
უცნობი მეგობრები
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მაია კიკნაძე
უცნობი მეგობრები
2025 წლის 15 მარტს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მორიგი პრემიერა გაიმართა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს წინა სადიპლომო სპექტაკლი „უცნობები“(ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი). სპექტაკლი, რეჟისორმა გოგი სულთანიშვილმა, პაოლო ჯენოვეზეს კინოსცენარის „იდეალური უცნობები“-ს მიხედვით, განახორციელა. რეჟისორმა, სცენარში ცვლილებები შეიტანა და სასცენო სივრცეს მოარგო, გაითვალისწინა ქართული დეტალებიც.
თავიდანვე აღვნიშნავ, რომ დამდგმელ ჯგუფს (რეჟისორი -გიორგი სულთანიშვილი, მხატვარი -ბექა ჩადუნელი, ქორეოგრაფი- დავით მეტრეველი, მუსიკალური გაფორმება-გიორგი სულთანიშვილი, რეჟისორის თანაშემწე-ხათუნა საძაგლიშვილი.მსახიობები: ნიკოლოზ ჭკადუა, ნიკოლოზ ხრიკული, თამარ ქადაგიძე, ნანა მეტრეველი, ალექსანდრე კვეზერელი, ანა თოგოშვილი, ლალი ღერკენაშვილი, ალექსანდრე შარაბიძე, მია მიქელაძე), ბევრი უმუშავია შედეგის მისაღწევად.
სპექტაკლი, თანამედროვე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას - ადამიანთა შორის ურთიერთობებს ეხება. მათი კავშირები სცენაზე სხვადასხვაგვარად (დედა-შვილი, მამა-შვილი, ცოლ-ქმარი, მეგობრები და ა.შ) არის წარმოდგენილი. უნდობლობა, ღალატი, ტყუილი თუ გულგრილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ადამიანში სასოწარკვეთილებასა და გარდაუვალ გათიშულობას იწვევს.
სპექტაკლის მოქმედება ერთ ოჯახში ვითარდება (მხატვარი-ბექა ჩადუნელი). სცენის პატარა სივრცეში მაგიდა და სკამებია განთავსებული. ოთახის ერთ კუთხეში, სუფრაა გაშლილი. თავიდანვე ჩანს, რომ სტუმრებს ელოდებიან. მალე მეგობრებიც იწყებენ მოსვლას. მათი მხიარულება, ცეკვა, სიცილი გადამდებია და მაყურებელთა სავსე დარბაზს პოზიტიურ განწყობას უქმნის.
ერთი შეხედვით, მეგობართა უწყინარი შეხვედრა, ნელ-ნელა დაძაბულ ურთიერთობებში გადადის და თითოეული პერსონაჟის დამალული კომპლექსების გამოვლინებას უწყობს ხელს. ამის მიზეზი ერთი უცნაური თამაშია, რომელსაც ოჯახის მასპინძელი ევა (ლალი ღერკენაშვილი), სტუმრებს სთავაზობს. თამაშის არსი, იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული გმირის ტელეფონით შემოსული ზარები თუ „მესიჯები“, ყველასთვის უნდა გახდეს საჯარო. ერთმანეთის ხათრით თუ, ერთმანეთის ჯიბრზე (დასამალი ხომ არაფერი აქვთ), ყველა „ექსპერიმენტში“ იღებს მონაწილეობას. ამის სადემონსტრაციოდ, ცალკე გამოყოფილ სკამზე, მობილურებს მიუჩენენ ადგილს.
სწორედ აქედან იწყება ინტრიგაც. სტრუქტურულად სპექტაკლი ამ ინტრიგებზეა აგებული, რომელშიც რეჟისორმა კომიკური ელემენტები შეიტანა და ამით მეტი სიმსუბუქე შესძინა სპექტაკლს. თითოეული რეპლიკა იწვევს დისკუსიას, თითოეულ შეტყობინებას პატარა ამბავი მოსდევს. ეპიზოდები ასეთი ამბებისგან შედგება. ყოველი გმირი მორიგეობით კითხულობს „მესიჯს“ , რომელზედაც შემდეგ მიდის მსჯელობა. ცნობისმოყვარე მეგობრებისგან მომაბეზრებელი შეკითხვები, პასუხებსა და ახსნა-განმარტებებს ითხოვს, ზოგჯერ თავის მართლებასაც. ახლობელ ადამიანებს უკვირთ, თუ რატომ იგებს ქმარი ცოლის შესახებ, რომ ყოფილ საყვარელთან დღემდე აქვს ურთიერთობა, ან რატომ უნდა რძალს დედამთილის ჩაბარება მოხუცთა თავშესაფარში, ფსიქოთერაპევტის ქმარი, რატომ დადის ფსიქოლოგთან და სხვა მრავალი თემებია, რომელიც საიდუმლოებით იყო მოცული, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს ფარდა აეხდება.
მოქმედ პირთა დიალოგებში იკვეთება თითოეული გმირის ბუნება, მათი სუსტი მხარეები, ინტერესები, ზნეობრივი ნორმები, მორალური კრიტერიუმები. ჩანს, რომ რეჟისორმა ბევრი იმუშავა პერსონაჟთა ხასიათებზე, რაც მსახიობთა შესრულებაშიც დადებითად (მცირე ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით) აისახა.
სპექტაკლში არის ვნებები, იუმორი, დრამატული და ლირკული ეპიზოდები, სიმღერა, ცეკვა, რომელიც სპექტაკლს კიდევ უფრო მეტ მუხტს მატებს.
ერთ-ერთი ეპიზოდი, ლეოსა (ნიკოლოზ ხრიკული) და პეპეს (ნიკოლოზ ჭკადუა) შორის, წამოწყებულ ხუმრობას უკავშირდება. ისინი ერთმანეთში ტელეფონებს გაცვლიან, ამიტომ პეპესთან შემოსულ ზარს/“მესიჯს“/, რომელსაც ლეო უპასუხებს, დიდი დაბნეულობა შეაქვს სამეგობროში. პეპე, სტუმრად მარტოა მისული ( დანარჩენი წყვილები არიან) და ირკვევა, რომ სატრფოს შესახებ მოიტყუა. მალე აღმოჩნდება რომ ის გეია, რის გამოც მეგობრობის მხრიდან დაცინვის ობიექტი ხდება. ნიკოლოზ ხრიკულისა და ნიკოლოზ ჭკადუას დუეტი საშემსრულებლო ოსტატობის თვალსაზრისით, მაღალ შეფასებას იმსახურებს. მსახიობები ნიკოლოზ ხრიკული და ნიკოლოზ ჭკადუა, ზომიერი იუმორით წარმართავენ მთელს ეპიზოდს და მიუხედავად თემის დრამატიზმისა, სპექტაკლში მხიარულება შემოაქვთ. ამ დროს, ლეოს ცოლი ელე (თამარ ქადაგიძე), რომელსაც ლეოსთან ორი შვილი ჰყავს, 10 წლიანი ოჯახური კავშირის მიუხედავად, თავის ქმრის საეჭვო კავშირს მამაკაცთან (არადა ქალებზე ეჭვიანობდა) ადვილად იჯერებს, რაც მათ შორის არაჯანსაღ ურთიერთობას უსვამს ხაზს.
ალექსანდრე კვეზერელის ლუკა და ანა თაგოშვილის ბიანკა წყვილებში გამორჩეულია. ისინი ემოციურად განსხვავებულ სახეებს ქმნიან. კვეზერელის ლუკა ეჭვიანია, როცა ბრაზდება ხანდახან დასაბმელიც ხდება, ერთი შეხვედით შეყვარებულია თავის ცოლზე, ანა თაგოშვილის ბიანკაზე, რომელიც ქმრის მიმართ საკუთარ ვნებებს დაუფარავად გამოხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ახლადშეუღლებულები არიან, ლუკა მაინც ახერხებს ცოლის ღალატს. მისი ცხოვრება საიდუმლოებითაა მოცული. ერთი ქალისგან შვილს ელოდება, მეგობრის ცოლს კი საყურეს ჩუქნის. საყურის თემა სპექტაკლის მთავარი ღერძია, რომელსაც მეტაფორული დატვირთა აქვს. თუ ვის აჩუქა საყურე ლუკამ, ამას მაყურებელი ფინალურ სცენაში იგებს. რეჟისორი თავიდანვე არ ახდენს ამ თემით მანიპულაციას და მხოლოდ მინიშნებებს გვაძლევს. ეს მინიშნება პირველ რიგში, ცეკვაში ვლინდება. ცეკვის სცენის ეპიზოდი სპექტაკლში, ერთ-ერთი საინტერესოა. აქ თავიდანვე ჩანს, რომ ევასა და ლუკას შორის რაღაც ხდება. ლუკასა და ბიანკას მგზნებარე ცეკვის პარალელურად, ევა მათ უერთდება, თუმცა მხოლოდ გამჭვირვალე შირმის მიღმა, რაც მათ დაფარულ ურთიერთობას უსვამს ხაზს. მსახიობი ლალი ღერკენაშვილი, თავისი პლასტიკის წყალობით, საინტერესო ქორეოგრაფიულ ნამუშევარს ქმნის (ქორეოგრაფი დავით მეტრეველი). ცეკვები სპექტაკლში მრავლად არის. ზოგიერთი ცეკვა მსახიობთა მხრიდან დახვეწას ითხოვს, ისე როგორც მათი შესრულებაც. ხანდახან სცენიდან ყალბი ინტონაციები ისმის, რასაც სამომავლოდ უნდა მიექცეს ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებს აკლიათ პრაქტიკა და გამოცდილება, საბოლოოდ მაინც კარგად გაართვეს თავი დასახულ ამოცანას.
სპექტაკლში, რეჟისორი ხაზს უსვამს მობილური ტელეფონის მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში. შემთხვევითი არ არის, რომ შესავალი ნაცნობი ფრაზით იწყება: „ჩემი დამტენი არ გინახავთ?.“ აქ, ტელეფონი ნამდვილი „შავი ყუთია,“ მესაიდუმლე, ძვირფასი ნივთი, რომელზედაც ყველაზე მეტად ხარ მიჯაჭვული. მობილურ ტელეფონთან დამეგობრებამ, ცოცხალი ადამიანი ჩაანაცვლა. სწორედ ტელეფონის საშუალებით, შეძლო ნანა მეტრეველის სოფიმ, საკუთარი მამისთვის სიმართლე ეთქვა და გული გადაეშალა, მაშინ როდესაც მას სახლში ყოველდღე ხვდება. ამ პატარა ეპიზოდში, რომელსაც სპექტაკლში უდიდესი დატვირთვა აქვს, კარგად იკითხება მოშლილი ოჯახური ურთიერთობა, რაც იწვევს ქალიშვილში მარტოობის განცდას, გაუცხოებას. მსახიობი მეტრეველი, ახერხებს დაგვანახოს დედისაგან მიყენებული ტკივილისგან გამოწვეული ტრავმა. ალექსანდრე შარაბიძის როკო /მამა/, ცდილობს თავის შვილს გაუგოს და სიტყვებით მაინც ანუგეშოს, თუმცა საბოლოოდ ამასაც ვერ ახერხებს, რადგან ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. დრამატიზმითაა აღსავსე, მოტყუებული და დამცირებული შარაბიძის როკოს ფინალური სცენა. საყურე, რომელიც მის მოღალატე ცოლთან ასოცირდება, სპექტაკლში საბოლოოდ ღალატის სიმბოლოდ აღიქმება.
P. S
სპექტაკლის ღირსებად უნდა ჩაითვალოს, რომ დრამატული ეპიზოდები ისეა გადმოცემული, რომ მაყურებელისთვის არ არის ა მოსაწყენი. პირიქით, რეჟისორი ყველაფერს „გართობით“ გადმოგვცემს და მაყურებელს ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე დააფიქრებს, კითხვებს გაუჩენს.