top of page

„თოლიამ“  ფრთები ბოლომდე ვერ გაშალა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2026-07-02 at 13.26.25.jpeg

Cormorant Garamond is a classic font with a modern twist. It's easy to read on screens of every shape and size, and perfect for long blocks of text.

ზუკა ნემსაძე

„თოლიამ“  ფრთები ბოლომდე ვერ გაშალა

 

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში ტარიელ კუბლაშვილის მიერ დადგმული ანტონ ჩეხოვის „თოლია“ (სამ მოქმედებად) ახალგაზრდა რეჟისორის სადიპლომო ნამუშევარია, რომელიც კლასიკური ტექსტის თანამედროვე თეატრალურ ენაზე გააზრების მცდელობას წარმოადგენს. რეჟისორის ასისტენტია თაკო ლეკიშვილი, მხატვარი სანდრო ჯავახიშვილი, ქორეოგრაფი ნანა ბიბილაშვილი, კომპოზიტორი ირაკლი არეშიძე და ტექნიკური რეჟისორი კი ირინა მეტონიძეა.

 

ანტონ ჩეხოვის დრამატურგია ყოველთვის განსაკუთრებულ სიფრთხილეს, შინაგან ტემპორიტმსა და პერსონაჟთა ფსიქოლოგიური სამყაროს სიღრმისეულ გააზრებას მოითხოვს. ტატო კუბლაშვილის სპექტაკლი ამ რთულ ამოცანასთან შეჭიდების მცდელობაა, თუმცა წარმოდგენა მთლიანობაში არ ტოვებს დასრულებული და ჩეხოვის სრულყოფილად გააზრებული მხატვრული სამყაროს შთაბეჭდილებას. მიუხედავად ამისა, სპექტაკლში რამდენიმე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი სამსახიობო ნამუშევარი გამოიკვეთა.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია სანდრო ფოლოდაშვილის მიერ შექმნილი კონსტანტინე გავრილოვიჩ ტრეპლევის მხატვრული სახე. მსახიობი ქმნის სევდით, შინაგანი ტკივილითა და ემოციური სირთულეებით დატვირთულ პერსონაჟს, რომლის ყოველი გამოჩენა სცენაზე მაყურებლის ყურადღებას ბუნებრივად იპყრობს. ფოლადაშვილის კონსტანტინე ერთდროულად მტკივნეული, მგრძნობიარე და საინტერესოა; მსახიობი ახერხებს პერსონაჟის შინაგანი ტრაგიზმისა და შემოქმედებითი კრიზისის ორგანულ და დამაჯერებელ გადმოცემას.

 

თორნიკე ფანქველაშვილი, პიოტრ ნიკოლაევიჩ სორინის მოსიყვრაული ბიძის,  მხატვრულ სახეს ქმნის. მსახიობის სცენური სიცოცხლე განსაკუთრებული ორგანულობით გამოირჩევა. მისი ყოველი მოძრაობა, ინტონაცია თუ პაუზა გააზრებული და შინაარსობრივად დატვირთულია. ფანქველაშვილი ქმნის მრავალშრიან პერსონაჟს, რომელიც სპექტაკლის ერთ-ერთ ყველაზე დამაჯერებელ და დასამახსოვრებელ მხატვრულ სახედ გვევლინება.

 

რაჟდენ ლაღაძე, მედვედენკოს,  ემოციურ მხატვრულ სახეს ქმნის. მისი პერსონაჟი გულწრფელი, ტრაგიკული და ერთგვარად დაჩაგრული შეყვარებულია, რომლის ცალმხრივი გრძნობა მთელი სპექტაკლის განმავლობაში მტკივნეულად იკითხება. მსახიობი ახერხებს მედვედენკოს შინაგანი დრამის და ადამიანური უმწეობის დამაჯერებელ წარმოჩენას.

 

აღსანიშნავია მარიამ გაბაძის მიერ შექმნილი მაშას მხატვრული სახეც. მსახიობი განსაკუთრებული ორგანულობით გადმოსცემს პერსონაჟის შინაგან სამყაროს, მის ტკივილს, უიმედო სიყვარულსა და პირად ტრაგედიას. მაშა, რომელსაც ცალმხრივად უყვარს სანდრო ფოლოდაშვილის, კონსტანტინე გავრილოვიჩ ტრეპლევი, საბოლოოდ იძულებულია ცხოვრება დაუკავშიროს ადამიანს, რომელიც არ უყვარს და სწორედ ამ შინაგან ტრაგედიას მარიამ გაბაძე განსაკუთრებული ემოციური სიზუსტით წარმოაჩენს და არცერთი წამით არ ავიწყდება, სამი მოქმედების განმავლობაში მისი პერსონაჟის მძიმე ტვირთი, იყოს  იმ კაცის შვილების დედა, რომელიც არასდროს არ ყვარებია.

 

დანარჩენი მსახიობების მიერ შექმნილმა მხატვრულმა სახეებმა, სამწუხაროდ, ისეთივე ძლიერი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, როგორც ზემოთ განხილულმა პერსონაჟებმა. მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლი რეჟისორის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს მეტ-ნაკლებად ერთგულად მიჰყვება, ცალკეულ პერსონაჟთა განვითარება და ინდივიდუალური მხატვრული სახეების სრულყოფილი ჩამოყალიბება ვერ ხერხდება. შედეგად, წარმოდგენას აკლია ის მრავალშრიანობა და ფსიქოლოგიური სიღრმე, რომელიც ანტონ ჩეხოვის  ზე მასშტაბური დრამატურგიისთვისაა დამახასიათებელი.

 

სპექტაკლი რეჟისორული კონცეფციის მხრივაც გარკვეულ კითხვებს აჩენს. დადგმაში შეიმჩნევა ხარვეზები, რომლებიც ზოგჯერ მოქმედების დინამიკასა და პერსონაჟთა ურთიერთობების განვითარებაზე უარყოფითად აისახება. ამასთან, წარმოდგენაში ნაკლებად იგრძნობა თანამედროვე თეატრალური ენის ძიება, რაც კლასიკური ტექსტის ახლებური ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზღუდავს.

 

სანდრო ჯავახიშვილის სცენოგრაფია განსაკუთრებით მესამე მოქმედებაში იქცევს ყურადღებას, როდესაც სანდრო ახმეტელის სახელობის აუდიტორიის სივრცე უხვადაა დატვირთული ანტიკვარიატის ესთეტიკასთან მიახლოებული, ე.წ. მდიდრული ავეჯით. ეს გადაწყვეტა ვიზუალურად შთამბეჭდავია, თუმცა გარკვეულწილად ზედმეტად დატვირთული სცენური გარემოს განცდასაც ტოვებს.

 

ნანა ბიბილაშვილის ქორეოგრაფიული გადაწყვეტები, თავის მხრივ, გააზრებული და საინტერესოა. პერსონაჟთა მოძრაობა და სცენური პლასტიკა აშკარად ნაფიქრი და დამუშავებულია, რაც წარმოდგენის ცალკეულ ეპიზოდებს დამატებით ექსპრესიულობას სძენს.

 

საბოლოოდ, ტარიელ კუბლაშვილის „თოლია“ წარმოადგენს ადგილ-ადგილ საინტერესო, თუმცა მთლიანობაში ჯერ კიდევ ძიების პროცესში მყოფ თეატრალურ ნამუშევარს, რომელიც სრულად ვერ იყენებს ანტონ ჩეხოვის დრამატურგიის იმ მრავალშრიანობასა და ფსიქოლოგიურ სიღრმეს, რაც მის პიესებს განსაკუთრებულ მხატვრულ ღირებულებას ანიჭებს.  მიუხედავად ამისა,  აღსანიშნავია რამდენიმე მსახიობის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები, რომლებიც სპექტაკლის მთავარ ემოციურ და მხატვრულ ღირებულებას ქმნიან.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ტარიელ კუბლაშვილი თანამედროვე ქართული თეატრის აქტიური ახალგაზრდა რეჟისორების თაობას მიეკუთვნება, რომლის არაერთი საინტერესო და წარმატებული ნამუშევარი უკვე უნახავს მაყურებელს. სწორედ ამიტომ, „თოლია“ შესაძლოა განვიხილოთ, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ძიება რეჟისორის პროფესიულ გზაზე, რომელიც, მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, საინტერესო დაკვირვებისა და განხილვის საფუძველს ნამდვილად იძლევა.

bottom of page