
თოჯინას ადამიანად გარდაქმნის ფეერიული ამბავი მარჯანიშვილის თეატრში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

16.06.2026
მაკა ვასაძე
თოჯინას ადამიანად გარდაქმნის ფეერიული ამბავი მარჯანიშვილის თეატრში
„მოხეტიალე მთვარის თეატრის“ დამფუძნებლის, ახალგაზრდა რეჟისორის - ნიკა ლუარსაბიშვილის, დადგმულმა რამდენიმე სპექტაკლმა უკვე მიიპყრო მაყურებლისა, თუ, კრიტიკის ყურადღება. „ლურჯა ცხენები“, „ადამისა და ევას დღიურები“, „კრეპის უკანასკნელი ფირი“, „ფიროსმანი“ - შერეული ხერხებით (თოჯინური, მხატვრის თუ დრამატული თეატრის), ორიგინალური გადაწყვეტით განხორციელებული დადგმებია. ამჯერად რეჟისორმა ბავშვებისა და მოზარდებისთვის კარლო კოლოდის ზღაპრის „პინოკიოს“ მიხედვით შექმნა ფეერიული სანახაობა.
ნიკა ლუარსაბიშვილმა, ხის მორისგან გამოთლილი პატარა ბიჭუნას ისტორია, რომელსაც ადამიანად გარდაქმნა სურს, შუა საუკუნეების სამოედნო თეატრისა და კომედია დელ არტეს მეთოდების გამოყენებით გადმოსცა. რეჟისორის მიერ გაკეთებულ ინსცენირებაში აქცენტები იმგვარადაა დასმული, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა აღიქვან, შეიმეცნონ, გააცნობიერონ - თუ რა არის სიყვარული, ერთგულება, მეგობრობა, თანალმობა, რომ ცხოვრება შესაძლოა ფათერაკებით იყოს აღსავსე, და, რომ ადამიანად ყოფნა, დიდი პასუხისმგებლობაა. და, რაც მთავარია, ადამიანმა არასდროს უნდა დაკარგოს რწმენა სიყვარულის, სიკეთის, თავად უნდა შეძლოს წინააღმდეგობების დაძლევა. ხოლო ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა - ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას - ადამიანად დარჩენაა. აგრეთვე, გაცნობიერება იმისა, რომ - ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის - „თესო სიკეთე“.
უქონელთა და ობოლთა მფარველმა ანგელოზმა - ბლურჯინიის ფერიამ მოხუც დურგალ ჯეპეტოს სახელოსნოში ხის მორი გააჩინა, შეისმინა რა ჯეპეტოს დრადი (ამქვეყნად მარტო დარჩენილი შვილზე ოცნებობს). მორისგან დურგალმა თოჯინა გამოთალა და პინოკიო დაარქვა. ფერიას ჯადოსნობით თოჯინა გაცოცხლდა და დაიწყო მისი თავბრუდამხვევი, ათასგვარი ხიფათით და სასწაულებით აღსავსე თავგადასავალი, გზა - ადამიანად ქცევისა. სწორედ ამ დაბრკოლებებით, თუ, „ჯადოსნობებით“ აღსავსე გზაზე სწავლობს პინოკიო - რა არის სიკეთე, სიყვარული, ერთგულება, პასუხისმგებლობა, ადამიანობა...
ინტერაქციულობა, რომელიც კომედია დელ არტეს თეატრისთვის დამახასიათებელი ხერხია, რეჟისორმა გამოიყენა და დარბაზში მყოფ მცირეწლოვან მაყურებელთან შეძლო კავშირის დამყარება. უშუალო კონტაქტს მსახიობები, როგორც სცენიდან, ასევე დარბაზში ჩამოსულები ახორციელებენ. ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი სპექტაკლის მსვლელობაში, ემოციურად აღიქვამენ სცენაზე განვითარებულ მოვლენებს, რეპლიკებითა და შეძახილებით ცდილობენ პინოკიოს დახმარებას და რთულ, საშიშ სიტუაციებში დახმარებას. ისინი უბრალოდ თვალის მადევნებლები კი არა, არამედ, სცენასა თუ დარბაზში, განვითარებული ამბის უშუალო მონაწილეები ხდებიან. რეჟისორის, შემოქმედებითი, თუ ტექნიკური ჯგუფის დამსახურებაა, რომ 2 საათის განმავლობაში ბავშვები, და არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც, მთელი გულისყურით, ინტერესით არიან ჩართულები ქმედებაში. აღსანიშნია, რომ დღეს, ე. წ. „გაჯეტების“ თაობის ყურადღების მიპყრობა ძალიან რთულია, ნიკა ლუარსაბიშვილმა ეს ნამდვილად მოახერხა.
ზღაპრის სცენაზე განხორციელებისას რეჟისორმა სწორად მიაგნო ფორმას, რომლის მეშვეობით მის მიერ ინტერპრეტირებული ტექსტი, პერსონაჟები მაყურებლისთვის საინტერესო, ემოციური და დასაფიქრებელი გახადა. ნინო კიტიას სცენოგრაფია და პერსონაჟთა კოსტიუმები რეჟისორის კონცეფციის თანმხვედრია. დეკორაცია და განათება ზღაპრულ სამყაროსთან ასოციაციების შექმნას უწყობს ხელს, ხან, სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწულს“ გაგახსენებს და ხან, კი ბიბლიურ ამბავს ღმერთის მიერ ადამიანის შექმნისა.
სპექტაკლს ნოდარ დოღონაძის ჭრიჭინა-მთხრობელი იწყებს, ამყარებს უშუალო კონტაქტს მაყურებელთან, თანდათან შეჰყავს პინოკიოს ზღაპრულ თავგადასავალში. მსახიობი პლასტიკით, მეტყველებით, ჟესტიკულაციით თუ მიმიკით ქმნის საინტერესო მთხრობლის, პინოკიოს სინდისის, მისი მფარველი-მეგობრი ჭრიჭინას სახეებს, რომლებშიაც ერთდროულად აღიქმება სიბრძნე და იუმორის გრძნობა.
ექსპოზიციას პინოკიოს გამოთლის ეპიზოდი მოსდევს. ბესო ბარათაშვილის მოხუცი ჯეპეტო ხის მორისგან პატრა კაცუნას თლის, ჯერ ხელებს, შემდეგ თავს, ტანსა და ფეხებს. და, აი, მაყურებლის თვალწინ მხიარული, საყვარელი, რაღაც მომენტებში კომიკური, მაგრამ ამავდროულად კეთილი და მოსიყვარულე ნიკა ჭკადუას პინოკიო ცოცხლდება. ამ ეპიზოდში ჯეპეტო მბობს: „პირველი იყო სიტყვა და სიტყვა იყო...“ - რეჟისორი ამ მინიშნებით პარალელს ავლებს ღმერთის მიერ ადამის შექმნის ბიბლიურ მითთან.
თანდათანობით, მოვლენების განვითარებასთან ერთად, პინოკიოს ადამიანად გარდასახვის, ცდუნებებით აღსავსე თავგადასავლების მოწმე/მონაწილე ხდება მაყურებელი. სკოლისკენ მიმავალი პინოკიო გადაეყრება - თოჯინების თეატრს, თეატრით მოხიბლული და დაინტერესებული, ბილეთის შესაძენად ჯეპეტოს (მამის) მიერ გაჭირვებით ნაშოვნი ფულით ნაყიდ ანბანს გაყიდის; ათავისუფლებს თოკებზე გამობმულ თოჯინებს; თავადაც ითამაშებს სპექტაკლში და 5 ოქროს ფულს მიიღებს, თეატრის მფლობელ მანკა ფოკოსგან; შემდეგ გაიძვერა მელას და კატას გადაეყრება, რომლებიც მოტყუებით ცდილობენ ფული დასცინცლონ; მალევე ვირად, უჭკუო მონად გარდაისახება, საბოლოოდ, ბლურჯინიის ფერიის ჩარევით ყველაფერი კარგად მთავრდება.
ნიკა ლუარსაბიშივილი მოზარდთათვის მისაღები, აღსაქმელი სათეატრო ფორმებით ცდილობს ხაზი გაუსვას და ჩააგონოს დაინტერესებულ მაყურებელს, თუ რა ღირებულებებია მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. რეჟისორმა ზუსტი ამოცანები მისცა მსახიობებს ზღაპრის პერსონაჟების სცენაზე გასაცოცხლებლად, რაც მათ თამაშში აისახა კიდეც.
ნიკა ჭკადუა სხარტი, დინამიკური, გამომსახველობითი შესრულების ხერხებით ძერწავს პინოკიოს პლასტიკურ თუ ემოციურ ტიპაჟს. აღსანიშნია, რომ ახალგაზრდა მსახიობი, ბუნებრივად, ძალდაუტანებლად ასახიერებს პინოკიოს ტრანსფორმაციას, ფიზიკურსა თუ მორალურს, ხის თოჯინადან - ადამიანამდე.
ბესო ბარათაშვილი სათნო, საყვარელი მოხუცი ჯეპეტოს და როხროხა, თოჯინების თეატრის მფლობელის პერსონაჟებს ქმნის, განსხვავებული გამომსახველობითი ხერხებით. შაკო მირიანაშვილი და ჯეჯი სხირტლაძე გაიძვერა, მატყუარა, მლიქვნელი - მელასა და კატის ტიპაჟებს, მათი პერსონაჟებისთვის დამახასიათებელი ხერხეხებით ძერწავენ. გიორგი სირბილაძე (პულჩინელა), თემო ვაჭარაძე (არლეკინი), ბაჩი ბეგიაშვილი (ბრიგელა) და ნინუცა ცაგარეიშვილი (კოლომბინა) - თოჯინები, რეჟისორმა და მხატვარმა კომედია დელ არტეს კოსტიუმებში გამოაწყვეს. ნიკა ლუარსაბიშვილმა მსახიობებს ამოცანად დაუსახა შუა საუკუნეების თეატრის მსახურთა ტიპაჟების შექმნა. მსახიობები კარგად ართმევენ თავს მიცემულ დავალებას. ანა ჯავახიშვილი მსუბუქი, ჰაეროვანი პლასტიკით ძერწავს ბურჯინიის კეთილი ფერიის ტიპაჟს. ლუკა ხეცურიანი - პატრუქას, ბაბუა ცხვირბილას და ვირთაგვას ეპიზოდურ როლებს განასახიერებს.
ჯეპეტოს შეგონება პინოკიოსადმი: „ნამდვილი ბიჭუნა ანუ ადამიანი ისაა, ვინც იცის როგორ არ აყვეს ცდუნებას და შეუძლია თავი დაიხსნას უხილავი თოკებისგან. თუნდაც შეცდეს ცხოვრების გზაზე. ადამიანობა იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა შეცდე, შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ ნამდვილი ბიჭუნა, ადამიანი ისაა, ვინც მიხვდება თავის შეცდომას, ნანობს, პატიებას ითხოვს და ამით ცდილობს, მეტი ისწავლოს და უკეთესი გახდეს“ - სპექტაკლის მთავარ სათქმელად შეიძლება იქნას აღქმული.
კომედია დელ არტე საბაზრო/სამოედნო ფორმის, ინტერაქციული, მაყურებლისათვის ყველაზე საყვარელი თეატრალური სანახაობა გახლდათ, სადაც სცენაზე შექმნილი სიტუაციების გამო სუფევდა საყოველთაო მხიარულება, სიცილი, ხარხარი, მაგრამ ამასთანავე ამ წარმოდგენებში, თითქმის ყოველთვის იყო ჯანსაღი მორალი, რაც განსაზღვრავდა მის, არა მხოლოდ, გასართობ ხასიათს, არამედ აღმზრდელობით ფუნქციასაც. თანდათანობით კომედია დელ არტემ მწვავე, სოციალურ პრობლემებზეც დაიწყო მაყურებელთან „საუბარი“ და მისი სცენა ერთგვარ ტრიბუნად იქცა, რადგან დროის სულისკვეთებას, ცხოვრებისეულ, საჭირბოროტო პრობლემებს ეხმიანებოდა. კომედია დელ არტეს მთავარი დევიზი იყო - „გაართო და სარგებელი მოუტანო“ - მაყურებელს.
ვფიქრობ, სწორედ ამ პრინციპით - „გაართო და სარგებელი მოუტანო“ - იხელმძღვანელა ნიკა ლუარსაბიშვილმა „პინოკიოს“ დადგმის დროს და სხვასთან ერთად, წარმატებით გამოიყენა აღორძინების ეპოქის თეატრის ხერხები ბავშვებისთვის მხიარული, გასართობი და იმავდროულად აღმზრდელობითი სპექტაკლის შექმნისას.
ფოტო: ბექა ცირეკიძე