესთვის ყველა ნივთი ძვირფასი და მნიშვნელოვანია _ მამის ნაჩუქარი მუთაქაც კი. 

 

ამავე დროს აფიქრებს საკუთარ ქალაქში მდგმურად გადასვლა, რაც მისთვის წარმოუდგენელია და სულიერ ტკივილს, პატივმოყვარეობის შელახვას გრძნობს, თუმცა რაღაც საიმედოს თქმას ელის შვილისგან, რომელმაც, მის უკითხავად, ბიზნესსაქმიანობისთვის ბინა ბანკში ჩადო. იგი აცნობიერებს მძიმე ვითარებას, მაგრამ უჭირს ტრადიციული სახლის დატოვება. მით უმეტესს, როცა მეუღლე ერთი წლის წინ გაასვენა და  `კედლებსაც ბევრი ახსოვს”. პ. გულიაშვილის ზაზას საუბარი უჭირს, მაგრამ მამას იმედიანად უნდა მოაჩვენოს თავი. ცდილობს თავის მართლებას, კვლავ ფეხზე დადგომის იმედი აქვს, მაგრამ უფრო მამის გასამხნევებლად ლაპარაკობს. თუმცა ნერვიულობს, ვინაიდან ცოლიც ამ ამბის გამო სახლიდან შვილთან ერთად წავიდა. რეალურად კი მხოლოდ ნაყიდი `თეთრი კარკასის” იმედად არის. ამ საუბრისას თორნიკე ცდილობს, მოვლენებს უფრო ღრმად ჩასწვდეს, რაც ზაზას აღიზიანებს.  ამიტომაც ღელავს, მაგრამ არ უნდა შვილმა მისი განცდები შეამჩნიოს. იგი ატყობს შვილის თვალთმაქცობას, ახსენებს გადამზიდავ ფირმაში წილის გაყიდვას, რაზედაც ზაზა სტვენით პასუხობს და საუბრის შემსუბუქებას ასე ცდილობს. ამავე დროს, თორნიკეს შვილიშვილის დაკარგვაც ადარდებს და ემოციური მოზღვავების ამოფრქვევისას პირდაპირ ეუბნება _ სად შენ და სად წამალიო. მისი გულგატეხილობა იმაშია, რომ ეგონა შვილთან ძმაკაცური ურთიერთობა ჰქონდა და არაფერი გამოეპარებოდა. 


ზაზა თანდათან იძაბება, სინდისის ქენჯნას გრძნობს და გულწრფელად, ოღონდაც ისტერიულად პასუხობს _ წამალი გადავაგდეო. თითქოს ამ აღსარებით შინაგანად განთავისუფლდა, მაგრამ რეალობასთან შეგუება უჭირს. იგი ყოველივეს გულწრფელად განიცდის, დამნაშავედ გრძნობს თავს და ცრემლებამდეც მიდის. პ. გულიაშვილის გმირი იმასაც განიცდის, რომ მამას სიბერე გაუმწარა, თუმცა მამაც გრძნობს თავს დამნაშავედ _ შვილს რომ სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია. 


მსახიობი პაატა გულიაშვილი ზაზას სახეს თანდათანობით ხსნის. ჯერ ულმობელი დროის მსხვერპლად ჩანს, შემდგომ საკუთარი შეცდომების მომნანიედ, მოგვიანებით კაზინოს მოთამაშედ და ნარკომანად, მეუღლეზე მოძალადედ... ბოლოს ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს და მომავლის იმედიც აქვს. ამ ფსიქოლოგიურ გადასვლებს მსახიობი ბუნებრივად აღწევს და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. ამის მაჩვენებელია მამასთან აღსარებაც, სადაც დაუფარავად უყვება კაზინოში ერთხელ მოგებით გამოწვეულ ტკბობაზე, ომში ყოფნისას (უნდა ვიგულისხმოთ აფხაზეთის, ან სამაჩაბლოს კონფლიქტები) ნარკოტიკის შეჩვევაზე, ახალგაზრდობაში აუხდებელი ოცნებებით გულის გატეხაზე და წუხს, რომ ცხოვრებამ ამ ჭაობში ჩაითრია. ამას ემატება ცოლთან კონფლიქტი, წინასწარ აწყობს ნინოსთან სათქმელ ტექსტს, აცნობიერებს ჩადენილ საქციელს და ოჯახის დაკარგვას ესეც ტიპური სურათია. მაყურებელი ცხოვრებაში ათასჯერ ნანახსა და გაგონილს კიდევ ერთხელ სცენიდან ისმენს და ხედავს. ზაზასთვის ბავშვობის მოგონებები სულიერი შვების მომგვრელია, ზნეობის შერჩენის ნიშნად პერიოდულად დედის სურათს დასცქერის, თუმცა გამოსავალს ვერ პოულობს.


ვანო იანტბელიძის თორნიკე განიცდის შექმნილ ვითარებას და ამავე დროს ცდილობს შვილს თანაუგრძნოს, გვერდით დაუდგეს და მდგომარეობა შეუმსუბუქოს. ამიტომაც თითქოს გამართლებასაც პოულობს _ ქვეყანაც დაინგრაო... იგი რძლის დაბრუნებასაც 

 

ცდილობს და ურეკავს, მაგრამ უარს იღებს. მიუხედავად ამისა, იმედს არ კარგავს, მეუღლის სურათს გახედავს _ ნინო მაგარი გოგოა, ისეთი თოკო გვაჩუქაო... ამას გარდა, ხედავს, რომ ოჯახთან ერთად ქვეყანაც აირია, გოგო გოგოს და ბიჭი ბიჭს  აღარ ჰგავს და მოვლენების გადაფასებას ვერ ეგუება. მამა-შვილი გარდაცვლილი ქეთევანის სურათთან პოვებენ დროებით შვებას. ისინი ახლა აცნობიერებენ უერთამანეთოდ განვლილ წლებს, დიდ სულიერ სიცარიელესა და ნოსტალგიას. თუმცა საბოლოოდ სცენიდან ერთად გასვლა მაინც იმედის ნაპერწკალს ტოვებს. მაყურებელიც ხედავს ამ ურთიერთობის რეალობას და ამიტომაც ემოციურად თანაუგრძნობს გმირებს. 
                                                
   
 

 

bottom of page