
ქართული სათეატრო ხელოვნება შავი ზღვის კულტურულ დიალოგში:
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

15.05.2026
ლაშა ჩხარტიშვილი
ქართული სათეატრო ხელოვნება შავი ზღვის კულტურულ დიალოგში:
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ტრაპიზონში შავი ზღვის 26-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 17 წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს. ფორუმს, რომელიც უკვე 26 წელია ტრადიციულად იმართება თურქეთის ერთ-ერთ უძველეს და კულტურულად მნიშვნელოვან შავი ზღვისპირა ქალაქში. ფესტივალი, რომელსაც წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა საერთაშორისო ავტორიტეტი, დღესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან თეატრალურ პლატფორმად რჩება რეგიონში. მისი განსაკუთრებულობა არა მხოლოდ ტრადიციაში, არამედ მონაწილე ქვეყნების მრავალფეროვნებასა და კულტურათაშორის დიალოგში გამოიხატება. წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ დასები თურქეთიდან, იტალიიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უნგრეთიდან.
ქართული თეატრი ამ ფესტივალზე ხშირად ყოფილა წარმოდგენილი დედაქალაქის პრესტიჟული თეატრებით, თუმცა რეგიონული თეატრების მონაწილეობა საქართველოდან იშვიათია. ამ მხრივ, ბათუმის თეატრის დაბრუნება განსაკუთრებულ მოვლენად იქცა. თეატრის ფესტივალზე მიწვევა აჭარის კულტურის მინისტრისა და გამოჩენილი ხელოვანის ელისო ბოლქვაძე რეკომენდაციით განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობას რეგიონული თეატრების საერთაშორისო სივრცეში წარმოსაჩენად.
ტრაპიზონში გამგზავრებამდე ბათუმის თეატრის დასს შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რომელმაც თეატრს წარმატებები უსურვა როგორც თურქეთში, ისე ყაზახეთში დაგეგმილ გასტროლებზე, სადაც გოჩა კაპანაძის სპექტაკლი „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ ფაქტობრივად მსოფლიო პრემიერის სტატუსით უნდა წარდგეს ქალაქ თალდიყურღანში.
ბათუმის თეატრი წელს ერთადერთი დასი აღმოჩნდა, რომელმაც ტრაპიზონის ფესტივალზე ორი წარმოდგენა გამართა. გიორგი კაშიას მიერ დადგმულმა დავით კლდიაშვილის კომედიამ „დარისპანის გასაჭირი“, რომლის პრემიერაც მიმდინარე წლის დასაწყისში გაიმართა და პირველივე დღეს მიიქცია მაყურებლის და ფესტივალის ორგანიზატორების ყურადღება. კლასიკური ტექსტის სცენური ვერსია რეჟისორმა გიორგი კაშიამ ტექსტის ადაპტაციის ავტორ ვალერი ოთხოზორიასთან თანამშრომლობით შექმნა. სცენოგრაფია მხატვარ ანანო დოლიძეს ეკუთვნის, ხოლო მუსიკა კომპოზიტორმა გიორგი ჯღარკავამ შექმნა. რეჟისორის თანაშემწეა ელენე კომახიძე.
სპექტაკლში მონაწილე მსახიობებმა ავთანდილ ქარჩავამ, თამარ მაყაშვილმა, ინგა ღირდალაძემ, ხატია ფოფხაძემ, სალომე ბედინეიშვილმა, სესე მიქავამ, თორნიკე ბარამიძე, ტამანგო ჯღერიამ, ზურაბ შილაკაძემ, მარიამ მღებრიშვილმა ენთუზიაზმითა და დიდი მონდომებით შეასრულეს თავიანთი როლები. ახალგაზრდა მსახიობთა მონაწილეობა აღნიშნულ წარმოდგენაში სპექტაკლს მეტი სიცოცხლე და ენერგიულობა შესძინა.
ფესტივალის ორგანიზატორებმა წარმოდგენის დაწყებამდე ბათუმელი მსახიობები გააფრთხილეს, რომ ტრაპიზონის მაყურებლისთვის ჩვეულებრივი ამბავია შუა წარმოდგენისას დარბაზის დატოვება. სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, მსახიობებმა მაქსიმალურად კონცენტრირებული და ენერგიული თამაში შესთავაზეს აუდიტორიას. სამხრეთული ტემპერამენტით, ექსპრესიული პლასტიკითა და მკვეთრი ემოციური მუხტით მათ ფაქტობრივად „გადაუარეს“ მაყურებლით სავსე დარბაზს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, თურქი მაყურებელი სპექტაკლს განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს, ხოლო ფინალის შემდეგ დარბაზი ხანგრძლივი ოვაციებითა და ფეხზე წამომდგარი მაყურებლით შეხვდა ბათუმელ მსახიობებს.
დავით კლდიაშვილის ტექსტი სწორედ იმ კატეგორიის კლასიკას მიეკუთვნება, რომელიც მუდმივად ახალ ინტერპრეტაციებს იწვევს. „დარისპანის გასაჭირი“ ერთდროულად ატარებს ტრაგიკულსა და კომიკურის ელფერს, სოციალური დეგრადაციის ტკივილსა და ადამიანური ყოფის ირონიას. გიორგი კაშიას ინტერპრეტაციაც ამ ორპოლუსიანობაზეა აგებული. იგი ცდილობს კლდიაშვილის სამყაროს თანამედროვე რიტმი, ენერგია და სოციალური აქცენტები შესძინოს. რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა კლასიკური ფორმის რეპროდუქცია, არამედ ტექსტის დღევანდელობაში გადმოტანა, რის გამოც სპექტაკლი აშკარად თანამედროვე თეატრალური ენისკენ იხრება.
წარმოდგენას ესწრებოდა საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი, რომელმაც სპექტაკლის დასრულების შემდეგ, გაგვიზიარა შთაბეჭდილება: „მართალი გითხრათ, თავდაპირველად მეგონა, რომ რაღაც გაუგებრობაში მოვხვდი, თუმცა მალევე აღმოვჩნდი ამ მოულოდნელი სტილისტიკის თანამონაწილე. „დარისპანის გასაჭირის“ არაერთი ინტერპრეტაცია მინახავს, მაგრამ ეს წარმოდგენა სრულიად განსხვავებულ ესთეტიკასა და თეატრალურ ენაზე იყო აგებული. არ ველოდი, თუ შესაძლებელი იქნებოდა კლასიკური ტექსტის ასეთი მასშტაბით გათანამედროვება, თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კლდიაშვილის თემატიკა ნებისმიერ ეპოქას ერგება და თანამედროვეობასთან კავშირს არ კარგავს. მსახიობებმა არაჩვეულებრივად ითამაშეს და განსაკუთრებით მინდა გამოვყო მართას როლის შემსრულებელი თამარ მაყაშვილი, რომლის შექმნილი სცენური სახე დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ვფიქრობ, სპექტაკლმა მაყურებელიც მოხიბლა, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში მსხდომთა უმეტესობას ქართული ენა არ ესმოდა და ისინი ტიტრებს ადევნებდნენ თვალს, წარმოდგენა იმდენად სანახაობრივი, ემოციური და ქმედითი აღმოჩნდა, რომ გაუგებარი თითქმის არაფერი დარჩა. მსახიობთა თამაშმა, მიმიკამ, პლასტიკამ და ემოციურმა ენერგიამ მოახერხა, რომ სპექტაკლი ერთნაირად მისაღები და აღქმადი ყოფილიყო როგორც ჩემთვის, ისე სხვა კულტურის წარმომადგენელი მაყურებლისთვის. მე ხვალაც დავესწრები ამ სპექტაკლს, რადგან მიყვარს ხელოვნების ნაწარმოებზე დაკვირვება და ყოველ ჯერზე ახლის აღმოჩენა, ხოლო ბათუმის თეატრის ეს წარმოდგენა სწორედ იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ახალ დაკვირვებებს ბადებს. ვფიქრობ, ჩემი ტრაპიზონში მოღვაწეობის პერიოდში ამ მასშტაბისა და ხარისხის სპექტაკლი აქ არ ყოფილა წარმოდგენილი. არ მსურს ჩემ თეატრალ მეგობრებს ვაწყენინო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სერიოზული წარმოდგენაა, რაც აქ მინახავს.“
სპექტაკლის რეჟისორმა გიორგი კაშიამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე გასვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა თეატრის ცხოვრებაში: „ნებისმიერი თეატრისა და რეჟისორისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო არენაზე გასვლა, მსგავს ფესტივალში მონაწილეობა, რადგან ჩვენს შესაძლებლობებს წარმოაჩენს. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის კულტურის სამინისტროს, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა წარმოგვეჩინა ჩვენი შემოქმედება. ერთი მხრივ, ფესტივალზე, სხვა გარემოში და სხვა სივრცეში სპექტაკლის წარმოდგენა გარკვეული გამოცდილებაა, რომელიც გაყენებს მოცემულობაში, რომელსაც უნდა მოერგო. ვფიქრობ, შევძელით განსხვავებული სპექტაკლის ჩვენება და ჩვენი სათქმელი მიტანა მაყურებლამდე. წარმოდგენის დროს დარბაზში რეაქციებს თუ დავაკვირდებოდით, მიხვდებოდით, რომ კლდიაშვილის პიესაში დასმული საკითხები თურქი მაყურებლისთვისაც ისეთივე აქტუალურია და ახლობელი აღმოჩნდა, როგორც ჩვენთვის."
ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრის მენეჯერმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა აჰმეთ უზნერიმ კი აღნიშნა, რომ „დარისპანის გასაჭირი" ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია და ჩვენ ახლახან ამ პიესის თანამედროვე ინტერპრეტაცია ვიხილეთ. ბათუმის დასის წარმოდგენით ჩვენი მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა. დარბაზში იყვნენ მაყურებლებიც, რომლებსაც სპექტაკლის კლასიკური დადგმაც ჰქონდათ ნანახი. მათაც ძალიან მოეწონათ ეს ინტერპრეტაცია და დიდი კმაყოფილება გამოხატეს."
ბათუმის თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ სპექტაკლის დასრულების შემდეგ გვითხრა: „პირველ ყოვლისა, მადლიერებით მინდა დავიწყო. უღრმეს მადლობას ვუხდი აჭარის მთავრობას, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რომლებმაც ბათუმის თეატრს მისცეს შესაძლებლობა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ მონაწილეობა მიეღო შავი ზღვის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში. თურქი მაყურებლისგან მიღებული ემოცია მართლაც განსაკუთრებული იყო და ეს, უპირველესად, ჩვენი მსახიობების დამსახურებაა, რომელთაც მაყურებელთან კომუნიკაციისა და მისი მოხიბვლის გამორჩეული უნარი აქვთ. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თეატრის ტექნიკურ ჯგუფსაც, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ წარმოდგენა ორგანიზებულად და ხარისხიანად წარმართულიყო. დღეს დარბაზში ორმხრივი ემოციური ენერგიის გაცვლის მოწმენი გავხდით: მსახიობები და მაყურებელი გაერთიანდნენ და ამან საღამოს ნამდვილი თეატრალური ზეიმის სახე მისცა. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ველოდი ასეთ სავსე დარბაზებს ორივე საღამოს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მაყურებელმა სპექტაკლი ზუსტად და სწორად აღიქვა.“
მეორე წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ფესტივალის ხელმძღვანელმა აჰმეთ უზნერიმ სცენაზე იხმო თეატრის დირექტორი კოტე მჟავია და გენერალური კონსული ქალაქ ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი. მათ თეატრის დასს და მის ხელმძღვანელს გადასცეს ფესტივალში მონაწილეობის დიპლომი და სპეციალური პრიზი.
ბათუმის თეატრის ტრაპიზონში დაბრუნება მხოლოდ ერთჯერადი წარმატება არ არის. ეს არის მცდელობა, ბათუმის თეატრი კვლავ ჩაერთოს საერთაშორისო კულტურულ პროცესებში და საკუთარი შემოქმედებითი რესურსი ფართო აუდიტორიას წარუდგინოს. ამ თვალსაზრისით, ტრაპიზონის ფესტივალი ბათუმის თეატრისთვის არა მხოლოდ გასტროლი, არამედ იმ პროცესის გაგრძელება აღმოჩნდა, რომელსაც თეატრი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.