თოჯინებით გაცოცხლებული ოტელო
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
თამარ ცაგარელი
თოჯინებით გაცოცხლებული ოტელო
ქართული თეატრის, 2022 წლის გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონის, ერთ-ერთ საკვანძო სიტყვად (Keyword) შესაძლებლად მიმაჩნია ოტელო გამოვიყენოთ. მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ ამა წლის 28 მარტს, თავისუფალი თეატრის სცენაზე, ავთანდილ ვარსიმაშვილის რეჟისორობით შექსპირის „ოტელოს“ პრემიერა შედგა. ხოლო, 13 მაისს კი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას კვლავ დაუბრუნდა საბალეტო სპექტაკლი „ოტელო,“ რომლის ახალი ქორეოგრაფიული ვერსია, ლიბრეტო და რეჟისურა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, ბალეტის დამდგმელი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ამავე წლის 1 ოქტომბერს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის შოუ ქეისის ფარგლებში, „ოტელოს“ განსხვავებული ფორმა შესთავაზა მაყურებელს: თოჯინებითა და ცოცხალი პლანის სინთეზით მავრმა დაახრჩო დეზდემონა. სპექტაკლი მიეძღვნა კოტე მარჯანიშვილის 150-ე და პეტრე ოცხელის 115-ე წლისთავს, რაც, თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია. ყველას მოგვეხსენება, რომ თავად კოტე მარჯანიშვილს პეტრე ოცხელთან ერთად აქვს შექსპირის ეს, ერთ-ერთი საინტერესო პიესა 1933 წელს წარმოდგენილი მარჯანიშვილის თეატრის (იმდროინდელი მეორე სახელმწიფო დრამის თეატრი) სცენაზე. დღეს კი, მოზარდმაყურებელთა თეატრში, თოჯინებით გაცოცხლებულ „ოტელოში“ პეტრე ოცხელის იმ ნამუშევართა ესკიზები და დეტალებია გამოყენებული, რომლებიც დროს გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწიეს. სწორედ აქედან გამომდინარე შექმნილა ინსცენირებაც. თოჯინები ივანე მაჩაბლის ენით მეტყველებენ, იდეის და ინსცენირების ავტორმა, დამდგმელმა რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა და ქორეოგრაფმა გია მარღანიამ, მაჩაბლისეული თარგმანი დაუდო საფუძვლად ამ სპექტაკლს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პიესის ინსცენირება ზუსტი აქცენტებითაა განხორციელებული, სპექტაკლის სტრუქტურული ხაზი საინტერესოდაა წარმოდგენილი. ჩვენს წინაშე ცოცხლდება ამ ამბის მრავალფეროვან გმირთა პალიტრიდან მხოლოდ ოთხი პერსონაჟი/თოჯინა: ოტელო, დეზდემონა, იაგო და კასიო და მსახიობ ნიკოლოზ ფაიქრიძის მასხარა.
ზოგადად, ჩემთვის, თოჯინებითა და მარიონეტებით განხორციელებულ სპექტაკლებში მეთოჯინე/ოპერატორი თოჯინით ანდა მარიონეტით ერთი ფსიქოლოგიური ჟესტის შემქმნელი მაინც თუ არის, ხანდახან საკმარისია იმისთვის, რომ უზარმაზარი ემოცია დაბადოს მაყურებელში, განსხვავებით სცენაზე მდგომი მსახიობისგან, რომელიც, მაინც ადამიანია და მისგან არ გიკვირს არაფერი, ბუნებრივ მოვლენადაც გეჩვენება. ხოლო, თოჯინის განცდები, ემოციები თუ იგრძენი, მითუმეტეს ისეთ სპექტაკლებში, რომელიც უფროსებისთვისაა შექმნილი, თამამად შეგიძლია თქვა, რომ სპექტაკლი შედგა. გავიხსენოთ, რეზო გაბრიაძის თეატრი. მისი მარიონეტები და თოჯინები, ერთხელ მაინც თუ გვინახავს, მუდამ თან გვდევს ის ემოცია, რასაც გაბრიაძისეული ესთეტიკით შექმნილ სპექტაკლს ახლავს თან, ანდა, 1999 წელს, ლევან წულაძისეული გოეთეს „ფაუსტი“, რომელიც თოჯინების საშუალებით წარმოგვიდგინა. ან, თუნდაც, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში რეჟისორ გიორგი აფხაზავას სპექტაკლი, მისტერია თოჯინებისთვის - „დონ კიხოტი“ (2016 წელი). ასე რომ, დრამატული თეატრის რეჟისორებისგან ქართველი თეატრალები მეტ-ნაკლებად განებივრებულები ვართ თოჯინებისა თუ მარიონეტების გაცოცხლებით დრამატულ თეატრში. დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას „ოტელოს“ ინტერპრეტაციამ დაანონსებისთანავე დიდი ინტერესი და ინტრიგა დაბადა პოტენციურ მაყურებელში.
შავი კოსტიუმებით შემოსილი მეთოჯინეები, უფრო სწორად, დრამატული თეატრის მსახიობები, რომელსაც რეჟისორმა მეთოჯინეობაც დააკისრა (ხატია მელქაძე, თამარ ჭანუყვაძე, თამარ ცქვიტინიძე, შალვა ანთელავა, რატი გოგუაძე, ვანო დუგლაძე, გია მარღანია, ნიკა ნანიტაშვილი, დევი რეხვიაშვილი, გიორგი ჯიქურიძე. თოჯინების ავტორი და შემსრულებელი- ვახტანგ ქორიძე) მშვიდად ათამაშებდნენ პერსონაჟებს, ისინი არა მხოლოდ მაყურებლისთვის, არამედ, საკუთარი თავისთვისაც აცოცხლებდნენ უსულო და უმოძრაო თოჯინებს, რადგანაც, თითოეული მათგანი ხომ მისივე პარტნიორია. თუმცა, თუ მსახიობი პასუხისმგებლობას იღებს და, სცენაზე გამოდის როგორც თოჯინის ოპერატორიც, უნდა შეძლოს და, მის პერსონაჟს შთაბერო ის სული, ის ემოცია, ის გამომსახველობითი შტრიხი, რასაც განიცდის იმ დროს, იმ წუთას მისი გმირი. სამწუხაროდ, სპექტაკლის მსვლელობისას, დარბაზში ნაკლებად „გადმოედინება“ თოჯინის ემოცია. არადა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა ნამდვილად მოუძებნა და, ქორეოგრაფ გია მარღანიასთან ერთად, საინტერესოდაც განახორციელა არა ერთი სცენის ის სიმბოლო-მეტაფორა, რომელიც თავად პერსონაჟის ხასიათს და მის სურვილს კვეთს, თუნდაც: თოკზე ჯამბაზობა - იაგოს მზაკვრული გეგმები, თოჯინა იაგოს „ქორივით“ დაცხრომა თოჯინა ოტელოზე, რომელიც, დღეს უკვე თავად ამ სპექტაკლის სიმბოლოა კოტე მარჯანიშვილისა და, შემდგომ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით განხორციელებული.
სპექტაკლში, თოჯინებთან ერთად სინთეზში, მაყურებელს მასხარა/მთხრობელიც გვევლინება. ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ ისტორიულადაც და, ხელოვნებაშიც, განსაკუთრებით დრამატურგიასა და, შესაბამისად სათეატრო ხელოვნებაში, მასხარა მნიშვნელოვანი პერსონაჟი გახლდათ, რომელიც, სამეფო კარზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, იგი, როგორც წესი, არ ისჯებოდა თავისი სითამამისთვის, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ მეფის მასხარა ამავ დროულად იყო განტევების ვაციც და თუ მსხვერპლშეწირვაზე მიდგებოდა საქმე, ისევ და ისევ მასხარას იმეტებდნენ. ამ ინვერსიის ლოგიკით „უმდაბლესი“ არსება, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობას ეწირებოდა -„უმაღლეს“ სფეროში გადაინაცვლებდა.... რომელიც წარმოადგენდა მონარქის, სასულიერო პირისა და მოსამართლის „სათამაშოს,“ თუმცა ისინი საკმაოდ დიდ როლს ასრულებდნენ სასამართლო ცხოვრებაში, სადაც პრივილეგირებული ადგილი ეკავა. იგი იყო ერთ-ერთი არც თუ მრავალრიცხოვანი ჯგუფისა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო საკუთარი აზრი გამოეთქვა, სასამართლო პროცესზე, იუმორითა და მანჭვა-გრეხით, რასაც თურმე ძალიან ხშირად საბოლოო გადაწყვეტილებაზეც უმოქმედია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასხარები ხანდახან სახელმწიფო გადატრიალებაშიც კი ღებულობდნენ თურმე მონაწილეობას.
ამ შემთხვევაში კი, რეჟისორებმა მასხარას საინტერესო, მნიშვნელოვანი და, ამბიდან გამომდინარე საკვანძო ფუნქცია დააკისრეს. იგი, ამავდროულად, მთხრობელიცაა. მასხარა/მთხრობელი ძირითადად რამპასთან მოქმედებს, რაც იმის ნიშანიცაა, რომ მის მიერ გადმოცემული ნარატივი ერთგვარ ზონგად უნდა იქცეს მაყურებლისთვის. მსახიობ ნიკოლოზ ფაიქრიძის მიერ შექმნილი სახე, სანახევრო ნიღბით წარმოდგენილი, მაქსიმალურად ცდილობს ის ემოცია გადმოსცეს, რასაც, ოტელოსა და დეზდემონას, ოტელოსა და იაგოს, კასიოსა და ოტელოს ურთიერთდმოკიდებულება და განცდები ქვია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ. პერსონაჟის ემოცია და განცდა ვერ ცდება რამპას.
თოჯინა/მსახიობების მიერ გაცოცხლებულ „ოტელოს“ ამბავს თან ახლავს მუსიკალური სამყაროდან მრავალფეროვანი და საინტერესო მელოდიები: ვერდი, ბახი, ვაგნერი, ელიოტ გოლდენთალი, შიგერუ უმებაიასისა და მანუელ დე ფალიას კომპოზიციები. მუსიკალური ჟანრების ამგვარმა სხვადასხვაგვარობამ (მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი) გარკვეული შეუსაბამობა „დაბადა“ პირადად ჩემში, როგორც მაყურებელში და, მუსიკა ვერ იქცა სპექტაკლში ერთგვარ „პერსონაჟად,“ რადგანაც, ვერ შეერწყა ამბავს და, შესაბამისად, ვერ გარდაისახა „მთხრობელად“.
თუმცა.... თოჯინებმა, რომლებმაც მოზარდში „გააცოცხლეს“ იაგოს „ხლართები“, კასიოს ერთგულება, დეზდემონას წრფელი სიყვარული და ოტელოს ეჭვები, არა მხოლოდ ჩემი, არამედ, მრავალი მაყურებლის შეფასებას იმსახურებს მომავალში.
ფოტოგრაფი: ბექა ცირეკიძე