top of page

 ,,თქვენთან ჩემი ხმა არ მოვა’’. . . 

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2025-07-03 at 19.54.40.jpeg

ანა ბენიძე

 ,,თქვენთან ჩემი ხმა არ მოვა’’. . . 

2025 წლის 1-ელ ივლისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და თეატრალური კომპანია ,,ჰოჲს’’ ერთობლივი პროექტი განხორციელდა. ახალგაზრდა რეჟისორ-სცენოგრაფმა, ტატო გელიაშვილმა, დრამატურგ ქეთევან სამხარაძის მიერ ექსკლუზიურად კულტურის ცენტრისთვის დაწერილი პიესა, ,,ჰაიდე’’ წარუდგინა მაყურებელს, რომელიც ანსამბლური ნამუშევრის არაჩვეულებრივი ნიმუშია. სპექტაკლი ეხმიანება ქალის ფუნქციურ და არსობრივ მნიშნელობას. მას შემდეგ, რაც მატრიარქატი პატრიარქატმა ჩაანაცვლა, ქალისთვის მძიმე ტვირთად იქცა თავისი ბუნება - როგორც შინაგანი, ისე გარეგანი. მთელი ისტორიის განმავლობაში, ქალი მუდმიად იბრძვის არსებობისათვის, ყოველი ფეხის ნაბიჯზე უწევს მტკიცება, რომ ცოცხალია და ამას იმსახურებს. ქალისთვის დღემდე რთულია საზოგადოებაში კუთვნილი ადგილის დაკავება. ყოვლად გაუსაძლისია მუდმივი თვითდამკვიდრების რეჟიმში ყოფნა და იმის მტკიცება, რომ შენც გაქვს უფლებები, რომელიც ჩვეულ ფორმალობას სცდება და რეალურად, მართლა მოქმედია. 

 

პერსონაჟთა შინაგანი ცეცხლი და უსაშველო ტკივილი მკვეთრად იხატება კოსტიუმებსა და სცენოგრაფიაში. მოქმედ გმირთა ღრმა, შავი იარები, პლასტიკაში მჟღავნდება, სხეულის ენით გვესაუბრებიან და სულს გვიხსნიან, დახურულ კუნჭულს გვანახებენ. დადგმის ქორეოგრაფია გამორჩეული ხელწერის მქონე თათა თავდიშვილი. გმირთა შინაგან მდგომარეობას ორგანულად ერწყმის და მეტად ამძაფრებს მუსიკა, რომელიც აძლიერებს ემოციურ ფონს და ჰარმონიულად კრავს მოქმედებას. მუსიკალური გაფორმება - მიხეილ ზაქაიძე. 

სპექტაკლის მთავარი სათქმელი ვიზუალურადაა აღბეჭდილი ტრადიციული ხალიჩისგან შექმნილ მასიურ ფიგურაში. იგი წარმოადგენს ადამიანის, განსაკუთრებით, ქალის სახე-ხატს, რომელიც ტრადიციულ წრეში აღიზარდა, თავად ტრადიციამ შვა და გამოძერწა, ჩამოაყალიბა. ფიგურას მარცხენა ხელი აკლია, რაც აღმოსავლურ კულტურაში ქალური საწყისის სიმბოლოა, შესაბამისად, ქალი უგულებელყოფილია, ფასი აქვს დაკარგული. ხოლო მარჯვენა ხელი - მამაკაცური საწყისისა და ქმედების გამომხატველი სიმბოლო ნახევრადაა მოკვეთილი - მსგავსი მდგომარეობა ტრადიციულ დოგმებს უსვამს ხაზს, რომელიც მძიმე დაღს ასვამს ადამიანს და უსასრულო ტანჯვაში ამყოფებს. ფიგურა გამოსახავს ქალს, რომელსაც მოუწია, უარი ეთქვა ქალურ ბუნებაზე და სრულად მასკულინურ ქალად იქცა, თუმცა მაინც ვერ მიაღწია სრულყოფილებას, რადგან ტრადიციულ გარემოში სრულფასოვნად ვერ მოახერხა თვითრეალიზაცია. (გენდერული თანასწორობის პირობებში, ქალსაც ისევე შეუძლია ყველაფრის კეთება, როგორც კაცს). ასევე ვერ აღწევს სრულყოფილებას მამაკაცური ენერგია, რადგან მისგან მგრძნობიარე ნაწილის მოკვეთასა და ურყევ სიმტკიცეს მოითხოვენ. კაცს ტირილი არ შეშვენის, მისი ფასადური ბუნებისათვის ,,სისუსტე’’ დაუშვებელია, შედეგად, გამოუთქმელი გრძნობა, ღია ჭრილობებდად შემონახული ემოციათა კორიანტელი შინაგანად აზიანებს მამაკაცს და ტრავმირებულ, გარკვეულად დაკომპლექსებულ ადამიანად ქმნის, რასაც გარეგნულად ნაკლებად იმჩნევს, თუმცა მაინც ვლინდება და შესამჩნევი ხდება. 

ფიგურა ასევე შეიცავს ხის - სიცოცხლის სიმბოლოს, რომელიც მთავარი მოქმედი გმირის, რაზიეს შვილის, ნათელას სულს ინახავს, მისი გაგრძელებაა. ზოგადად, ადამიანი ციკლურად ძალიან ჰგავს ხეს - წარმოშობა, ფესვები, აღმოცენება, ზრდა, ყვავილობა, ნაყოფიერება, ფოთოლცვენა, ხმობა... ასევე გვაქვს მსგავსი თვისებები - მეხსიერება, მგრძნობელობა, განკურნების ძალა, გარემოზე გავლენა... და საჭიროებები - ჯანსაღი გარემო, მიწა, წყალი, მზე, ჰაერი. ამასთანავე, ხისა და ადამიანის შინაგან-გარეგანი სტრუქტურა სიმბოლურადაც და ფიზიკურადაც ანალოგიურია, ხის სიცოცხლის რგოლები მსგავსია ადამიანის ხელის ანაბეჭდისა და იმ ცხოვრებისეული გამოცდილების, რაც სხეულზე აისახება. ხის შიდა ბირთვი და ჩვენი გული. გარე საფარი - ქერქი და კანი. ცენტრალური ტანი, საყრდენი, განშტოებები - ტოტები და კიდურები… გარდა ამისა, ხეებიც ამყარებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას და დაზიანების დროს, წვეთებად გამოყოფენ სითხეს, რაც ასოციაციურად ცრემლს ჰგავს. 

საინტერესოა, რომ ინსცენირებაში, რაზიეს პერსონაჟს ჯადოქრად იხსენიებენ და ის მართლაც გამოირჩევა ამ ნიჭით. (დღევანდელობაში - ეზოთერიკოსი, (შავი) მაგი). ქართულ კულტურაში ძელიცხოველი - ,,ხე ცოცხალი’’ ნაყოფიერების სიმბოლოა. ფესვები ღრმად მიწაშია, საიდანაც იდუმალ სასიცოცხლო ძალებს იღებს. მის ძირში გველები ბუდობენ, გველი, როგორც გრძნეულობის, ჯადოსნობის, მკურნალობისა და სიბრძნის ნიშანხატი. ტოტებბქვეშ ირმები ცხოვრობენ, კენწეროში კი, ქორი ბუდობს. იგი მთელი ქვეყნიერების შუაგულია, რომლის გარშემოც მთელი ბუნებაა თავმოყრილი. ის აერთიანებს ქვესკნელს, ზესკნელსა და შუასკნელს,  მოშორებით - გარესკნელი. ძელიცხოველი მსგავსია ძველებური ქართული სახლის შუაგული ღერძის, დედაბოძის. დედაბოძი სახურავის, სასიცოხლო ძალების, სითბოს საყრდენია. მის ზემოთ მზე-ბორჯღალია გამოსახული, მზე ბუნების ,,დედაა,’’ ხოლო დედაბოძი - სახლის. ქართულ წარმართულ სიმღერაშიც ჟღერს - ,,მზე შინა და მზე გარეთა.’’ აღნიშნული სიმღერის ტექსტი მელოდიური მსგავსებიდან გამომდინარე, ხშირადაა აღრეული ,,იავნანას’’ ტექსტში. სიყვები: ,,ვაჟის მამა შინ არ არის...’’ ,,იავნანადანაა.’’ შესაბამისად, რაზიეს სიტყვები: ,,მზე ვარ’’ ღრმა სიმბოლურ, კულტურულ და ისტორიულ კონტექსტს ეფუძნება. ესაა სიმართლის გაცხადება - ქალის რეალური ბუნების არსის გამჟღავნება და დასტური.  

რაზიეს სახასიათო როლს ასრულებს მარინე ჯოხაძე, რომელიც ოსტატურად საინტერესოდ წარმოაჩენს პერსონაჟის ღრმა, მრავალშრიან ბუნებას და გამორჩეულ, დასამახსოვრებელ მხატვრულ სახეს ქმნის. მოქმედი გმირი ზღვას ჰგავს, რომლის ფსკერამდეც ვერავინ აღწევს, მათთვის მხოლოდ ზედაპირი ჩანს. ზღვა - წყალი და მარილი. შეიძლება ითქვას, რომ რაზიეს სულშიც მარილია დალექილი, (დაგუბებული ცრემლების ტბა) რომელიც ცრემლის სახით უნდა გამოვლენილიყო (ცრემლს მარილის გემო აქვს), თუმცა ფიზიკურად არ უტირია, მხოლოდ შინაგანად დაღვრილი ცრემლები აქვს, რომლითაც ტკივილს იამებდა და სევდის ბაღს აშენებდა სულში. იგი ზღვასავით მუდმივ მოძრაობაშია და არასდროს ღლის საქმე. როგორც ზღვაში შედის ხალხი, ისე შედიან რაზიეს სულშიც, ზღვის წყალივით ამღვრევენ და როგორც ზღვიდან ამოაქვთ ქვები და ნიჟარები, სწორედ ისე ამოატივტივებენ ხოლმე ზედაპირზე რაზიეში მიძინებულ ტკივილებსა და მოგონებებს. რელურად, რაზიეს ძალზე მგრძნობიარე, ფაქიზი სული აქვს, რომელსაც ვერავინ ხედავს და არავინ უფრთხილდება. ზღვას განკურნების, გაწმენდის უნარი აქვს - რაზიემ, როგორც ზღვამ თავად გაიწმინდა, განიკურნა სული. იგი სამყაროსაც კურნავს, ზრუნავს, ითვალისწინებს ყველასა და ყველაფერს. ასევე ის მიმართულებას აძლევს ადამიანებს, თუმცა ამას ვერავინ ხვდება. ვერც მისი დუმილის ფასს წვდებიან და ვერ იგებენ ამ სიჩუმის მიღმა არსებულ სიტყვასა თუ ემოციას. ზოგადად, ადამიანი მაშინ იწყებს თავისუფლად ლაპარაკს, როცა ტკივილი დაეხსნება, მაგრამ რაზიეს ამის საშუალებას არ აძლევენ. მუდმივად ახსენებენ და აბრუნებენ წარსულში...

სინამდვილეში ლაპარაკობს, მაგრამ ვერ იგებენ. სიტყვაც რომ თქვას მაინც ვერავინ მიუხვდება, ყველას იმის დანახვა და გაგება შეუძლია, რაც აწყობს და რასაც მისი ცნობიერი წვდება. რაზიემ ზუსტად იცის სიტყვისა და ემოციის ღირებულება, შესაბამისად, უფრთხილდება და საკუთარი დუმილით გარშემო არსებულ უსახურ ხმაურს აბალანსებს. 

ბრბოს აღიზიანებს და ვერ იტანს, რაზიეს მტკიცე, მებრძოლ ხასიათს. მათთვის მიუღებელია რაზიეს თავშეკავებულობა, მოზომილობა, რადგან ისინი ხმაურს არიან მიჩვეულნი. რაზიე მათ არ ჰგავს. არ წუწუნებს, საკუთარი ტკივილით სხვას არ აწუხებს, არავის განიკითხავს, დაუფიქრებლად არ მოქმედებს და არაფერს ამბობს, ყველასა და ყველაფერს იტევს, ხოლო თავად მხოლოდ საკუთარში რჩება. ხალხი ვერ ეგუება რაზიეს სიმშვიდეს. უნდათ, რომ ისიც მათსავით ყვიროდეს, მათნაირად განიცდიდეს, იტანჯებოდეს, მათ მსგავსად მუდმივ ტანჯვაში იყოს გაჭედილი. ვერ იტანენ იმ ფაქტს, რომ ქალი, რომელმაც ბევრი ნახა და გამოიარა გადარჩა, კვლავ ფეხზე დგას და სვავების გვერდით, რომლებიც მთელი ცხოვრებაა ჯიჯგნიან, ღირსეულად აგრძელებს ცხოვრებას. რაზიე არის ქალი, რომელიც საკუთარ თავში პოულობს იმას, რასაც სხვები გარეთ ეძებენ... განცალკევებით დგას, ფრთხილად აკვირდება, ისმენს ყველაფერს და ყველას უსაშველო ტკივილს ინახავს. აქვე უნდა ითქვას, რომ ბრბო, რომელიც სიავესა და დაუნდობლობაში სდებს ბრალს, თავად იქცევა დაუნდობელ მკვლელად, რაც ხის მოჭრის სურვილშია გამოხატული. მხოლოდ რაზიემ არ დაივიწყა, მარტო ის იცავს ხის სულს, ბოლომდე მისი ერთგული რჩება და მხოლოდ ის ცდილობს ეთერის დაცვასა და გაფრთხილებას - ,,ცოდვას იდებენ, შვილო.’’ - ეს ფრაზა მის ღრმა მორალურ კომპასზე მიუთითებს. 

ყველა რაღაცაში ადანაშაულებს, განსაკუთრებით კი, ეთერი, ვის როლსაც ბუნებრივად ირგებს თათია თათარაშვილი. იგი თვლიდა, რომ რაზიემ ბოლომდე ვერ მიიღო შვილად და სათანადო დედობას ვერ უწევდა, თუმცა რაზიემ ბევრი რამ აჩვენა. სწორედ მან დაანახა, რომ ადამიანი, უფრო მეტად კი ქალი მარტოდ მარტოსული მებრძოლია. იგი დამოუკიდებლობასა და საკუთარი თავის ნდობას აჩვევდა და ასწავლიდა. რაზიემ ახალი საწყისი მისცა მას. ქალაქში გაუშვა და ახალი ფურცელი გადააშლევინა გოგოს, რომელმაც მძიმე გამოცდილება მიიღო და კაცის ჭკუაზე გავლას თავისუფლება არჩია - არ გათხოვდა. რაზიე შეეცადა ეთერისთვის ესწავლებინა, რომ ყველაფერს თავისით უნდა მიაღწიოს ადამიანმა. ყოველი ტანჯვა, ტკივილი სულს აწრთობს და გაზრდაში გვეხმარება. შიდა ტრანსმუტაციული პერიოდი გვაყალიბებს. რთული პერიოდი აუცილებელია, რადგან როდესაც ქარიშხალი დგება, მაშინ უახლოვდება ადამიანი საკუთარ თავს და რეალურ მეს იცნობს. სწორედ ესაა მთავარი ცხოვრებისეული საზრისი - ,,შეიცან თავი შენი.’’  

რაზიე ნათლად გამოხატავს, რომ ადამიანი ბუნების შვილია. ადამიანი ბუნებაში და ბუნება ადამიანში - ერთი მთლიანობაა. იგი მთელი არსებით შეიგრნობს სამყაროს და უსაზღვრო სიყვარულს, მზრუნველობასა და თანაგრძნობას ავლენს  მის მიმართ. ესაა ქალი-მზე, რომელმაც ტკივილი ყვავილებად ახარა, სიკვდილი სიცოცხლედ გარდაქმნა და სევდაში, რომელიც მისი ცხოვრების თანმდევი ძალაა, შვა სინათლე. 

bottom of page