top of page

ტირანიის წინააღმდგე ბრძოლის თემა თანამედროვე ქრთულ თეატრში

yachagebi-31.jpg

გუბაზ მეგრელიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის თემა თანამედროვე ქართულ თეატრში

ტირანიის პრობლემა ყოველთვის იყო ქართული თეატრის რეპერტუარის შემადგენელი ნაწილი. ამჯერად თანამედროვე თეატრში შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლებზე შევჩერდებით მცირე ისტორიული ექსკურსით.

ტირანიის თემა აქტუალური იყო დიდი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელისთვის. ეს საკითხი გასული საუკუნის 30-იან წლებში პოლიტიკურად ხელშესახები და საგრძნობი გახდა. ამიტომაც დადგა შილერის ,,ყაჩაღები”  მეორე სახელწოდებით ,,ინ ტირანოს”, ანუ ,,ტირანიის წინააღმდეგ”. 1934 წელს უნდოდა დაედგა შექსპირის ,,იულიუს კეისარი”, რომელშიც დიდი დრამატურგის სხვა პიესების ფრაგმენტებიც შევიდოდა და პოლიტიკურად აქტუალური იქნებოდა და აისახებოდა ტირანიისა და თავისუფალი მოქალაქის ურთიერთობის საკითხები. აი, რას წერდა ის: ,,...რუსთაველის თეატრმა დაისახა მიზნად დადგას შექსპირის დიდ რეპერტუარიდან ისეთი პიესა, რომლის იდეები ეხმოვანება ევროპულ თანამედროვეობის აქტუალურ სოციალურ ტენდენციებს. ვადგენთ რა სპექტაკლის სარეჟისორო ექსპლიკაციას, ჩვენ იძულებული ვართ ,,იულიუს კეისართან” ერთად გამოგვეყენებინა შექსპირის სხვა პიესებიც, რომლებიც შეადგენენ ერთ მთლიან ,,საბერძნეთ-რომის ციკლს”. ესაა ,,ტიმონ ატინელი”, ,,ანტონიუსი და კლეოპატა”, და ,,კორიოლანი”...ტრაგედიის თემა წარმოადგენს იმპრვიზაციას შექსპირის პოლიტიკურ და სოციალურ სიუჟეტებზე...სპექტაკლის ძირითად თემას ვხედავთ როგორია რომის მოქალაქის პიროვნების სოციალ-ფსიქოლოგიური გამოსახულება? ბევრია საერთო ყოველივე ამასა და იმპერიალისტური ომებისა და რევოლუციების ეპოქ   ას შორის, ეპოქოსა, რომელშიც ვცხოვრობთ ჩვენ. კაპიტალისტური ქვეყანა გაშმაგებით ეძებს გამოსავალს მოდერნიზებული ცარიზმის გზით. რა არის ფაშიზმი, თუ არა კარიკატურა რომაული იმპერიის ცეზარიზაციისა და მის დეკადენსის ეპოქისა? ისტორიის ბორბალი ტრიალებს არა კეისრებსა და ბრუტების, კასიოსებისა და ანტონიოსების მანქანებით, არამედ უბრალო ადამიანთა მასების მოძრაობით. ჩვენს მიერ წინა პლანზე დაწინაურებულია რომის მოსახლეობა”.1 ასეთი აქტუალური სპექტაკლის დადგმას აპირებდა ს. ახმეტელი, რომელიც თავად ტირანიის მსხვერპლი გახდა.

1984 წელს სპექტაკლი ,,რომაელები” რეჟისორმა ლ. პაქსაშვილმა შექსპირის ტრაგედიების:,,იულიუს კეისრისა” და ,,ანტონიოს და კლეოპატრას” მიხედვით განახორციელა. სიუჟეტური განვითარებით ,,იულიუს კეისრიდან” სამი გმირი: ანტონიოსი, ლეპიდოსი და ოქტავიოს კეისარი ,,ანტონიოს და კლეოპატრაში” გადადიან. ამავე დროს ,,იულიუს კეისრიდან” გამოყენებულია ბრუტუსისა და კასიოს დიალოგი, სენატის, კეისრის მკვლელობისა და ბაზრის სცენები. დანარჩენი მოქმედება ,,ანტონიოს და კლეოპატრას” მიხედვით ვითარდება. სიუჟეტის იდეურმა გაერთიანებამ პოლიტიკური დაპირისპირება გამოკვეთა, სადაც იმპერიის შექმნის პროცესს დაუნდობლობა, ღალატი და პირადი ინტერესები სდევს თან. ამიტომ შეიკვეცა კლეოპატრასა და ანტონიოსის სასიყვარულო სცენები, რათა ეგვიპტის დედოფლის სახეში, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოდა, პოლიტიკური მოღვაწეობის ასპექტი წამოწეულიყო,. მათი სიყვარული უფრო პოლიტიკური მიზნებითაა განპირობებული. ამიტომაც მოქმედების ადგილად სცენოგრაფმა ა. ჭელიძემ საცირკო არენა მოიაზრა, სადაც პოლიტიკურ ბრძოლებს სისხლისღვრა სდევს და პოლიტიკოს-გლადიატორთა დაუნდობლობას წარმოაჩენს. სპექტაკლში შავი, წითელი, თეთრი ფერები დომინირებს (კოსტიუმების მხატვარი გ. პაქსაშვილი). წითელი მოსასხამების თეთრი ფონის წრეში შავი არწივი დიქტატურის განზოგადებულ სახეზე მიანიშნებს. ხალხის რუხი ფერის კოსტიუმები, იმ მასის უსახურობას გამოხატავს, რომელიც გამარჯვებულ პოლიტიკოსებს ემხრობა. კეისრის მკვლელობის შემდეგ, შეთქმულები, დიქტატორის მოსასხამში, როგორც სისხლიან გუბეში, იბანენ ხელებს. ფინალში კი, ოქტავიოსის შემოსვლისას, კლეოპარტასა და ანტონიოსის ცხედრები, აგრეთვე სცენის შუა ნაწილი, წითელი ნაჭრით იფარება, რაც კვლავ დიქტატურის დამყარებას მოასწავებს.

სპექტაკლის დასაწყისში ჯარისკაცებით გარშემორტყმულ ტახტზე მარტო მჯდარი კეისრის (ა. ტაკიძე) გვერდით, მის წინააღმდეგ ბრუტოსი (ნ. ყურაშვილი) და კასიო (ა. ალავიძე) შეთქმულებას გეგმავენ და კეისრის ამაყად მდგარი სხეული, მათ თვალწინ სისხლში ცურავს. ამ სცენას აღშფოთებული ბრბოს წინაშე ბრუტოსისა და ანტონიოსის პაექრობა ცვლის. ვინც უკეთ მოატყუებს ხალხს, გამარჯვებაც მის მხარეს იქნება. ამიტომაც ანტონიოსი კეისრის სისხლიან მანტიას ეფექტურად აფრიალებს და მსმენელს მოწინააღმდეგეთა დასაძლევად აგულიანებს. უპირატესობის მოპოვების შემდეგ, სამხედრო-პოლიტიკური ძალა ანტონიოსის (გ. ჯაფარიძე), ოქტავიოსისა (ი. ნიჟარაძე) და ლეპიდოსის (ნ. ხიდურელი) შემადგენლობით მოწინააღმდეგე პომპეოსს (მ. სეთურიძე) შერიგების ილუზიას უქმნის და ცეკვის დროს ანტონიოსისგან მიტოვებული, სასმელისგან გაბრუებული, ყურადღებამოდუნებული, ლეგიონერთა ხმლებზე წამოგებული ამთავრებს სიცოცხლეს. ისტორიულად გაქცეულ პომპეოსს ეგვიპტეში კლავენ, მაგრამ, რეჟისორული გადაწყვეტით, დაუნდობელი პოლიტიკური ვერაგობის გასამძაფრებლად მას რომში დაუგეს მახე. პომპეოსის მსგავსად ამთავრებს სიცოცხლეს ლეპიდოსიც. თუ შექსპირის პიესებში მკვლელობები სცენის მიღმა ხდება, სცენაზე სისხლისღვრის ჩვენებით უკიდურესად იძაბება ვერაგულად დაუნდობელი პოლიტიკური ანგარიშსწორება, რაც სპექტაკლის იდეურ ჩანაფიქრს მკვეთრად გამოყოფს. ვ. პაქსაშვილის კლეოპატრა არ არის ვნებით აღგზნებული ქალი, იგი ეგვიპტის ბედზე ფიქრობს და ანტონიოსი ტახტისა და სახელმწიფოს შენარჩუნებისთვის სჭირდება. მსახიობი გადმოსცემს მტკიცე ხასიათის პოლიტიკოსის მისწრაფებას რომის ძლიერი იმპერიის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და თვითმკვლელობაც ყველაფრის დაკარგვითაა გამოწვეული, რადგან ოქტავიუსთან სასურველ ურთიერთობას ვერ ამყარებდა და ამ განწირულ ნაბიჯსაც პოლიტიკოსის გამოუვალი მდგომარეობა განაპირობებს. გ. ჯაფარიძის ანტონიოსი თავიდან კეისრის ერთგულია, მაგრამ თანდათან მიწინააღმდეგე ბანაკში გადადის და იულიუსის მკვლელობის შემდეგ, მისი მოსასხამით ხელში ხალხის დარწმუნებას ცდილობს, რათა ძალაუფლება მოიპოვოს. კლეოპატრასთან იგი ქვეცნობიერად ეჯიბრება კეისარს ვაჟკაცობაში, დამპყრობლურ პოლიტიკაში, მაგრამ ბოლომდე შინაგანი ძალა ვერ პოვა, რადგან მასში პოლიტიკოსს გრძნობები სძლევს.

 ი. ნიჟარაძის ოქტავიოსმა თავის საწადელს სისხლისღვრით მიაღწია, მაგრამ ეს სისასტიკე უაღრესად დახვეწილი ფორმით განახორციელა. ამიტომაც იგი გარეგნულად საოცრად მშვიდია, მაგრამ შინაგან დაძაბულობასა და სიფხიზლეს ინარჩუნებს, რომ მოწინააღმდეგეთა არც ერთი ნაბიჯი არ გამოეპაროს და დროულად, სათანადო სვლით უპასუხოს. ოქტავიოსის მზაკვრულ, ირონიულ გამოხედვასა და საუბრის თავისებურ მანერაში არასრულფასოვანი ადამიანის ამბიცია იკვეთება, რაც მის დაუნდობლობას შეუქცევადს ხდის. სპექტაკლის იდეური ჩანაფიქრი ნათლად მოდის მაყურებლამდე _ ლეგიონერთა გარემოცვაში მყოფი იულიუსიდან გამარჯვბულ ოქტავიოსამდე ტახტისაკენ მიმავალი პოლიტიკური გზა სისხლითაა მორწყული. ეს `ტრადიციებიც~ თანამედროვეობამდე აღწევს.

რეჟისორი განზოგადებულად მიანიშნებს დიქტატურის გავლენას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მაყურებელს მის სავალალო შედეგებზე დაფიქრებისკენ მოუწოდებს. ამიტომაც, მთავარ გმირთა ხასიათების ახლებური გააზრების შესახებ ლაიფციგის თეატრალურ-სამეცნიერო ცენტრის შექსპიროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი არმინ კუკპოფი წერს: ,,მოულოდნელი სპექტაკლია, მაგრამ ყველაზე საოცარია კლეოპატრას გმირ ქალად გამოყვანა. აქ ჩანს მისი მომაჯადოებელი ვნებები. კლეოპატრა თავისი ჩაცმულობითაც კი პურიტანულად მკაცრია. ვერ ვხედავთ გრძნობას ანტონიოსსა და კლეოპატრას შორის. არ ჩანს ვნებიანი ლტოლვა ერთმანეთის მიმართ. რეჟისორისთვის კლეოპატრა მხოლოდ ეგვიპტელი ხალხის წინამძღოლი ქალია რომის წინააღმდეგ განმანთავისუფლებელ ბრძოლაში. ანტონიოსიც მხოლოდ რომაელი დამპყრობელია და ბუნებრივია სიყვარული დამპყრობელსა და დაპყრობილს შორის მხოლოდ მოჩვენებითია. ეს ძალზედ შთამბეჭდავად არის მოფიქრებული”2

 1973 წელს რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა რუსთაველის თეატრის სცენაზე განახორციელა შექსპირის ,,იულიუს კეისარი”. სპექტაკლის იდეა აგებული იყო რომის სახელმწიფოსა და მისი ხალხის დამოკიდებულებაზე ხელისუფლებისადმი. გმირები იბრძოდნენ თავიანთი მრწამისის დასაცავად ტირანიისადმი მორჩილება თუ თავისუფალი რესპუბლიკა. ამიტომაც პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია პლუტარქეს სიტყვებზე: ,,...,,იულიუს კეისარი” მიჩნეულია პრინციპების ტრაგედიად”, დემოკრატიზმის პრინციპი უპირისპირდება თვითმპყრობელობის პრინციპს...” სწორედ ამ პრობლემის გარშემო იყო ფოკუსირებული მოვლენები. მასობრივი სცენებისა და გმირთა ინდივიდუალური ხასიათების დაპირისპირება ქმნიდა იმ გარემოს, სადაც ადამიანის თავისუფლება შეუთავსებელია ერთპიროვნულ მმართველობასთან, რაგინდ ახლობელ მეგობარზეც არ უნდა იყოს საუბარი. სწორედ ამიტომ ილაშქრებდა ბრუტოსი (ერ. მანჯგალაძე) კეისრის (გ. საღარაძე) წინააღმდეგ, ხოლო მარკუს ანტონიუსი (ედ. მაღალაშვილი) იცავდა იულიუსის პოზიციას. ამ პოზიციათა ჭიდილში იბრძოდნენ გმირები. სცენაზე იდგა ფიცარნაგი, რომელიც შუა საკუნეების თეატრის ასოციაციას ქმნიდა (სცენოგრაფი მ. ჭავჭავაძე), რაც პრობლემის მარადიულობაზე მიანიშნებდა.  

Aამ მოვლენის განხილვისას რობერტ სტურუას მიერ დადგმული `რიჩარდ მესამე” სრულ წარმოდგენას შეგვიქმნის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მრავალჯერ დადგმულ პიესაში ახალი ინტერპრეტაციის ძიება. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მიზანი არ არის რ. სტურუას დავუპირისპირო რომელიმე თაობის რეჟისორი ან მსახიობი, რადგან საუბარია სრულიად განსხვავებული ესთეტიკური პრინციპების გამოყენებაზე, თამაშის სტრუქტურულ სახეცვლილებაზე, რაც ჟანრის გადაწყვეტის თავისებურებათა აუცილებლობიდან გამომდინარეობს.

1979 წელს რ. სტურუა დგამს ,,რიჩარდ მესამეს”. აქამდე არავის უცდია შექსპირის პიესებში ტრაგიკომიკური ბუნება ეძებნა, გამოეყენებინა ბ. ბრეხტისა და ინტელექტუალური დრამის საფუძვლები, რომლებიც მეტაფორულ სახეცვლილებას განიცდის სცენაზე. რ. სტურუას სპექტაკლი არ არის მხოლოდ პიესის დადგმა, არამედ იგი მოიცავს შექსპირის მიერ მოცემული სიუჟეტის სოციალური არსის განზოგადებულად ჩვენებასა და თანამედროვე პოზიციური სიმწვავით გადაწყვეტას. სპექტაკლი არ მოგვითხრობს მხოლოდ რიჩარდის ბოროტმოქმედების შესახებ. მისი საშალებით რ. სტურუას აინტერესებს მთლიანად რიჩარდიზმის პრობლემა თანამედროვე საზოგადოებაში. ამიტომ რეჟისორი მოვლენებს გლობალურად ასახავს.

ამ საინტერესო თვალთახედვით სპექტაკლის შექმნა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ რ. სტურუას რეჟისურა აღსავსეა ფორმისა და სტილის ახალი გამომსახველობითი საშუალებებით. ამასთანავე იკვეთება რეჟისორის პოზიცია, რომელიც ყოველთვის თანადროულად ჟღერს. რეჟისორი მაქსიმალურად იყენებს სცენურ სივრცეს, მსახიობის პლასტიკურ და შინაგან გამომსახველობით საშუალებებს, პირობითობას, გროტესკს, კარნავალური და სამოედნო თეატრის პრონციპს, სპექტაკლის იდეური გადაწყვეტისთვის ეფექტურ მუსიკალურ და  მხტვრულ გაფორმებას. ყველა კომპონენტი მოყვანილია მკაცრ სისტემაში და ქმნის ლოგიკური განვითარების საშუალებას.

  ასეთი განზოგადებით ხასიათდება სპექტაკლი `რიჩარდ მესამე”. ყურადღება მინდა გავამახვილო ფინალზე, სადაც რიჩმონდი მკვლელის სახით მოევლინება რიჩარდს. იგი, მარგარეტის მსგავსად, საორკესტრო ორმოდან ამოდის _ როგორც მარგარეტს მოაქვს ადამიანებისთვის სიკვდილი, ასევე მოუტანა იგი რიჩმონდმა რიჩარდს.

   ორივენი წელს ზემოთ შიშვლდებიან და ამ დროს რიჩარდი წარმოგვიდგება მთელი თავისი ფიზიკური ნაკლით. კუზთან ერთად ხელიც გამხმარი ჰქონა, რაც აქამდე არ ჩანდა. რიჩარდი ძლიერი კოჭლობით მიემართება სცენის სიღრმისკენ, სადაც ორთაბრძოლა იმართება. რეჟისორმა და მხატვარმა მათი შერკინება ინგლისის რუკის ფონზე გადაწყვიტეს. ამ სცენას, ეფექტის გარდა, საინტერესო აზრობრივი დატვირთვაც მოაქვს _ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ერთამანეთის გარდა, სახელმწიფოსაც ჩეხენ. რიჩმონდი იბრძვის არა საერთოდ ტირანიის წინააღმდეგ (როგორც ეს პიესაშია), არამედ მხოლოდ პირადი მტრის, რიჩარდის, გასანადგურებლად.

მომაკვდავი რიჩარდი ავანსცენისკენ მოემართება, ზურგზე წამოსასხამივით მოათრევს რუკას. მას ფეხდაფეხ მოჰყვება მასხარაც. მარგარეტი გამარჯვებულ რიჩმონდს აწვდის გვირგვინს. ასე რომ, ფაქტობრივად რიჩარდიზმის ახალი გამგრძელებელი მეფდება. რიჩმონდი გვირგვინით ადის ფიცარნაგზე (სადაც გამეფების შემდეგ იდგა რიჩარდი), ამავე დროს ავანსცენას უახლოვდება მასხარა. რიჩმონდი იდგამს გვირგვინს, ხოლო მასხარა იხდის ქუდს, რაც ერთდროულად ხდება.

ამ ფინალით მრავალწერტილი ისმება. ამ მრავალწერტილში იკითხება რიჩარდიზმის გაგრძელება საზოგადოებაში.ამას აძლიერებს მ. მშველიძის მხატვრობა, კოსტიუმები, რომლებიც ისტორიულად კი არ ასახავენ მოქმედების დროს, არამედ წარმოადგენენ სხვადასხვა ეპოქის კოსტიუმთა გალერეას. მათში ჭარბობს მუქი ფერი. ამიტომაც პერსონაჟები სცენის თეთრ ფონზე ლაქებად აღიქმებიან. რიჩარდმა იმით მიაღწია მიზანს, რომ ყველანი აჰყვნენ და ხელი შეუწყვეს მის სისასტიკეს, რითაც იკვეთება რეჟისორის სათქმელი _ ბოროტების მიმართ მორჩილებამ და პასიურობამ განაპირობა თითოეული მათგანის დაღუპვა.

2018 წელს, ახმეტელის თეატრი კვლავ მიუბრუბდა კეისრის თემას. ამჯერად ცნობილი თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლის პიესა ,,ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა” რეჟისორმა ირაკლი გოგიამ განახორციელა. თავად პრობლემის დასმაც სხვაგვარია. ავტორის აზრით, შესაძლებელია, ბრუტუსი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოღალატედ ითვლებოდა,  შეიძლება ხელმეორედ იშვას.ამის  მიზეზიც იყო რიტორიკული შეძახილი: ,,შენც, ბრუტუს?!”. მოქმედება თეატრში მიმდინარეობს, სადაც მსახიობებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი დამოკიდებულება გამოავლინონ გმირებისადმი და თანამედროვე თვალით დაგვანახონ საუკუნეების მანძილზე ნაცნობი პრობლემა _ დემოკრატიისა და დესპოტიზმის, ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულება. რეჟისორი ირაკლი გოგიაც ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ მივიდა ბრუტუსი კეისრის მკვლელობამდე. მისი თქმით: ,,სპექტაკლი იულიუს კეისრის მკვლელობის ერთ-ერთი საინტერესო ინტერპრეტაციაა, რომელიც ძირითადად, ბრუტუსის ფენომენზეა აგებული. ღალატს შეიძლება გამართლება არა აქვს, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა, ახსნა მოვუძებნოთ მაგალითად მაშინ, როცა გსურს სახელმწიფო გადაარჩინო, შეინარჩუნო”.3 ამიტომაც, სპექტაკლში ბრუტუსი მოღალატე არ არის და შეიძლება ქვეყანა გადაარჩინოს. თეატრის პოზიციის საჩვენებლად მსახიობები გაითამაშებენ კეისრის ისტორიას, რაზეც საგრიმიორო ოთახებში არსებული სარკეები მეტყველებენ, რომლებშიც მსახიობები იხედებიან და თავიანთ გმირებს აკვირდებიან.

მოქმედება იწყება კეისრის სენატში მკვლელობის ეპიზოდით ფილმიდან ,,იულიუს კეისარი” (რეჟისორი ული ედელი, 2002), ხოლო მსახიობები ეკრანს მიღმა საგრიმიორო სარკეების წინ სხედან და სპექტაკლისთვის ემზადებიან. შემდგომში სწორედ აქედან ერთვებიან მოქმედებაში. გმირები თანამედროვე კოსტიუმებში არიან. სცენის ერთ მხარეს გაწყობილია სუფრა, ხოლო მაგიდასთან კოსტიუმში გამოწყობილი მანეკენი დგას (სცენოგრაფი მარიკა კვაჭაძე). გმირები კეისრის მოსაკლავად ემზადებიან. Bბრუტუსი (ა. გველესიანი), შეთქმული სტუმრების: კასკასა (გ. ცხადაძე) და კასიუსის (ო. ჩიქობავა) მისაღებად ემზადება. ყურადღება მახვილდება ბრუტუსის ფსიქოლოგიურ განწყობაზე. ჯერ ჩანს, რომ მისი ცოლი პორცია (მ. ვაწაძე) უკმაყოფილოა ქმრის უყურადღებობით. ცდილობს აკოცოს, მაგრამ ბრუტუსი თავს არიდებს. შემდეგ მსახური ლუციუსი (დ. კალანდაძე) ბრუტუსს ჯერ რომაელი მოქალაქის წერილს უკითხავს, ხოლო მეორე წერილში ასახულია მისი მშობლებისა და კეისარის ურთიერთობა _ დედამ მოკლა მამა და კეისარის საყვარელი გახდა. მსახიობი ა. გველესიანი გადმოსცემს სტრესულ მდგომარეობას ბრუტუსისას, რომელსაც უკვე კითხვები უჩნდება და მის პასუხზე იწყებს ფიქრს, რაც შეიძლება კეისარზე შურისძიების მიზეზიც გახდეს. დედაც (ს. სებისკვერაძე) ეუბნება, რომ ვიღაც გაქეზებს კეისრის წინააღმდეგო. ამ პირად ეჭვებს პოლიტიკური საბაბიც ემატება, რომ მალე არჩევნები გაიმართება და კეისარი სიკვდილამდე ერთპიროვნული მმართველი იქნება, ხოლო რესპუბიკის მომხრეები კი გაურკვეველ ვითარებაში იქნებიან. ამას ემატება ინფორმაცია, რომ სენატორებიც უკმაყოფილო არიან კეისრის თავხდური ქცევებით. ბრუტუსს პირადი ანგარიში ამოძრავებს, მაგრამ Aმას პოლიტიკური ელფერი უნდა შესძინოს. შეთქმულთა მიერ იგეგმება კეისრის მკვლელობა და ბრუტუსიც ტოგას კოსტიუმით იცვლის, რაც მისი შეხედულებების შეცვლასა და გადაწყვეტილების მიღებას მიშნავს. მკვლელობის შემდეგ კი აბაზანაში სისხლს ჩამოიბანს.

კეისარი (გ. გასვიანი) გაორებული მმართველია. მას პირადი კომპლექსები აწუხებს და ხელისუფლების შენარჩუნებაც. ამის დასტურია ისიც, რომ სენატში წასვლის წინ ქალ მანეკენს კოსტიუმს ხდის და  თავად იცვამს. ბრუტუსი, რომელიც კეისარს ჩაცმაში ეხმარება, იმაზეც ფიქრობს, თუ რამდენად სახიოფათოა ასეთი გაორებული პიროვნების ხელში აბსოლუტური ძალაუფლების თავმოყრა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედებაში რამდენჯერმე ერთვება ფრაგმენტები ფილმიდან ,,იულიუს კეისარი.” ეს ფრაგმენტები ხაზს უსვამენ დასმული პრობლემის მარადიულობასა და აქტუალობას, მაგრამ, ვფიქრობ, კადრები ხელს უშლის მოქმედებას და მთელი ყურადღება მსახიობთა ურთიერთობებზე უნდა იყოს გადატანილი.

2015 წელს, რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლი ,,იულიუს კეისარი”, რობერტ სტურუასთვის აქტუალურია დიქტატორის არსის წარმოჩენის თვალსაზრისით. რეჟისორი თავის სატელევიზიო გამოსვლაში (პირველი არხი) ამბობდა: ,,პიესის მიხედვით კეისარი დიქტატორია. თავისი სამშობლოს ნამდვილი მოყვარული მოქალაქეები ამ კაცს ვერ იცილებენ და მის მოკვლას გადაწყვეტენ. ფაბულა იმაზეა, თუ როგორ მოკლან ეს კაცი. ამ მკვლელობის მექანიზმი მაინტერესებდა. რა უნდა ვქნათ და როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ასეთი დიქტატორი გვყავს. ყველაზე იოლი აღმოჩნდა მოიშორო ადამიანი, მაგრამ მერე, როდესაც შენი იდეები უნდა გაატარო უფრო დემოკრატიული, ნორმალური, ადამიანური აი, აქ ხდება ქაოსი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი წამოიწევს წინ ხოლმე. მორალი _ ვინც ბოროტება ჩაიდინა, დაისჯება, მეჩვენება, რომ არ დაისჯება. ბოროტება ხშირად გენიალურად განაგრძობს ცხოვრებას. შეიძლება იცვლის ფერს, გადადის სხვა ადამიანში, მაგრამ ის მაინც არსებობს. ამ პრობლემებზე მინდა ვილაპარაკო.” ამდენად, ბოროტების მარადიულ არსებობასა და მის სახეცვლილებაზეა საუბარი სხვადასხვა დროში. თავისი მიზნის გამოსაკვეთად 5 მოქმედებიანი ტრდაგედიიდან, რეჟისორმა მხოლოდ ორი გამოიყენა და ერთ მოქმედებაში ჩაატია. რეჟისორმა არ გადაღალა მაყურებელი და მხოლოდ მთავარი სათქმელის აღქმის ფოკუსირება მოახდინა _ ტირანიის სინდრომის ჩასახვისა და ამ მოვლენის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადება-განხორციელების საშიშროება დაგვანახა. რ. სტურუას აინტერსებს, როდის უჩნდება პოლიტიკოსს გამეფების სურვილი და რამდენად შეესატყვისება ეს საზოგადოებრივ ინტერესებს. ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ კეისრობა ყოველთვის, ყველა ქვეყანაში შეიძლება აღმოცენდეს და აქტუალური იყოს. ამიტომაც, სცენის უკანა პლანზე მოსჩანს ფეისბუკის ნიშანი F, როგორც მსოფლიოში ინფორმაციის გავრცელების საშუალება. ერთმანეთში ირევა ძველი და თანამედროვე ატრიბუტები ტირანიის პრობლემის განზოგადებულად საჩვენებლად.

რ. სტურუას რეჟისორული სტილისა და ხერხების განმეორება ერთგვარი პარალელია სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ჩასახული ტირანიის საბოლოო შედეგის საჩვენებლად. დამდგმელი აქაც არ ღალატობს თავის ჩვეულ სტილს და პიესის თავისებურ, მოკლე ვარსიას ბალაგანური თეატრის ფორმით, ტრაგიკული და ფარსის ელემენტების შეჯერებით მოგვითხრობს კეისრის გამეფების მცდელობაზე დემოკრატიულ რომში. ანუ, თანამედროვე ენაზე გვითხრა, რომ სახელმწიფოს სათავეში მყოფი პირი, რომელიც სრულ დიქტატურას მოინდომებს, განწირულია, ვინაიდან თავისუფლებისმოყვარე,  დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს სინდრომი მიუღებელია. რ. სტურუას პირდაპირი ალეგორიები ადვილად მისახვედრია, რაც ჩვენს საზოგადოებას აფრთხილებს მსგავსი ტენდენციის საშიშროებაზე, როდესაც ძალაუფლება პირადი მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ისევე, როგორიც ,,რიჩარდ III-ში”, აქაც მთავარ გმირს, ოღონდ თანამედროვე კოსტიუმებსა დ პალტოებში, შავი სათვალეებითა და ცილინდრებით, თავისი გარემოცვა დაჰყვება, რომელიც მაფიოზურ კლანს გვაგონებს. ეს კლანი კლავს კეისარს და ამავე დროს, თითოეული მათგანი მსგავს ძალაუფლებაზე ქვეცნობიერად ოცნებობს.

აქაც ვხედავთ რიჩარდივით გვირგვინსა და მოსასხამში გამოწყობილ კეისარს, როემლიც განწირულია. ისევე როგორც ,,მეფე ლირში”, აქაც თეატრი-თეატრში თამაშდება. ვხედავთ თეატრის ლოჟებს, საიდანაც გმირები მოქმედებას თვალს ადევნებენ. ერთი ლოჟა ,,ფესიბუკის” აღმნიშვნელ ლოგოს წააგავს (სცენოგრაფი მ. შველიძე), რაც გათამაშევული ამბის მასშტაბურობაზე, ზოგადსაკაცობრიო პრობლემაზე მიუთითებს. ამდენად, პრობლემა ლოკალურად კი არა, განზოგადებულად არსებობს და მისი დამალვა კი არა, გამომზეურება და ფართო მსჯელობაა აუცილებელი. ამიტომაც მეფობის სიმბოლო ადვილად ჩასაფუში გვირგვინდადგმული ბუშტია, რომელიც ერთი გაუთვალისწინებელი მოქმედებით შეიძლება გასკდეს. ამას ამძაფრებს და მრავალმნიშვნელოვანს ხდის კასიუსის (ლ. ხურცია) სიტყვები: `არარაობა დღეს ქვეყნის მბრძანებელია. რა სამარცხვინო საუკუნეა. მხოლოდ ერთი კაცის სახელი რატომ უნდა ისმოდეს”. ამიტომ გვირგვინისთვის ბრძოლას, რომელიც არავინ იცის, როდის გასკდება და მისი მსურველის თავს ვეღარ დაამშვენებს, მაყურებელი ირონიულად და უაზრობად აღიქვამს. 

მისანი და წამყვანი (მ. ლორია) ყურადღებას ამახვილებს სიტყვებზე: ,,ვისაც ენდობი, ის გაგყიდის”, რაც რეფრენივით გასდევს სპექტაკლს. ამიტომაც თან სდევს გმირებს ცინიზმი და უნდობლობა. დასაწყისშივე იგრძნობა ეს ირონია. მ. ლორიას მისანი ირონიული ღიმილით გადახედავს დარბაზს, იღებს ბუშტს, რომელზეც შექსპირის სახეა დახატული და ზედ გვირგვინია ჩამოცმული. ასევე ირონიული ღიმილით ჰყვება პირველ სცენას _ რომაელების შეკრებას მოედანზე, სადაც პომპეუსზე გამარჯვებულ კეისარხ ხალხი ხვდება ამ დროს ფლავიუსი (ზ. ინგოროყვა) ხალხს მიმართავს, რომ გმირი პომპეუსი დაამარცხა და ნაძირალა მკვლელს ეგებებითო. წამყვანი პასუხობს _ ეს სიცრუეა და მეფედ უნდა ვაკურთხოთო და არაკეთილმოსურნეს კლავს. თავისუფალი, განსხვავებული აზრი ჩახშობილია და ,,საზოგადოებრივი აზრიც” ერთიანდება. კეისარს (დ. უფლისაშვილი) მუდამ თან სდევს თანამედროვე კოსტიუმებსა და პალტოეში გამოწყობილი თანამოაზრეთა გუნდი, რომელსაც შავი სათვალეები და ცილინდრები ამშვენებს. მათ შორის ერთი ებრაულ სამოსშია, რაღაც მაფიური, თუ კლანური გაერთიანების წევრებს გვაგონებენ. საერთოდ, მოქმედებას თანადროულობის შეგრძნება ახლავს, რაც გარკვეული პარალელების გავლების საშუალებას გვაძლევს. კეისრის პირველი გამოჩენა ამ ამალასთან ერთად: სცენის სიღრმიდან ურიკით შემოდიან კეისარი და მისი მეუღლე. შენელებული კადრივით, თითქოს გადასაღებ მოედანზე არიან. კეისარი ფეხშიშველია ყვარყვარესავით. მას ყუთს მიართმევენ, რომელსაც ხსნის და სხვადასხვა ფორმის გვირგვინს იზომებს და ერთს შეარჩევს. ხელებს წინ დაიწყობს ჰიტლერივით და ამბობს: აბა წავიდეთ, კაპიტოლიუმთან ხალხი გველოდება. ამ დროს ხალხი უხერხულად შეიშმუშნება და ირონიულად იცინის. კასკა (პ. გულიაშვილი) ყვება, რომ კეისარს გვირგვინი ძალად დაადგეს თავზე (კვლავ რიჩარდთან ასოციაცია). ამ დროს ზარბაზნების ხმა ისმის  ნიშნად კეისარის გამეფებისა. თუმცა იმ დროს ზარბაზნები ჯერ  კიდევ გამოგონებული არ არის, მეფედ არჩევის შემდეგ კეისარი კვლავ ფეხშიშველია. მისი გუნდი ჩუმად, შენელებული სვლით მოდის ავანსცენისკენ, რაც დროის შენელების მანიშნებელია. კეისარი სამეფო ტახტზე ჯდება და მისანი ქვიშის საათს ამოატრიალებს, რაც კეისრის დარჩენილი სიცოხლის ათვლის მაჩვენებელია. ორაზროვანია კეისრის სიტყვები: ,,ჩრდილოეთის ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს სამყარო უკიდეგანოდ. დედამიწაც ასეა. ძე ხორციელნი ერთ ღერძს უვლიან. ეს ღერძი მე ვარ” და ამ დროს კასკა და სხვები ურტყამენ დანებს. ასევე ორაზროვანია კასიუსის (ლ. ხურცია) სიტყვები: ,,არარაობა დღეს ქვეყნის მბრძანებელია. რა სამარცხვინო საუკუნეა. მხოლოდ ერთი კაცის სახელი რატომ უნდა ისმოდეს”. თუ გავითვალისწინებთ, რომ რ. სტურუა თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებზე საუბრობს, ადვილი მისახვედრია საქართველოში დადგმულ სპექტაკლში რომელი პოლიტიკური პირი იგულისხმება, რომელიც კეისარივით არა, მაგრამ არაოფიციალურად ამის პრეტენზია გააჩნია. ამას რეჟისორი საზოგადოებისთვის საშიშ მოვლენად მიიჩნევს და მაყურებელს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

ტირანიის პრობლემის პარალელურად ვითარდება ბრუტუსის პიროვნული ტრაგედია _ საზოგადოების ტავისუფლება არჩიო უახლოეს ადამიანს, თუმცა პრინციპების დათმობაც ძნელია. კეისრის უახლოესი მეგობარ ბრურუსის სახეს ბ. ზანგური განასახიერებს. მისი გმირი გაორებული და ჩაფიქრებულია, მიიღოს თუ არა შეთქმულებაში მონაწილეობა, რადგან: ,,უსამართლობამ, უზნეობამ, უიმედობამ დაისადგურა რომში. წინ სამართალი უნდა გაგვიძღვეს და არა შურისძიება”. ამავე დროს იგი წირავს ტავის უახლოეს მეგობარსა და მასწავლებელს, ვინაიდან: `მიყვარდი კეისარო, მაგრამ რომი უფრო მიყვარს” _ ამ პრინციპით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ მხრივ საინტერესოა ბრუტუსისა და პორციას (ქ. სვანიძე) ოჯახური სცენა, სადაც პორცია ბავშვს მიაწვდის, რომ მეუღლეს საბედისწრო წასვლა გადააფიქრებინოს. ბავშვი ამ შემთხვევაში ქვეყნის თავისუფალი მომავალია. ამიტომ  მოალერესე ცოლს მკვეთრად იცილებს _ გადაწყვეტილება მიიღო და მის შეცვლას აღარ აპირებს. მისი სიტყვები ,,რომი უნდა ვიხსნათ”, ქვეცნობიერად საქართველოს მომავალი იგულისხმება.

კასკა, პ. გულიაშვილის შესრულებით, შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას ალღოს უღებს და დინებას მიჰყვება. ამიტომაცაა იგი ერთდოულად კეისრის მოჩვენებითი ერთგულებით გამსჭვალული და ამავე დროს ხან კლოუნია და ხან შეთქმული. მისი მზაკვრული ბუნება მისსავე სიტყვებში ჩანს: ,,ძალიან გონიერი ბავშვი ვიყავი სკოლაში, მაგრამ ახლა თავს ვისულელებ. ჩემი დროც მოვა, ვნახოთ ვინ ვის.” იგი ყოველთვის კეისრის გვერდითაა, ხან ფეხსაბანი ტაშტი მოაქვს და კეისარს ფეხებს აბანინებს, ხან გვირგვინის ზარდახშა მოაქვს, ყოველთვის მხადაა კეისარს ასიამოვნოს და საკუთარი პოზიციები გაიმყაროს. მომენტს არ უშვებს საკუთარი ამბიციის გამოსავლენად. ხან კეისრის ოქროს ჯაჭვს ირგებს, ხანაც მის გვირგვინს იდგამს, ხან ოქროთი სავსე ქისას ათამაშებს ხელში.

კასიუსის, ლ. ხურციას შესრულებით, შეთქმულების მაორგანიზებელი ძალაა. იგი ითანხმებს ბრუტუსს და ცდილობს სიტუაციის გაკონტროლებას. ამიტომ არ ენდობა მას კეისარი და ჩხეკს. კასიუსი წიგნს აძლევს. კეისარი ამას ასე აფასებს: ,,ვინც ბევრს ფიქრობს, ასეთი ხალხი საშიშია”. ამიტომაც ამცირებს ყველას თანდასწრებით. მუხლმოდრეკილ კასიუსს კეისარი ზედ აჯდება და ეკითხება _ წიგნების კითხვა გიყვარს? კასიუსი იტანჯება, ძლივს უძლებს ზურგზე მჯდომ კეისარს, შეურაცხყოფილია ასეთი დამცირებით. ამიტომ კეისარს ხელს ააღებინებს და გარბის. დაუმორჩილებლელ სულს ხედავს მასში კეისარი და საკუთარი შეხედულების გასამყარებლად ანტონიუსს ეკითხება, კასიუსზე რას ფიქრობო. რეჟისორის ქვეტექსტით კეისარს განათლებული გარემოცვის ეშინია. ამავე დროს მაყურებელსაც აღეძვრება ფიქრი, თუ რატომ დააკნინა ხელისუფლებამ მეცნიერებისა და განათლების სისტემები და ისინი განვითარებადი ქვეყნების პროგრამებს დაუქვემდებარა... 

სპექატაკლი ტირანიის სხვადასხვა ნაირსახეობაზე მიგვანიშნებს, რომლებიც საზოგადოებრივი განვითარების ყველა სფეროს მოიცავს და ძალზე საშიშია, თუ დროულად არ შეაჩერეს.

ამრიგად, შექსპირის ,,იულიუს კეისრის” თემითა და მისი ინტერპრეტაციით, ტირანიის პრობლემა და თავისუფლება ყოველთვის აქტუალურია ქართული თეატრისთვის, განვითარების რომელ ეტაპსა თუ პოლიტიკურ წყობაშიც არ უნდა აღმოჩნდეს    საზოგადოება.

                                                     გუბაზ მეგრელიძე

                                              ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

შენიშვნები

1. газ. ,,Советское искусство”, М. 1934 г. №46.

2.ბუკლეტი ,,თბილისის დრამატული თეატრი”, 1986, გვ. 49.

 

3. შ. ლაბაძე. ,,ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისარის მკვლელობა” ახმეტელის თეატრში”. ჟურნ. ,,გზა”. 2918 წ. 9 ივლისი.

 

გამოყენებული ლიტერატურა

1.ნ. შვანგირაძე. ,,იულიუს კეისარი _ სანდრო ახმეტელის განუხორციელებელი დადგმა”.. გაზ. ,,ქართული თეატრის დღე”. 1974 წ. 14 იანვარი. გვ. 8.

2. ალ. შალუტაშვილი. შექსპირი ჩვენი თანამედროვე. გაზ. ,,კომუნისტი”. 1974 წ. 23 მარტი.

3. К. Куциа. Встреча с Шекспиром. Газ. ,,Молодиож Грузии”. 1973 г. 3 октября.

4. მ. ვასაძე. კეისრის და ბრუტუსის ტრაგედიის სტურუასეული ბუფონადა. ჟურნ. ,,თეატრი და ცხოვრება”. 2015 წ. #4. გვ. 36-41.

5. მ. თევზაძე. შტრიხები პორტრეტისათვის _ დათო უფლისაშვილი. გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო”. 2017 წ. 12 მაისი. #18. გვ. 4-5.

bottom of page