top of page

ტოპი თუ ბოთომი?!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

c4c0ee72-7f62-405d-bc1e-6ebc227a46a5.jpeg

ვალერი ოთხოზორია

ტოპი თუ ბოთომი?!

 

თამაშობენ ტოპ გოგოები - ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ქეთა შათირიშვილი, ნატუკა კახიძე, ქეთი ხიტირი, თეა კიწმარიშვილი, ლიზა კერესელიძე, ტოპ დრამატურგის - ქერილ ჩერჩილის, ტოპ პიესას - „ტოპ გერლზ“, ტოპ ადგილებში - ჯერ ფეხბურთის სტადიონზე, მოგვიანებით - ბაპტისტურ ეკლესიაში, ტოპ რეჟისორის - გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლში, ტოპ მიზეზები - იმისთვის, რომ ტოპ სანახაობა გამოვიდეს...

ტოპ არის ტოპოსიცა და ტოპიკიც - თემაც; ტოპ და მისი უ-ც, როგორც უ-ტოპ-ია, და აქვე ანტი და პარა და მეტა და ყველა შესაძლო ზედსართი ტოპ-ისთვის, რომელიც ქართულში შემოდის თავისი ტოპ-ობით; და ამავე დროს, აქვეა ბოთომიც, რადგან თუკი გვაქვს ტოპი, აუცილებლად იქნება ბოთომიც, სპეციფიკურად რომ რეალიზდება და ამავე დროს, ქრება, ან ქანქარებს. პიესა აგებულია, როგორც ტოპ-ის ერთგვარი ქანქარა - პოს „მთხრობელი და ქანქარას“ ანალოგიურად, - რომელიც სერავს და კვეთს ეპოქებს, ადგილებსა და პერსონებს, კვეთს მოგონებებს და ასხივებს მწარმოებლურ ურთიერთობათა რადიაციას, და მის პროდუქტებს: სნობიზმს, მარგინალობასა და სისასტიკეს, ანდა სიცივეს, საწარმოო ურთიერთობათა მშრალ ყინვას (საზოგადოების რთულ სტრუქტურაში, ანუ ფართოდ გაგებულ ადამიანურ ენაში).

სპექტაკლი (და პიესაც; სპექტაკლი მიჰყვება მის სტრუქტურას.) იწყება სუფრით, რომელსაც უსხედან სრულიად ეგზოტიკური პერსონაჟები, მათ შორის რომის პაპი (ქეთა შათირიშვილი) - პაპზე ეგზოტიკური ფიგურა ვინ შეიძლება იყოს დასავლურ კულტურაში, ამავე კულტურისთვის? - IX საუკუნიდან, და გრეტა - ქალი, ბრეიგელ უფროსის ნახატიდან (წინსაფრითა და მუზარადით, ქალებს ჯოჯოხეთში რომ მიუძღვის ეშმაკებთან საბრძოლველად). აქვეა მარლინი (ნატა მურვანიძე) - მთავარი პერსონაჟი ქალი, ვის გარშემოც აგებულია ამბების სპირალი, მისი ისტორიის გრძელ ხერხემალზე, ვინც ეს-ესაა თავისი ოფისის მთავარი მენეჯერი გახდა.

ქალები დაუნანებლად ნთქავენ ყველაფერს, რაც ესიამოვნებათ, ძვირფას და ეგზოტიკურ კერძებს, მხოლოდ საბრალო გრეტა (თეა კიწმარიშვილი) - რომელიც საკმაოდ ღორია, სხვა ქალებისგან, მას რომ დიდად არაფერში ჩამოუვარდებიან, გარეგნობით განსხვავებული - ბევრად შეუხედავი და ვულგარული, ამ სიტყვის მხოლოდ გარეგნული აზრით, - ნთქავს პრიმიტიულ საკვებს (პური და მისთანანი)... ქალები თავიანთ განვლილ გზაზე ყვებიან, ექსტრავაგანტულნი - თავიანთ ექსტრავაგანტულობაზე (ამ სიტყვის ფრანგული მნიშვნელობით: ზღვარგადასულობა, აღვირახსნილობა).

არანაკლებ ეგზოტიკური პერსონაჟები არიან: ლედი ნიძიო (ნატუკა კახიძე) - იმპერატორის გეიშა ძალიან ადრეული ასაკიდან, მოგვიანებით - ბუდისტი მონაზონი; და მთმენი გრიზელდა (ქეთი ხიტირი) - მორჩილი ცოლი, ჩოსერის „კენტერბერიული მოთხრობებიდან“.

პიესა იწყება ნადიმით - ვფიქრობ, ესაა ალუზია პლატონის „ნადიმზე“; - და გრძელდება მარლინის („სოკრატეს“ როლში?...) ისტორიით: ქალი, რომელმაც კარიერას შესწირა ოჯახი, მაგრამ ვერ იპოვა ბედნიერება. მან დაუტოვა შვილი თავის დას გასაზრდელად, და კი ბრიტანული პროვინციის სოფელში დარჩა - მარტოსული, უბედური და ჩაკეტილი. ბევრი შავი ლაქა ამოტივტივდება მარლინისა და მისი დის ნადიმზე (ბოლო, ფინალური ანტი-ნადიმი სპექტაკლში), მათი ცხოვრებიდან. ამ შავ ლაქებს მჟავასავით დაუწვავთ მათი ცნობიერება, მათი სულები, თითქმის მათი სხეულები.

ტრაგიკული პერსონაჟია ენჯი (კატო კალატოზიშვილი) - მარლინის ბიოლოგიური შვილი, რომელიც ერთობ ჭკუასუსტი და პერვერტია, როგორც ყველა მიტოვებული ბავშვი. თითქოს, ბავშვმა თავის თავზე აიღო ის ტვირთი, ოჯახურ გარემოში რომ დახვდა. 

ევროპა დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის „ამერიკული ოცნების“ ჩამნაცვლებელს წარმოადგენს, როგორც დედის ძუძუს ანაცვლებს ბავშვის პირში - მატყუარა. ბევრ ჩვენგანს წარმოდგენა არ აქვს, ან არ სურს, რომ ჰქონდეს ევროპული ცხოვრების პრობლემებზე, როგორც ადრე ზოგიერთს ვერ წარმოედგინა, რომ არ დადგებოდა კომუნიზმი, ან უარესი, შესაძლოა დანგრეულიყო საბჭოთა კავშირი. ერთი სიტყვით, ბევრი ქართველი ევროპის ფენომენს მხოლოდ ტოპ განზომილებაში ხედავს: ტოპ დინამიკაში, ტოპ სტილში, ტოპ ფერებში. მაგრამ ქერილ ჩერჩილი და მის კვალდაკვალ გურამ მაცხონაშვილი ესთეტიკური ხარისხით ცდილობს დაგვანახოს ევროპის ზურგი, მისი „ბექი“, მისი უკანა მხარე, „ბოთომი“, რადგან სადაც არსებობს ტოპი, იქვე აუცილებლად იქნება ბოთომიც, და ეს ორი ერთმანეთისგან მოუცილებელია; სადაც არსებობს სახე, იქვე უნდა იყოს უკანალიც (ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“ მახსენდება და შესანიშნავი, ძალზე სასაცილო პასაჟი უკანალზე...).

ქერილ ჩერჩილი არ ყვება მხოლოდ ისტორიას, ის გადაკვეთს ევროპის განათლებულ წარსულს დიაგონალზე, მარლინის შემთხვევამდე. ერთი მხრივ, უმაღლესი თეოლოგია და მეორე მხრივ, უღრმესი პერვერსია; ერთი მხრივ, უმაღლესი არისტოკრატია და მეორე მხრივ, უკიდეგანო ნიჰილიზმი; ერთი მხრივ, უმაღლესი განწირულობა და მეორე მხრივ, სინანულის მხოლოდ მარცვლები. ესენია იმ კალეიდოსკოპის კუთხეები, ხან რომ გვაცინებენ, ხანაც ნემსივით გვერჭობიან და ზოგჯერ, ჩაგვაფიქრებენ კიდეც. სპექტაკლი მოტივთა და ტონალობათა შინაგან, ატონალურ მუსიკას შეიცავს (როგორც სტრავინსკის „წმინდა გაზაფხული“).  \

ჩემი ფავორიტი პერსონაჟია რომის პაპი იოანა (ქეთა შათირიშვილი) და მისი რეჩიტატივი, რომელიც ეხება ფსევდო დიონისე არიოპაგელის, ერიუგენას და სხვათა თეოლოგიას (სპეციფიკურად „გაკრიტიკებულს“ მის მიერ), ბოლოს, რომის მოედანზე მისი მოულოდნელი მშობიარობით რომ სრულდება. ამიტომაც ვთვლი, რომ ქერილ ჩერჩილი ნამდვილად პლატონის „ნადიმის“ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, რასაც შესაძლოა, ვერც აცნობიერებს; ან მშვენივრად აცნობიერებს, რა ვიცით.

ჩერჩილის ნადიმი სრულიად საპირისპიროა ფორმით, აზრით და პათოსით პლატონის ნადიმისა. როგორც პლატონთან - არისტოფანე, თრაზიმახე და ა.შ. - აქაც, ერთობ არისტოკრატული პერსონები „ქეიფობენ“ და „ფილოსოფოსობენ“; მაგრამ მათი „ფილოსოფია“ ანგრევს ფილოსოფიას, რომელიც სახეს (ლევინასი) ეძღვნება, ტოპ-ის ყმაა. ჩერჩილის ნადიმი ტოპის ნგრევაა, ბოთომია მისი ბაზა, მისი საფუძველი. ჩერჩილი ურტყამს, როგორც მემარცხენე, - ის აშკარად მარცხნივ დგას, როგორც თავად მაცხონაშვილი, - ყველაზე მარცხენა წერტილს - ქალების წერტილს! ეს მნიშვნელოვანი პოზიციაა, უძვირფასესი! ფემინიზმი ჩვენთან, სამწუხაროდ, ერთობ ფეტიშისტური მოვლენა ხდება, რეფლექსიისგან დაცლილი, უფრო ზუსტად - მოკლებული თავის საპირწონეს, იმგვარ „ქალურობას“, იმგვარ კონტამინაციას, ჩერჩილის პიესა რომ ბრწყინვალედ პრეზენტირებს.

მარლინი სოკრატეს ანტიპოდია, რადგან სოკრატეს ადგილზე დგას - მოდერატორის ადგილზე. ნიცშე სოკრატეს „იდიოსინკრეზიას“ ეძახის, უკუღმართობას, არანორმალურობას, „თავით მოსიარულეს“. სოკრატე ისაა, ვინც აზრებს უქვემდებარებს ნებას და ქცევას, და არა პირიქით; ამ ხედვის წერტილს იზიარებს ანტონენ არტოც: მისთვის, თანამედროვე კულტურა დაიშრიტა სიცოცხლის ძალისგან, რადგან ფიქრებმა დაიქვემდებარეს ქმედებები, ფუნდამენტური შიმშილი კი დიგესტიურმა დაკმაყოფილებამ შთანთქა. სწორედ ამგვარ დიგესტიურ პროცესს აღწერს ქერილ ჩერჩილი, ამგვარ დიგესტიას პრივილეგირებულ ქალებთან, პრივილეგირებულ ქალში, მარგარეტ ტეტჩერის - შემთხვევითი არაა კიდევ ერთი პრივილეგირებული ქალის სახელი! - „ევროპა“ რომ ქვია.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ქეთა შათირიშვილის პაპი, კოსტუმითურთ (კოსტუმების ავტორი: DALOOD/reckless). მისი მკაფიო, ნათელი მეტყველება შესატყვის რეგისტრში განაფენს თეოლოგიურ ინტენციებსა და თავად პერსონაჟის ლირიზმს, ქედმაღლობასა და კდემამოსილ სიცივეს (ნიცშეს მიხედვით, ის, ვინც ბევრი ტკივილი დაითმინა, ტირანი ხდება).

დაუვიწყარია კატო კალატოზიშვილის ენჯი, ყველა სცენაში. თუმცა, კატო კალატოზიშვილი ნებისმიერ როლში დაუვიწყარია.    

განსაკუთრებით ეფექტური და ავთენტურია მარლინისა და ჯოისის (მარლინის და) - ნატა მურვანიძე და ლიზა კერესელიძე - ბოლო, გრძელი სცენა. ქ სპექტაკლი, რომელიც მანამდე ბრტყელი და დინამიკურია, თუ არ ჩავთვლით ენჯისა და ქითის სცენებს (ქითი - ნატუკა კახიძე), იმავე დინამიკაში იძენს განსხვავებულ სიღრმეს. აქ, მაყურებელი ყვინთავს ორი უბედური ქალის - დების სულში, მათ სამყაროში, მათ ტრავმებში.   

მარგარეტ ტეტჩერი შემთხვევით არაა ნახსენები. სოფელში დარჩენილი ჯოისი, ლუზერი ჯოისი, ჯოისი-ბოთომი მემარცხენეა, რომელიც კაპიტალიზმის ექსპლუატირებულ მშრომელთა მხარეს დგას, ხოლო წარმატებული მარლინი - ტოპ მენეჯერი! - მარგარეტ ტეტჩერის მომხრეა! ჩერჩილმა გვაჩვენა პროცესი: ქალი და განსხვავება. ეს სახელი, ვფიქრობ, მისი პიესის არაოფიციალურ, აზრობრივ ზედმეტსახელად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ერთადერთი, რაც ამ სპექტაკლში დამაკლდა, ქართული მოტივი იყო. ველოდი, სადაც მარგარეტ ტეტჩერს ახსენებენ, იქვე მოყვებოდა მას ჩანართი თანამედროვე ქართული რეალობიდან, როგორც 2017 წელს პარიზის „კომედი ფრანსეზში“ ვნახეთ უცნაური „სამი და“, ტრამპზე (და ბევრ სხვა ვინმეზე) რეპლიკებით გაჯერებული. მიუხედავად ამისა, მე არ ვარ ის პიროვნება, ვინც თეატრს ბარიკადებთან დგომას ავალდებულებს. თეატრის ფუნქციის რეალიზაციისთვის სრულიად საკმარისად მიმაჩნია სიმართლის უბრალოდ გამოთქმა, რასაც ფრანგები უწოდებენ - „ენონსე“ (ნათქვამი, თქმული, განაცხადი). ფსიქოანალიზი (უპირატესად - ფრანგული) გვასწავლის: მთავარია, ბავშვმა/მოზარდმა ყური მოკრას იმას, რაც მის გარშემო სიტუაციის საზრისის ამხსნელია, საიდუმლოს გამთქმელია, სიმართლის საზრისის შემცველია, რომ ის უკვე მის არაცნობიერში მუშავდება და ქმნის თავდაცვის მექანიზმს, და ბავშვი/მოზარდი წყვეტს მახინჯი, არასწორი იდენტიფიკაციის მსხვერპლად ყოფნას, დამოუკიდებელ სუბიექტად ყალიბდება. სწორედ ასე ემართება მაყურებელს, ჩემი აზრით, როცა უბრალოდ გამოთქმულს ყურს მოკრავს: წყვეტს არასწორი იდენტიფიკაციის მსხვერპლად ყოფნას.

გურამ მაცხონაშვილმა სპექტაკლი დადგა ბაპტისტურ ეკლესიაში, ტოპ სპექტაკლი ბოთომ ადგილას. სხვათა შორის, მე უბილეთოდ ვიყავი მისული - არ აღმომაჩნდა ბოთომი ბილეთის საყიდლად, და ეკლესიის ლოდზე ჯდომით გამიცივდა კიდეც.

არსებობს ხალხური ლექსი ტოპ მზეზე -

 

მზეო, ამოდი, ამოდი,

ნუ ეფარები გორასა,

სიცივეს კაცი მოუკლავს,

საწყალი აგერ გორავსა.“

 

  • იმგვარ ტოპ მზეზე, საკუთარი ბოთომის განასერიდან ძალიან ბინძურად და უკმარად რომ გვათბობს და გვინათებს.

bottom of page